ჩინური დღიური 26.02.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

საახალწლო ზარი. რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და სი ძინპინმა?

10 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ხელმძღვანელ სი ძინპინს ტელეფონით პირველად ესაუბრა. პეკინის და ვაშინგტონის ანგარიშები საუბრის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული გამოვიდა.

თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ბაიდენმა დაადასტურა, რომ „ინდო-წყნაროკეანურ რეგიონში თავისუფლების და ღიაობის შენარჩუნება“ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამერიკის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა „პეკინის იძულებითი და არასამართლიანი ეკონომიკური პრაქტიკების, ჰონგ-კონგში რეპრესიების, სინძიან-უიგურის ავტონომიურ რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის და ზოგადად რეგიონში, მათ შორის ტაივანის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ქმედებების გამო“. დადებითი მესიჯებიდან: ქვეყნების მეთაურებმა განიხილეს ჯანდაცვის, კლიმატის ცვლილების და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღკვეთის საკითხები.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სი ძინპინმა ბაიდენს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და ჩინეთის და ამერიკის ხალხებს ბედნიერი ხარის წელიწადი უსურვა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩინეთის და აშშ-ს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, ხოლო დაპირისპირება პირიქით, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას ზიანს მიაყენებს“. ჩინეთის ხელმძღვანელმა ამერიკის პრეზიდენტს ორ ზესახელმწიფოს შორის დიალოგისთვის მრავალდონიანი მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდა – დაახლოებით ისეთის, როგორიც ჯორჯ ბუშის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციების დროს არსებობდა, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას არ გამოიყენებოდა. სიმ ამასთან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ტაივანის, ჰონგ-კონგის და სინძიანის საკითხები – „ჩინეთის საშინაო საქმეებია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება“, ამიტომაც პეკინი მათ ვაშინგტონთან განხილვას არ აპირებს.

ორი პრეზიდენტის საუბრის შემდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთის მიმართ ეკონომიკურ პოლიტიკაში ამერიკული მიდგომის შეფასებას ახდენს. იგი ეხება როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებს, რომელთა შორისაც ტექნოლოგიების ძალადობრივი ტრანსფერის და მაღალტექნოლოგიური სფეროების დოტაციის პრობლემებიცაა. იელენის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული გაზრდილი ტარიფების შენარჩუნებას აგრძელებს და ჩინეთის მხრიდან სავაჭრო შეთანხმების შედეგად მიღებული დაპირებების შესრულებას ელოდება.

22 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ლანტინის ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებს მიეძღვნა, ჯანეტ იელენს უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე საკუთარ პოლიტიკას გადახედავს და უარს იტყვის „არარაციონალურ დამატებით ტარიფებზე ჩინურ პროდუქციაზე, ცალმხრივ სანქციებზე ჩინური საწარმოების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიმართ“.

ჩინეთი აპირებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას

9 თებერვალს სი ძინპინმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების ხელმძღვანელებთან შეხვედრაში (ფორმატი 17+1) მონაწილეობა მიიღო. საკუთარ გამოსვლაში ჩინეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფორმატის არსებობის 9 წლის განმავლობაში ჩინეთის ვაჭრობა ამ ქვეყნებთან თითქმის 85% გაიზარდა და ხაზი გაუსვა, რომ ამ სახელმწიფოებიდან ჩინეთში იმპორტის ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩინური ექსპორტის ზრდა ამ ქვეყნებში. ურთიერთობის დადებითი მომენტებიდან სი ძინპინმა ტურისტული მოგზაურობების გაფართოება, სარკინიგზო კავშირის დაწყება და მთელი რიგი საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია გამოჰყო. მან ურთიერთობების სამომავლო განვითარებისთვის ოთხი წინადადება წამოაყენა:

