ჩინური დღიური 07.05.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

2021 წლის I კვარტლის შედეგები: რა დგას ჩინური ეკონომიკის ზრდის უკან?

16 აპრილს ჩინეთში ქვეყნის ეკონომიკის 2021 წლის I კვარტლის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ქვეყნის მშპ მოლოდინისამებრ ძლიერად გაიზარდა – 18,3% (!) გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. აღნიშნული ციფრები გამაოგნებელია, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ იმ ფაქტს, რომ გასული წლის I კვარტალი ჩინეთის ეკონომიკის ისტორიაში (-6,8%) ტოტალური ლოკდაუნის გამო ყველაზე წარუმატებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟებმა სტატისტიკაზე რეაგირება ზრდით მოახდინეს (ჰონგ-კონგური Hang Seng მონაცემთა გამოქვეყნების დღეს 0,6% გაიზარდა), ბევრი ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი. პანდემიური 2020 წელი სტატისტიკას მნიშვნელოვნად ამრუდებს – მაგალითად, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით ჩინეთის მშპ მხოლოდ 0,6% გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2019 და 2018 წლების I კვარტლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.

ზრდის ტემპების შემცირება უკეთესად ბოლო ორი წლის საშუალო მაჩვენებლის ფონზე ჩანს. 2019 წლის II კვარტლიდან მოყოლებული ჩინეთის ეკონომიკა 10,3%, ანუ წელიწადში საშუალოდ 5% გაიზარდა. პანდემიამდე ბოლო, IV კვარტალში ანალოგიური მაჩვენებელი 5,8% შეადგენდა.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა სფეროების აღდგენის განსხვავებულ ტემპებს უკავშირდება. ყველაზე უკეთ თავს მრეწველობა გრძნობს, რომლისკენაც 2020 წელს მძლავრი ფინანსური დახმარება იყო მიმართული: +24,4%. ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფერო 8,1%, ხოლო მომსახურების – 15,6% გაიზარდა. ამ უკანასკნელზე ჩინეთის ეკონომიკის 58% მიბმული, ამიტომაც ხელისუფლება მის გამოსაცოცხლებლად ყველა ღონეს ხმარობს. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებაა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს განკარგულება მომსახურების სფეროში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

არათანაბრად ხდება ჩინეთის რეგიონების აღდგენაც. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 პროვინციის 22 რეგიონში მშპ ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებოდა. ზრდის ლიდერად კორონავირუსისგან ყველაზე უფრო დაზარალებული ჰუბეი იქცა – 58,3% 2020 წლის I კვარტალთან შედარებით. მაღალი მაჩვენებლები აქვთ გუანდუნს (18,6%), ძიანსუს (19,2%) და შანდუნს (18%), ხოლო აუტსაიდერებს შორის ჰეილუნძიანი (12,4%) და ძინხაი (12,8%) არიან. მხოლოდ რვა პროვინციაში არის ორი წლის განმავლობაში ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 6% მაღალი. ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდასაჭერად ჩინეთის მთავრობა 2021 წელს ბიუჯეტიდან პირდაპირი ტრანშების სისტემას ინარჩუნებს – ამაზე 2,8 ტრილიონი იუანი (>$430 მილიარდი) დაიხარჯება, რაც 65% მეტია, ვიდრე გასულ წელს.

საჯარო მოხელეები კი ყველა ფრონტზე ზრდის შესახებ აცხადებენ:

  • მოთხოვნა სამომხმარებლო საქონელზე იზრდება – გაყიდვების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალოდ 4,2% გაიზარდა;
  • ახალი სამუშაო ადგილები იქმნება: 2021 წლის I კვარტალში ქალაქებში 2,97 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა;
  • იზრდება ენერგოდანახარჯების ეფექტურობა: მოხმარებული ენერგია მშპ-ს ერთეულზე წლიურ გამოხატულებაში 3,1% შემცირდა;
  • გრძელდება მოდერნიზაცია: ორი წლის განმავლობაში საშუალო ზრდის ტემპებმა მაღალტექნოლოგიურ მრეწველობასა და აღჭურვილობის წარმოებაში 12,3% და 9,7% შეადგინა.

აზიური დავოსი: რაზე ისაუბრა სი ძინპინმა ბოაოსის ფორუმზე?

20 აპრილს ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი სიტყვით „აზიური დავოსის“ – ბოაოსის აზიური ფორუმის საიუბილეო შეკრების გახსნაზე გამოვიდა. რაზე ისაუბრა ჩინეთის ლიდერმა?

მსოფლიოს სამართლიან მოწყობაზე: ჩინეთის ხელმძღვანელის აზრით, „გლობალური მმართველობა ცვალებად ეკონომიკურ და პოლიტიკურ არქიტექტონიკას უნდა გამოხატავდეს“ და „უფრო სამართლიანი და რაციონალური გახდეს“. პეკინი საერთაშორისო მმართველობის სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე პირველად არ საუბრობს. მაგალითად, მარტში ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვან იმ და სერგეი ლავროვმა საპროგრამო განცხადება „გლობალურ მმართველობაზე თანამედროვე პირობებში“ მიიღეს. სის არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, თუმცა ცხადია, რომ იგი აშშ-ს გულისხმობდა: „ჩვენ ვერ დავუშვებთ ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან წესების სხვა ქვეყნებისთვის თავს მოხვევას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა და არა ჰეგემონია. დიდი ქვეყნები საკუთარი სტატუსის შესაბამისად უნდა მოიქცნენ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“.

ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, გლობალიზაციაზე, ინტეგრაციასა და ღიაობაზე: სი ძინპინმა „კედლების აშენების მცდელობას“ და ეკონომიკებს შორის კავშირების გაწყვეტას საბაზრო პრინციპების წინააღმდეგ წასვლა უწოდა. აღსანიშნავია, რომ ბოაოსის ფორუმს უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები – ტიმ კუკი (Apple), ილონ მასკი (Tesla, Space X), სტივენ შვარცმანი (Blackstone Group), რეიმონდ დალიო (Bridgewater Associates) და სხვები ესწრებოდნენ. მიუხედავად ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესებისა, ამერიკული ბიზნესი კვლავინდებურად მზადაა ჩინეთში საკუთარი წარმომადგენლობა გააფართოვოს.

„ერთ სარტყელსა და ერთ გზაზე“: ინიციატივა, სი ძინპინის სიტყვებით, „არის არა ბილიკი ვიღაცის კერძო ტერიტორიაზე, არამედ ნათელი გზა საერთო განვითარებისთვის“. აშშ-ს მოკავშირეების კონსოლიდაციის და პრეზიდენტ ბაიდენის წინადადების ფონზე, „დემოკრატიული სახელმწიფოების ძალებმა“ ჩინური კონცეფციის ალტერნატივა შექმნან, პეკინისთვის აუცილებელია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მხარდაჭერა მოიპოვოს. ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაში პროექტებისა და ინვესტიციების გარდა, იგი ახლა სხვა ქვეყნებს მწვანე განვითარებას და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარ გამოცდილებას სთავაზობს.

გზა ნახშირბად-ნეიტრალურობისკენ. რატომ ზღუდავს პეკინი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას?

ჩინეთის მწვანე ობლიგაციების გამოყენება წიაღისეული საწვავის მოპოვების გარკვეული პროექტების დაფინანსებისთვის უკვე შეუძლებელი იქნება. ეს ცვლილებები მწვანე ობლიგაციების გამოშვების ახალი წესების ნაკრების თანახმად ძალაში 2021 წლის 1 ივლისიდან შევა. დოკუმენტი ჩინეთის სახალხო ბანკმა, რეფორმების და განვითარების სახელმწიფო კომიტეტმა და ფასიანი ქაღალდების რეგულირების კომისიამ მოამზადეს.

