ჩინური დღიური 02.07.2021

„ჟურნალი 42-ე პარალელის” პროექტი „ჩინური დღიური” თვეში ორჯერ  გთავაზობთ დაიჯესტს, სადაც განვიხილავთ გასულ კვირებში ჩინეთში მომხდარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დაიჯესტში მთავარი თემების გარდა შემოგთავაზებთ სხვა სიახლეებსა და ვიდეოების ნაკრებს, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

საუკუნოვანი პარტია – როგორ ემზადება სი ძინპინი მთავარი დღესასწაულისთვის

ჩინეთი კომუნისტური პარტიის დაარსების ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. პარტია 1921 წლის 1 ივლისს დაფუძნდა. თარიღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარტიის 92 მილიონი წევრისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან სი ძინპინისთვის. მისთვის პარტიის ასწლეული მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოეროვნული დღესასწაული იქნება (მომდევნო მნიშვნელოვანი იუბილე – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების ასი წელი 2049 წელს აღინიშნება), ამიტომაც დღესასწაულზე ადგილი ექნება ყველა იმ წარმატებაზე საუბარს, რომელსაც ჩინეთმა პარტიის და პირადად სი ძინპინის ხელმძღვანელობით მიაღწია.

იუბილე ფაქტიურად პროლოგს წარმოადგენს ერთწლიანი ციკლისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს XX ყრილობამდე დარჩა. იგი 2022 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს (მზადება აგვისტოში დაიწყება, როდესაც ჩინეთის ხელმძღვანელობა დახურულ შეკრებაზე კურორტ ბეიდაიხეში წავა). მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე სი, კომუნისტური პარტიის დაუწერელი კანონების საწინააღმდეგოდ, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დენ სიაოპინმა დააწესა, პარტიის ხელმძღვანელად მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩევა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვნად განაახლებს. პოლიტბიუროს მომავალი მუდმივი კომიტეტის კონფიგურაციიდან ცხადი გახდება, აპირებს თუ არა სი 2027 წლის XXI ყრილობის შემდეგ წასვლას და ამ შემთხვევაში ვის ხედავს საკუთარ პოტენციურ მემკვიდრეებად.

ჩინური ქალაქები ყვავილების სკულპტურებით გაალამაზეს, მოედნებზე ინტერაქტიული მინი-მუზეუმები ააგეს, რომელიც კომპარტიის ისტორიას ეძღვნება. პოპულარობის პიკზეა პარტიული ისტორიის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად შიდა „წითელი ტურიზმი“. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „ჩინური რევოლუციის აკვანი“ ძინგანშანი ძიანსის პროვინციაში. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა კი საიუბილეო 10, 50 და 100 იუანის ნომინალის მონეტები გამოუშვა.

25 ივნისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ბიურომ ასევე თეთრი წიგნი „ჩინეთის პოლიტიკური პარტიების სისტემა: თანამშრომლობა და კონსულტაცია“ გამოსცა, სადაც რვა პარტიის სქემა კომუნისტური პარტიით სათავეში ქვეყნის განვითარების საფუძვლად არის მიჩნეული.

ბაიდენი ევროპაში – ჩინეთი ყურადღების ცენტრში

10-16 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპული ტურნე გამართა და „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის და ნატოს სამიტებში მონაწილეობა მიიღო. ჩინეთი ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა.

G7-ის სამიტი:

  • გლობალური ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა: „შვიდეულმა“ ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნის გეგმები განიხილა, რომელიც „ღირებულებითი ორიენტაციის მქონე“ იქნება და „სარტყელის და გზის“ ალტერნატივად იქცევა. ამ პროექტის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნებისთვის ასობითი მილიარდი დოლარის მიწოდება იგეგმება;
  • ადამიანის უფლებები და საგარეო პოლიტიკა: „შვიდეულმა“ სინძიანსა და ჰონგ-კონგში არსებული ვითარების და ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოხატა;
  • ეკონომიკური პოლიტიკა: „შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ „ჩინეთის არასაბაზრო პრაქტიკების წინააღმდეგ კოლექტიური მიდგომა“ შეიმუშაონ და „იძულებითი შრომის“ წინააღმდეგ მიდგომების კოორდინირება მოახდინონ;
  • კორონავირუსის წარმოშობა: „შვიდეულმა“ მოუწოდა ჩინეთში COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების ჩატარებისკენ.

ნატოს სამიტი:

  • ნატოს კომუნიკეში პირველად აღინიშნა, რომ ჩინეთის საქმიანობა წარმოადგენს „სისტემურ გამოწვევას საერთაშორისო წესრიგისადმი და პირდაპირ ეხება ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებას“;
  • გამოითქვა შეშფოთება ჩინეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასა და რუსეთთან პარტნიორობის გამყარებასთან დაკავშირებით;
  • კომუნიკე მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ჩინეთთან კონსტრუქციულ დიალოგს გარკვეულ სფეროებში (მაგალითად, კლიმატის ცვლილების მიმართულებით).

ევროკავშირი-აშშ-ს სამიტი:

  • პოლიტიკა ჩინეთის მიმართ: აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ პეკინთან „თანამშრომლობის, კონკურენციის და სისტემური დაპირისპირების“ პარადიგმაში ითანამშრომლონ;
  • სავაჭრო სფერო: ჩინეთის პირდაპირ ხსენების გარეშე აშშ-მ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ერთად იმუშავებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაცვლელად, რომ „სახელმწიფო საწარმოების სუბსიდირების და მათი ანტისაბაზრო ქცევის“ პრობლემას ეფექტურად უპასუხონ;
  • ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირი-აშშ-ს სამიტის შედეგად გაკეთებული განცხადება „შვიდეულის“ ქვეყნების კომუნიკეს შინაარსს იმეორებს.

