ჩინური დღიური 26.03.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

ხმამაღალი დიალოგი. როგორ ჩაიარა ამერიკულ-ჩინურმა მოლაპარაკებებმა ალასკაზე

19 მარტს ჩინეთის წარმომადგენლები პირადად პირველად შეხვდნენ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის გუნდის წევრებს. მაღალ დონეზე მოლაპარაკებები ანკორიჯში, ალასკას შტატში, აშშ-ს ინიციატივით გაიმართა. ჩინეთის დელეგაციას ქვეყნის მთავარი დიპლომატი, კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი იან ძეჩი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ხელმძღვანელობდა. ამერიკელთა მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი. შეხვედრა სი ძინპინსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან ერთ თვეში შედგა.

ჯერ კიდევ შეხვედრამდე გარღვევის დიდი მოლოდინი არავის ჰქონდა:

  • ჩინელები შეხვედრას სტრატეგიული დიალოგის განახლებად განიხილავდნენ – ობამას პერიოდის რეგულარული შეხვედრების ფორმატის, რომელიც ტრამპის დროს შეწყდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეს სწრაფად უარყო: მან განაცხადა, რომ შეხვედრა ერთჯერად ხასიათს ატარებს და მიზნად ერთმანეთის ინტერესების და პოზიციების დაზუსტებას ისახავს.
  • შეხვედრის მზადების პარალელურად ვაშინგტონმა ახალი პერსონალური სანქციები გამოაქვეყნა ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ჰონგ-კონგში სამოქალაქო უფლებების შელახვაში მიიღეს მონაწილეობა.
  • იმავე კვირას აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ სასამართლო სარჩელები შეიტანა რამდენიმე ჩინური ტექნოგიგანტის წინააღმდეგ, რომლებიც საქმიანობას აშშ-ს ტერიტორიაზე ეწევიან.
  • ჩინეთში განაცხადეს სასამართლოს დაწყების შესახებ კანადის მოქალაქეების – მაიკლ კოვრიგის და მაიკლ სპავორას საქმეზე, რომლებიც ორი წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

მოლაპარაკებების ღია ნაწილი დატვირთული აღმოჩნდა. მხარეებმა ერთმანეთი ღიად დაადანაშაულეს: ამერიკელებმა სინძიანის, ჰონგ-კონგის, ტაივანის და საერთაშორისო ნორმების შელახვის, ხოლო ჩინელებმა – საშინაო საქმეებში ჩარევის და ორმაგი სტანდარტების გამო. იან ძეჩი უფრო დიდი ხანი (~16 წუთი) საუბრობდა, ვიდრე ბლინკენი და სალივანი (~2,5 წუთი) და როგორც ამერიკელები ამტკიცებენ, პროტოკოლური შეთანხმება სასტიკად დაარღვია. ამერიკულმა მხარემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ „აშშ დაბრუნდა და ძლიერია“, ხოლო ამერიკის წინააღმდეგ თამაში ცუდი იდეაა. ბლინკენმა და სალივანმა ასევე ახსენეს, რომ ალასკაზე მოლაპარაკებებს წინ უძღოდა მათი ვიზიტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, ასევე QUAD-ის ვირტუალური სამიტი აშშ-ს, ავსტრალიის, ინდოეთის და იაპონიის ლიდერების მონაწილეობით. მოლაპარაკებების წინ სალივანი ტელეფონით ასევე ესაუბრა კოლეგებს გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

საჯარო კამათი საათზე მეტხანს გაგრძელდა და ურთიერთგაფრთხილებით დასრულდა: იან ძეჩიმ ამერიკელთა ქცევას თავხედობა უწოდა და განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩინეთს ძალის პოზიციიდან ესაუბროს“. პუბლიკაზე თამაშმა იან ძეჩი ჩინური ინტერნეტის მთავარ ვარსკვლავად აქცია. ჰეშთეგმა მისი სიტყვებით Weibo-ში ერთი დღის განმავლობაში 400 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

თუმცა, გარემო დახურულ კარს მიღმა, როგორც ჩანს, უფრო მშვიდი იყო. შეხვედრის შედეგად, ვან იმ და იან ძეჩიმ მოლაპარაკებებს „ღია და ურთიერთგაგებისთვის სასარგებლო“ უწოდეს. შედარებით ზომიერი ტონი ჩინურმა მედიამაც აიტაცა. ბლინკენმა და სალივანმა განაცხადეს, რომ „მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა მთელ რიგ საკითხებზე, აშშ მზადაა თანამშრომლობისთვის იქ, სადაც პეკინის და ვაშინგტონის ინტერესები იკვეთება – ირანის, ავღანეთის, ჩრდილოეთ კორეის და კლიმატის ცვლილების საკითხებზე“. უშუალო შედეგად ამ სფეროში იქცა შეთანხმება კლიმატის ცვლილების საკითხზე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.