  1. უპირველეს ყოვლისა მთავარი ამოცანაა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩინეთის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს ამ ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდება. ამ დროისთვის სერბეთმა ჩინური მწარმოებლებისგან ვაქცინის 1 მილიონი დოზა უკვე მიიღო. მიმდინარეობს თანამშრომლობა უნგრეთთანაც.
  2. მეორე მხრივ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბუდაპეშტი-ბელგრადის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის სწრაფ რეალიზაციას. სი ძინპინის აზრით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ვაჭრობის უსაფრთხოების და საბაჟო პუნქტების მარტივად გავლის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
  3. მესამე მხრივ ჩინეთი გეგმავს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების გაგრძელებას და უახლოს ხუთ წელიწადში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იმპორტის 170 მილიარდ დოლარამდე გაზრდას. ჩინეთის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, რომლის გაზრდაც ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ იგეგმება.
  4. მეოთხე მხრივ კი სი ძინპინის აზრით ყურადღება უნდა მიექცეს მწვანე განვითარების საკითხებს, მითუმეტეს, რომ 2021 წელი არის „ჩინეთ – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის წელი მწვანე განვითარების სფეროში“. ჩინეთის ხელმძღვანელის აზრით მნიშვნელოვანია ტექნიკური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია დაბრუნდა, შეკითხვები დარჩა: რა გაირკვა ვირუსის წარმოშობის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია უხანში ჩავიდა. ეს ერთი წლის შემდეგ მოხდა, რაც ქალაქი კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად იქცა. ორკვირიანი გამოძიების შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობა დაბალია, ხოლო მისი ბუნებრივი წარმოშობის და ადამიანზე შუალედური მატარებლიდან გადაცემის ნიშნები გაცილებით მაღალი. დელეგაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შტამი არ იყო, ხოლო უსაფრთხოების ზომები ადეკვატურად იყო დაცული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიამ ასევე არ გამორიცხა, რომ ვირუსი უხანში შესაძლოა გაყინული პროდუქტების გზით მოხვდა – ამ თეორიას ბევრი ჩინელი მეცნიერი ემხრობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების შედეგებით ყველა კმაყოფილი არ დარჩა. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა შეშფოთება გამოთქვა ორგანიზაციის შესაძლო არაობიექტურობის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მისიის ანგარიშის დამოუკიდებელ შემოწმებას მოითხოვს. სააგენტო Reuters-მა კი გაარკვია, რომ ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უარი განუცხადა დაინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ პირველადი მონაცემების წარდგენაზე.

დაივიწყეთ 5G: აშშ და ჩინეთი 6G ტექნოლოგიებში დომინირებისთვის იბრძვიან

ამ სათაურით Bloomberg-ზე გამოქვეყნდა სტატია ფიჭური კავშირის ქსელების მომავალი თაობის შემუშავების შესახებ. 6G ჯერ მხოლოდ თეორიული კონცეფციაა, რომელიც მონაცემთა უსადენო გადაცემის დაჩქარებისთვის გარკვეულ პერსპექტიულ ტექნოლოგიებს აღწერს. თუმცა ბევრი ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია მის რეალობაში განხორციელებაზე მუშაობს.

6G ქსელები, როგორც მოსალოდნელია, 95 გიგაჰერციდან 3 ტერაჰერცი სიხშირის დიაპაზონში (5G-სთვის გამოყოფილია სიხშირეები 3,4-დან 66 გიგაჰერცამდე) იმუშავებენ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ შეიძლება ასობით გიგაბიტს წამში მიაღწიოს, რაც 100-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მეხუთე თაობის ქსელების მაქსიმალური სიჩქარე. მონაცემთა გადაცემის დაჩქარებისთვის შესაძლოა გამოიყენონ სპეციალური „ჭკვიანი“ ამრეკლავი ზედაპირები და სიგნალის კონკრეტულ მოწყობილობაზე ფოკუსირების სხვადასხვა ტექნოლოგიები.

6G ტექნოლოგიებზე უკვე მუშაობენ ჩინეთში, აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ევროპაში. ყველაზე ადრე ამ მიმართულებით მუშაობა ჩინეთმა დაიწყო: Huawei-ს უკვე აქვს 6G-ს კვლევების ცენტრი კანადაში, ZTE საკუთარ პროექტზე China Unicom-თან ერთად მუშაობს. გასული წლის ნოემბერში ჩინეთმა სპეციალური სატელიტი გაუშვა, რომ დაეტესტა მეექვსე თაობის ქსელის დიაპაზონში კოსმოსიდან დედამიწაზე სიგნალების გადაცემის შესაძლებლობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 6G ტექნოლოგიების სრულფასოვანი კომპლექსი ჩინეთში 2029 წელს მზად იქნება.

