ჩინური დღიური 23.04.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

მოასწრო სექტემბრამდე: როგორია ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების მომავალი

7 აპრილს ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს. მერკელის პრეს-სამსახურის მოკლე ოფიციალური განცხადების თანახმად, საუბრის მთავარ თემად ვაქცინების წარმოების სფეროში თანამშრომლობა იქცა. ამას გარდა, კანცლერმა ხაზი გაუსვა „დიალოგის და ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, მათ შორის იმ თემების მიმართულებით, სადაც განსხვავებული ხედვები არსებობს“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სხვა აქცენტებია დასმული. სი ძინპინმა ევროკავშირს მოუწოდა ჩინეთის აღმავლობაში სტრატეგიული შესაძლებლობები დაინახოს, „დამოუკიდებლად საგარეო გავლენისგან სწორ შეფასებებამდე მივიდეს და სტრატეგიულ ავტონომიას მიაღწიოს“. ჩინელი დიპლომატების განცხადებით, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა პარტნიორებთან ურთიერთობები მესამე ქვეყნების შეხედულებებისგან დამოუკიდებლად განავითაროს. პეკინმა სცადა საუბრისთვის საჯაროობის მინიჭება და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მთლიანად ინგლისურად თარგმნა, რითიც გლობალურ მედიაში პუბლიკაციების ნიაღვარი გამოიწვია.

ბერლინისა და პეკინის ურთიერთობაში ახლა ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციების შესახებ კომპლექსური შეთანხმების ბედია, რომელსაც ხელი გასული წლის ბოლოს მოეწერა და რომელიც ნაწილობრივ იანვარში გამოქვეყნდა. იმისთვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, მისი რატიფიცირება ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს, ხოლო შემდეგ ევროპარლამენტმაც დაამტკიცოს. თუმცა ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენენ, თუ ჩინეთი ევროპარლამენტის დეპუტატების და ევროკავშირის ზოგიერთი ორგანოს და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არ გააუქმებს.

გერმანია დაინტერესებულია საინვესტიციო შეთანხმებაში, რადგანაც გერმანული ბიზნესი ამ ხელშეკრულების წყალობით ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას და ჩინურ სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის მიღებას იმედოვნებს. ესმის რა გერმანული ინტერესი, ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს ბერლინის წონა, რომ შეთანხმების რატიფიცირება 2021 წელს მოახდინოს. სექტემბერში გერმანიაში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გერმანულ პოლიტიკაში მერკელის ეპოქას დაასრულებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვან როლს არჩევნების შედეგებში მწვანეთა პარტია ითამაშებს, რომელიც ჩინეთის და საინვესტიციო შეთანხმების მიმართ უკიდურესად სკეპტიკურადაა განწყობილი. ამიტომაც პეკინისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ახლა დაარწმუნოს ბერლინი და მოახდინოს ევროკავშირზე გავლენა.

თუმცა გერმანიის ხელისუფლებას და ბიზნესს აწუხებს სანქციები, განსაკუთრებით MERICS-ის წინააღმდეგ – ინსტიტუტის დონორებს შორის არიან გერმანული ბიზნესის კაპიტნები, ხოლო ჩინეთში ევროპის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი და შეთავსებით ჩინეთში ქიმიური კონცერნი BASF-ის ხელმძღვანელი იორგ ვუტკე MERICS-ის სადამკვირვებლო საბჭოში შედის. ვუტკე საინვესტიციო შეთანხმების მომხრე და გერმანიასა და ევროკავშირში ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ექსპერტია, ხოლო მისი კომპანია ჩინეთის ნავთობქიმიურ კომპლექსში მსხვილი ინვესტორი. შეეხებათ თუ არა მათ სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.

რა იქნება მომავალში? სანქციების ტალღის შემდეგ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის შანსები თითქმის არ არსებობს. გარიგება, შესაძლოა, საერთოდაც არ დამტკიცდეს. პეკინი ჯერჯერობით ეცდება BASF-ის წინააღმდეგ მეორადი სანქციებისგან თავი შეიკავოს, რომ გერმანულ ბიზნესთან ურთიერთობები არ გააფუჭოს, თუმცა არც უკვე მიღებულ სანქციებს გააუქმებს. ევროპარლამენტის ვეტოს დაძლევა რთული იქნება (დამატებით საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ განწყობილია აშშ-ს ადმინისტრაცია), შესაბამისად საინვესტიციო შეთანხმების მიღება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.

