ჩინური დღიური 12.03.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

ორი სესია

4 მარტს პეკინში გაიხსნა „ორი სესია“ – ქვეყნის მთავარი კანონშემოქმედებითი (სახალხო წარმომადგენელთა საერთოჩინური ყრილობა) და საკონსულტაციო (ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო) ორგანოების პარალელური ყრილობა.

ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელის ანგარიში – „ორი სესიის“ მთავარი მომენტია, საიდანაც სამყარო გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების შედეგების და მომავალი წლის გეგმების შესახებ იგებს. გასულ წელს პანდემიის გამო ხელისუფლებამ ქვეყნის მშპ-ს ზრდის სამიზნე მაჩვენებლის დასახვის ტრადიციაზე უარი თქვა და ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ სახელმწიფო საბჭო ამ პრაქტიკას საერთოდ შეწყვეტდა. თუმცა წელს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა სამიზნე ნიშნული დააბრუნა.

„…ეკონომიკის აღდგენის სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ 2021 წლისთვის შესაბამისი სავარაუდო მაჩვენებელი 6% მაღალ დონეზე განვსაზღვრეთ. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ძალისხმევა რეფორმებზე, ინოვაციებსა და მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მიმართოს“ – განაცხადა პრემიერმა საკუთარი ანგარიშის წარდგენისას.

ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და შემცირებული სამიზნე მაჩვენებელი წარმოადგინა, რადგანაც მსოფლიო სავალუტო ფონდის იანვრის პროგნოზის თანახმად, ჩინეთის მშპ-ს ზრდა 2021 წელს 8,1% შეადგენს. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა მაჩვენებლები ანგარიშიდან შემდეგია:

  • ახალი სამუშაო ადგილები ქალაქებსა და სოფლებში – 11 მილიონზე მეტი (2020 წელს – 9 მილიონი)
  • უმუშევრობის დონე – 5,5% (<6%)
  • ინფლაცია – 3% (<3,5%)
  • ბიუჯეტის დეფიციტი – მშპ-ს 3,2% (3,6%)
  • მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირება 3% (ახალი მაჩვენებელი)
  • მარცვლეულის შეგროვება დარჩა 650 მილიონ ტონაზე მაღალ მაჩვენებელზე (არ იყო მოცემული გასული წლის ანგარიშში)

გასული წლის მსგავსად ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში 6 სტაბილურობით და 6 გარანტიით იხელმძღვანელებს. ანტიკრიზისული ნაბიჯების ქმედების ვადა დასასრულს უახლოვდება: გაუქმდა სპეციალური სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება (გასულ წელს ისინი პირველად გამოუშვეს 1 ტრილიონი იუანის ან 140 მილიარდი დოლარის ოდენობით). ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გასული წლის კვოტა ობლიგაციებზე (3,75 ტრილიონი იუანი ან 525 მილიარდი დოლარი) 3,65 ტრილიონ იუანამდე შემცირდა.

სახალხო წარმომადგენელთა საერთოჩინური ყრილობა 11 მარტს დასრულდა, რის შედეგადაც ეკონომიკის განვითარების მე-14 ხუთწლიანი გეგმა მიიღეს.

სის ტრიუმფი. რა დგას სიღარიბის აღმოფხვრის შესახებ ჩინეთის ხელმძღვანელის გამოსვლის უკან

25 თებერვალს სი ძინპინმა ჩინეთში უკიდურეს სიღარიბეზე სრული გამარჯვების შესახებ განაცხადა. უკიდურეს სიღარიბეზე გამარჯვება ჩინეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ერთ-ერთ საბაზისო დებულებად განიხილებოდა ზომიერი განვითარების ყოველმხრივი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილეზე, ანუ ამ წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