ჩინეთი – რუსეთი: FCKNG QRNTN

22 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის ქალაქ გუილინში ჩავიდა. პანდემიის გამო მინისტრს თვითმფრინავის ტრაპთან მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლები დახვდნენ დამცავ კოსტუმებში. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ჩინეთის ხელმძღვანელის სი ძინპინის საერთო განცხადების მომზადება ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობის და და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების 20 წლისთავის აღსანიშნად.

ვიზიტი ჩინელი დიპლომატების ამერიკელ კოლეგებთან ალასკაზე შეხვედრის შემდეგ შედგა (თუმცა მანამდე იყო დაგეგმილი). ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობების განვითარება სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ჩვენი ურთიერთობა მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანია“.

ტექნოლოგიები იქცა „ორი სესიის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად

ჩინეთმა ახალ ხუთწლედში მთავარ ამოცანად უცხოური ტექნოლოგიებისგან დამოუკიდებლობა დაისახა. პრიორიტეტად გამოყოფილია 8 სფერო: იშვიათი მეტალები, რობოტოტექნიკა, საავიაციო ძრავები, ელექტრომანქანები, ვაქცინები და სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, აღჭურვილობა გემთმშენებლობისთვის, ავიამშენებლობისა და სწრაფმავალი სარკინიგზო ხაზებისთვის, ასევე Beidou-ს გეოპოზიციონირების სისტემის სამრეწველო გამოყენება.

ხელისუფლებამ მეცნიერებაში გამოყო სფეროები, რომლის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება გაიზრდება. მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომუნიკაციები, მიკროსქემების შემუშავება, მეცნიერება ტვინის შესახებ, გენეტიკა და ბიოტექნოლოგიები, მედიცინა და ჯანდაცვა, მიწისქვეშა და წყალქვეშა სიმდიდრეების, კოსმოსის შესწავლა, ასევე პოლარული კვლევები.

განსაკუთრებული ყურადღება „ორ სესიაზე“ ციფრულ ტექნოლოგიებს დაეთმო. სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა „ციფრული ჩინეთის“ ინიციატივა გააჟღერა – სახელმწიფო დონის ეკოსისტემის, რომლის ფარგლებშიც დიდი მონაცემების გამოყენება რეგლამენტირებული იქნება. პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვას – იგი თანხვედრაშია გასულ წელს გამოქვეყნებულ კანონპროექტებთან „მონაცემების უსაფრთხოების“ და „პერსონალური ინფორმაციის დაცვის“ შესახებ.

შეინიშნება ნათელი ტრენდი იმ ფინანსურ-ტექნიკური და სხვა სფეროების რეგულირების გამკაცრების კუთხით, რომლებიც „ნაცრისფერ“ სამართლებრივ ზონებში აღმოჩნდნენ. ახალ ხუთწლიან გეგმაში ჩადებულია კონტროლის გაძლიერება ტექნოლოგიური ბაზრის მსხვილ მოთამაშეებზე და ანტიმონოპოლიური გამოძიებების გაგრძელება. როგორც ჩანს, Ant Group-ის გასული წლის გაკვეთილი ყველამ კარგად აითვისა: სხვა გიგანტი Tencent-ის ხელმძღვანელმა სახალხო წარმომადგენელთა საერთოჩინური ყრილობის სესიაზე რეგულატორებზე ადრე შეიტანა წინადადება ზედამხედველობის გამკაცრების შესახებ ინტერნეტ-ბიზნესის ზოგიერთ „ცხელ“ სფეროზე, რომელთა შორისაც არის P2P კრედიტის სისტემა და ჯგუფური შენაძენები.

ზოგადად, როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, სიტყვა „ტექნოლოგიები“ ხელისუფლების მუშაობის შესახებ წლევანდელ ანგარიშში 23-ჯერ გვხვდება (გასულ წელს – მხოლოდ 9-ჯერ). ფურცელზე ეს როგორც ახალ ხუთწლედში მრეწველობის და მეცნიერების განვითარების გეგმებით, ასევე 2035 წლამდე განვითარების სტრატეგიითაც დასტურდება, რომელიც ფაქტიურად გეგმას „Made in China 2025“ ანაცვლებს.