2015 წლის ვერსიისგან ახალი დოკუმენტის მთავარი განსხვავება წიაღისეული საწვავის რეგულირებას ეხება. ამიერიდან საწარმოები, რომლებიც ამ ტიპის ენერგო რესურსებს, მაგალითად ქვანახშირს იყენებენ, მწვანე ობლიგაციების გამოშვებას ვერ შეძლებენ. ხოლო ისეთი სფეროები, როგორიცაა მწვანე სოფლის მეურნეობა, მდგრადი მშენებლობა და წყლის დაზოგვა წესების სიას პირველად დაემატა. ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ჩინეთის ფინანსურ სისტემას შეუძლია ქვეყნის მწვანე მმართველობაზე გადასვლაში საკვანძო როლი ითამაშოს. ამასთან დაკავშირებით, ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად ჩინეთი ყოველწლიურად 2,2 ტრილიონი იუანის (340 მილიონი დოლარი) ინვესტირებას ახდენს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სი ძინპინის დაპირების ფონზე, რომ ჩინეთმა ნახშირბად-ნეიტრალურობას 2060 წლისთვის მიაღწიოს.

ჩინეთის ნაბიჯები ადასტურებს მზარდ კოოპერაციას ევროკავშირთან – 20 აპრილს ამის შესახებ ბოაოსის აზიურ ფორუმზე ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელმა ი განმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოები ევროკავშირთან ერთად მთელს მსოფლიოში მწვანე დაფინანსების კოორდინირებული განვითარებისთვის საერთო კრიტერიუმების ნაკრებზე მუშაობენ.

ჩინეთში ბლოკავენ სიახლეებს „ოსკარზე“ და რეჟისორ ქლოი ჩჟაოზე. რამ შეაშფოთა ხელისუფლება?

ჩინელი ქლოი ჩჟაოს ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ სამი „ოსკარი“ აიღო და ამ წლის ამერიკული კინოაკადემიის პრემიის მთავარ ტრიუმფატორად იქცა.

ქლოი ჩჟაო დაიბადა და გაიზარდა პეკინში. 15 წლის ასაკში იგი სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამასთან, ის დღემდე ინარჩუნებს ჩინეთის მოქალაქეობას, რაც მას ისტორიაში პირველ ჩინელ რეჟისორად აქცევს, რომელმაც „ოსკარი“ დაიმსახურა. ჩჟაო საკუთარ ჩინურ ფესვებს იხსენებდა, როდესაც დაჯილდოების შემდეგ სიტყვით გამოვიდა და აციტირა პასაჟი კლასიკური კანონიკური ტექსტიდან „სამსიტყვაობა“: „ადამიანი დაბადებიდან საკუთარი ბუნებით კეთილია“.

როგორი რეაქცია ჰქონდათ ჩინეთში? ცენტრალურ მედიაში ამ წლის „ოსკარის“ დაჯილდოება უყურადღებოდ დატოვეს. ინტერნეტ-პორტალი SupChina წერს, რომ მთავარი მიზეზი დოკუმენტური ფილმის „არ გატყდე“ ნომინირება იყო, რომელიც ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებს ეხება. ქლოი ჩჟაოს გამარჯვების შესახებ საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოპოვებისას ცენზურაც კი ამოქმედდა. ერთადერთხელ იგი Global Times-ის ინგლისურენოვან ნომერში ახსენეს: იქ აღნიშნულია, რომ „მომთაბარეთა მიწა“ წმინდად ამერიკული პროდუქტია და იგი სავარაუდოდ ჩინელ მაყურებელს არ მოეწონება.

თავდასხმები ქლოი ჩჟაოზე ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. როდესაც მისმა ფილმმა „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა, ჩინურ ინტერნეტში ვრცელდებოდა ფრაგმენტი 2013 წლის ინტერვიუდან, სადაც რეჟისორი საუბრობს, რომ „ჩინეთში ყველგან ტყუილია“. ამის შემდეგ „მომთაბარეთა მიწის“ პრემიერა ჩინეთში გააუქმეს. უბრალო ჩინელებს შორის მოსაზრებები ქლოი ჩჟაოზე გაიყო: მისი ინტერვიუდან კრიტიკული მოსაზრებების პუბლიკაციის შემდეგ ზოგიერთმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ იგი დღემდე ჩინეთის მოქალაქეა. ამასთან ბევრმა დაიცვა რეჟისორი და ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობები გააკრიტიკა.

რა პირობებში იქნება Tesla იძულებული გადასცეს საკუთარი ჩინელი მომხმარებლების მონაცემები პეკინს?

ბოლო თვეებში Tesla მუდმივად ეხვევა სამართლებრივ დავებში, რომელიც ჩინეთში მომხმარებელთა მონაცემების შენახვისა და დამუშავების საკითხებს უკავშირდება. ჯერ კიდევ მარტში ხელისუფლებამ ამ მარკის ავტომობილების სამხედრო ობიექტებზე გამოყენება აკრძალა. ამის მიზეზი იყო დიდი რაოდენობით კამერები, რომლითაც ელექტრომანქანებია აღჭურვილი: ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათ შეიძლება მგრძნობიარე და საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვონ.

ახლა კომპანიას უკვე ერთი თვეა ამ მოსაზრების გაქარწყლება უწევს. თავდაპირველად ამის შესახებ თვით ილონ მასკმა განაცხადა. შემდეგ გაირკვა, რომ კომპანია სალონის კამერების აქტივაციას აშშ-ს გარეთ საერთოდ არ ახდენს. რამდენიმე კვირის წინ Tesla-მ განაცხადა, რომ ჩინური მანქანების ყველა მონაცემებს ქვეყნის ტერიტორიაზე კანონმდებლობის შესაბამისად ინახავს.

პერსონალური მონაცემების გარდა კომპანიის მიმართ სხვა პრეტენზიებიც ჩნდება. აპრილში შანჰაის ავტოსალონზე გოგონა მანქანის სახურავზე აძვრა და Tesla-ს ავტომობილის ხარვეზიან მუხრუჭებზე ყვიროდა, რომელმაც, მისი აზრით, მამამისის ავარიაში მოხვედრა გამოიწვია.

ინციდენტის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის: გოგონა ამტკიცებს, რომ ავარიის წინ მამაკაცი მანქანის მუხრუჭების გაფუჭების შესახებ ყვიროდა. კომპანიის მონაცემებით კი ტელემეტრიამ აჩვენა, რომ მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა და მანქანამ დროულად დამუხრუჭება ვერ მოასწრო. როგორც არ უნდა დასრულდეს ამ საქმის გამოძიება, კომპანიას უკვე ავარიების შემთხვევაში მანქანის ტელემეტრიის მონაცემების ხელისუფლებისთვის გადაცემა მოუწევს.

მომავალში Tesla-ს სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოუწევს ხელისუფლების წინაშე დათმობებზე წასვლა, რომ ჩინური ბაზარი არ დაკარგოს, სადაც ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე ადგილობრივი კონკურენტები ჩაებნენ.

https://www.csis.org/analysis/after-xi-future-scenarios-leadership-succession-post-xi-jinping-era – სის შემდეგ: ხელისუფლების ცვლილების სამომავლო სცენარები სი ძინპინის ეპოქის შემდეგ

https://www.nytimes.com/2021/04/23/world/asia/from-mao-zedong-to-xi-jinping.html?partner=IFTTT – მაო ძედუნიდან სი ძინპინამდე: NYT-ის პეკინის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის მოსაზრებები

https://www.amnesty.org/en/what-we-do/death-penalty/ – ჩინეთი მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მაჩვენებლით ანტილიდერია

https://sipri.org/media/press-release/2021/world-military-spending-rises-almost-2-trillion-2020 – ჩინეთმა სამხედრო დანახარჯების მხრივ 2020 წელს მეორე ადგილი შეინარჩუნა

https://www.wsj.com/articles/china-u-s-close-to-naming-new-ambassadors-as-rivalry-grows-11618938671 – ჩინეთი და აშშ მზარდი დაპირისპირების ფონზე ახალი ელჩების დანიშვნასთან ახლოს არიან

https://www.reuters.com/world/china/exclusive-biden-will-push-allies-act-china-forced-labor-g7-adviser-2021-04-24/ – ბაიდენი შესთავაზებს G7-ის ქვეყნებს გააძლიერონ ზეწოლა ჩინეთზე უიღურების შევიწროების გამო

https://thediplomat.com/2021/04/survey-us-public-supports-action-on-chinas-human-rights-abuses/ – გამოკითხვა: ამერიკული საზოგადოება მხარს უჭერს საკუთარი მთავრობის მოქმედებას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში

https://www.whitehouse.gov/wp-content/uploads/2021/04/Innovation-Investment-and-Inclusion-CEA-April-23-2021-1.pdf – აშშ ჩინეთს სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაში ჩამორჩება

https://www.smh.com.au/politics/federal/victoria-s-belt-and-road-deal-with-china-torn-up-20210421-p57l9q.html – ავსტრალიამ გააუქმა ჩინეთთან ვიქტორიას შტატის თანამშრომლობის შეთანხმება

https://thediplomat.com/2021/04/covid-19-vaccine-delays-push-indonesia-into-reliance-on-china/ – ვაქცინაციის პროცესის შეფერხება ინდონეზიას ჩინეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს

https://www.nytimes.com/2021/04/21/world/asia/pakistan-hotel-bombing-china-ambassador.html?partner=IFTTT – ჩინეთის ელჩი პაკისტანში კინაღამ ტერაქტის მსხვერპლი გახდა

https://www.globaltimes.cn/page/202104/1221980.shtml – მთვარის შემსწავლელი ჩინური მისია „ჩანიე-6“ 2024 წლისთვის დაიგეგმა

https://tass.ru/kosmos/11225843 – რუსეთის და ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო მთვარის სადგური ღიაა საერთაშორისო პარტნიორებისთვის

https://tass.ru/ekonomika/11202311 – „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია რუსული გაზის მიწოდების გაზრდაში

https://news.cgtn.com/news/2021-04-22/President-Xi-attends-Leaders-Summit-on-Climate-via-video-link-ZFKPiQ9yCc/index.html – ჩინეთი აღიარებს კლიმატურ ვალდებულებებს და საუბრობს შუალედურ მიღწევებზე

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3130839/president-xi-jinping-singles-out-coal-and-clears-air-chinas – ექპერტების აზრით, ჩინეთისთვის უმჯობესია შეასრულოს უკვე გაცემული დაპირებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხში, სანამ ახალ ვალდებულებებს აიღებს

https://radiichina.com/china-oscars-2021/ – ჩინური სოციალური ქსელების რეაქცია ქლოი ჩჟაოს გამარჯვებაზე

https://www.sixthtone.com/news/1007310/China – ჩინეთის მთავრობამ დაზღვევის სისტემის რეფორმა გამოაცხადა

https://www.reuters.com/article/usa-china-nuclear-plutonium-idUSL1N2ME1U8 – ახალ რეაქტორებზე ჩინეთი მეტი სამხედრო პლუტონიუმის მიღებას შეძლებს

https://www.globaltimes.cn/page/202104/1221853.shtml – ცინხუა ნახევრადგამტარების სკოლას ქმნის

https://techcrunch.com/2021/04/19/didi-volvo-autonomous-driving/ – Volvo რობოტაქსის გლობალური ქსელის შექმნაში Didi-ს პარტნიორი გახდება

https://www.greenpeace.org/international/press-release/47291/tencent-beats-out-alibaba-baidu-in-greenpeaces-china-tech-industry-ranking/ – Greenpeace ჩინურ IT სექტორს „მწვანე ენერგიის“ გამოყენების კუთხით აანალიზებს: Alibaba ჩამორჩენილებს შორისაა

https://www.scmp.com/news/china/politics/article/3131007/china-pledges-greater-protection-hi-tech-intellectual-property – ჩინეთი ვალდებულებას იღებს მაღალტექნოლოგიური ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გააძლიეროს

https://www.sixthtone.com/news/1007330/JD.com – JD.com ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასს ციფრული იუანით უხდის

 

დატოვე კომენტარი