ჩინეთში 2020 წელს მიღებული ოფიციალური კრიტერიუმების თანახმად, უკიდურესი სიღარიბეა ადამიანზე დღეში 11 იუანზე, ანუ 1,69$ ნაკლები შემოსავალი. მსოფლიო ბანკი უკიდურესი სიღარიბის თამასას უფრო მაღლა აყენებს – 1,90$ დღეში. ჩინეთის ხელმძღვანელის სიტყვებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სიღარიბიდან 832 ოლქი და 128 სოფელი გამოიყვანა, ხოლო დანახარჯებმა სიღარიბის ლიკვიდაციაში 246 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ჩინურმა საზოგადოებამ საშუალო შემოსავლის დონეს მიაღწიოს, სი ძინპინი ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობაზე საუბრობდა, სადაც იგი გენერალურ მდივნად აირჩიეს. რვა წლის შემდეგ თითქმის ასმა მილიონმა ადამიანმა ჩინეთის სოფლის რაიონებიდან სიღარიბის ზღვარი გადალახა. ჩინეთმა გაეროს დავალება სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით დაგეგმილზე 10 წლით ადრე შეასრულა. ხოლო 1970-იანი წლების ბოლოდან დაწყებული სიღარიბიდან 770 მილიონზე მეტი ჩინელი ამოვიდა. ამით ქვეყანამ 70% წვლილი შეიტანა სიღარიბის აღმოფხვრის გლობალურ ბრძოლაში.

ჩინეთის წარმატება, თუ პანდემიის ეფექტს გავითვალისწინებთ, გამაოგნებელია. თუმცა დამატებით საჭიროა იმის აღნიშვნა, თუ როგორ გაშუქდა სიღარიბეზე გამარჯვება და სის ფიგურის როლი ამ მოვლენაში. საკუთარ საზეიმო სიტყვაში ჩინეთის ლიდერი არა მხოლოდ უნარიანად ოპერირებდა ციფრებით, არამედ ნარატივი ისეთი გზით ააგო, რომ მისი პირადი დამსახურება „ისტორიულ სასწაულში“ ბევრი მისი წინამორბედის ღვაწლს ჩრდილავს. ისტორიაზე საუბრისას, სი დიდი ხანი მსჯელობდა, რომ უთანასწორობის წინაპირობები ჯერ კიდევ საიმპერატორო ჩინეთში უნდა ვეძებოთ. ხელმძღვანელმა ახსენა 1949 წლის რევოლუცია, როგორც მოვლენა, რომელმაც სიღარიბის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა შექმნა, თუმცა არ უხსენებია დენ სიაოპინის რეფორმები.

სი ძინპინის აზრით, გამარჯვება ჩინეთის სოციალისტური წყობის უპირატესობას აჩვენებს, რაც გულისხმობს „დიადი საქმეების ჩადენას ძალების კონცენტრაციის გზით“. ამასთან სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ არავითარი მიზეზი მოდუნების არ არსებობს, რადგანაც დაუბალანსებელი განვითარების, ქალაქსა და სოფელს შორის განვითარებაში ნაპრალის შემცირების, ადამიანის საყოველთაო განვითარების პრინციპის რეალიზაციის და მთელი ერის ცხოვრების დონის ამაღლების პრობლემების გადაწყვეტა კვლავ ხანგრძლივვადიან მიზნებად რჩება.

ადამიანის უფლებები ჩინური სპეციფიკით

საარჩევნო სისტემა ჰონგ-კონგში

გასული წლის მსგავსად განსაკუთრებული ადგილი „ორ სესიაზე“ ჰონგ-კონგის საკითხს დაეთმო. სესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ იქ „სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის დახვეწის პროექტს“ განიხილავდნენ. პროექტიდან ცხადი გახდა, რომ ქალაქის საარჩევნო კომიტეტი ჰონგ-კონგის პარლამენტზე (LegCo) ახალ უფლებამოსილებებს შეიძენს. კომიტეტი ფაქტიურად შეძლებს შეამოწმოს საბჭოს ყველა კანდიდატი და ბევრი საჯარო მოხელე საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს, რომელთაც იმ ადამიანებს შეურევს, ვისაც უშუალოდ საზოგადოება აირჩევს.

“ორ სესიამდე“ ორი კვირით ადრე სია ბაოლუნი, ჰონგ-კონგის და მაკაოს საქმეებში კანცელარიის დირექტორი, მოხსენებით გამოვიდა, თუ როგორ გაუმჯობესდეს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ მოდელი ჰონგ-კონგში. სიამ წამოაყენა ქალაქის საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი და ხაზი გაუსვა, რომ ეს პრინციპის „პატრიოტები მართავენ ჰონგ-კონგს“ შესაბამისად უნდა მოხდეს.