აშშ-ს და ჩინეთის თანამშრომლობა კლიმატის საკითხებში. რა ვიცით შანჰაიში ჯონ კერის ვიზიტზე?

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში ჯონ კერიმ 14-17 აპრილი შანჰაიში მოლაპარაკებების პროცესში გაატარა. კერი გახდა პირველი მაღალჩინოსანი ამერიკელი საჯარო მოხელე, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ჩინეთს ვიზიტით ეწვია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტის მიზანი იყო კლიმატური პრობლემების განხილვა კლიმატის შესახებ სამიტის, რომელსაც 23 აპრილს ჯო ბაიდენი გამართავს და გაეროს კონფერენციის წინ. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კერიმ განაცხადა, რომ აშშ მზადაა ჩინეთისგან მავნე გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულების საკითხში უფრო მეტ გამჭვირვალობას მიაღწიოს.

კერის მთავარი თანამოსაუბრე ჩინეთის სპეცწარმომადგენელი კლიმატის საკითხებში სე ჯუნხუა იყო. მათ თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, როდესაც კერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ხოლო სე პარიზის კლიმატის შეთანხმების პროცესში ჩინეთის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ვიდეოკავშირის საშუალებით კერი ასევე სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს და პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრ ხან ჯენს (მეშვიდე ნომერი ჩინურ ძალაუფლების იერარქიაში) ესაუბრა, რომელიც პარიზის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნებას მიესალმა და მზადყოფნა გამოთქვა ჩინეთმა ამერიკასთან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხში ითანამშრომლოს.

კლიმატური დღის წესრიგი იშვიათი სფეროთაგანია, სადაც ვაშინგტონი მზადაა პეკინთან ორმხრივ ურთიერთობებში კრიზისის ფონზე ითანამშრომლოს. ამის გამო ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი მოელოდა, რომ კერის ვიზიტი გარღვევა იქნებოდა. ჩინელი ექსპერტები ასე ოპტიმისტურად არ იყვნენ განწყობილი და აცხადებდნენ, რომ პროგრესი კლიმატის ცვლილების მსგავს ცალკეულ სფეროებში საერთო პრობლემების გადაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნება.

კერის ვიზიტის შემდეგ აშშ-მ და ჩინეთმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სურვილის შესახებ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს: ტექსტი ზომიერ ტონალობაშია დაწერილი, თუმცა აკლია კონკრეტიკა და არ შეიცავს სიახლეებს შინაარსობრივი კუთხით. კლიმატის სფეროში ჩინელი ექსპერტი ჩჟან ჩჟუნსიანი მიიჩნევს, რომ კერის ვიზიტის შედეგებზე საუბარი მხოლოდ 23 აპრილის სამიტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 16 აპრილის სი ძინპინმა გამართა მოლაპარაკებები ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან, რომლის ცენტრალურ თემადაც ჩინურ პრეს-რელიზებში სწორედ კლიმატის ცვლილების თემატიკაა ასახული. თუმცა ბაიდენის მოწვევაზე მიიღოს სამიტში მონაწილეობა სის ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.

აშშ-ტაივანი: რატომ გააგზავნა ბაიდენმა კუნძულზე დელეგაცია?

14 აპრილს ტაივანზე ბაიდენის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ამერიკული არაოფიციალური დელეგაცია ჩავიდა. მის შემადგენლობაში იყვნენ ექს-სენატორი კრის დოდი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეები რიჩარდ არმიტიჯი (რესპუბლიკელი) და ჯეიმს სტეინბერგი (დემოკრატი). ამერიკელები ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.

ვიზიტი 1979 წელს მიღებულ „ტაივანთან ურთიერთობის კანონის“ 42 წლისთავს დაემთხვა და პეკინის მხრიდან კუნძულის წინააღმდეგ მზარდი წნეხის ფონზე შედგა – ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე 25 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ამოცნობის ზონაში შევიდა.

თეთრი სახლი პირადად პრეზიდენტ ბაიდენისთვის ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს, ხოლო ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მყარი მეგობრობის და მხარდაჭერის დემონსტრაციას“ უსვამს ხაზს და აშშ-სთან ურთიერთობას „ქვასავით მყარად“ ახასიათებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯაო ლიძიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ს ტაივანთან დაახლოება ერთიანი ჩინეთის პრინციპს და სამი ჩინურ-ამერიკული კომუნიკეს დებულებებს არღვევს. ამასთან ჯერჯერობით ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანთან ურთიერთობაში თავშეკავებით გამოირჩევა – განსხვავებით ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდისგან, რომელმაც გასული წლის აგვისტოში პირველად ვაშინგტონის მხრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ ტაივანზე ოფიციალური დელეგაცია მინისტრთა კაბინეტის მოქმედი წევრის ხელმძღვანელობით გააგზავნა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა: ფილიპინები დუმს, აშშ მოქმედებს

ასობით ჩინური გემი, რომელიც სავარაუდოდ გასამხედროებული ფორმირებებითაა დაკომპლექტებული, კვლავ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაშია კონცენტრირებული.

ფილიპინების საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა მოითხოვეს, რომ ჩინურმა გემებმა მათი ტერიტორია დატოვონ. პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კი მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დიპლომატიით არა საჯაროდ, არამედ კონფიდენციალურად არის დაკავებული.

პირველად ჩინური გემები უიტსანის რიფთან 7 მარტს შენიშნეს. აღნიშნული რიფი ფილიპინების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შედის და კუნძულ პალავანიდან 320 კილომეტრში მდებარეობს. პეკინმა განაცხადა, რომ თევზმჭერი გემები რიფების სიახლოვეს იმყოფებიან, რომ ცუდი ამინდისგან თავი შეაფარონ, ხოლო მათი ადგილმდებარეობის რაიონი ჩინეთის ნაწილი და თევზჭერის ტრადიციული ადგილია.

თითქმის 70 წლის განმავლობაში ფილიპინებს აშშ-სთან ურთიერთთავდაცვის პაქტი აქვს გაფორმებული. თუმცა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხელისუფლებაში დუტერტე მოვიდა, მან ჩინეთთან ახლო ურთიერთობა დაამყარა და ვაშინგტონს ამერიკულ-ფილიპინური სამხედრო კავშირის გაწყვეტითაც კი ემუქრებოდა.

ამ ფონზე აშშ-მ ცოტა ხნით ადრე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და სადესანტო ხომალდი USS Makin Island გააგზავნა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთისგან თავდასხმის შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან ფილიპინების თავდაცვის ვალდებულება დაადასტურა. „შეერთებული შტატები ყოველთვის თავის მოკავშირე, ფილიპინებთან ერთადაა და საზღვაო გასამხედროებულ შენაერთებს უპირისპირდება, რომლებიც ფილიპინების განსაკუთრებული ეკონომიკურ ზონაშია თავმოყრილი“ – განაცხადა მან.

წამიერი აღიარება: აღიარა თუ არა ჩინეთმა საკუთარი ვაქცინების დაბალი ეფექტურობა?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები საკუთარ დასავლურ ანალოგებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია – ეს ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრიდანაა ცნობილი. ჩინეთის ოფიციალური პირები ცდილობდნენ ამ თემისთვის თავი აერიდებიათ და კრიტიკის იგნორირებას ახდენდნენ. თუმცა აპრილის დასაწყისში ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CCDC) დირექტორმა გაო ფუმ პირველად აღიარა, რომ ვაქცინების ეფექტურობა მაღალი არ არის და წამოაყენა შეთავაზება მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით „სხვადასხვა ვაქცინები ერთმანეთს შეურიონ“. გაო ფუმ ასევე ისაუბრა ვაქციების უპირატესობაზე, რომელთა მოქმედი ნაწილიც რიბონუკლეინის მჟავაზეა (Pfizer-BioNTech და Moderna).

გაო ფუს სიტყვები ჩინურ სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და რეგულატორებმა მათი აქტიურად წაშლა დაიწყეს. გაო ფუმ სწრაფად განაცხადა, რომ მედიამ ის არასწორად აციტირა და 11 აპრილს რამდენიმე ჩინურ მედიას სპეციალურად ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარი სიტყვები განმარტა:

ერთ-ერთი მათგანი სათაურით „ეს იყო სრული გაუგებრობა“ შეგიძლიათ წაიკითხოთ Global Times-ზე.

როგორ აისახება ეს ჩინურ „ვაქცინის დიპლომატიაზე“? სავარაუდოდ, არანაირად. ქვეყნებს, რომლებიც ჩინურ ვაქცინებს ყიდულობენ (ან საჩუქრად იღებენ), ხშირად არცერთ სხვა ანალოგზე წვდომა არ გააჩნიათ, ხოლო პეკინი მზადაა მათ საკუთარი დოზები უსასყიდლოდაც კი მიაწოდოს.

