ჩინური ფეხბურთის დრამა

 

ჩინური ფეხბურთი აგრძელებს ტურბულენტურ პერიოდში ცხოვრებას. უკვე რთულია ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლა, რომელიც მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავს დაატყდა: დიდი პაუზა კორონავირუსის ლოკდაუნის დროს, შეკვეცილი ტურნირი 2020 წელს და პლეი-ოფში „ძიანსუ სუნინის“ მოულოდნელი გამარჯვება, მოქმედი ჩემპიონის გაკოტრება, სახელფასო ჭერის შემოღება, ვარსკვლავი ლეგიონერების მასობრივი გადინება, 2021 წლის სეზონის განრიგის და ტურნირის ფორმატის მუდმივი ცვლილება.

2021 წლის შემოდგომამ პოზიტიური ემოციები არ მოიტანა. ეროვნული ნაკრების გამო, რომელსაც სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა – 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა დაუსახეს, ივლისიდან სუპერლიგის თამაშები ფაქტიურად შეწყდა და ისინი დაჩქარებულად დეკემბერ-იანვარში ჩატარდება. თუმცა, რა მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს, უცნობი დარჩა – ნაკრები დამარცხებების სერიას აგრძელებს. ამ დროისთვის მან მხოლოდ ერთი მატჩი – ვიეტნამის ნაკრებთან მოიგო და დე-ფაქტო მუნდიალზე მოხვედრის შანსები უკვე დაკარგა.

აქ კი გამოჩნდა ფინანსური პრობლემები წამყვანი კლუბებისთვის. თავიდან დარტყმის ქვეშ ამჟამად მოქმედი კლუბებიდან ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი – „გუანჯოუ“ მოხვდა, რომლის მფლობელი კომპანიები – „Evergrande“ და „Alibaba“ ჩინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებების გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „Evergrande“-მ – ყველაზე დაკრედიტებულმა დეველოპერმა მსოფლიოში განაცხადა, რომ დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე აღებული საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს, ხოლო „Alibaba“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მსხვერპლი გახდა და იძულებულია კოლოსალური თანხები ჯარიმებში და ქველმოქმედებაში გადაიხადოს.

საფეხბურთო კლუბის პერსპექტივები ამ ფონზე უკიდურესად ბუნდოვანია. „გუანჯოუ“ ბოლო დროს აქცენტს ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე აკეთებდა როგორც ბრაზილიიდან, ასევე ევროპიდან ჩინური ფესვებით და მსხვილ ტრანსფერებს არ ახორციელებდა, თუმცა სახელფასო დანახარჯები მაინც გიგანტური იყო. გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ, რომელმაც „გუანჯოუსთან“ კონტრაქტი სექტემბრის ბოლოს გაწყვიტა, ინტერვიუში განაცხადა, რომ მან უარი თქვა კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასსა და ბონუსებზე 15 თვის განმავლობაში, რომელთა საერთო რაოდენობაც 28 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ცხადია, რომ კლუბისთვის, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები, როგორიცაა ელკესონი, ალან კარვალიო და რიკარდო გულარტი, საკუთარი მფლობელების ფინანსური პრობლემების ფონზე ხარჯების შემცირება და ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებელია. თუმცა ჩინური პასპორტის და „მძიმე“ მოქმედი კონტრაქტის მქონე ასაკოვანი ფეხბურთელების სხვაგან მოწყობა ადვილი არ იქნება და შესაძლოა, ამ სიტუაციიდან ერთადერთ რეალურ გამოსავლად ბანკროტის გამოცხადება იქცეს. ამასთან აუცილებელია აღინიშნოს, რომ „გუანჯოუს“ – ჩინეთის რვაგზის ჩემპიონის და აზიური ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ბანკროტი ჩინური ფეხბურთის და ზოგადად თანამედროვე ჩინეთის იმიჯზე მძლავრ ნეგატიურ ეფექტს მოახდენს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება „სამხრეთ ჩინელი ვეფხვების“ მომავალზე გადაიდო, რასაც ხელს სუპერლიგის დეკემბერში დაბრუნებაც უწყობს. „გუანჯოუს“ ხელმძღვანელობა ფეხბურთის ფედერაციას არსებული ტურნირის დასრულების უფლებას სთხოვს და ჰპირდება, რომ მომავალი სეზონის დასაწყისისთვის „ფორმაში იქნება“. სავარაუდოდ, ახალი, გაცილებით უფრო მოკრძალებული შემადგენლობით და ახალი მფლობელებით. თუმცა არსებულმა წინადადებამ ჯერ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგანაც სპორტული შეჯიბრების საბაზისო პრინციპს ეწინააღმდეგება – შენ ან თამაშობ, ან ტურნირიდან იხსნები და ნულიდან იწყებ. ამიტომაც არსებობს ალბათობა, რომ სეზონს გუნდი ასე თუ ისე დაამთავრებს, მაგრამ უკვე არა მილიონერი-კორპორაციის, არამედ გუანდუნის პროვინციის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სახელით, როგორც ეს „პროფესიულ“ ეპოქამდე იყო. საფეხბურთო ვარსკვლავების ხელფასებს კი პროვინციის ბიუჯეტიდან გადაიხდიან – საბედნიეროდ, გუანდუნის პროვინცია ჩინეთში ყველაზე მდიდარია და მისი მშპ მაგალითად მთელი რუსეთის მშპ-ს აღემატება.