მომდევნო დღეს მდივანმა საკონსტიტუციო და კონტინენტურ საქმეებში ერიკ ცანგ კვოკ-ვაიმ წამოაყენა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ჰონგ-კონგელი კანონმდებლები არჩევნებში მონაწილეობას ხუთი წლით იქნებიან ჩამოშორებული, თუ ისინი დისკვალიფიცირებული იყვნენ ფიცის არასათანადოდ დადების ან ქალაქის მთავარი კანონის არდაცვის გამო. „თქვენ ვერ იტყვით, რომ გიყვართ ქვეყანა, მაგრამ პატივს არ სცემთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ – განაცხადა ერიკ ცანგმა.

ამ მოვლენების ფონზე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ვან იანმა მოუწოდა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფედერაციის წევრებს მხარი დაუჭირონ პრინციპის „პატრიოტები მართავენ ჰონგ-კონგს“ სრულ რეალიზაციას და გააძლიერონ ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდა ჰონგ-კონგსა და მაკაოში.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რეფორმა კიდევ უფრო გააძლიერებს პეკინის კონტროლს ჰონგ-კონგზე – ზღვარი იმდენად მაღალი იქნება, რომ არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც ხელისუფლება ამჯობინებს.

ლგბტ უფლებები

აღმოსავლეთ პროვინცია ძიანსუს სასამართლომ ძალაში დატოვა ადრე გამოტანილი დადგენილება, რომლის თანახმადაც „ჰომოსექსუალიზმის“ განსაზღვრება ფსიქოლოგიის წიგნში „ფსიქიკურ დაავადებად“ წარმოადგენს არა ფაქტიურ შეცდომას, არამედ „აკადემიურ თვალსაზრისს“.

სასწავლო სახელმძღვანელო „ფსიქიური ჯანმრთელობა სტუდენტებისთვის“, რომელიც 2013 წელს ძინანის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა, ჰომოსექსუალიზმს „გავრცელებულ ფსიქოსექსუალურ დაავადებად“ განსაზღვრავს სხვა სქესის ადამიანების ტანსაცმლის ჩაცმასა და ფეტიშიზმთან ერთად. ჩინელმა ლგბტ-აქტივისტმა ოუ ძიაუნმა, რომელმაც სარჩელი შეიტანა, განაცხადა, რომ ამ სახელმძღვანელოს ბევრ ჩინურ უნივერსიტეტში გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც იქ გამოტანილ ჰომოსექსუალისმის კვალიფიკაციას არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

ჩინეთში ერთსქესიანი ურთიერთობების დეკრიმინალიზება 1997 წელს მოხდა, ხოლო 2001 წელს „ჰომოსექსუალიზმი“ ფსიქიური დაავადებების სიიდან ამოიღეს. თუმცა ლგბტ წარმომადგენლები, რომლებიც „საკუთარი ორიენტაციის გამო დეპრესიას განიცდიან“, კვლავ ჩართული არიან ფსიქიური გადახრების ოფიციალურ კლასიფიკაციაში.

ჩინელი ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობასა და პრობლემებზე

ჩინელი ეკონომისტების დიდმა ჯგუფმა, რომლებიც „აქტივები 50-ის მართვის ჩინური ფორუმის“ ფარგლებში გაერთიანდნენ, მოამზადა ანგარიში, რომელიც 2021 წლის დასაწყისში ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობას აანალიზებს. გასული წლის ეკონომიკური შედეგების შეჯამებისას, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს ჩინური ეკონომიკური პოლიტიკისთვის გამოწვევად სამი ფაქტორი იქცა:

  • გასული წელი იყო მე-13 ხუთწლედის ბოლო წელი.
  • ჩინეთი აღმოჩნდა ეპიდემიის პირისპირ.
  • მოხდა მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა და საგარეო ზეწოლის გაძლიერება ქვეყანაზე.

დოკუმენტის ავტორთა აზრით, ამ პირობებში ეკონომიკური განვითარების მიღწეული შედეგები „ისტორიის ანალებში უნდა ჩაიწეროს“. ჩინეთმა ერთადერთმა მსხვილი ეკონომიკებიდან მოახერხა დადებითი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება და აჩვენა ეკონომიკური აღდგენის V-ს მაგვარი ტრაექტორია. სერიოზული რისკები ფინანსური სისტემის სფეროში კონტროლის ქვეშ რჩებოდა და სისტემური ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება მოხერხდა. გადაიჭრა აბსოლუტური სიღარიბის პრობლემა და გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. პროგრესი შეინიშნება საგარეო ღიაობის სფეროში, რომლის გამოვლენასაც RCEP შეთანხმების ხელმოწერა და ჩინეთის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის ზონების რაოდენობის ზრდა წარმოადგენდა. დამატებით შეიქმნა 11,86 მილიონი სამუშაო ადგილი, ხოლო მოსახლეობის რეალური შემოსავლები 2,1% გაიზარდა.

2021 წელი მე-14 ხუთწლედის პირველი წელია და ავტორები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგარეო გარემოცვის არაპროგნოზირებადობას განიხილავენ, ასევე აღნიშნავენ, რომ ჩინეთის ეკონომიკური აღდგენის ბაზა მყარი ჯერაც არ არის. საერთაშორისო თვალსაზრისით სიტუაცია მსოფლიო ეკონომიკაში კვლავ რთული და მძიმეა, აღდგენა არასტაბილურად და დაუბალანსებლად მიმდინარეობს. პანდემიის მიერ წარმოშობილი რისკები კი ჯერაც არ არის ჩავლილი:

  • უპირველეს ყოვლისა, თავად ეპიდემიის გავლენამ მომარაგების და წარმოების გლობალური ჯაჭვების გაწყვეტის მხრივ შესაძლოა ჩინური ეკონომიკის აღდგენაზე ზემოქმედება მოახდინოს. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პრობლემებმა შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანას სავაჭრო პროტექციონიზმისკენ უბიძგოს და მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია დააჩქაროს.
  • მეორე მხრივ, რბილი ფულადი პოლიტიკის გავლენა, რომელსაც მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკები ატარებენ, საკმაოდ მაღალია. განვითარებული ქვეყნების ზერბილმა საბიუჯეტო და ფულადმა პოლიტიკამ შესაძლოა ცხადი საგარეო ეფექტები გამოიწვიოს, იუანის კურსის რყევის ამპლიტუდა გაზარდოს და შექმნას რისკები, რომელიც კაპიტალის ტრანსსასაზღვრო დინებების მიმართულებას უკავშირდება.
  • ჩინეთის ფულადი პოლიტიკა შეუძლებელია იყოს იზოლირებული და მთლიანად დამოუკიდებელი იმ პირობებში, როდესაც ძირითადი გლობალური ეკონომიკები დაბალი საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკას ატარებენ, რამაც შესაძლოა ჩინეთს სირთულეები შეუქმნას.
  • ეპიდემიის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში სავალო ტვირთის ზრდა შეინიშნება. სამომავლოდ ვალის სამომავლო გაზრდის წინააღმდეგ ქვეყნებმა შესაძლო ფინანსური პოლიტიკა გაამკაცრონ და ზერბილი პოლიტიკიდან გამოვიდნენ, რა დროსაც შესაძლო ეფექტი ვერ გათვალონ და რეალურ ეკონომიკას დარტყმა მიაყენონ. ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს ეხება, რომელთა ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთს ეკუთვნის.

ქვენის შიგნითაც ჩინური ეკონომიკის აღდგენა ასევე არ არის საიმედო:

  • ეპიდემიის განმეორებით აფეთქებებს ადგილი კვლავ აქვს, რაც ეკონომიკაში გაურკვევლობას ზრდის და გავლენას ახდენს მოთხოვნაზე, დასაქმებაზე, ინვესტიციებსა და ბაზრის მონაწილეთა განწყობებზე.
  • ამავდროულად გაიზარდა მაკროეკონომიკური სავალო ზეწოლის დონე და გამწვავდა ბუშტების წარმოქმნის რისკები აქტივებში. სავარაუდოდ, 2021 წელს ჩინეთი რბილ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტების დაიწყოს და ახალ ელიტებს ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების საშუალება მისცეს. ასეთ ვითარებაში მხარდაჭერა, როგორც საფინანსო პოლიტიკის, ასევე საკრედიტო პოლიტიკის ხაზით ძლიერი დარჩება, რაც შესაბამისად სავალო დატვირთვის სამომავლო ზრდას გამოიწვევს და ნაწილობრივ ეკონომიკის გადახურება და აქტივებში ბუშტების უფრო დიდი რისკების გაჩენა ამ დროს გამორიცხული არ არის.
  • რეგიონულ დონეზე ხდება განვითარების დიფერენციაცია. ეს უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილების დიფერენციაციაში, ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის სექტორული განახლების სხვადასხვა სიჩქარეებში გამოიხატება. ჩინეთის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ეკონომიკური ზრის ტემპები ეცემა, ხდება მოსახლეობის გადინება.
  • გამოჩნდა მცირე და საშუალო ფინანსური ინსტიტუტების რისკები, რომელთაც შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკები გამოიწვიონ. ბანკების ცუდი აქტივების წილი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით კი ეს საშუალო და მცირე ფინანსურ ინსტიტუტებს ეხება. ისინი არასაკმარისი კაპიტალის, აქტივების ცუდი ხარისხის, კორპორატიული მართვის დაბალი დონის პრობლემებს აწყდებიან.
  • მცირე და მიკრო საწარმოები, ინდივიდუალური მეწარმეები გადარჩენისთვის იბრძვიან. დღეს ადამიანების რაოდენობა საშუალო შემოსავლით ჩინეთში 400 მილიონი ადამიანით განისაზღვრება, თუმცა ინდივიდუალური მეწარმეების რაოდენობა 180 მილიონს აღწევს და მათ გარდა არის სეზონური მუშახელის და ფრილანსერების დიდი რიცხვიც. ამ ჯგუფებს პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა და უფრო დიდი დროა საჭირო მათი მოხმარების შესაძლებლობების აღსადგენად.
  • იზრდება მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობა, რაც ინდივიდუალურ მოხმარებაზე გავლენას ახდენს. აშშ-მ 1978, იაპონიამ – 1981 და სამხრეთ კორეამ 1994 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით 10 ათას დოლარს მიაღწიეს და ამ მაჩვენებლის მიღწევის დროს მშპ-ში მოსახლეობის მოხმარების წილი შესაბამისად 60,5%, 53,9% და 51,8% შეადგენდა. ჩინეთში კი 2019 წელს იგი 38,8% დონეზე იყო. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც მოხმარების ზრდას აკავებს, არის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის შემოსავლებში განსხვავება.

ჩინეთი მე-14 ხუთწლედში პრიორიტეტულ ყურადღებას მიაქცევს საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას

21 თებერვალს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ე.წ. დოკუმენტი №1 გამოქვეყნდა, რომელიც 2003 წლიდან ტრადიციულად, სოფლის და აგრარული სექტორის განვითარების საკითხებთანაა დაკავშირებული. ამ წელს იგი მე-14 ხუთწლედში გეგმებს მიეძღვნა და მიზნად „სოფლის საყოველთაო აღდგენა და სოფლის მეურნეობის დაჩქარებული მოდერნიზაცია“ დაისახა. დოკუმენტში განსაზღვრულია აგრარული პოლიტიკის მიზნები 2025 წლამდე. მათ შორისაა: მარცვლეული და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციით კიდევ უფრო გარანტირებული უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის წარმოების სექტორული და რეგიონული სტრუქტურების ოპტიმიზაცია, აგრარული სფეროს ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის საერთო დონის გაზრდა, შემოსავლებში განსხვავების შემცირება სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რეგიონში სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პროექტების ვადამდელი დასრულება.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქვეყნის მარცვლეულით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ამოცანის გადაწყვეტაზე ადგილობრივ პარტიულ და სახელმწიფო მოხელეებს დაეკისრა. უმთავრესი ყურადღება გამახვილებულია მარცვლეულის, მათ შორის სიმინდის, ხორბლის და ბრინჯის წარმოების ზრდაზე, რისთვისაც „სახელმწიფო მარცვლეულის უსაფრთხოების სექტორული სარტყლის“ შექმნა იგეგმება.

დოკუმენტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ამ საკითხში ჩინეთმა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის სტრატეგიას უნდა მიმართოს, სოფლის მეურნეობის მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში ჩინური საწარმოების ჩართვას მხარი დაუჭიროს, ასევე საკუთარ საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცროს.

22 თებერვალს, სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ცენტრში პრეს-კონფერენცის დროს, სოფლის მეურნეობის და სოფლის საქმეების მინისტრმა ტან ჟენძიანმა განაცხადა, რომ საგარეო გარემოს გაურკვევლობა და არასტაბილურობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც ქვეყანას აიძულებს საკვების და მარცვლეულის უსაფრთხოებას სრული სერიოზულობით მოეკიდოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ეცდება მაქსიმალურად მეტი ხორბალი აწარმოოს და შეინახოს.

რეკორდები ლოჯისტიკაში

თებერვალში ოფიციალური მედია ჩინეთში, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ძირითადად ჩინეთიდან სატრანზიტო გადაზიდვების წარმატებაზე წერდა, თუმცა საპირისპირო მიმართულებით გადაზიდვებისას სატრანსპორტო კოლაფსის შესახებ დუმილს ამჯობინებდა.

სააგენტო „სინხუა“ პანდემიის და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ფონზე კონტინენტური გადაზიდვების პოპულარობის პიკზე წერს. მაგალითად, გასულ წელს ევროპაში ჩინელებმა 40 მილიონი გზავნილი ჩაიტანეს. სარკინიგზო გადაზიდვების წარმატებაზე წერდნენ ყაზახეთშიც – მატარებელმა იაპონური ავტომობილებით ჩინეთი გაიარა და ცენტრალური აზიის ბაზარს მიაღწია. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ჩინეთის ირგვლივ ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე (მათ შორის საყოველთაო რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების წყალობით), ცენტრალურ აზიაში ჩინური იმპორტის მარშრუტებს საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. კორონავირუსის წელიწადში ყაზახეთში ტვირთბრუნვა გაიზარდა კიდეც – 32%.

პირველად 2021 წელს სატვირთო მატარებლები ჩავიდნენ აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში. ყირგიზეთის შემადგენლობა რეგულარული რეისების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საცდელი იყო. ამასთან დიდი ხნის განმავლობაში განხილული სარკინიგზო ხაზი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია.

იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ საქონელი რეკორდული რაოდენობით მიემართება, საპირისპირო მიმართულებით წარმოუდგენელი საცობები გროვდება. ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე უკვე 16 000 ავტომობილი და სატვირთო ვაგონი დაგროვდა, რადგან ჩინეთმა საკარანტინო შეზღუდვები კვლავ შემოიღო. ჩინეთში ყოველდღიურად მხოლოდ 20 ავტომობილი შედის (პანდემიამდე შედიოდა 150). ამის გამო ყაზახეთში ლოჯისტიკური კომპანიების დაახლოებით 20% ბაზარი იძულებით დატოვა. საზღვარზე დატვირთვა რომ შეემცირებინა, ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩინეთში ტვირთების ტრანზიტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო.

შეიქმნება თუ არა ჩინური Clubhouse?

დროის რეალურ რეჟიმში ხმოვანი ურთიერთობის მოდურმა სოცქსელმა Clubhouse-მა ბევრი ხმაური გამოიწვია და 8 თებერვალს ჩინეთის ტერიტორიაზე იგი უკვე დაბლოკეს. აპლიკაციის წარმატებამ და მისმა დაბლოკვამ გაააქტიურა მსჯელობა Clubhouse-ის ჩინური ალტერნატივის შექმნის შესახებ. ბიზნესმენმა ჯასტინ სუნმა, კრიპტოპლატფორმა TRON-ის შემქმნელმა, უკვე 2 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ ონლაინ ხმოვანი ურთიერთობის ახალი სერვისი TWO-ს ჩამოწერა App Store Google Play-დან უკვე შესაძლებელია.

შორეულ პერსპექტივასაც კი იქცეს ახალ Clubhouse-ად შეუძლია კომპანიებს ფინანსური მოგება მოუტანოს. მაგალითაც, Lizhi-ის, გუანჯოუდან პოდკასტების პლატფორმის აქციები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს გავიდა Nasdaq-ზე, სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში (2-დან 4 თებერვლამდე) ოთხჯერ გაიზარდა. ყველაფერი ჭორების გამო, რომ მათი აპლიკაცია შესაძლოა Clubhouse-ის ჩინურ ალტერნატივად იქცეს. ჩინური ბაზრისთვის მისი მთავარი უპირატესობა კონტენტის კონტროლის სისტემაშია: დარეგისტრირება მხოლოდ ნამდვილი სახელითაა შესაძლებელი, ხოლო ხელოვნური ინტელექტი არასასურველ თემებს თავად შლის.

4 მარტს ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ByteDance ასევე ქმნის Clubhouse-ის ჩინურ ანალოგს. მიზეზად იქცა კომპანიის CEO ჩჟან იმინის ინტერესი ახალი ტიპის სოციალური ქსელებისადმი. ByteDance-ს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სხვა პრეტენდენტია Xiaomi. 27 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე არსებულ მესენჯერ MiTalk-ს, WeChat-ის მსგავს მესენჯერს, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის Clubhouse-ის ანალოგად გადააქცევს, რომ მათ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება შეძლონ. ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია მოსაწვევით მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობისთვის ახალი ფუნქციების გამოსაცდელად.

ჩინეთი აჩქარებს ავტომრეწველობის ელექტროფიკაციას

ელექტროქარების და ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე ავტომობილების ბაზარი ჩინეთში იზრდება. საერთოეროვნული გეგმის თანახმად, 2025 წელს ჩინეთში გაყიდული ავტომობილების 20% ენერგიის ახალ წყაროებზე უნდა მუშაობდეს.

შანჰაის ხელისუფლება უფრო მონდომებულია: ისინი მოითხოვენ, რომ 2025 წლისთვის ყველა ავტობუსი, სატვირთო მანქანა, სახელისუფლებო და საფოსტო ავტომობილები, რომლებიც ქალაქის ცენტრში შედიან, ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე მანქანებმა შეცვალონ. 10 თებერვალს ხელისუფლებამ 2023 წლამდე მასტიმულირებელი პოლიტიკის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ახალ ენერგიის წყაროებზე მომუშავე მანქანების მფლობელებს ნომრებს უფასოდ და რიგის გარეშე მისცემენ. იგეგმება, რომ ოთხი წლის შემდეგ ქალაქში გაყიდული ავტომობილების ნახევარი მხოლოდ ელექტროქარები უნდა იყოს (ამას დაემატება ჰიბრიდები და მანქანები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე). ქალაქის ხელისუფლებამ ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელ SAIC Motor-ს, რომლის შტაბ-ბინაც შანჰაიშია, მოთხოვა ყურადღება მიადევნოს, რომ გაყიდული მანქანების 20% ახალ წყაროებზე მუშაობდეს.

თავად ავტოკონცერნი აჩვენებს, რომ ინოვაციებისთვის მზადაა. 22 თებერვალს კომპანიამ ჩიპების ჩინელ მწარმოებელ Horizon Robotics-თან ერთად Tesla-ს უპილოტო ელექტროქარი-კონკურენტის წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პეკინის პოლიტიკასთან საკუთარი ჩიპების გამოყენების სტიმულირება მოახდინოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს.

დადის ხმები, რომ Huawei-ც გეგმავს მანქანების წარმოებაში ჩართვას და შესაძლოა საკუთარი ელექტროქარი უკვე ამ წელს გამოუშვას. ტექნოგიგანტი სიახლეებს უარყოფს და მხოლოდ აზუსტებს, რომ უკვე არსებული ავტოკონცერნებისთვის კომპონენტების და ციფრული სისტემების წარმოებით იქნება დაკავებული. ელექტროქარების ახალ ნიშაში მუშაობა კი შესაძლოა კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის ახალ ბიძგად იქცეს.