სარეკორდო ჯარიმა: რისთვის დაისაჯა Alibaba და რას უნდა ველოდოთ მომავალში

ჩინეთის ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ კომპანია Alibaba ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის სარეკორდო 18,228 მილიარდი იუანით (2,78 მილიარდი დოლარი) დააჯარიმა. ჯარიმა ჩინეთში 2019 წელს კომპანიის გაყიდვების 4% შეადგენს. რეგულატორის აზრით, Alibaba Group მცირე გამყიდველებს მისი მომსახურების გამოყენებას აიძულებდა და მათ მაღაზიების კონკურენტი კომპანიების პლატფორმებზე გახსნას უკრძალავდა. Alibaba-ს კონფლიქტი ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ტექნოგიგანტის დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთის ეროვნული ბანკი საჯაროდ გააკრიტიკა, ხოლო ხელისუფლებამ საპასუხოდ მისი კუთვნილი კომპანია Ant Group-ის IPO გააუქმა. 

12 აპრილს ჩინეთის სახალხო ბანკმა Alibaba-ს მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამოსწორების გეგმის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გამოაქვეყნა. კომპანიამ საკუთარი საგადამხდელო სისტემა Alipay და მრავალრიცხოვანი ფინანსური, უპირველეს ყოვლისა საკრედიტო სერვისები, რომელიც პლატფორმაზეა წარმოდგენილი, უნდა გაყოს. ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე პან გუნშენმა Ant-ის ტოპ-მენეჯმენტთან ხანგრძლივი შეხვედრის (მეორე დეკემბრის შემდეგ, რომლის შესახებაც საჯაროდ გახდა ცნობილი) განაცხადა, რომ ჯგუფს ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს შეცდომებზე სამუშაოდ და რეგულატორის პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად. რეალურად ეროვნული ბანკი მოითხოვს, რომ Ant-მა საკუთარი ბიზნესები მთლიანად გაყოს, მათ შორის მკაცრი საზღვრები დააწესოს და Ant-ის სხვადასხვა პროდუქტები სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დარეგულირდეს. ეს კი იქნება Ant-ის ძველი ფინანსური მოდელის დასასრული – რის შესახებაც რეგულატორები ჯეკ მას ჯერ კიდევ შემოდგომაზე აფრთხილებდნენ, როდესაც IPO-სთვის მზადების შესახებ ცნობილი გახდა.

თუმცა ჯეკ მას იმპერიაზე შეტევით ჩინელი რეგულატორები საკუთარ ლაშქრობას ინტერნეტ-პლატფორმების წინააღმდეგ არ ასრულებენ. 13 აპრილს ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ 34 წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლებთან, რომელთა შორისაც Tencent, Bytedance, Alibaba და Meituan იყვნენ, შეხვედრა გამართა. რეგულატორმა მოითხოვა, რომ ერთი თვის განმავლობაში კომპანიებმა დეტალური გეგმა წარმოადგინონ, თუ როგორ აპირებენ ისინი საკუთარ მუშაობაში ხარვეზების გამოსწორებას და საკუთარი საქმიანობის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში მოყვანას. ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სამმართველოს, ინტერნეტის და ინფორმაციის სახელმწიფო კანცელარიის და მთავარი საგადასახადო სამმართველოს საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულატორები ჩინეთში ონლაინ-ეკონომიკის განვითარებას მიესალმებიან, თუმცა ამასთან კომპანიებმა „Alibaba-ს საქმიდან“ გაკვეთილები უნდა გამოიტანონ და საკუთარი ქცევა შეცვალონ.

ჯეკ მა Ant Group-ის აქციების მოშორებას გეგმავს

Alibaba-ს ფინანსური „შვილი“, რომელიც 2020 წლის ნოემბერში IPO-ს გაუქმების შემდეგ რეგულატორების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, გასულ კვირას სიახლეების სათავეში კვლავ მოხვდა. როგორც სააგენტო Reuters-მა გაარკვია, კომპანია ჯეკ მას წილის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, რომ მას მართვის კონტროლი ჩამოართვას.

ჟურნალისტების ინფორმაციით, წლის დასაწყისში ეს საკითხი მას და Ant Group-ის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო ბანკის და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების კომისიის წარმომადგენლებთან უკვე დააყენეს. ადრე Wall Street Journal წერდა, რომ თავად მილიარდერმა ჯერ კიდევ ნოემბერში, IPO-ს გაუქმების შემდეგ შესთავაზა აქციონერებს კომპანიაში საკუთარი წილის ხელისუფლებისთვის გადაცემა.

