„ციფრული დიპლომატიის“ ეპოქა

მე მივედი დასკვნამდე, რომ ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული დისციპლინები კაცობრიობის ცნობიერებას ისევე შეცვლიან, როგორც ეს განმანათლებლობის ეპოქის დროს მოხდა.

ჰენრი კისინჯერი

 

 

საერთაშორისო დიპლომატიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი დეტალურად არის შესწავლილი ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, შეიარაღებაში უპილოტო სისტემების გამოყენება ან დადებული შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი.[1] თუმცა საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად ხელოვნური ინტელექტი უკვე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას საკითხების ისეთ ფართო წრეშიც, რომლებიც ეკონომიკურ დიპლომატიას უკავშირდება. ხელოვნური ინტელექტის მიუკერძოებელი, ვერიფიცირებადი და გამჭვირვალე მექანიზმების გამოყენება შესაძლოა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს საკვანძო დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაზრდის თვალსაზრისით დავების და კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ხელოვნური ინტელექტის სისტემების საერთო შემუშავება ამ სფეროებში შეარბილებდა ქვეყნების პრეტენზიებს გამოყენებული პროცედურების და მიდგომების ობიექტურობის და გამჭვირვალობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საერთაშორისო დიპლომატიაში მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლევა, საერთაშორისო ურთიერთობებში მისი დანერგვის ადრეულ სტადიაზე აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმ მნიშვნელოვან რისკებზე, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. გლობალური თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ერთ-ერთ მთავარ რისკად  შეიძლება მივიჩნიოთ ტექნოლოგიური ჩამორჩენის ზრდა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის. ანალიტიკური ცენტრი Chatham House-ის ანგარიშის „ხელოვნური ინტელექტი და საერთაშორისო ურთიერთობები: გახლეჩვის წინაპირობა“ ავტორების აზრით „საშუალო და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტის ათვისება არ უნდა დარჩეს ქვეყნების მცირე ჯგუფის ან საზოგადოების სეგმენტების საქმედ“. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „კომპანიებმა, ფონდებმა და ხელისუფლებებმა უნდა დააფინანსონ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება და დანერგვა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე“.[2]

ხელოვნური ინტელექტის სფეროში განვითარების პოტენციალი მთელ რიგ ეკონომიკურ უპირატესობებს იძლევა – დაწყებული სამომავლო ტექნიკური ინოვაციებისთვის საიმედო საფუძვლის შექმნიდან (ტექნიკურ განვითარებაში უპირატესობების კუმულატიური დაგროვება) დამთავრებული ეკონომიკური დიპლომატიის ეფექტურობის გამყარებითა და გაზრდით. ქვეყნებს შორის გაჩაღებული ტექნოლოგიების რბოლამ შესაძლოა პოლარიზაცია და უთანასწორობის ზრდა გამოიწვიოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კადრების მომზადება და მთავარ ტექნოლოგიებზე წვდომა. ეთიკური თვალსაზრისით, ეროვნულ დონეზე ტექნოლოგიების განვითარების ფარგლებში ყოველთვის არსებობს შეკითხვა განვითარებული ქვეყნების სურვილის შესახებ, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და ინოვაციები საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს.

სწორედ ამიტომაც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების განვითარება გლობალურ დონეზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხაზით. ხელოვნური ინტელექტის შექმნა საერთაშორისო წარმომადგენლობების დონეზე ნაწილობრივ გადაწყვეტდა საკითხს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მხრიდან მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შესახებ. ამასთან, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ კლიმატის ცვლილების ან ენერგომომარაგების, აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის გლობალური რესურსები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების თანამშრომლობის და წვლილის შედეგად შეიქმნა.