ტექნოლოგიებზე ფოკუსირება ჩინური ტექნოგიგანტებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ბაზრებს ხსნის. Tencent-მა, Xiaomi-მ, Baidu-მ, Lenovo-მ და სხვა IT-კომპანიებმა სახალხო წარმომადგენელთა საერთოჩინური ყრილობის სესიაზე ხელისუფლებას მონაცემთა დამუშავების ცენტრების შექმნაში, „ჭკვიანი წარმოების“ განვითარებაში, e-commerce-ის გავლით სოფლის დახმარებასა და ნახშირბადის ნეიტრალურობის მიზნის მიღწევის საქმეში ენერგომოხმარების შემცირებაშიც კი დახმარება შესთავაზეს.

Xiaomi vs. ამერიკული სასამართლო: გააგრძელებს თუ არა ბაიდენი ტრამპის პოლიტიკას ჩინური კომპანიების მიმართ?

წლის დასაწყისში, მმართველობის ბოლო დღეებში ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანია Xiaomi ჩინელ სამხედროებთან შესაძლო კავშირების გამო „შავ სიაში“ შეიტანა.

თუმცა, 12 მარტს ამერიკელმა მოსამართლე რუდოლფ კონტრერასმა მისი ქმედება „ღრმად მცდარედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ Xiaomi-ს ჩინელ სამხედროებთან კავშირის მყარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. მანვე დაამატა, რომ Xiaomi საჯარო კომპანიაა, რომელიც კომერციულ პროდუქციას აწარმოებს და კავშირში არ არის ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩინეთის ან მისი უსაფრთხოების სამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. მოსამართლის განცხადებით, სავარაუდოდ, კომპანია შეზღუდვების სრულ და საბოლოო მოხსნას მიაღწევს.

Xiaomi-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ინვესტიციების აკრძალვის საბოლოო გაუქმებას მალე მიაღწევს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კომპანიის აქციები ჰონგ-კონგის ბირჟაზე 12% გაიზარდა. სხვა ჩინური კომპანიები „შავი სიიდან“ ასევე განიხილავენ სარჩელის შეტანის შესაძლებლობას აშშ-ს ხელისუფლების წინააღმდეგ.

მიუხედავად Xiaomi-ს შესახებ სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა, აშშ-ს ბრძოლა უცხოურ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, გრძელდება. ვაჭრობის სამინისტრომ უკვე გააგზავნა სასამართლოში სარჩელები რამდენიმე ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც საქმიანობამაც პოტენციურად შესაძლოა აშშ-ს ინტერესებს ზიანი მიაყენოს.

მორიგი დარტყმა ჯეკ მაზე. Alibaba ჩინეთის ისტორიაში უმსხვილესი ჯარიმით დააჯარიმეს

ჩინეთის ანტიმონოპოლიური რეგულატორები ტექნოგიგანტი Alibaba-ს სარეკორდო ჯარიმით დაჯარიმებას გეგმავენ. ჯერჯერობით ყველაზე მსხვილი კორპორატიული ჯარიმა ჩინეთში ამერიკულმა Qualcomm-მა გადაიხადა – კომპანია 2015 წელს ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამო 975 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

Alibaba პირველი, თუმცა არა უკანასკნელი კომპანიაა, რომელიც მოსახლეობის დაკრედიტების ბაზარზე მომსახურების არასაბანკო მიმწოდებლების არაკონტროლირებადი ზრდის შესაკავებლად ჩინეთის ხელისუფლების გეგმების ქვეშ მოხვდა. რეგულატორებმა ასევე სხვა ტექნოგიგანტებიც: Tencent, Baidu, ByteDance, Didi Chuxing და სხვა დააჯარიმეს.

ახლა Alibaba-ს წინაშე დგას ამოცანა „გადახედოს საკუთარ მონოპოლისტურ ქცევას“ ბაზარზე, კერძოდ, უარი თქვას პრაქტიკაზე „აირჩიე ორიდან ერთი“, რომლის თანახმადაც კომპანია დიდი ხანი ონლაინ-მაღაზიების წინააღმდეგ მოქმედებდა, რომლებიც საქონელს ერთდროულად Alibaba-ს პლატფორმა Taobao-ზე და მის კონკურენტ პლატფორმებზე (მაგალითად, JD.com-ზე) ყიდდნენ.

