ჩინური დღიური 16.07.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

საკუთარი დღე. როგორ ჩაიარა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ასი წლის იუბილემ

ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. პარტიის ასი წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნა: 1 ივლისს მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმოდ ტიანანმენის მოედანზე დაახლოებით 70 ათასი ადამიანი შეიკრიბა. სწორედ იქ, 1949 წელს მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შესახებ, ხოლო 2021 წელს სი ძინპინმა წარმოთქვა 65 წუთიანი სიტყვა პარტიის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. ოთხი თეზისი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ გამოსვლიდან:

  1. ჩინეთმა დაამარცხა სიღარიბე და მიაღწია საშუალო შემოსავლის საზოგადოების დონეს. ეს ამოცანა იყო პირველი „ასწლეულის ორ ამოცანას შორის“, რომელიც სი ძინპინმა ჩინეთის ხელისუფლებას 2012 წელს დაუსახა.
  2. ჩინეთი ღიაა კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ, თუმცა არ მოითმენს სხვა ქვეყნებისგან „ჭკუის სწავლებას“. ის, ვინც პატივს არ სცემს ჩინეთის შეხედულებას, „შეელეწება დიდ კედელს, რომელიც 1,4 მილიარდმა ჩინელმა საკუთარი სხეულისა და სისხლისგან აღმართა“.
  3. ჩინეთის კომუნისტური პარტია არის სახელმწიფოს განვითარების და აყვავების საფუძველი. მომავალში ჩინეთმა უნდა დაიცვას კომუნისტური პარტიის საყოველთაო ხელმძღვანელობა.
  4. ჩინეთის არმია განვითარდება, რომ მიაღწიოს თავდაცვისუნარიანობის და მზაობის მსოფლიო დონეს, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი.

საინტერესო იყო ის ცნებები და საკვანძო კონცეფციები, რომელზეც ჩინეთის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა (ფრჩხილებში მითითებულია იგივე ცნებების გამოყენების რაოდენობა ხუ ძინტაოს 2011 წლის გამოსვლიდან, რომელსაც ადგილი პარტიის 90 წლის იუბილეზე ჰქონდა):

აღორძინება: 26 (11)

ჩინელი ერი: 44 (24)

რეფორმები: 8 (44)

მარქსიზმი: 10 (21)

სახელმწიფო უსაფრთხოება: 2 (0)

სამხედრო გაძლიერება: 6 (2)

განვითარების ინტერესები: 2 (0)

მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპი: 0 (1)

ბრძოლა: 8 (8)

ხალხი: 88 (137)

სპეციალური რაიონები

განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ გამოსვლაში სი ძინპინმა ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონებს და ტაივანს დაუთმო:

„სიანგანს მართავენ თავად სიანგანელები“, „აომენემს მართავენ თავად აომენემელები“. სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარების მაღალი დონე. „ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და სამშობლოს გაერთიანება ჩინეთის კომუნისტური პარტიის უცვლელ ისტორიულ ამოცანას წარმოადგენს“.

ჰონგ-კონგი

1 ივლისს ჰონგ-კონგში ტრადიციულად საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც 1997 წელს კუნძულის უკან, ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების დღეს ემთხვევა. თუმცა ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ წელს დემონსტრაციები აკრძალა და ქალაქში პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა. მთელს ქალაქში ეკრანებზე კომუნისტური პარტიის ასი წლის იუბილეს აღნიშვნის და სი ძინპინის გამოსვლის ტრანსლირება მიმდინარეობდა. ვიქტორიას პარკი, რომელიც დემონსტრანტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს, ალყაშემორტყმული იყო. სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციებზე 19 ადამიანი დააკავეს, ხოლო ერთი პოლიციელი ოპერაციის დროს ზურგში დანით დაჭრეს.

ტაივანი

სი ძინპინი გამოსვლაში ასევე „ტაივანის ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების ნებისმიერი მცდელობის განადგურებაზე“ საუბრობდა.

ტაივანის ირგვლივ დაძაბულობა წლის დასაწყისიდან იზრდება. 15 ივნისს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 28 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამომცნობ ზონაში შევიდა, თუმცა კუნძულის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. სექტემბრიდან ივნისამდე 173 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა 90% შემთხვევების დროს საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხს არ აღემატებოდა.

მორიგ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენთან ამერიკელი სენატორების შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც აშშ-ს დელეგაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო 750 ათასი ვაქცინის მიწოდების პირობა დადო. ადრე ტაიბეიმ ჩინური წარმოების ვაქცინაზე უარი განაცხადა. ანალიტიკურმა გამოცემა The Diplomat-მა მსგავსი ქეისები შეაგროვა:

  • 17 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კიტ კრაჩი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა – ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორ დღეში (18 და 19 სექტემბერს) 18 გაფრენა შეასრულეს;
  • 25 მარტს აშშ-მ და ტაივანმა სანაპირო დაცვის ირგვლივ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადეს – 26 მარტს 20 გაფრენა შედგა;
  • 11 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს რეგიონში სტატუს-ქვოს დარღვევის შემთხვევაში სერიოზული საპასუხო შედეგებით დაემუქრა – 12 აპრილს 25 გაფრენას ჰქონდა ადგილი.