აშშ მომავალი თაობის ქსელების შემუშავებაში ჩამორჩენას არ აპირებს. გასულ წელს ქვეყანაში შეიქმნა კომპანიების ალიანსი 6G ტექნოლოგიების შექმნისთვის, სადაც Apple, AT&T და Google გაერთიანდა. ამერიკელი ექსპერტები უკვე აღნიშნავენ, რომ აშშ 6G ტექნოლოგიისთვის რბოლას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ასპექტად განიხილავს. ასე რომ უახლოეს ათწლეულში უნდა ველოდოთ რბოლის ახალ ეტაპს ტელეკომუნიკაციების სფეროში გლობალური სტანდარტების შექმნისა და დომინირებისთვის.

საკონტროლო პაკეტი: ჩინეთი და დასავლეთი საკვანძო ტექნოლოგიური სტანდარტების დაწესებისთვის კონკურენციას აძლიერებენ

ვინც გააკონტროლებს „თამაშის წესებს“ – ის იქნება მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების სფეროში.

ტექნოლოგიური სტანდარტები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ, უხილავ წესების მატრიცას აყალიბებენ, რომელიც მსოფლიო ბაზრის საფუძველში დევს. თუმცა აშშ-ს უპირობო დომინაციის დრო წარსულში დარჩა – ახლა ჩინეთს სურს მომავლის ტექნოლოგიურ სფეროებში ლიდერი გახდეს.

ახალი სტანდარტების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ს ტექნოლოგიურ დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, ხოლო პეკინის მცდელობები სახელმწიფო დაფინანსება და პოლიტიკური გავლენა გამოიყენოს, რომ მთელი რიგი მოწინავე ტექნოლოგიებისთვის ჩინური სტანდარტების დაწესებას შეუწყოს ხელი, დასავლეთის ქვეყნებში უკმაყოფილებას და შიშს იწვევს.

ტექნიკური სტანდარტების ლობირება ლიცენზირებისგან გამოწვეული ფინანსური მოგების გარდა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა. მაგალითად, 2019 წლის სკანდალი, როდესაც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა Intel-ის და AMD-ის პროცესორებში “ჩანართები“ აღმოაჩინეს, აჩვენებს, თუ რა მწვავედ შესაძლოა დადგეს სამრეწველო სტანდარტების და კონტროლის შემუშავების საკითხები 5G-ის, IoT-ის ან ჭკვიანი ავტომობილების სფეროში.

ამას გარდა, ექსპერტების განცხადებით, ჩინეთი ცდილობს ლობირება გაუწიოს იმ სტანდარტებს, რომლებიც ამ ქვეყნის კომპანიების ექსპორტის ზრდას შეუწყობენ ხელს. მალე პეკინმა ახალი გეგმა China Standards 2035 უნდა წარადგინოს, რომელიც ადრე წარდგენილი სტრატეგია Made in China 2025-ის ლოგიკური გაგრძელება იქნება (ოფიციალურად ამის გაჟღერება კონფლიქტის გამწვავების საშიშროების გამო არ ხდება).

ცხადია, რომ ჩინეთის ხედვა ტექნოლოგიური სტანდარტების ფორმირებაში ეროვნული IT-სექტორის განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუმცა დასავლეთის ან ჩინეთის გამარჯვება ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს, ლიდერის პოზიციები მას კარტ-ბლანშს არ მისცემს წესები მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მაშინვე გადაწეროს.