Alibaba-ს კაპიტალიზაცია ნიუ-იორკის და ჰონგ-კონგის ბირჟებზე 200 მილიარდ დოლარზე მეტად შემცირდა – დაახლოებით 20% მას შემდეგ, რაც პეკინმა გასულ წლის ბოლოს ჯეკ მას ბიზნეს-იმპერიაზე შეტევა დაიწყო. ამასთან ჩინეთის ხელისუფლება Alibaba-ს განადგურებას არ გეგმავს, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკისთვის კომპანიის მნიშვნელობა ესმის. დეკემბერში, როდესაც რეგულატორებმა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადეს, კომპანიისგან ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება მოითხოვეს, რადგანაც შეფერხებები Alibaba-ს სერვისების ფუნქციონირებაში შეეხებოდა მომხმარებლებს როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე მწარმოებლებს და კლიენტებს ჩინეთში.

ერთად მთვარეზე. რა მოილაპარაკეს ჩინეთმა და რუსეთმა კოსმოსის შესახებ

ჩინეთი და რუსეთი საკუთარი მთვარის პროგრამების ინტეგრირებას გეგმავენ. 9 მარტს როსკოსმოსმა და ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სამმართველომ (CNSA) ხელი მოაწერეს საერთაშორისო მთვარის სამეცნიერო სადგურის შექმნაში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. პირველი სიმბოლურ ნაბიჯად როსკოსმოსის ხელმძღვანელმა როგოზინმა საკუთარი ჩინელი კოლეგა ჩჟან კეცზიანი მისია „ლუნა-25“-ის გაშვებაზე დაპატიჟა. თავად სადგური იქნება კომპლექსური მრავალმიზნობრივი სამეცნიერო ბაზა მთვარის ზედაპირზე ან მის ორბიტაზე. როსკოსმოსი და CNSA ერთად შეიმუშავებენ, შექმნიან და გამოიყენებენ სადგურს. როგორც ჩინური, ასევე რუსული მთვარის პროგრამები ბაზის მთვარის სამხრეთ პოლუსზე შექმნას გულისხმობს. თუმცა როგორ მოხდება ორი პროგრამის გაერთიანება და რომელ სეგმენტზე იქნებიან მხარეები პასუხისმგებელი – ჯერჯერობით უცნობია.

ჩინეთის და რუსეთის თანამშრომლობა კოსმოსურ სფეროში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ზრდის და კონტაქტების შემცირების ფონზე გააქტიურდა. აშშ რუსული ტექნოლოგიებისგან დამოუკიდებელ კერძო კოსმონავტიკას ავითარებს, ხოლო რუსეთი სამომავლო პროექტებისთვის პარტნიორებს ეძებს. საერთაშორისო კოსმოსური სადგურების ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ კოსმონავტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი მთვარესა და მარსზე პროექტები იქნება. დედამიწის თანამგზავრზე საკუთარი გეგმების შესახებ აშშ-მ, ევროკავშირმა, რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს. როსკოსმოსი ადრე აქცენტს ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობაზე აკეთებდა, თუმცა გასული წლიდან პრიორიტეტული პარტნიორის ადგილს, როგორც ჩანს თანდათან CNSA იკავებს.

 

https://www.c-span.org/video/?510091-1/secretary-blinken-chinese-foreign-minister-clash-meeting-anchorage-alaska – ანკორიჯში ამერიკულ-ჩინური მოლაპარაკებების ღია ნაწილის ვიდეო

https://twitter.com/petermartin_pcm/status/1372860893936111619?s=21 – პიტერ მარტინი აანალიზებს იან ძეჩის ქცევას „მგლების დიპლომატიის“ კონტექსტში

https://www.economist.com/leaders/2021/03/20/how-to-deal-with-china – The Economist-ს სტატია, თუ როგორ უნდა გაუწიონ ლიბერალურმა დემოკრატიებმა წინააღმდეგობა ჩინეთის აღმასვლას

https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/report/china-plan-transatlantic-blueprint/ – ატლანტიკური საბჭოს ახალი ანგარიში – „ჩინური გეგმა: სტრატეგიული შეჯიბრის ტრანსატლანტიკური პროექტი“

https://www.reuters.com/article/us-eu-china-sanctions/eu-china-impose-tit-for-tat-sanctions-over-rights-abuses-idUSKBN2BE1AI – ევროკავშირმა შემოიღო სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ „სინძიანში უიღურელი მუსლიმური უმცირესობის“ დევნის გამო. ჩინეთმა ევროკავშირის სანქციებს ერთ საათში უპასუხა – მან სანქციები 10 ევროპარლამენტარის და მეცნიერის და 4 ორგანიზაციის წინააღმდეგ შემოიღო