ახლა კომპანია ასეთ გეგმებს უარყოფს: Ant-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯეკ მას წილის გაყიდვის საკითხი არასდროს იდგა. მიუხედავად ამისა, Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები არა მხოლოდ მიმდინარეობს, არამედ გარკვეული პირობებიც კი არის ცნობილი: გაყიდვის შემთხვევაში მილიარდერს კომპანიის მმართველობის რომელიმე ნათესავის ან მასთან აფილირებული პირისთვის გადაცემას აუკრძალავენ. ამავდროულად, სავარაუდოდ, აუცილებელი არ იქნება აქციების რომელიმე სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის გადაცემა და განიხილება მისი კერძო ჩინელი ინვესტორების მხრიდან შეძენა.

ეს ისტორია ამტკიცებს, რომ Ant Group-ის ყველა უსიამოვნების მთავარი მიზეზი პირადად ჯეკ მასადმი ჩინეთის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულებაა. თუმცა კომპანიის სხვა მფლობელებისთვის გადაცემაც კი სავარაუდოდ ვერ შეაჩერებს უკვე დაწყებულ რეფორმების მანქანას ჩინურ ფინანსურ-ტექნიკურ სექტორში.

Douyin live e-commerce-ის ბაზარზე გადის

კომპანია ByteDance ელექტრონულ ვაჭრობაში ჩაერთვება და საქონლით ვაჭრობისთვის პლატფორმას კლიენტებს Douyin-ის – დასავლური TikTok-ის ჩინური ორიგინალის გავლით მიაწვდის. მოკლე ვიდეოების ცნობილ აპლიკაციაში უკვე დიდი ხანია პოპულარულია live e-commerce ფორმატი, როდესაც სტრიმერი საქონლის შეფუთვებს ხსნის. ჯერ კიდევ სექტემბერში კომპანიამ ამ ტრენდის გამოყენება და Douyin-ის ერთგვარ „დივანის მაღაზიად“ გადაქცევა გადაწყვიტა, სადაც მომხმარებლები დარეკლამებული საქონლის აპლიკაციიდან გასვლის გარეშე შეძენას შეძლებდნენ.

ახლა კი კომპანიამ, როგორც ჩანს, მთელი აუცილებელი ინფრასტრუქტურა ააწყო და აპირებს სერვისი მთელი სიმძლავრით აამუშავოს. მაგალითად, უკვე ექპლუატაციაში შევიდა საქონლის ხარისხის შემოწმების ცენტრები გუანდუნში, იუნანში, ჯეძიანში, ჰენანსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. ასევე ფირმა საერთაშორისო საწყობებსაც ამზადებს, სადაც ძირითადად საქონელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შედის.

უნდა აღინიშნოს, რომ ByteDance ამ ფორმატის პიონერი არ არის. პირდაპირ ეთერში ვაჭრობა დიდი მოთხოვნილებით Douyin-ში live e-commerce-ის ჩაშვებამდეც სარგებლობდა. სტატისტიკის მიხედვით, უკვე დღეს ყოველი მეათე შენაძენი ჩინურ ინტერნეტში ონლაინ-სტრიმის გავლით ხორციელდება. ამ ბაზრის 80% კი პლატფორმა Taobao Live აკონტროლებს, რომელიც Alibaba-ს ეკუთვნის.

Douyin-ს Alibaba-ს პროდუქტთან შედარებით ნათელი უპირატესობა აქვს: Taobao Live-ზე მომხმარებლები ძირითადად მხოლოდ მაშინ შედიან, როდესაც რომელიმე საქონლის შეძენა სურთ. ByteDance-ის აპლიკაცია კი, რომელსაც მთელი ჩინეთი იყენებს, როგორც ჩანს უფრო მეტ მომხმარებელს მოიცავს და ეფექტი სპონტანური შენაძენების ხარჯზე გაძლიერდება.

ამავდროულად, ByteDance-ს გაუჭირდება კონკურენციის გაწევა Alibaba-ს კარგად აწყობილ ლოჯისტიკურ ქსელთან. მაგალითად გამყიდველები უკვე წუწუნებენ, რომ Douyin-ის ლოჯისტიკის სისტემა არაეფექტურად მუშაობს: საქონელი დიდ გზას გადის ჯერ ხარისხის შემოწმების პუნქტებამდე და შემდეგ მომხმარებლებამდე, ხოლო მთელი დამატებითი ხარჯი თავად გამყიდველებს ეკისრებათ.