ზოგადად ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარ ტექნიკურ შესაძლებლობებს ხსნის და სულ უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო მასშტაბით. შესაბამისად, მისი განვითარება ხდება არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში, არამედ რეგიონულ დონეებზეც (შესაძლოა რეგიონული ინტეგრაციული შეთანხმებების ფარგლებში) და გლობალურ ეკონომიკაში. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილი შეიძლება გახდეს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავება რეგიონულ და გლობალურ დონეზე ოპტიმალური ალგორითმების შესაქმნელად მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტების თუ დავების დარეგულირების მიზნით.

სავაჭრო მოლაპარაკებები ასევე შედის დიპლომატიის სფეროთა რიცხვში, რომლებიც უკვე განიცდიან ხელოვნური ინტელექტის გავლენას. მაგალითად, კომპანია IBM-ის პროექტი „კოგნიტური კონსულტანტი ვაჭრობის საკითხებში“ (Cognitive Trade Advisor – CTA) „მოწოდებულია დაეხმაროს მომლაპარაკებლებს გადაჭრან საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვის პრობლემა მოთხოვნების დამუშავების საფუძველზე უკვე არსებული სავაჭრო შეთანხმებების, საბაჟო ტარიფების, რომლებიც მოქმედებენ წარმოშობის სხვადასხვა წესების მიმართ და მხარეების სტატუსის გავლით, რომლებიც სავაჭრო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ“.[3] პროექტი CTA შეიქმნა სავაჭრო მოლაპარაკებების დროს მერკოსურსა და კანადას შორის და თავდაპირველად გამიზნული იყო საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის წესების შესამუშავებლად ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის და cloud გამოთვლების შერწყმის გზით.

CTA მართლაც იძლევა საშუალებას გაანალიზდეს ვაჭრობის რთული ტექნიკური ასპექტები, რომელთა შეფასებაც ასეთი სისტემის არარსებობის შემთხვევაში დიდ დროს წაიღებდა. ეს სისტემა საშუალებას აძლევს მოლაპარაკების პროცესის მონაწილეებს აირჩიონ ოპტიმალური სტრატეგია, უზრუნველყონ ქვეყანა, რომელიც ასეთ ტექნოლოგიებს იყენებს, ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში კონკურენტული უპირატესობებით. CTA ეხმარება სავაჭრო მოლაპარაკებების მონაწილეებს უკეთ გაიგონ სავაჭრო პარტნიორების სტრატეგია და მიღებული მონაცემების გათვალისწინებით სავაჭრო პოლიტიკის ოპტიმიზება მოახდინონ. ამ გადაწყვეტილების ჩარჩოებში მოქმედებს კოგნიტური ასისტენტი Adam. იგი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს, რომელსაც შეუძლია გაიგოს ადამიანის საუბარი და უპასუხოს სხვადასხვა შეკითხვებს, რომლებიც სავაჭრო ხელშეკრულებებს ეხება. ეკონომიკური დიპლომატიის მეთოდების დახვეწა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ან სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ხშირად აწყდებიან კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემას სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესში.

საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ ვერ შეცვლის დიპლომატებს. საერთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელობა ძალზედ დიდია იმისთვის, რომ იგი რობოტების და ხელოვნური ინტელექტის დონეზე დატოვონ. ამასთან, საერთაშორისო დიპლომატიის ინტერდისციპლინარული ხასიათი ზღუდავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროს.[4] ყველაფერი ეს, მიუხედავად ამისა, ხელს ვერ შეუშლის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის გაზრდას საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სფეროში იმ პირობებში, როდესაც სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად ყალიბდება საერთაშორისო არენაზე ლიდერობისთვის ბრძოლაში.

 

[1] Ben Scott, Steffan Heumann and Philippe Lorenz. Artificial intelligence and foreign policy. Stiftung Neue Verantwortung. January 2018.

[2] M.I. Cummings et al. Chatam House report. Artificial Intelligence and International Affairs. Disruption anticipated. June 2018.

[3] Corneliu Bjola. Diplomacy in the age of artificial intelligence. ARI 98/2019 – 11/10/2019.

[4] Abjhijeet Katte. How AI is running China’s foreign policy. 31/07/2018.

დატოვე კომენტარი