ჩინური დღიური 04.06.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

ლიუ ჰეს შვილი წესებს არღვევს. ვიცე-პრემიერს პრობლემები აქვს?

გაზეთმა Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიცე-პრემიერ ლიუ ჰეს შვილი ლიუ ტიანჟანი აქტიურად, თუმცა არაფორმალურად კერძო საინვესტიციო ფონდ Skycus Capital-ს მართავს.

Skycus დაკავებულია ინვესტიციებით ჯანდაცვაში, ლოჯისტიკასა და ტექნოლოგიურ სექტორში. ფონდის დაარსებიდან ლიუ ტიანჟანი იყო დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. 2017-18 წლებში ლიუ ჰეს ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად და სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემდეგ ლიუ ტიანჟანს კომპანიაში ფორმალურ თანამდებობებზე უარის თქმა და საკუთარი აქტივების გაყიდვა მოუწია.

თუმცა FT ამტკიცებს, რომ ფაქტიურად ლიუ ტიანჟანი Skycus-ში მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. ბოლო წლებში ფირმამ ინვესტირება ათობით დიდი მოგების მქონე პროექტში გააკეთა, მათ შორის გარიგებებში ინტერნეტ-გიგანტების Tencent-ის და JD.com-ის მონაწილეობით, ხოლო მისი აქტივები ამ პერიოდში 1,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. როგორც ჩანს, ლიუ ჰეს შვილმა ამ ყველაფერში ცენტრალური როლი ითამაშა.

FT-ის გამოძიება შესაძლოა ლიუ ჰესთვის უსიამოვნო სიახლედ იქცეს. ვიცე-პრემიერი ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინის დიდი ხნის მეგობარი და მის ეკონომიკურ გუნდში საკვანძო ადამიანია. სწორედ ლიუ ჰეს უკავშირებენ Alibaba-ს და სხვა ინტერნეტ-კორპორაციების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მკაცრი ანტიმონოპოლიური ნაბიჯების გადადგმას. ის ფაქტი, რომ FT-მა Skycus Capital-ის კორპორატიულ დოკუმენტებზე წვდომა მიიღო, რომლის მოპოვებაც ჩინეთში ძალიან რთულია, თუ ფონდის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან მმართველობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ლიუ ჰეს წინააღმდეგ პარტიული ელიტის შიგნით მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან მიზანმიმართულ შეტევაზე მიუთითებდეს. ამ თვალსაზრისით FT-ის სტატია ექს-პრემიერ ვენ ძიაბაოს ნათესავების წინააღმდეგ New York Times-ის და სი ძინპინის ოჯახის შესახებ Bloomberg-ის მხრიდან გამოძიებას ჰგავს, რომელიც 2012 წელს კომუნისტური პარტიის გადამწყვეტი მე-18 ყრილობის წინ გამოჩნდა. მაშინ ჟურნალისტები სტანდარტების მიხედვით მოქმედებდნენ, თუმცა ცხადია, რომ ვენის და სის მოწინააღმდეგეების მხრიდან ინფორმაციის გაჟონვის გარეშე ეს გამოძიებები დღის შუქს სავარაუდოდ ვერ იხილავდა.

FT-ის გამოძიების პარალელურად Wall Street Journal-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიუ ჰეს შესაძლოა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოების უფლება ჩამოართვან და იგი უფრო ახალგაზრდა ვიცე-პრემიერ (58 წლის) ხუ ჩუნხუას გადასცენ, რომელიც 2022 წელს პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში მოხვედრის სავარაუდო კანდიდატია. თუმცა, უკვე სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს ჩინეთის კომერციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ცნობა უარყო.

იმ შემთხვევაშიც, თუ ლიუ ჰე აშშ-სთან მთავარი მომლაპარაკებელი მართლაც არ იქნება და საკუთარ ადგილს ხუ ჩუნხუას დაუთმობს, ეს შეიძლება სრულიად პრაგმატული მიზეზებით აიხსნას. ახლა ლიუ ჰე ოთხ ვიცე-პრემიერს შორის ყველაზე დატვირთული და სი ძინპინთან ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებიდან ყველაზე დაახლოებულია. თუ გავითვალისწინებთ ლიუს წინაშე არსებული ამოცანების მასშტაბს, რომელშიც პლატფორმების რეგულირება და ფინანსური სექტორის წმენდა, ასევე მე-14 ხუთწლედის საკვანძო ინიციატივების დაწყება შედის, ამ ვითარებაში, მისგან აშშ-სთან მთავარი სავაჭრო მომლაპარაკებლის ტვირთის მოხსნა (რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა დიდი შედეგების მიღწევის გარანტიას არ იძლევა) და ამ საქმის ხუ ჩუნხუასთვის გადაცემა, რომელიც შესაძლოა 2022-2027 წლების პოლიტიკურ ციკლში სი ძინპინის ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცეს (მან შესაძლოა იერარქიაში მეორე პოზიცია – სახელმწიფო საბჭოს პრემიერის თანამდებობაც კი დაიკავოს), რაციონალურად გამოიყურება.

ლიუ ჰეზე ნეგატიური ინფორმაციის გამოჩენა შესაძლოა ინტრიგის დაწყებაზე მიუთითებდეს, რომლის მიზანი სისთან ყველაზე დაახლოებული ეკონომისტის დასუსტებაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე ოლიგარქის შურისძიების სურვილით, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმების მარეგულირებელი ორგანოების წნეხის ქვეშ მოხვდა. ან წარმოადგენდეს მცდელობას არ მოხდეს ლიუ ჰეს მოქმედი არაფორმალური წესების გვერდის ავლით პოლიტბიუროს ახალ შემადგენლობაში დარჩენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სასახლის ინტრიგების სამყარო ჩინეთში გარეშე დამკვირვებლისთვის სულ უფრო დაფარული ხდება, ხოლო მისი ანალიზი ძირითადად ჭორებს ეყრდნობა, მკაფიო დასკვნის გაკეთება ამ თავდასხმის მიზეზებზე უბრალოდ შეუძლებელია.

მივიწყებული შეთანხმება: აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა კეტრინ ტაიმ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ 27 მაისს მოლაპარაკებები გამართეს. ბოლოს პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო საკითხებს დეტალურად გასული წლის აგვისტოში განიხილავდნენ.

ამერიკულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ ტაიმ ლიუსთან სავაჭრო ურთიერთობებში საბაზისო პრინციპები და პრობლემები განიხილა. ჩინური პრეს-რელიზი კი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემის რეჟიმში გაიმართა და ხაზს უსვამს ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობას. ორივე ქვეყანამ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად შეაფასა და შეთანხმდა შეინარჩუნოს ამ მიმართულებით კავშირები.

რა ბედი ეწევა სავაჭრო შეთანხმებას? პირველი ფაზის თანახმად, ჩინეთს გასული წლის ბოლომდე 173 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის იმპორტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა, პეტერსონის ინსტიტუტის მონაცემებით, ფაქტიურად იმპორტის მოცულობამ 99 მილიარდი დოლარი (58%) შეადგინა. 2021 წელს ჩინეთმა 193 მილიარდი დოლარის საქონელი უნდა შეიძინოს, თუმცა აპრილის მონაცემებით იმპორტის მაჩვენებელი 47 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეთანხმებას ვადა ამ წლის ბოლოს გასდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა 2020 წელს ვალდებულებები ვერ შეასრულა (და როგორც ჩანს, ვერ შეასრულებს 2021 წელსაც), სავაჭრო შეთანხმება აგრძელებს არსებობას და ჩინელი მიმომხილველები სავაჭრო დღის წესრიგს აშშ-სთან პოტენციური თანამშრომლობის ერთ-ერთ სფეროდ განიხილავენ.

მოლაპარაკებების წინ მიცემულ ინტერვიუში კეტრინ ტაიმ შეთანხმების პირველი ფაზა „ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტად შეაფასა“.

კიდევ რისი თქმა შეგვიძლია მოლაპარაკებების შესახებ? მაისის დასაწყისში Wall Street Journal წერდა, რომ პეკინი აპირებს ლიუ ჰეს აშშ-სთან მთავარი სავაჭრო მომლაპარაკებლის სტატუსი ჩამოართვას და იგი ვიცე-პრემიერ ხუ ჩუნხუას გადასცეს. ლიუ ჰეს სავაჭრო მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომერციის სამინისტროს მხრიდან ამ ცნობის უარყოფის პარალელურად აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული ცვლილება არ იგეგმება.

ჩინეთმა კვლავ დაარტყა Bitcoin-ს

უკვე რამდენიმე კვირაა ძირითადი კრიპტოვალუტების კურსი დაცემას აგრძელებს. თუ მაისის დასაწყისში Bitcoin-ის ღირებულება 60 000$ აღწევდა, ახლა ვალუტა თითქმის ორჯერ ნაკლები ღირს. მაისის შუა რიცხვებში მისი კურსი 40 000$-დან 30 000$-მდე დაეცა. მართალია მედია ძირითადად ილონ მასკის წინააღმდეგობრივ განცხადებებს განიხილავდა, რომელიც კრიპტოვალუტებს ხან მხარს უჭერს, ხანაც კი აკრიტიკებს, მაგრამ ჩინეთი ბაზარზე მიმდინარე ამ დაცემასთან ასევე მჭიდრო კავშირშია.

მაისში სამმა ასოციაციამ, რომელიც ბანკებს და ონლაინ-საგადამხდელო სერვისებს აერთიანებს, ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადეს, რომელიც კრიპტოვალუტას უკავშირდება. მოგვიანებით ჩინეთის სახალხო ბანკმა დაადასტურა კრიპტოვალუტებთან მუშაობის აკრძალვა, ხოლო ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ მაინინგის წესების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

ფინანსური ორგანიზაციებისთვის ჩინეთში კრიპტოვალუტებთან მუშაობის აკრძალვა 2017 წლიდან არსებობს და ახლა იგი მხოლოდ ოდნავ გამკაცრდა. საერთო ტრენდი მკაცრ რეგულირებაზე დიდი ხანია ცხადია და თეორიულად გათვალისწინებული უნდა იყოს ბაზრის მიერ Bitcoin-ის მიმდინარე ფასის ფორმირებისას. თუმცა ბაზარმა ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინა.

პანიკა ინვესტორებს შორის, სავარაუდოდ, მაინინგის შესახებ ლიუ ჰეს განცხადებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გაფრთხილებები მაინერების მისამართით უკვე სამი წელია ისმის, ასეთი მაღალი დონის განცხადება აქამდე არ გაკეთებულა. რადგანაც ჩინეთი მაინინგისთვის კვლავაც ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად რჩება, ერთდროულმა აკრძალვამ შესაძლოა ბევრი კრიპტოვალუტისთვის ტრანზაქციების დადასტურების სისტემის პარალიზება გამოიწვიოს.

Covid-19-ის პირველი აფეთქება ტაივანზე. როგორ რეაგირებს ტაიპეი და რას სთავაზობს პეკინი

ტაივანზე Covid-19-ის უმსხვილესი აფეთქება დაიწყო. 15 მაისს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 185 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. მაისში ზრდამ მდგრად ტრენდს მიაღწია: დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად რამდენიმე ასეულით იზრდებოდა და მაისის შუაში 1500-ს გადააჭარბა.

აქამდე პანდემია ტაივანს პრაქტიკულად არ შეხებია, ხოლო კორონავირუსთან ბრძოლის მისი გამოცდილება წარმატების ისტორიად ითვლებოდა: პანდემიის დაწყებიდან 15 მაისამდე იქ სულ 1050 დაინფიცირების და 12 გარდაცვალების შემთხვევა იყო დარეგისტრირებული. გასულ წელს 250 დღის განმავლობაში კუნძულზე ერთი შემთხვევაც კი არ გამოუვლენიათ. ხელისუფლებამ ამას საზღვრების დროულად ჩაკეტვის და პანდემიის დასაწყისში დაინფიცირებულთა კონტაქტების ეფექტური გამოვლენის გზით მიაღწია.

რა გახდა ახლა აფეთქების მიზეზი? აპრილში საგარეო ავიარეისების პილოტებისთვის საკარანტინო შეზღუდვები (14 დღიდან 3 დღემდე) შეამსუბუქეს, რამაც ვირუსის გავრცელება კომპანია Asia Airlines-ის და იმ სასტუმროების თანამშრომლებს შორის გამოიწვია, სადაც ისინი კარანტინის დროს იმყოფებოდნენ. ახლა დაავადების გავრცელების კერა არის „კლუბური“ რაიონი ვანხუა ტაიპეიში. რამდენიმე ათეული დაავადებული სხვა ქალაქებშიც გამოვლინდა.

მეტიც, ეპიდემიასთან ბრძოლაში პირველმა წარმატებებმა ტაივანისთვის აგრესიული ანტიეპიდემიოლოგიური ნაბიჯების შემოღება, რომელსაც სხვა ქვეყნები იყენებენ, არასაჭირო გახადა. ხელისუფლებამ მასობრივ ტესტირებაზე უარი განაცხადა, ხოლო მოქალაქეები აცრის გაკეთებას აუცილებლად არ მიიჩნევენ – ორივე მაჩვენებლით ტაივანი სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

როგორ რეაგირებს ხელისუფლება? 19 მაისს ტაივანზე „შეზღუდვების მესამე დონე“ (ოთხი დონიდან) შემოიღეს: ახლა სამედიცინო ნიღბების ტარება ქუჩაში კვლავ აუცილებელია, გასართობი დაწესებულებები და კინოთეატრები თვის ბოლომდე დაიხურა, ხოლო ადამიანთა თავშეყრაზე შეზღუდვები დაწესდა. ვაქცინების დეფიციტის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მასობრივ ვაქცინაციაზე უარის თქმა მოუწიათ და ახლა აცრას მხოლოდ „რისკ-ჯგუფებს“: ხანდაზმულებს და სამედიცინო დაწესებულების მუშაკებს უკეთებენ.

რას ამბობენ კონტინენტზე? ჩინეთის სახელმწიფო საბჭოში ტაივანის საქმეების მმართველმა ტაიპეის მოუწოდა „მხარდაჭერის ჟესტის რანგში“ ჩინური ვაქცინა დაუშვას. ამან ტაივანზე მაშინვე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რადგანაც ჩინური ვაქცინის გამოყენება კანონით აკრძალულია. უარს თან მოჰყვა კრიტიკა ჩინურ სოციალურ ქსელებსა და მედიაში: Global Times-ის მთავარმა რედაქტორმა ხუ სიძინმა ტაივანის ხელისუფლება მოქალაქეთა ჯანდაცვის საკითხების „პოლიტიზაციასა“ და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

ევროპარლამენტმა ჩინეთთან საინვესტიციო შეთანხმება გაყინა. რას ნიშნავს ეს?

20 მაისს ევროპარლამენტმა ჩინეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი გაყინა – დოკუმენტის, რომელზეც ორივე მხარე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელსაც ხელი 2020 წლის ბოლოს მოეწერა. ევროპარლამენტში დააზუსტეს, რომ პროცესი გაყინული იქნება მანამ, სანამ პეკინი არ მოხსნის სანქციებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩინეთმა და ევროკავშირმა ერთმანეთს სანქციები დაუწესეს. პირველმა შეზღუდვები ბრიუსელმა ჩინელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შემოიღო. პეკინმა ევროკავშირის მსგავსი პოლიტიკა საკუთარ საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების პარალელურად ევროკავშირმა და ინდოეთმა რვაწლიანი შესვენების შემდეგ საინვესტიციო-სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები განაახლეს.

ჩინეთი ეძებს ბალანსს იაფ ნედლეულსა და მწვანე ეკონომიკას შორის

19 მაისს ლი კეციანმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ჩინეთის ეკონომიკის პოსტკორონავირუსული აღდგენის მთავარ პრობლემაზე – „ნედლეულზე ფასების არადასაბუთებულ ზრდაზე“ ისაუბრა. ფოლადის და მეტალების ფასი ეკონომიკის აღდგენის დროს პანდემიამდელ ფასებთან შედარებით 30-40% გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად მრეწველობის მასშტაბურ აღდგენას, ინფრასტრუქტურის მშენებლობის სახელმწიფო პროგრამას და ჩინეთის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას მიიჩნევენ.

მწვანე ეკონომიკისკენ მოძრაობამ შეიძლება „ბინძურ“ ენერგეტიკას დარტყმა მიაყენოს, ამიტომაც ბევრი პროექტის დასრულებას ნახშირბადის გამოყოფის შემცირების პოლიტიკის დაწყებამდე ცდილობენ. მაგალითად, ლი კეციანმა ქვანახშირის მოპოვების ზრდაზე ისაუბრა, ხოლო ხელისუფლება ნედლეულზე საექსპორტო ტარიფებს ზრდის და ფოლადსა და მეტალზე იმპორტის ტარიფებს ანულებს.

ჩინეთი დამოკიდებულია რესურსების იმპორტზე, ხოლო ფასები მსოფლიო ბაზარზე საკმარისად სწრაფად არ იზრდება. ერთადერთ მოქმედ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება რჩება: როგორც კი ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს შესაძლო ჩარევაზე განცხადება გაკეთდა, რკინის მადნის, ქვანახშირის და მეტალების ნაკეთობის ფასები 5% მეტად გაიაფდა.

ჩინეთის და რუსეთის ბირთვული მეგობრობა. ქვეყნის ლიდერებმა ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკების მშენებლობა დაიწყეს

ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ტიანვანის ატომური ელექტროსადგურის მეშვიდე და მერვე ენერგობლოკების და ატომური ელექტროსადგური „სიუიდაპუს“ მესამე და მეოთხე ბლოკების მშენებლობა დაიწყეს. ეს მნიშვნელოვანი პროექტია ბირთვული ენერგეტიკის სფეროში არსებული შეთანხმების ჩარჩოში, რომელსაც მოსკოვმა და პეკინმა ხელი 2018 წლის ივნისში მოაწერეს.

მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 37,6 მილიარდ კილოვატ-საათს მიაღწევს, რაც წელიწადში მავნე აირების გამოყოფის 30,68 მილიონი ტონით შემცირებას გამოიწვევს. ჩინეთში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას ჩინურ პარტნიორებთან ერთად რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ახორციელებს.

ცერემონიაზე სიმ რამდენიმე მოსაზრება გამოთქვა. უპირველეს ყოვლისა, მან მხარეებს მოუწოდა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში გლობალური თანამშრომლობის მოდელი დაამკვიდრონ. მეორე მხრივ, სი ძინპინმა მოუწოდა ორივე ქვეყანას ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა გააღრმავოს. და ბოლოს, მოუწოდა გლობალური ენერგეტიკული სივრცის მართვის სისტემის კოორდინირებული განვითარების ხელშესაწყობად სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნებისკენ.

ჩინეთი დიდი ხანია რუსულ ტექნოლოგიებს იყენებს: ტიანვანზე ორი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში შესვლა 2007 წელს მოხდა, ხოლო მესამე ელექტროქსელში გასული წლის დეკემბერში ჩაერთო.

ერთად უფრო იაფია. როგორ გაიზარდა ჩინეთში საკვები პროდუქტების ჯგუფური შეძენა

ჩინეთის ტექნოლოგიურ სფეროში გასულ კვირას მთავარ სიახლედ Nice Tuan-ის – საკვები პროდუქტების ჯგუფურად შეძენის სფეროში მსხვილი მოთამაშის არასამართლიანი კონკურენციის გამო დაჯარიმება და მისი მუშაობის შეჩერება იქცა. ეს მიმართულება ჩინურ საცალო ვაჭრობას მნიშვნელოვნად ცვლის და ჩინეთში ამ ბაზრის დასაკავებლად აგრესიული ბრძოლაც კი მიმდინარეობს.

ჯგუფური შენაძენები ფასდაკლებებით ბიზნესია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში უკვე 10 წელზე მეტია არსებობს. სტაბილური შემოსავლის მიღება ამ სფეროში მარტივი არ არის: სფეროს პიონერი, ამერიკული Groupon-იც კი ვერ აღწევს მდგრადობას და კარგავს ინვესტორთა ნდობას. ბიზნეს-მოდელის მთავარი პრობლემა მოთხოვნის დაბალი ხარისხია. გამყიდველები იმედოვნებდნენ, რომ მოიზიდავდნენ რა მყიდველებს ფასდაკლებებით, ისინი მოიპოვებდნენ მათ ლოიალობას. თუმცა მსგავსი სერვისების აუდიტორია მხოლოდ ფასდაკლებებზე ნადირობს, განურჩევლად კონკრეტულ გამყიდველზე დამოკიდებულებისა.

ჩინეთში სხვა გზით წავიდნენ: (1) ტექნოლოგიური კომპანიები ფასდაკლებებს არა რითეილებისგან შენაძენების გასაკეთებლად, არამედ შეკვეთის პირდაპირ მწარმოებლისგან მისაღებად სთავაზობენ; (2) ბიზნესი საკვები პროდუქტების ჯგუფურ შეძენასა და მყიდველის გეოგრაფიულ სიახლოვეზე კონცენტრირდა, რაც რისკების მინიმიზებას ახდენს.

ერთი სადარბაზოს ან სახლის მაცხოვრებლები ერთიანდებიან, ნიშნავენ პასუხისმგებელ პირს, რომელიც თვალს ადევნებს აქციებს, აგროვებს მოთხოვნებს, აკეთებს შეკვეთებს, ინახავს და ანაწილებს მიღებულ პროდუქტებს. ჯგუფური შეძენის წყალობით, ფაქტიურად პროდუქტის რითეილის დეზინტერმედიაცია ხდება. საცალო მცირე და მსხვილი მოვაჭრეებიც კი ვარაუდობენ, რომ უახლოეს წელიწადში შეიძლება საკუთარი გაყიდვების მესამედი დაკარგონ.

გამყიდველების მხრიდან ჯგუფური პროდუქტების შეძენას ტექნოლოგიური გიგანტები აორგანიზებენ: Didi-ს კუთვნილი Chengxin Youxuan, Xingsheng Youxuan, რომელშიც ფული Tencent-მა დააბანდა, ასევე ჯგუფური შეძენის სერვისები Meituan-ისა და Pinduoduo-სგან.

პროდუქტების ჯგუფური შენაძენების ბაზარი სწრაფად იზრდება: თუ 2018 წელს მისი მოცულობა 4,3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, 2021 წლის მონაცემებით, გაყიდვების მოცულობა, როგორც მოსალოდნელია, 18,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საშუალო წლიურმა ზრდამ სამი წლის მანძილზე 64% შეადგინა, ამასთან სივრცე სამომავლო ზრდისთვის არსებობს: პროდუქტის რითეილის ბაზრის საერთო მოცულობა მოსალოდნელია, რომ 2023 წელს 1,8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს – 100-ჯერ მეტს, ვიდრე ჯგუფური შენაძენების ბაზარი.

ძირითადი მოთამაშეები, მიუხედავად ბაზრის ზრდისა, მას საკმაოდ მკაცრად იყოფენ. პლატფორმები პროდუქტებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან. ცდილობენ აჯობონ რა კონკურენტებს, ისინი კიდევ უფრო აუარესებენ ტრადიციული საცალო მოვაჭრეების მდგომარეობას, რომელთაც ფინანსური ბალიშები არ აქვთ, რომ ფასების ომს გაუძლონ. რეგულატორმა რამდენჯერმე გააფრთხილა კომპანიები, რომ არ დაეშვა ფასების ომი, ხოლო წელს პირველი ჯარიმებიც გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბაზრის ამა თუ იმ მეთოდებით გაყოფას ეს სავარაუდოდ ვერ შეაჩერებს.

 

https://www.nytimes.com/2021/05/31/world/asia/china-three-child-policy.html – ჩინეთში ოჯახებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცეს

https://apnews.com/article/coronavirus-pandemic-health-23ca7ecd42415d7b7015c1a072e991fc – COVID-19-ის ახალი აფეთქება ჩინეთში

https://thediplomat.com/2021/05/assessing-70-years-of-chinas-pla-air-force/ – ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 70 წელი – ინტერვიუ RAND-ის ექსპერტ კრისტინა გარაფოლასთან

https://www.theguardian.com/us-news/2021/may/27/biden-china-coronavirus-origins-beijing – ბაიდენმა მოუწოდა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიის გამოძიებისკენ

https://www.reuters.com/world/china/g7-playing-dangerous-game-by-scolding-moscow-russian-envoy-says-2021-05-20/ – რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან კრიტიკა ხელს უწყობს მოსკოვის და პეკინის დაახლოებას

https://www.chathamhouse.org/2021/05/why-western-policies-cannot-change-russia-china-relationship – რატომ ვერ შეცვლის დასავლეთის პოლიტიკა ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობებს

https://www.piie.com/publications/policy-briefs/improving-chinas-participation-resolving-developing-country-debt-problems – ჩინეთის მონაწილეობა ფართოვდება განვითარებადი ქვეყნების სავალო პრობლემების გადასაწყვეტად

https://apnews.com/article/asia-pacific-china-b20b3b72604728c2e3f7498e2f492cac – ჩინეთმა ტაივანის სრუტეში ამერიკული ნაღმოსნის გასვლა გააპროტესტა

https://thediplomat.com/2021/05/do-china-and-vietnam-have-similar-alliance-policies/ – რა აქვს საერთო ჩინეთის და ვიეტნამის საგარეო პოლიტიკას

https://thediplomat.com/2021/05/a-new-database-reveals-chinas-secret-loans-think-again/ – ჩინური კრედიტები არც ისე საიდუმლოა, როგორც ადრე ითვლებოდა

https://thediplomat.com/2021/05/yang-jiechis-overlooked-visits-to-slovenia-and-croatia/ – რისი მიღწევის იმედი ჰქონდა ჩინეთის მთავარ დიპლომატს სლოვენიასა და ხორვატიაში?

https://thediplomat.com/2021/05/can-chinas-israel-palestine-peace-plan-work/ – იმუშავებს თუ არა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების ჩინური სამშვიდობო გეგმა?

https://thediplomat.com/2021/05/china-completes-new-highway-near-defacto-border-with-india/ – ჩინეთმა დაასრულა ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ინდოეთის საზღვართან

https://www.nytimes.com/2021/05/27/world/asia/hong-kong-tiananmen-covid.html?partner=IFTTT – ჰონგ-კონგის პოლიციამ პანდემიის გამო ტიანანმენის მოვლენების ხსოვნის საიუბილეო ღონისძიებები აკრძალა

https://www.sixthtone.com/news/1007516/A – ჩინეთში ვაქცინაციის კამპანიის მოკლე ისტორია

https://www.sixthtone.com/news/1007483/As – ჩინეთი მიისწაფვის მწვანე მომავლისკენ და ამ პირობებში ბიტკოინ-მაინერები ზეწოლას გრძნობენ

https://www.nytimes.com/2021/05/17/technology/apple-china-censorship-data.html?partner=IFTTT – ცენზურა, თვალთვალი და მოგება: Apple-ის რთული გარიგება ჩინეთში

https://www.bruegel.org/2021/05/how-difficult-is-chinas-business-environment-for-european-and-american-companies/ – რამდენად რთულია ჩინეთის ბიზნეს-გარემო ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის?

https://www.caixinglobal.com/2021-05-22/douyin-kuaishou-cited-for-illegally-collecting-personal-data-101716554.html – ჩინეთი აგრძელებს ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან სამომხმარებლო მონაცემების ზედმეტად შეგროვების წინააღმდეგ ბრძოლას

https://www.theverge.com/2021/5/19/22443640/china-tianwen-1-first-images-zhurong-mars-rover-landing – მარსმავალმა „ჩჟუჟუნმა“ დედამიწაზე წითელ პლანეტაზე საკუთარი მუშაობის პირველი კადრები გამოაგზავნა

https://www.sixthtone.com/news/1007482/Tencent – Tencent ამზადებს თამაშების სერიას, რომელიც მიმართულია „საზოგადოებისადმი სამსახურისკენ“

https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-20/chinese-commodities-tumble-as-beijing-pumps-up-inflation-fears?sref=QmOxnLFz – როგორ იმოქმედა ჩინეთის ხელისუფლების განცხადებამ მსოფლიოში ნედლეულის ფასებზე

https://www.bloomberg.com/news/articles/2021-05-18/biden-considering-point-of-sale-rebates-for-electric-car-buyers – ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ ჩინეთს ელექტრომობილების ბაზარზე გადაასწრებს

http://www.xinhuanet.com/english/2021-05/28/c_139975997.htm – ჩინურმა ტოკამაკმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

https://spacenews.com/china-establishes-company-to-build-satellite-broadband-megaconstellation/ – ჩინეთის ხელისუფლებამ დააფუძნა კომპანია ფართოხაზოვანი სატელიტური ინტერნეტის ასამუშავებლად

https://www.wsj.com/articles/tesla-to-store-china-data-locally-in-new-data-center-11622015001 – Tesla-მ ჩინეთში მონაცემთა შენახვის ცენტრი გახსნა

 

 

 

 

დატოვე კომენტარი