ტაივანის რეაქცია

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ჩინეთი ეცდება ტაივანი მშვიდობიანი მეთოდებით შეიერთოს, თუ ეს შესაძლებელია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ის ძალასაც გამოიყენებს და ამიტომაც ტაივანი შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს“.

აშშ-ს რეაქცია

აშშ-მ და იაპონიამ საერთო სამხედრო სწავლება გამართეს, რომლის დროსაც ჩინეთის და ტაივანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლო სცენარები დაამუშავეს.

იაპონიის რეაქცია

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუჰიდე ნაკაიამამ განაცხადა, რომ ტაივანის, როგორც „დემოკრატიული ქვეყნის“ დაცვა აუცილებელია. ჩინეთმა, რომელიც ტაივანის სუვერენიტეტს არ აღიარებს, მსგავსი სიტყვათშეთანხმების გამო უკმაყოფილება ოპერატიულად გამოთქვა. ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა მოუწოდა აშშ-ს და იაპონიას „შეწყვიტონ ჩინური საფრთხის შესახებ თეორიის გაბუქება“. ტოკიომ ასევე ისტორიაში პირველი საერთო სწავლება დააანონსა ფილიპინებთან ერთად.

DiDi-ს წარმატება ნიუ-იორკში და წარუმატებლობა პეკინში

2 ივლისს ჩინეთის სამმართველომ კიბერსივრცის საკითხებში (ქვეყნის მთავარი ინტერნეტ-რეგულატორი) ტაქსის უმსხვილეს სერვის DiDi-ზე ახალი კლიენტების რეგისტრაცია შეაჩერა და ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან აპლიკაციის წაშლა მოითხოვა. გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის თაობაზე კომპანიის შემოწმებას უკავშირდება და შეზღუდვები გამოძიების დასრულებამდე შენარჩუნდება.

DiDi ერთ-ერთი უმსხვილესი IT-კომპანიაა, რომელიც საკუთარი კლიენტების მონაცემებს აქტიურად აგროვებს და იყენებს. აპლიკაცია დროის რეალურ რეჟიმში მომხმარებელთა გადაადგილებას თვალს ადევნებს, ამ მონაცემებს საგზაო სიტუაციის დასაზუსტებლად იყენებს, ასევე მათ მძღოლის და ავტოპილოტის დახმარების ავტომატური სისტემის შესაქმნელად საკუთარ პროექტებში სამომავლო გამოყენებისთვის ინახავს.

კომპანია სხვა IT-გიგანტებთან ერთად ამ წლის აპრილში ხელისუფლების წარმომადგენლებთან სპეციალურ შეხვედრაზე იყო მიწვეული. უკვე მაშინ, რეგულატორული ზეწოლის სხვა გახმაურებული შემთხვევების ფონზე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება მსხვილი კომპანიების მუშაობას სამომხმარებლო მონაცემებთან უფრო ყურადღებით უდგება.

მიუხედავად ამისა, DiDi-ში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ კომპანია მონაცემებთან მუშაობის ყველა მოთხოვნილებას იცავს, მათ ჩინეთის ტერიტორიაზე ინახავს და საზღვრებს გარეთ არ გააქვს. ახლა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ეს ასე არ არის და კომპანია კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონს არღვევს.

საინტერესოა, რომ ამ ვითარებაში კომპანიას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე IPO-ს განთავსების უფლება მისცეს. განთავსებისთანავე აქციები მკვეთრად გაიზარდა. IPO-ს დროს კომპანიამ მოახერხა 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოეზიდა, ხოლო ინვესტორებმა კომპანიის ღირებულება 68 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

თუმცა უკვე შემოწმების შემდეგ ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად დაეცა. კომპანია წინასწარ აფრთხილებდა ინვესტორებს შესაძლო რისკებზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩინეთის კანონმდებლობას უკავშირდება, რამაც შესაძლოა სერვისისა და მძღოლებისადმი მოთხოვნების გამკაცრება და შესაბამისად მომხმარებელთა რიცხვის შემცირება გამოიწვიოს. წინასწარი გადაწყვეტილება DiDi-სთან დაკავშირებით შესაძლოა 45 დღის განმავლობაში გამოიტანონ. შედეგი, სავარაუდოდ იქნება ჯარიმა, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია შემოსავლებზე, რომელიც კომპანიამ მონაცემთა გამოყენების დარღვევით მიიღო.

ვაქცინა CoronaVac ბავშვებისთვის უსაფრთხოდ აღიარეს

ივნისის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებამ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac Biotech-ის შემუშავებული ვაქცინა CoronaVac-ის გამოყენება 3-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებზე დაუშვა. თუმცა ვაქცინაციის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია.