 

https://www.scmp.com/economy/china-economy/article/3123996/china-two-sessions-what-you-need-know-about-governments-2021 – “ორი სესია“: რა უნდა ვიცოდეთ ხელისუფლების მუშაობის ანგარიშის შესახებ და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი

https://macropolo.org/china-14th-five-year-plan-predictions/?rp=m – რას უნდა ველოდოთ მე-14 ხუთწლიანი გეგმისგან

https://pekingnology.substack.com/p/highlights-in-recent-extraordinarily – რას მიეძღვნა მინისტრების ბრიფინგები „ორი სესიის“ წინ

https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-china-usa-idUSKCN2AU04W?utm_source=34553&utm_medium=partner – ჩინეთმა და აშშ-მ შესაძლოა ქვეყნებს შორის მოგზაურობა აგვისტოში აღადგინოს

https://carnegie.ru/commentary/83946 – რა სტრატეგია აქვს ევროპას რუსეთი-ჩინეთის დაახლოებასთან დაკავშირებით?

https://carnegie.ru/commentary/83970 – შეძლებს თუ არა აშშ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ბზარის გაჩენას?

https://carnegie.ru/commentary/83934 – ჩინეთი ცენტრალურ აზიაში ტაქტიკას ცვლის. ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს ან რუსეთს დაეყრდნოს, იგი ცდილობს პრობლემები საკუთარი ძალებით გადაჭრას. ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერაზე, ცხადია უარს არავინ ამბობს, მაგრამ საბოლოო ჯამში პეკინი ახლა ისეთ ხაზს ატარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების პრობლემები საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს.

https://carnegie.ru/commentary/83950 – ცენტრალური აზიის შემდეგ ჩინეთის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაზე ამახვილებს

https://www.rferl.org/p/china-in-eurasia.html – რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რეიდ სტენდიშმა აამოქმედა რეგულარული საინფორმაციო დაიჯესტი ჩინეთზე ევრაზიაში, რომლის გამოწერაც ამ საიტზე შეგიძლიათ

https://merics.org/en/report/chinas-social-credit-system-2021-fragmentation-towards-integration – სოციალური კრედიტის სისტემა ჩინეთში 2021 წელს: ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციამდე

https://www.wsj.com/articles/china-targets-ai-chips-among-seven-battlefronts-in-tech-race-with-u-s-11615135881 – ჩინეთმა გაზარდა ფსონები აშშ-სთან ტექნოლოგიურ რბოლაში, გამოაქვეყნა რა ხუთი წლის განმავლობაში მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების გეგმები დაწყებული ჩიპებიდან და დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით და კვანტური გამოთვლებით

https://www.washingtonpost.com/politics/2021/03/04/technology-202-bipartisan-bill-would-fund-tech-partnerships-with-allies-counter-china/ – ამერიკელი სენატორები აპირებენ ჩინურ ტექნოლოგიებთან ბრძოლის ახალი მექანიზმის შექმნას

https://tass.ru/obschestvo/10791687 – ჩინეთის ხელისუფლება საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავს

https://www.csis.org/analysis/understanding-chinas-2021-defense-budget – ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2021 წელს განისაზღვრა 1,36 ტრილიონი იუანით, რაც 6,8% აღემატება გასული წლის მაჩვენებელს

https://www.scmp.com/economy/china-economy/article/3123151/china-sets-15-year-transport-expansion-plan-it-seeks-double – ჩინეთმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოების ახალი ამბიციური გეგმა წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფმავალი სარკინიგზო ხაზების სიგრძე მომდევნო 15 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს

https://fas.org/blogs/security/2021/02/plarf-jilantai-expansion/ – ჩინელმა სამხედროებმა ცენტრალური ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალისტიკური რაკეტების შახტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს

https://asia.nikkei.com/Business/Business-deals/China-to-create-IT-aircraft-carrier-through-tech-megamerger – ჩინეთი აპირებს შექმნას უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო IT-სფეროში

https://www.scmp.com/news/world/united-states-canada/article/3123191/bytedance-agrees-us92-million-privacy-settlement-us – ByteDance მოაგვარებს დავას აშშ-ში TikTok-ის მომხმარებლებთან

https://www.nytimes.com/2021/03/01/technology/china-national-digital-currency.html – ჩინეთში აგრძელებენ ციფრული იუანის გამოცდას

https://www.cnbc.com/2021/02/24/chinas-pboc-joins-cross-border-digital-currency-project.html – ციფრული იუანი ჩინეთის საზღვრებს მიღმა გავიდა

 

დატოვე კომენტარი