https://edition.cnn.com/2021/04/12/china/south-china-sea-taiwan-military-tensions-intl-hnk/index.html – აშშ-მ და ჩინეთმა სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში სამხედრო აქტივობა გააძლიერეს

https://www.forbes.ru/obshchestvo/425383-vybor-celi-k-chemu-gotov-kitay-v-protivostoyanii-s-zapadom – სამიზნის არჩევა: რისთვის არის ჩინეთი მზად დასავლეთთან დაპირისპირებაში

https://www.nytimes.com/video/us/politics/100000007622199/william-burns-cia-confirmation-hearing.html – CIA-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ჩინეთი XXI საუკუნეში აშშ-ს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს

https://www.ft.com/content/2d43d15b-12d5-4abf-96a1-3eee96a63a10 – აშშ-მ ჩინური სუპერკომპიუტერული კომპანიები შავ სიაში შეიყვანა

https://www.sixthtone.com/news/1007118/What – რა მოხდება, თუ შობადობა ჩინეთში გააგრძელებს კლებას?

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3130010/china-facing-economic-crisis-population-peak-nears-pboc-adviser –  ჩინეთის სახალხო ბანკის მრჩეველი: ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს უახლოვდება მოსახლეობის რაოდენობის პიკთან მიახლოების გამო

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3129260/xinjiang-court-hear-defamation-case-against-german-researcher – სინძიანის სასამართლო განიხილავს დიფამაციის საქმეს გერმანელი მკვლევრის წინააღმდეგ, რომელმაც პეკინი ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევაში დაადანაშაულა

https://news.cgtn.com/news/2021-04-17/Readings-of-China-France-Germany-video-summit-on-climate-change-ZxcVjRhE76/index.html – ჩინეთი მზადაა საფრანგეთსა და გერმანიასთან ერთად დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებაში

https://thediplomat.com/2021/04/civil-society-and-chinas-global-media-footprint/ – სამოქალაქო საზოგადოება და ჩინეთის გავლენა მსოფლიო მედიაზე

https://thediplomat.com/2021/04/taiwan-will-fight-to-the-very-last-day-if-china-attacks/ – ტაივანი ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში „უკანასკნელ სისხლის წვეთამდე“ იბრძოლებს

https://thediplomat.com/2021/04/should-the-west-fear-chinas-increasing-role-in-technical-standard-setting/ – უნდა უფრთხოდეს თუ არა დასავლეთი ჩინეთის მზარდ როლს ტექნიკური სტანდარტების დაწესებაში?

https://asia.nikkei.com/Politics/International-relations/Biden-and-Suga-refer-to-peace-and-stability-of-Taiwan-Strait-in-statement – იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა

https://www.rbc.ru/rbcfreenews/607159d89a7947620aada630 – ჩინეთში დაუშვეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის კლინიკური ცდები

https://www.youtube.com/watch?v=K3odScka55A – რას ნიშნავს რეალურად ვაქცინების „ეფექტურობის მაჩვენებელი“

https://tass.ru/obschestvo/11131315 – უკრაინელმა ექიმებმა დაიწყეს ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის პრეპარატ CoronaVac-ის გამოყენება კორონავირუსისგან მოქალაქეების ასაცრელად

https://northafricapost.com/48871-china-to-send-morocco-10-mln-sinopharm-jabs.html – ჩინეთი მაროკოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონ დოზას აპრილსა და მაისში მიაწვდის

https://www.forbes.ru/finansy-i-investicii/426257-alibaba-pod-kontrolem-kak-kitay-budet-regulirovat-finteh-gigantov – Alibaba კონტროლის ქვეშ: როგორ დაარეგულირებს ჩინეთი ფინანსურ-ტექნიკურ გიგანტებს

https://www.kommersant.ru/doc/4771199?tg – „გაზპრომმა“ დაამტკიცა სატრანზიტო გაზსადენ „საიუზ-ვოსტოკის“ პროექტის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი

https://supchina.com/2021/04/05/china-is-the-worlds-next-video-game-streaming-hub/ – ჩინეთი მსოფლიოს უდიდეს cloud-გეიმინგის ჰაბად იქცევა

https://www.semi.org/en/news-media-press/semi-press-releases/annual-global-semiconductor-equipment-sales – ჩინეთი იქცა ჩიპების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის ლიდერად

https://www.scmp.com/tech/tech-trends/article/3129315/drone-maker-dji-latest-chinese-tech-giant-get-car-game – დრონების უმსხვილესი მწარმოებელი DJI ელექტრომანქანების სფეროში შედის

 

 

 

დატოვე კომენტარი