ბოლო თვეებში რამდენიმე ქვეყანამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში მოზარდები ჩართო. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 3 წლის ასაკიდან ბავშვებს ცრიან. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდების ვაქცინაცია კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია: ჩინეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის შესამუშავებლად აუცილებელია მოსახლეობის 83,9% აცრა. ივნისის ბოლოს ვაქცინაციის დონემ ჩინეთში 40% მიაღწია.

კლინიკური კვლევების პირველმა და მეორე ფაზამ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ჩინური ვაქცინა CoronaVac-ის უსაფრთხოება აჩვენა. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა The Lancet Infectious Diseases ანგარიშში ვკითხულობთ. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კვლევაში ჰუბეის პროვინციიდან 3-დან 17 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგების თანახმად, 96% მეტ მოზარდს, რომელთაც ვაქცინის ორი კომპონენტი მიიღეს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდა.

ასევე მკვლევრებმა ვერ გამოავლინეს სერიოზული გვერდითი რეაქცია ვაქცინაციის შემდეგ. მონაწილეთა 13% ინექციის ადგილას ტკივილზე განაცხადეს. ერთი ბავშვი საკონტროლო ჯგუფიდან პნევმონიით დაავადდა, თუმცა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა ვაქცინაციას არ უკავშირდება. კვლევის შედეგების თანახმად, იმუნური პასუხი ბავშვებსა და მოზარდებში იყო უფრო მაღალი, ვიდრე 18-დან 59 წლამდე ადამიანებში და 60 წელს ზემოთ ხანდაზმულებში.

მეცნიერები გეგმავენ ვაქცინირებულთა ჯგუფს კიდევ მინიმუმ წლის განმავლობაში დააკვირდნენ, რომ აცრის ხანგრძლივვადიანი უსაფრთხოება განსაზღვრონ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კომპანია Sinovac-ის ვაქცინით ადამიანების აცრა ამ წლის თებერვალში დაიწყეს და ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა.

https://www.aei.org/op-eds/how-viktor-orban-became-chinas-most-reliable-european-ally/ – როგორ გახდა ვიქტორ ორბანი ჩინეთის ყველაზე საიმედო მოკავშირე ევროპაში

https://news.cgtn.com/news/2021-06-29/World-Bank-China-s-economy-to-grow-8-5-in-2021-due-to-strong-exports-11ucFxlKE6I/index.html – მსოფლიო ბანკი: ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წელს 8,5% შეადგენს

https://carnegieendowment.org/2021/07/01/what-will-be-impact-of-china-s-state-sponsored-digital-currency-pub-84868 – როგორი იქნება სახელმწიფოს დაფინანსებული ჩინური ციფრული ვალუტის გავლენა?

https://www.csis.org/node/61427 – პოდკასტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკადრო პოლიტიკაზე

https://thediplomat.com/2021/06/decoding-chinas-recent-combat-drills-in-the-first-island-chain/ – ჩინეთის სამხედრო-განმათავისუფლებელი არმიის თვითმფრინავების ჯგუფების შეჭრის ანალიზი ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამომცნობ ზონაში

https://supchina.com/2021/07/02/china-beefs-up-military-position-with-more-indian-border-units-desert-missile-silos-navy-forces/amp/?__twitter_impression=true – ჩინეთი აძლიერებს შეიარაღებულ ძალებს ყველა მიმართულებით

https://www.reuters.com/world/china/china-listing-frenzy-us-set-be-boosted-by-didi-ipo-2021-06-25/ – მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაუარესებისა, 2021 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში IPO 30-მა ჩინურმა კომპანიამ განათავსა და სარეკორდო (DiDi-ს მონაცემების გამოკლებით) 7,6 მილიარდი დოლარი მოიზიდა

https://spacenews.com/chinas-super-heavy-rocket-to-construct-space-based-solar-power-station/ – ჩინური ზემძიმე რაკეტა კოსმოსში მზის ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს

https://www.caixinglobal.com/2021-07-02/baidu-says-its-excavator-automation-system-could-transform-the-construction-industry-101735224.html – Baidu-მ და მერილენდის უნივერსიტეტმა შეიმუშავეს ექსკავატორების ავტონომიური მუშაობის სისტემა, რომელმაც შესაძლოა სამშენებლო სფეროს მუშაობა გადაატრიალოს

https://newsroom.tiktok.com/en-us/longer-videos – ByteDance ვიდეოს მოცულობას TikTok-ზე სამ წუთამდე გაზრდის

https://news.cgtn.com/news/2021-07-02/Graphics-How-soon-can-China-achieve-herd-immunity–11yZf6KP5GU/index.html – ჩინეთი კოლექტიურ იმუნიტეტს წლის ბოლოს მიაღწევს

https://www.who.int/news/item/30-06-2021-from-30-million-cases-to-zero-china-is-certified-malaria-free-by-who – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთი მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

http://www.xinhuanet.com/english/2021-07/02/c_1310040094.htm – ჩინეთმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ვაქცინის 480 მილიონი დოზა მიაწოდა.

 

 

 

დატოვე კომენტარი