სანამ ყველა „გუანჯოუს“ განიხილავდა, სიახლე შესაძლო გაკოტრების შესახებ ჩრდილოეთიდან – პეკინის გარეუბნიდან მოვიდა. 26 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ „ჰებეის“ ხელმძღვანელობამ (ითვლება იმავე სახელობის პროვინციის კლუბად და ამ სეზონში ბაზირებულია დედაქალაქ პეკინის ახლოს ქალაქ ლანფანში) ოფიციალურად განაცხადა, რომ საოპერაციო სახსრებში მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს და ფინანსური შემოსავლების მიღებამდე ყველანაირ მოქმედებას წყვეტს. კლუბის ყველა თანამშრომელი, ფეხბურთელების ჩათვლით, აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

ეს ჯერჯერობით ბანკროტი არ არის, თუმცა „უკანასკნელი ჩინური გაფრთხილებაა“. როგორც „გუანჯოუს“ შემთხვევაში, ხანგრძლივი პაუზა ჩემპიონატში კლუბს შესაძლოა დაეხმაროს. იმ მომენტამდე, სანამ სუპერლიგაში თამაშები დაიწყება, „ჰებეის“ უპირველეს ყოვლისა, შეუძლია ახალი მფლობელი მოძებნოს, ხოლო მეორე მხრივ მუშაობა განაახლოს და იმედი ჰქონდეს, რომ ინვესტიციები სეზონებს შორის პერიოდში მოვა. რაღაც მსგავსი ჩემპიონატის დასაწყისში საფეხბურთო კლუბ „ტიანძინთან“ დაკავშირებითაც მოხდა, რომელიც შედეგად ჩემპიონატზე დაუშვეს, თუმცა მინიმალური დაფინანსებით და სერიოზული საკადრო პრობლემებით.

„ჰებეის“ პრობლემების მიზეზი იგივეა, რაც „გუანჯოუს“ შემთხვევაში. კლუბი ასევე დაზარალდა ჩინელი დეველოპერების „სავალო კრიზისის“ გამო (უფრო სწორედ, სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო, კორპორატიული სექტორის „ცუდი ვალები“ არ დაფაროს).

კლუბის აქციების 100% მფლობელი 2015 წლიდან არის კორპორაცია „China Fortune Land Development“, რომლის საერთო დავალიანება კრედიტორების წინაშე 530 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. ფეხბურთში მოსვლის შემდეგ კორპორაციამ გუნდზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დახარჯა, მათ შორის ხელფასებში ისეთი ცნობილი მწვრთნელებისთვის, როგორიცაა რადომირ ანტიჩი, მანუელ პელეგრინი და კრის კოულმენი. კლუბმა ასევე შეიძინა კოტ დ’ივუარელი ჰავბეკი ჟერვინიო 18 მილიონ ევროდ და არგენტინელი თავდამსხმელი ეზეკილ ლავესი 4 მილიონ ევროდ (მისი ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენდა).

სანაცვლოდ ჯეროვანი მოგება კორპორაციამ ვერ მიიღო. „ჰებეის“ საუკეთესო მიღწევად ახალ ეპოქაში 2017 წელს დაკავებული მეოთხე ადგილი რჩება. მნიშვნელოვანი ფან-ბაზის და პოპულარობის მიღწევა კლუბმა ქვეყანაში ასევე ვერ მოასწრო. ამიტომაც რთული სათქმელია, რამ შეიძლება დეველოპერები აიძულოს არაპროფილურ და არც ისე წარმატებულ აქტივზე დიდი თანხების ხარჯვა გააგრძელოს. ბანკროტის ვარიანტი უფრო რეალურად გამოიყურება. თუ ამ სეზონში არა, მისი დასრულების შემდეგ მაინც. ამავდროულად, სავარაუდოდ „გუანჯოუს“ – გუნდს მრავალწლიანი ისტორიით, მნიშვნელოვანი მიღწევებით და გულშემატკივართა მრავალათასიანი არმიით ამა თუ იმ სახით მაინც გადაარჩენენ.

მიმდინარე სეზონში „გუანჯოუც“ და „ჰებეიც“ ფინალურ რაუნდში გავიდნენ (სამხრეთელები მეორე ადგილიდან, ჩრდილოელები კი მეშვიდე ადგილიდან). სხვა ტურნირებიდან გუნდები გამოვარდნენ.

ყოველ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ დეველოპერული კომპანიები სუპერლიგის მთელი რიგი კლუბების მთავარი მფლობელები არიან. ესენია პეკინური „გოანი“, შანჰაის „შენხუა“, „გუანჯოუ სიტი“, „შენჩჟენი“, „ჰენან სუნშან ლუნმენი“, „დალიანი“ და „ცანჩჟოუ სიუნში“. ცნობები ამ კლუბების შესაძლო გაკოტრების შესახებ ჯერჯერობით არ არის, თუმცა ფინანსური კეთილდღეობის პერიოდს ჩინური ფეხბურთი, როგორც ჩანს, დიდი ხნით დაემშვიდობა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი