ჩინური დღიური 09.04.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობაზე ანგარიში გამოაქვეყნა – შეკითხვები კვლავ პასუხებზე მეტი რჩება

31 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 120 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის გამოძიების შედეგები წარმოადგინა.

მთავარი:

  • ყველაზე სავარაუდოა, რომ ვირუსი ადამიანზე მატარებელი-ცხოველისგან (სავარაუდოდ, ღამურასგან) შუამავალი-ცხოველის გავლით გადავიდა.
  • ვირუსის გაყინული პროდუქტისგან გადადება შესაძლებლად, თუმცა ნაკლებსავარაუდოდ იქნა მიჩნეული (ამ თეორიას ბოლო თვეების განმავლობაში პეკინი აქტიურად ავითარებს).
  • ვერსია, რომ ეპიდემია ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გაჟონვამ გამოიწვია, უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. (პირველად ამ ვერსიის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, ხოლო 26 მარტს მასზე კვლავ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა).
  • ვირუსი SARS-CoV-2 ხელოვნურად შექმნილი არ არის.

ანგარიშის ტექსტი შინაარსის მიხედვით კომპრომისულია, ხოლო მისი დასკვნები, ძირითადად იმეორებს უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოთხკვირიანი მისიის წინასწარ შედეგებს, რომლებიც თებერვალში გამოქვეყნდა. ეპიდემიოლოგი მორინ მილერი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ „ტექსტში უფრო მეტი დიპლომატიური ენაა და ნაკლები სამეცნიერო განმარტება“. მისი აზრით, ეს იყო ჩინეთისგან კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიღების წინაპირობა. ამის გამო ანგარიში გააკრიტიკეს.

ჯერ კიდევ ოფიციალურად გამოქვეყნებამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სერიოზული პრეტენზიები გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ჩინური მხარე მკვლევრებზე ზეწოლას ახდენდა და დოკუმენტის გამოქვეყნებას ხელოვნურად აჭიანურებდა. მოგვიანებით აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა გააკეთეს განცხადებები დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. მოულოდნელი შენიშვნები თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმაც გამოთქვა: მან განაცხადა, რომ ჩინეთი უხანური აფეთქების შესახებ პირველად მონაცემებს დიდი ენთუზიაზმის გარეშე იძლევა, ხოლო არსებული მასალა სრული სურათის აღსაქმელად საკმარისი არ არის. მაგალითად, ვერ მოხერხდა გარკვევა, თუ რა როლი ითამაშა ზღვის პროდუქტების ბაზარმა ხუანანმა უხანში, სადაც დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თქვა, რომ ვერსია ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ დახურულად არ უნდა მივიჩნიოთ და ორგანიზაცია მზადაა ამ მიმართულებით გამოძიება გააგრძელოს.

ჩინეთმა ცხადია კრიტიკა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჩინელმა ეპიდემიოლოგმა ლიან ვანიანმა განაცხადა, რომ ჩამოსულ ექსპერტებს ყველა პირველადი მონაცემი კორონავირუსის შესახებ მიაწოდეს, ხოლო ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. „პოლიტიკური ზეწოლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, როგორც ჩანს, აშშ-მ მოახდინა“ – იუწყება გაზეთი Global Times. ანგარიშის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა თანამშრომლობის სურვილი სრულად აჩვენა და ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აშშ-ს ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს.

ევროკავშირი ჩინეთს უიღურების გამო უპირისპირდება. არის თუ არა საფრთხის ქვეშ საინვესტიციო გარიგება?

22 მარტს ევროკავშირმა ჩინეთის წინააღმდეგ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების პაკეტი შემოიღო. ეს 1989 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი ჩინეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალურ შეზღუდვებს იყენებს. მანამდე სანქციები მხოლოდ კერძო პირებს და კომპანიებს ეხებოდა ან საექსპორტო შეზღუდვების სახეს ატარებდა.

სანქციების ქვეშ მოხვდნენ (მათ ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა და იქ ფინანსური აქტივების ქონა):

  • ჩენ მინგო – სინძიანში საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განყოფილების ხელმძღვანელი;
  • ვან ძიუნჩჟენი – სინძიანში პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებში კომუნისტური პარტიის კომისიის ხელმძღვანელი;
  • ვან მინშანი – სინძიანის პროვინციული პარტკომის მუდმივი წევრი;
  • ჩჟუ ხაილუნი – ურუმჩის ყოფილი პარტიული ბოსი და სინძიანის კომპარტიის მდივნის მოადგილე;
  • სინძიანის საწარმოო-სამშენებლო კორპუსის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განყოფილება.

ევროპულს სანქციებს რთულია მკაცრი ვუწოდოთ. სინძიანის შესახებ დაწესებული ამერიკული სანქციებისგან განსხვავებით ისინი სინძიანის პარტკომის ხელმძღვანელ ჩენ ციუანგოსაც კი არ ეხება, რომელიც ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში შედის. მათი შემოღება უფრო სიმბოლური ჟესტია, რომელიც მიზნად ჩინეთში უიღურების შევიწროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობის ჩვენებას ისახავს. ამავდროულად ეს ამ საკითხში შეერთებულ შტატებთან ერთობასაც აჩვენებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ ევროპულ სანქციებს „ჩინეთის წინააღმდეგ თავდასხმა“ უწოდა და რვა ევროპული ქვეყნის ოთხი ორგანიზაციის და ათი მოქალაქის წინააღმდეგ შეზღუდვები მაშინვე შემოიღო:

მათ, ვინც სანქციების ქვეშ მოხვდა, არა მხოლოდ ჩინეთის, ჰონგ-კონგის და მაკაოს ტერიტორიაზე შესვლა, არამედ ჩინეთთან საქმეების წარმოებაც აეკრძალათ: კომპანიები, რომლებიც ამ პირებთან არიან დაკავშირებული, ასევე შესაძლოა შემზღუდველი ნაბიჯების ქვეშ მოხვდნენ. ეს მათი ოჯახის წევრებსაც ეხება.

როგორ რეაგირებდა ჩინური ინტერნეტი? Weibo-ს მომხმარებლები ევროკავშირს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო აქტიურად აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ ევროკავშირი სინძიანში გატარებული პოლიტიკის გამო ჩინეთზე ზეწოლის შესაძლებლობებში შეზღუდულია: ერთი მხრივ, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების, ხოლო მეორე მხრივ მიგრანტებთან და ექსტრემიზთან თავად ევროპაში არსებული პრობლემების გამო.

გამოცემა Global Times-ის მთავარმა რედაქტორმა ხუ სიძინმა სანქციების სირბილეს დასცინა და Weibo-ში საკუთარ მიკრობლოგში მიუთითა, რომ ისინი მხოლოდ მათ ეხება, ვისაც ევროკავშირთან აპრიორი არავითარი შეხება არ ჰქონდა. მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთთან კავშირის არხების გაწყვეტის გამო MERICS-ის სამეცნიერო ექსპერტიზის დონე აუცილებლად დაეცემა. მთავარმა პარტიულმა გამოცემა „ჟენმინ ჟიბაომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სიცრუე ვერ შეძლებს სიმართლის შეცვლას“, სადაც ყველა გააფრთხილა, რომ ჩინეთისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე ნებისმიერ ჭკუის სწავლებას მკაცრი პასუხი დახვდება.

ცხადია, პეკინი იმედოვნებს, რომ აშშ-ს მოკავშირეებზე ზეწოლა ეფექტური იქნება და შედეგად ჩინეთი ადამიანის უფლებების და პარტიისთვის სხვა მნიშვნელოვანი თემების გარშემო ევროპის ამერიკისგან ჩამოშორებას შეძლებს. შეზღუდვები ისეთი ავტორიტეტული საექსპერტო სტრუქტურის წინააღმდეგ, როგორიც MERICS-ია, ყველა სინოლოგისთვის გაფრთხილებას წარმოადგენს: „არ წეროთ და არ ისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც მიუღებელია პარტიისთვის – თორემ ჩინეთში შესვლა შეგეზღუდებათ და საკუთარი თავის კომპეტენტურ ექსპერტებად გაყიდვას ვერ შეძლებთ“. თუმცა პეკინის გათვლა შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. ევროპელების პირველი რეაქცია აჩვენებს, რომ ჩინურმა სანქციებმა საპირისპიროდ, შესაძლოა ჩინური საკითხის ირგვლივ ტრანსატლანტიკური სოლიდარობა გაამყაროს. როგორც ჩანს, ეს ესმით ყველაზე პრაგმატულ და გამოცდილ საჯარო მოხელეებს და ექსპერტებს თავად ჩინეთშიც. მაგალითად, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიის (ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მთავარი „ტვინის“) ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა იუან პენმა ჩინურ გამოცემა ThePaper-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ურთიერთობები ევროპასთან დადებითი მიმართულებით ვითარდება და ჩინეთის მიდგომა დროებითი პრობლემების გამო არ უნდა შეიცვალოს.

რა იქნება შემდეგ? ჩინურ-ევროპული ურთიერთობების გაწვავება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციების შესახებ მასშტაბური ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც მხარეებმა გასული წლის ბოლოს შეათანხმეს, საფრთხეს უქმნის. ჩინური კონტრსანქციების შემოღებიდან მეორე დღეს ევროპარლამენტში ხელშეკრულების განსახილველი შეხვედრა გააუქმეს, ხოლო ვაჭრობის საკითხში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა Financial Times-ს განუცხადა, რომ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საერთო ფონზე პირდაპირ დამოკიდებული იქნება.

არაპატრიოტული ტანსაცმელი. რატომ დაიწყეს ჩინელებმა კვლავ დასავლური კომპანიების ბოიკოტი

ევროკავშირის წინააღმდეგ კონტრსანქციების დაწესებისთანავე ჩინეთში ტანსაცმლის წამყვანი დასავლური ბრენდების ბოიკოტის კამპანია დაიწყო. ეს ბრენდები ადრე იძულებითი შრომის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდნენ სინძიანის ბამბის პლანტაციებში, სადაც მსოფლიო ბამბის 20% იწარმოება. 2020 წლის დეკემბერში BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ანგარიში პლანტაციებში უიღურების შრომის იძულებით გამოყენებაზე.

თავდაპირველად ბოიკოტი H&M-ს გამოუცხადეს – 24 საათზე ნაკლებ დროში მაღაზია გაქრა ყველა ჩინური ონლაინ-პლატფორმიდან. გაქრა მაღაზიების ლოკაციებიც ონლაინ-რუკებზე და ტაქსის გამოძახების აპლიკაციებში. თავად მაღაზიები ჯერჯერობით ღიაა.

H&M-ის შემდეგ დაიწყო ბრენდების ბოიკოტი, რომლებიც კავშირში არიან Better Cotton Initiative (BCI)-თან, არაკომერციულ ჯგუფთან, რომელშიც Nike, Adidas, New Balance, Burberry, Puma და Tommy Hilfiger შედიან. 2020 წლის ოქტომბერში BCI-მ განაცხადა, რომ შეაჩერა სინძიანში საქმიანობა, რადგანაც იქ იძულებითი შრომის გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდებები არსებობს. ამ დროისთვის ეს განცხადება საიტიდან აღებულია.

თავდასხმის ქვეშ მოყოლილ ბრენდებთან კონტაქტები პოპულარულმა ჩინელმა ვარსკვლავებმა (მაგალითად ისონ ჩანმა და ჩჟან ისინმა) და კომპანიებმა გაწყვიტეს. Tencent-მა შეწყვიტა თანამშრომლობა Burberry-სთან, რომელიც ტანსაცმელს უმსხვილესი ჩინური ონლაინ-თამაშისთვის Honor Of Kings ამზადებდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ იმ ჩინური ბრენდების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო, რომლებიც სინძიანის ბამბას იყენებენ. China Xinhua News-მა კი ასეთი ტვიტი გამოაქვეყნა.

ჩინურმა ბოიკოტმა დასავლური კომპანიები შეაშფოთა: Hugo Boss-მა Weibo-ში დაწერა, რომ სინძიანის ბამბის შეძენას და მხარდაჭერას გააგრძელებს, ხოლო ამერიკულმა Sketchers-მა განაცხადა, რომ სინძიანის საწარმოებში იძულებითი შრომის გამოყენების ნიშნები ვერ გამოავლინა.

ჩინეთმა და ირანმა 400 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმეს

27 მარტს პეკინმა და თეირანმა მასშტაბური სავაჭრო-საინვესტიციო შეთანხმების საბოლოო ვერსია დაამტკიცეს. იგი 25 წლის განმავლობაში ჩინეთის მხრიდან ირანის ეკონომიკაში 400 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. გასულ წელს გამოქვეყნებული ხელშეკრულების შავი ვერსიის თანახმად, გათვალისწინებულია ინვესტიციები ბანკებში, ტელეკომუნიკაციის სექტორში, საზღვაო ნავსადგურებში, სარკინიგზო ხაზებში, ჯანდაცვასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ჩინეთი მიიღებს ირანულ ნავთობს „დიდი ფასდაკლებით“, ახალ კონტრაქტებს საკუთარი კომპანიებისთვის და ეკონომიკური წარმომადგენლობის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ირანი ნავთობის სტაბილურ მყიდველს, საერთაშორისო იზოლაციის შემცირებას და აშშ-სთან პოტენციურ მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერებას.

ჩინეთთან შეთანხების შესახებ მოლაპარაკებები 2016 წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო ხელშეკრულების ტექსტი უკვე 2020 წლის შუაში მზად იყო. დოკუმენტის ხელმოწერა ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გამწვავებას დაემთხვა. პეკინი სულ უფრო ცდილობს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან მოთამაშედ პოზიციონირებას და სანქციების ქვეშ მყოფ თეირანთან პარტნიორობის გაღრმავებაზე დიდ აქცენტს აკეთებს.

ჯერჯერობით ადრეა იმის მტკიცება, რომ ირანთან გარიგება ჩინეთის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში რეალურად გაამყარებს. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთს მრავალმილიარდიანი ინვესტიციების დაპირების დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ეს დაპირებები ყოველთვის პრაქტიკაში არ რეალიზდება. მეორე მხრივ, პეკინი ეცდება რეგიონში საკუთარი ურთიერთობები დააბალანსოს და საუდის არაბეთს – რუსეთის შემდეგ ჩინეთისთვის ნავთობის მეორე მიმწოდებელს არ დაუპირისპირდეს. და ბოლოს, თუ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან JCPOA-ს შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩინეთი, როგორც 5+1 ფორმატის ერთ-ერთი მონაწილე, სავარაუდოდ მოლაპარაკებების ჩაშლას არ ეცდება. ხოლო შეთანხმების განახლების შემთხვევაში, თეირანის სტიმული ჩინურ კომპანიებს საკუთარ ბაზარზე ზედმეტი პრეფერენციები მისცეს, მნიშვნელოვნად შესუსტდება.

Sina Corporation-მა Nasdaq-თან საკუთარი დელისტინგი დაასრულა

მარტის ბოლოს ჩინური ინტერნეტ-კომპანია Sina, რომელიც მთელ რიგ მსხვილ მედია-აქტივებს, მათ შორის მიკრობლოგი Weibo-ს ქსელს ფლობს, მაღალტექნოლოგიური სექტორისთვის განკუთვნილი ამერიკული ბირჟა Nasdaq-იდან საბოლოოდ წავიდა. 23 მარტს კომპანია იმ კომპანიების რიცხვიდან ამოშალეს, ვისი ფასიანი ქაღალდებიც ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია.

პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა – ჯერ კიდევ სექტემბერში აქციონერებმა Sina-ს კომპანია New Wave Holdings Limited-ის მიერ პრივატიზაციაზე მოილაპარაკეს. გარიგების ღირებულებამ 2,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მაშინ გარიგებას სკეპტიკურად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ ამ გზით კომპანიის მთავარი „აქტივის“ – სოციალური ქსელი Weibo-ს გაუფასურება ხდებოდა.

Sina-ს ამერიკული საფონდო ბაზრიდან წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად Holding Foreign Companies Accountable Act-ის მიღება იქცა – კანონის, რომელიც ამერიკელ რეგულატორებს უცხოური კომპანიების საფინანსო პასუხისმგებლობის შემოწმების უფლებას აძლევს. მარტის ბოლოს აღნიშნული კანონი ძალაში საბოლოოდ შევიდა. ახლა უცხოური კომპანიები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობის შემოწმების საშუალებას არ იძლევიან, შესაძლოა ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობას ჩამოშორდნენ.

Sina იყო ერთ-ერთი პირველი ჩინური კომპანია, რომელიც ამერიკულ ბირჟაზე განთავსდა – მათი IPO 2000 წელს მოხდა. კომპანიის წასვლა არის სიგნალი სხვა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში აქციების განთავსებაზე ოცნებობდნენ. ტრამპის წასვლასთან დაკავშირებით ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა ახალი ადმინისტრაციის მუშაობის პირველივე თვეებში ნათელი გახდა, რომ ბაიდენი ჩინეთთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებდა.

https://www.prcleader.org/current-issues – China Leadership Monitor (CLM)-ის გაზაფხულის გამოცემა. CLM არის საკულტო პუბლიკაცია სინოლოგთა გლობალური საზოგადოებისთვის. იგი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინგლისურენოვან გამოცემას თანამედროვე ჩინეთის სიღრმისეულად გასაგებად

https://www.prcleader.org/hass – რაიან ჰასის სტატია ჩინეთის რეაქციაზე აშშ-სთან გამწვავებულ სტრატეგიულ დაპირისპირებაზე

https://www.prcleader.org/fuller – დუგლას ფულერის ესე ჩინეთის ძალისხმევაზე წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს სანქციებს ტექნოლოგიის სფეროში

https://www.prcleader.org/carothers – კრისტოფერ კაროტერსის სტატია სი ძინპინის ანტიკორუფციულ კამპანიაზე

https://www.prcleader.org/pei-grid-management – პეი მინსინიას ესე „ქსელურ მმართველობაზე“, საზოგადოებრივი კონტროლის ფორმაზე, რომლის დანერგვაც ჩინეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო

https://chinapower.csis.org/diplomatic-visits/ – რას გვეუბნება საზღვარგარეთული ვიზიტები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე?

https://warontherocks.com/2021/04/the-longest-telegram-a-visionary-blueprint-for-the-comprehensive-grand-strategy-against-china-we-need/ – საპირველაპრილო ტექსტი „ძალიან გრძელი ტელეგრამა“, რომელიც დასცინის ამერიკული სააზროვნო ცენტრების სტრატეგიულ ანგარიშებს ჩინეთთან სტრატეგიულ დაპირისპირებაზე

https://www.project-syndicate.org/commentary/china-america-must-share-global-wealth-by-andrew-sheng-and-xiao-geng-2021-03 – აშშ-სა და ჩინეთს შორის სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელში სხვაობა მცირდება

https://www.ft.com/content/7e98795f-159b-4455-903e-6e21c345d4a9 – ჩინეთის საიდუმლო საკრედიტო შეთანხმებები აჩვენებს მის გავლენას დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე

https://statement-china-sanctions.vercel.app/ – ჩინეთის შემსწავლელი ევროპული ცენტრების ხელმძღვანელთა საერთო განცხადება

https://merics.org/en/press-release/statement-sanctions-imposed-china-also-affect-merics – MERICS-ის ოფიციალური განცხადება

https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3126666/france-urges-chinese-ambassador-comply-summons-over-insults – საფრანგეთი მოუწოდებს ჩინეთის ელჩს დაემორჩილოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებას „შეურაცხყოფასა და მუქარასთან“ დაკავშირებით

https://www.kommersant.ru/doc/4741601 – დასავლეთის მარწუხებმა ჩინეთი და რუსეთი დაახლოვა

https://carnegie.ru/commentary/84135 – სამეცნიერო სტატია ევროპაზე და რუსულ-ჩინურ ურთიერთობებზე

https://www.dw.com/ru/pochemu-litva-prekrashhaet-dialog-s-kitaem-v-formate-171/a-57015337 – რატომ შეწყვიტა ლიეტუვამ ჩინეთთან დიალოგი „17+1“ ფორმატში?

https://www.eureporter.co/world/latvia/2021/03/25/its-about-time-we-started-discussing-chinas-influence-in-latvia/ – ჩინეთში მოგზაურობა ლატვიელების გადაბირების ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჩინური სპეცსამსახურებისთვის

https://www.bloomberg.com/news/articles/2021-04-04/china-pushes-vaccine-on-bankers-colleges-to-catch-up-with-u-s?utm_source=telegram&utm_medium=msg&utm_campaign=telegram&sref=Y0jVLcFo – ჩინეთი იწყებს ვაქცინაციას ბანკებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომ დაეწიოს აშშ-ს

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3128278/corruption-china-ex-boss-arms-company-norinco-placed-under – კორუფცია ჩინეთში: იარაღის კომპანია Norinco-ს ექს-ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

https://www.wsj.com/articles/move-over-huawei-xiaomi-is-chinas-new-smartphone-king-11616596313 – Xiaomi ჩინეთში სმარტფონების მთავარ მწარმოებლად იქცა

https://finance.yahoo.com/news/chinas-biggest-car-brand-launches-031639709.html – Geely ქმნის Tesla Model 3-ის კონკურენტს

https://www.reuters.com/article/us-china-tech-antitrust-tencent-idUSKBN2BF0EQ – Tencent გეგმავს ორი მსხვილი სათამაშო სტრიმინგ-პლატფორმის გაერთიანებას, თუმცა აწყდება ანტიმონოპოლიური რეგულატორების წინააღმდეგობას

https://www.wsj.com/articles/china-approves-merger-of-chemical-giants-creating-150-billion-company-11617257687 – ჩინეთის ხელისუფლებამ დაუშვა ქვეყნის ორი უდიდესი ქიმიური კომპანიის შერწყმა და გზა გაუხსნა კიდევ ერთი სახელმწიფო ზეგიგანტური საწარმოს შექმნას, რომელიც, როგორც პეკინი იმედოვნებს, დომინანტ გლობალურ მოთამაშედ იქცევა

 

 

დატოვე კომენტარი