https://www.newyorker.com/news/daily-comment/the-atlanta-shooting-and-the-dehumanizing-of-asian-women – სროლა ატლანტაში და აზიელი ქალების დეჰუმანიზაცია

https://www.scmp.com/economy/china-economy/article/3126180/chinas-millennials-generation-z-leading-nation-away-hollywood – ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც 1970 და 1980-იან წლებში დაიბადნენ, ახსოვთ, როგორ იყვნენ აღფრთოვანებული ამერიკული ინდივიდუალიზმით და დემოკრატიული თავისუფლებებით, თუმცა თანამედროვე თაობა პეკინსა და ვაშინგტონს შორის გეოპოლიტიკური კონკურენციის გაძლიერების ფონზე სულ უფრო აპათიურად და ნეგატიურადაც კი არის განწყობილი შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიის მიმართ

https://www.nature.com/articles/d41586-021-00638-3 – ჩინეთის გეგმაზე მეცნიერებაში დამოუკიდებლობის მიღწევის შესახებ უფრო მეტს წაიკითხავთ აქ

https://supchina.com/2021/03/09/bitcoin-mining-is-still-huge-in-china-despite-new-ban-in-inner-mongolia/ – კრიპტოვალუტის მაინინგი ჩინეთში კვლავ ფართოდაა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი აიკრძალა შიდა მონღოლეთში

https://www.bloomberg.com/news/articles/2018-11-17/when-stocks-crash-china-turns-to-its-national-team-quicktake – როდესაც საფონდო ბაზარი ეცემა, საქმეში „ეროვნული გუნდი“ ერთვება

https://www.businessinsider.com/china-didnt-interfere-in-2020-election-us-intel-report-says-2021-3?utm_source=reddit.com – აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამმართველოს ანგარიშის თანახმად, ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში არ ჩარეულა, რადგან ჩათვალა, რომ ტრამპის ან ბაიდენის გამარჯვებიდან ბენეფიტებს ვერ მიიღებდა

https://carnegie.ru/commentary/83970 – კისინჯერის დაბრუნება. შეძლებს თუ არა აშშ ჩინეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების გაჩენას

https://carnegie.ru/commentary/84139 – შეძლებენ თუ არა რუსეთი და ჩინეთი საერთო თვითმფრინავის შექმნას

https://www.rbc.ru/rbcfreenews/605874659a794761cc35f17b – ლავროვი ჩინეთში ჩავიდა პირბადით, რომელსაც ეწერა FCKNG QRNTN

https://www.scmp.com/tech/policy/article/3119095/nailing-jell-o-wall-how-china-wants-keep-controlling-internet – ახალი „დიადი ჩინური კიბერ-სტრატეგია“: დარეგულირების, რეპრესიების და ტექნოლოგიების კომბინაციამ ჩინეთი მსოფლიო კიბერსივრცის ლიდერად უნდა აქციოს

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3125128/chinas-internet-was-hailed-path-democracy-communist-party – ახალი „დიადი ჩინური კიბერ-სტრატეგია“ გაცილებით შორს მიდის იმ ზომებისა და მექანიზმებისგან, რომლითაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ჩინეთში ინტერნეტს ზღუდავდნენ

http://www.fmcoprc.gov.hk/eng/vtc/t1860509.htm – ჩინეთი ქვეყანაში შესვლას ჩინური ვაქცინით აცრილი უცხოელებისთვის გაამარტივებს

https://supchina.com/2021/03/18/pinduoduo-is-bigger-than-alibaba-and-its-ceo-resigns/ – Pinduoduo-მ გადაასწრო Alibaba-ს მომხმარებელთა რაოდენობით და ჩინეთში e-commerce-ის მთავარ პლატფორმად იქცა

https://www.reuters.com/article/us-china-cyberspace-idUSKBN2BA09H – რეგულატორებმა შეკრიბეს IT-გიგანტები დიპფეიკების და ხმოვანი ჩათების შესახებ სასაუბროდ

https://www.businessinsider.com/china-advertising-association-develops-caid-to-bypass-apple-idfa-changes-2021-3 – ჩინური კომპანიები iOS-ში სარეკლამო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას ეცდებიან

https://tass.ru/proisshestviya/10901613 – პეკინი დაფარა ქვიშის ქარიშხალმა, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე უძლიერესია

დატოვე კომენტარი