დახურული კლუბი. რატომ დაბლოკა ჩინეთის ხელისუფლებამ Clubhouse

მსოფლიოში სულ უფრო პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ხმოვანი შეტყობინებებისთვის Clubhouse-მა ჩინეთის ხელისუფლების ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიპყრო. აპლიკაცია 2020 წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა უკვე ოქტომბერში Apple-ის ჩინური მაღაზიიდან გაქრა. იმისთვის, რომ ჩინეთში Clubhouse ჩამოეწერათ, საჭირო იყო iPhone-ში უბრალოდ ქვეყნის შეცვლა და მისი გამოყენება VPN-ის გარეშეც შესაძლებელი გახდებოდა. Clubhouse პოპულარობას კრებდა: მოსაწვევი კოდის მისაღებად, რომლის გარეშეც შეუძლებელია დარეგისტრირება, ჩინელები მზად იყვნენ სავაჭრო ონლაინ-მოედნებზე 300 იუანამდე (დაახლოებით 46 ამერიკული დოლარი) გადაეხადათ. 8 თებერვლიდან კი ჩინეთის ხელისუფლებამ აპლიკაცია საერთოდ დაბლოკა.

Clubhouse საშუალებას იძლევა შეუერთდე სპეციალურ „ოთახებს“, სადაც შესაძლებელია სხვა მომხმარებლების საუბრის მოსმენა და დისკუსიებში მონაწილეობა. საუბრის შინაარსი ონლაინ არ ინახება, მასზე გარედან წვდომა შეუძლებელია. საზოგადოების წესების თანახმად საუბრის ჩაწერა არ შეიძლება. დაბლოკვას წინ უძღოდა „ოთახების“ ზრდა, სადაც ჩინელები მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ თემებს განიხილავდნენ. უცნობია, კონტიტენტური ჩინეთიდან რამდენი ადამიანი იყენებდა აღნიშნულ სოცქსელს, თუმცა დაბლოკვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინურ ენაზე ზოგიერთი ჩათის მონაწილეთა რაოდენობა 5 ათას მომხმარებელს აღწევდა. 

თავად სოცქსელის ჩინეთში დაბლოკვის ფაქტი გასაკვირი არ არის: საჯარო ხმოვანი ჩათების მოდერირება პირდაპირ ეთერში შეუძლებელია, ხოლო აპლიკაციას ინტერნეტის რეგულირების ადგილობრივი წესების პირობებში უბრალოდ არ შეუძლია იარსებოს. თუმცა პლატფორმამ, თუნდაც მცირე ხნით, ჩინელებს საშუალება მისცა მწვავე თემები: 1989 წლის პროტესტები ტიანანმენის მოედანზე, „აღზრდის“ ბანაკები სინძიანში, კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ჰონგ-კონგში და სხვა განეხილათ.

ბაიდენმა TikTok-ის გაყიდვის გარიგება გააჩერა

აშშ-ს პრეზიდენტის გუნდი ამჟამად ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრისკენ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფართო მიმოხილვას აკეთებს.

Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნეს-კომპანიებისთვის მიყიდვის გეგმა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო – 10 თებერვალს თეთრმა სახლმა დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც TikTok-ის ბლოკირების აკრძალვას ეხება, ხელისუფლების აპელაცია შეაჩერა. გასულ წელს მსგავსი გარიგების განხორციელების ინტერესი ორმა მსხვილმა კორპორაციამ – Oracle-მ და Walmart-მა გამოხატეს.

სასამართლო საჩივარში ბაიდენის ადმინისტრაციამ ვაჭრობის სამინისტროს მხრიდან შემოწმების დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც მას დაეხმარება განსაზღვროს, აქტუალურია თუ არა საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რაზეც ადრე ტრამპის ადმინისტრაცია აპელირებდა. ხოლო იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თხოვნას შეჩერების შესახებ TikTok-ის და ByteDance-ის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.

მოლაპარაკებები აშშ-ში საგარეო ინვესტიციების კომიტეტს და TikTok-ს შორის სიტუაციის დასარეგულირებლად გრძელდება, თუმცა ცხადია, რომ შესაძლო გარიგება TikTok-ის შესახებ, სავარაუდოდ განსხვავებული იქნება იმ წინადადებებისგან, რომელიც სექტემბერში განიხილებოდა. ამასთან, ის ჩინეთის თანხმობას საჭიროებს: გასული წლის ბოლოს ჩინეთმა ამერიკული სანქციების საპასუხოდ ექსპორტზე დამატებითი შეზღუდვები შემოიღო.

ჩინურ ტექნოგიგანტებს IPO ჰონგ-კონგში გადააქვთ

CNBC უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების მაგალითებს აანალიზებს, რომელთაც ბოლო წლებში აქციების პირველადი განთავსება ჰონგ-კონგში მოახდინეს ან ამის გაკეთებას გეგმავენ. ადრე ეს აუცილებლად აშშ-ში მოხდებოდა – სავაჭრო ომამდე, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება. ახლა აშშ-ში განთავსება რთულია: მაგალითად, წლის დასაწყისში დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ამერიკელებს 31 ჩინურ კომპანიაში ინვესტირებას უკრძალავდა. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა კი ჩინეთის მიმართ ბოლომდე ცხადი ჯერ არ არის.

  • Kuaishou-მ აქციების პირველადი განთავსება 2021 წლის თებერვალში მოახდინა – ყველაზე მსხვილი hi-tech ინდუსტრიაში Uber-ის განთავსების შემდეგ. ტიკტოკის ჩინურმა კონკურენტმა საფონდო ბირჟაზე 5,3 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
  • 2018 წელს Meituan Dianping-მა, ლიდერმა საკვების მიტანის ბაზარზე, აქციები ჰონგ-კონგში განათავსა. მან 4,2 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო. იმავე წელს Xiaomi-მ 4,7 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
  • ვიდეოსერვისმა Netease-მა 2020 წლის ივნისში ჰონგ-კონგში 2,6 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხა. ხოლო კონცერნმა Alibaba-მ 2019 წელს რეკორდი დაამყარა 12,9 მილიარდი დოლარის მოზიდვით. ჯერ კიდევ 2014 წელს Alibaba აქციებს აშშ-ში ანთავსებდა.
  • Tencent Music აქციების პირველად განთავსებას ჰონგ-კონგში და 5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. თუმცა ჯერ კიდევ 2018 წელს კომპანია აქციების განთავსებას აშშ-ში – NYSE-ზე ახდენდა, სადაც მან 1,1 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო.

ჰონგ-კონგის ბირჟა კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, რომლებიც მასზე ვაჭრობენ, მსოფლიოში ზომით მეოთხეა. პირველი სამია – NYSE, Nasdaq და შანჰაის ბირჟა. ჰონგ-კონგის ბირჟა სავაჭრო ომამდეც იზრდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში პოზიციები განსაკუთრებით გაიმყარა: ჩინური კომპანიები მიხვდნენ, რომ შეუძლიათ აშშ-ში განთავსებაზე არ დაიხარჯონ, რადგან ინვესტორების მაღალი შეფასების მიღება საკუთარ ბირჟებზეც შეუძლიათ.

 

https://www.wsj.com/articles/xi-jinping-reshaping-china-relations-west-11614092373?fbclid=IwAR0GpjiFGYAiNlpQsb0oynZByH1OWEnMJFr5Po0AljBWecOuozeaCq25bz4 – საინტერესო სტატია სი ძინპინის როლზე ჩინურ პოლიტიკაში

https://www.bbc.co.uk/news/world-asia-china-56030340 – ჩინეთმა აკრძალა BBC დიდ ბრიტანეთში CGTN-ის მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ. BBC-ს საინფორმაციო მაუწყებლობა ჩვეულებრივი ჩინური ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი არასდროს იყო, თუმცა მათი ყურება შეიძლებოდა სატელიტური ანტენებით სასტუმროებსა და ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსებში. ახლა ეს უკვე შეუძლებელია

https://www.reuters.com/article/us-india-china/india-china-agree-to-pull-back-troops-from-disputed-himalayan-lake-idUSKBN2AB0EX – ჩინეთი და ინდოეთი სასაზღვრო კონფლიქტის მრავალი ზონიდან ერთ-ერთში დაშორიშორებას იწყებენ. ორივე მხარის ჯარებმა ჰიმალაის მთებში სადავო საზღვრის ირგვლივ მრავალთვიანი დაპირისპირების შემდეგ ტერიტორიის დატოვება დაიწყეს

https://www.ft.com/content/d3ed83f4-19bc-4d16-b510-415749c032c1?fbclid=IwAR0EV2ZRDv7e8FA2L-FcZCuZqii_UZ8p0FM-9WkfK8RYhjV1QwxPOJ-RHdE – ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, რომელთაც ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-35-ის და სხვა თანამედროვე შეიარაღების წარმოების მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

https://foreignpolicy.com/2021/02/19/china-uighurs-genocide-us-pompeo-blinken/?fbclid=IwAR0FjMzDNfq2njycOk-3oIgQlibw4SBgKdvZm6yB5Lsuf_5kZZKq4SAQvOA – სახელმწიფო დეპარტამენტის იურისტებს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო უჭირთ სინძიანში მიმდინარე მოვლენების გენოციდად შერაცხვა

https://time.com/5936037/us-china-latin-america-influence/?fbclid=IwAR2pmaOgG2_Sme9EtGsk6UgAjTuP8MvoGwkdgwaIO0oRrfhc9lsFOZ8GFZk – სტატია ლათინურ ამერიკაში აშშ-სა და ჩინეთის კონკურენციაზე

https://www.wsj.com/articles/china-blocked-jack-mas-ant-ipo-after-an-investigation-revealed-who-stood-to-gain-11613491292?fbclid=IwAR2JtqShlQPLwvKjymyO5n290j4pTi-ES2CuiXb026CXl2j4GmgiDRRouLQ – ჯეკ მას Ant Group-ის ბენეფიციარებს შორის აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც სი ძინპინის ლიდერობისთვის პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენენ

https://supchina.com/2021/02/11/once-again-blackface-and-single-shaming-jokes-are-featured-at-the-cctv-spring-festival-gala/ – ჩინეთის საახალწლო კონცერტი რასიზმში კვლავ დაადანაშაულეს. CCTV-ს თითქმის ყოველ წელს მწვავედ აკრიტიკებენ მდარე გემოვნების, სექსიზმის და სხვა პრობლემების გამო. ეს წელი გამონაკლისი არ იყო

https://profile.ru/economy/pochemu-knr-prekratila-prinimat-rossijskuyu-rybu-i-soyu-586867/ – გაიგეთ, თუ რატომ შეაჩერა ჩინეთმა რუსული თევზის და სოიოს შეძენა

https://www.kommersant.ru/doc/4684481 – სტატია ჩინეთის განათლების სისტემაზე და მასში დახარჯულ რესურსებზე. გაიგეთ, თუ რატომ უნდა გაიზარდოს ჩინური საგანმანათლებლო ბაზარი 2030 წლისთვის სამჯერ და რა როლი აქვს მას ქვეყნის მშპ-ს ზრდასა და სტაბილურობაში

https://www.sixthtone.com/news/1006879/beijing-divorce-court-values-wifes-5-years-of-housework-at-%247%2C700?fbclid=IwAR3DYG3fX8uoo_FBjOgec4Z5zmRJ6yc6qt9ysTkrPP5bO-NE_Q7NmmlHIcs – პირველად, ახალი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ჩინეთში სასამართლომ ქმარს მეუღლისთვის განქორწინების შემდეგ შვიდი ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა სახლის სამუშაოს შესრულებისთვის

https://www.caixinglobal.com/2021-02-10/china-calls-on-chipmakers-to-boost-supplies-to-car-manufacturers-101663119.html – მიკროსქემების გლობალური დეფიციტის ფონზე ჩინელი რეგულატორები საკუთარ მწარმოებლებს მოუწოდებენ ავტომწარმოებლებისთვის ჩიპების მიწოდება გაზარდონ

https://www.caixinglobal.com/2021-02-08/self-flying-carmaker-ehang-selected-by-eu-to-pilot-medical-air-mobility-services-101661953.html – მფრინავი მანქანების შექმნის პროცესში ჩართული EHang ევროკავშირში მფრინავი სასწრაფო დახმარების საპილოტო პროექტში მონაწილეობას მიიღებს

 

 

დატოვე კომენტარი