ბაიდენის ევროპული ტურნეს შედეგები ჩინეთთან მიმართებით მზარდ ევროატლანტიკურ ერთიანობას აჩვენებს. თუმცა სინოლოგი ბილ ბიშოპი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურ შეკავშირებაზე საუბარი ნაადრევია. Wall Street Journal წერს, რომ G7-ის ლიდერების მოლაპარაკებებისას აშშ, კანადა და იაპონია კომუნიკეს ტექსტში ჩინეთის უფრო პირდაპირ და მკაცრ გაკიცხვას ითხოვდნენ, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ასეთ მიდგომას „კონტრპროდუქტიულად“ მიიჩნევდნენ. New York Times კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქვეყნები არ გამოვიდნენ საერთო ვალდებულებით მონაწილეობა არ მიიღონ იმ პროექტებში, სადაც უიღურების იძულებითი შრომის გამოყენებას აქვს ადგილი.

მეგობრობის ოცი წელი: რის შესახებ ისაუბრეს სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა

28 ივნისს ჩინეთის და რუსეთის ლიდერების ონლაინ-შეხვედრა გაიმართა, რომელიც რუსულ-ჩინური კეთილმეზობლობის, მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განახლებას მიეძღვნა, რომელსაც პუტინმა ხელი 2001 წლის 16 ივლისს ჩინეთის მაშინდელ ხელმძღვანელ ძიან ძემინთან ერთად მოაწერა. პერსონალური შეხვედრის გამართვას ხელი რუსეთში პანდემიის მესამე ტალღამ და ჩინეთში კომპარტიის იუბილესთვის მზადებამ შეუშალა. შეხვედრის საჯარო ნაწილს წინ სი ძინპინსა და პუტინს შორის ვიდეოკავშირის დახურული არხით საუბარი უძღოდა.

ტექნიკური თვალსაზრისით შეხვედრის აუცილებლობა შეთანხმების გასახანგრძლივებლად საჭირო არ იყო – მისი 25-ე მუხლის თანახმად, იგი ავტომატურად გაგრძელდებოდა, თუ ჩინეთი ან რუსეთი ამის წინააღმდეგ არ გამოვიდოდნენ. თუმცა მსგავსი მიდგომა თანამედროვე ჩინურ-რუსული ურთიერთობების სულს არ შეეფერება. პეკინმა და მოსკოვმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეჩვენებიათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რამდენად მყარია მეგობრობა ორ ქვეყანას შორის.

საჯარო ნაწილში ქვეყნის მეთაურებმა ზოგადი ფრაზებით ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი კომპარტიის 100 წლის მომავალ იუბილეზე მის დაფუძნებაში საბჭოთა კავშირის როლის ხსენების გარეშე (და ეს პირველი შემთხვევა არ არის) საუბრობდა, თუმცა თეორიულად მოსკოვისთვის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრისთვის, ამის მოსმენა სასიამოვნო იქნებოდა. თუმცა მსგავსი განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ სახელმწიფოთა დეკლარირებულ თანასწორ მდგომარეობას დააყენებდა – ეს კი არც მოსკოვში და არც პეკინში არ სურთ. ამიტომაც საბჭოთა კავშირის როლზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებაში პუტინმა ისაუბრა.

შეხვედრის მნიშვნელოვან შედეგად ორი ქვეყნის საერთო განცხადება იქცა. 17 გვერდიან დოკუმენტში მხარეებმა ურთიერთობის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ვექტორი: განათლებიდან და ტურიზმიდან დაწყებული სამხედრო თანამშრომლობით დამთავრებული ახსენეს.

დამოუკიდებელი სადგური. რას მიაღწია ჩინეთმა კოსმოსში

23 ივნისს ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი ჩინურ ორბიტალურ სადგურ „ტიანგუნზე“ კოსმონავტებს დაუკავშირდაორი კვირის წინ ისინი კოსმოსში სადგურზე აპარატურის დასაყენებლად და მის შესამოწმებლად გაემგზავრნენ. ჩინური კორპორაციების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაძლირების ფონზე კოსმოსური სადგურის გაშვება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩინეთისთვის და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მისი დამოუკიდებლობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

საკუთარი ორბიტალური სადგური ჩინეთს მას შემდეგ დასჭირდა, რაც პეკინმა აშშ-ს პოზიციის გამო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტში მონაწილეობა ვერ შეძლო. ჩინური სადგური ექსპლუატაციისთვის მზად 2022 წელს იქნება. პეკინმა თანამშრომლობისთვის 17 ქვეყანა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია (თუმცა არა აშშ) დაპატიჟა. როსკოსმოსის ხელმძღვანელის მრჩევლის სერგეი კრიკალევის თქმით, ჩინეთის შეთავაზება რუსი კოსმონავტების ჩინურ ორბიტალურ სადგურზე გამგზავრების შესახებ შესწავლის პროცესშია.

კოსმოსში ჩინეთის და რუსეთის თანამშრომლობის კიდევ ერთი პროექტი მთვარის სადგურის (IRLS) მშენებლობაა. ივნისის შუაში კოსმოსის კვლევის გლობალურ კონფერენციაზე (GLEX 2021) ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სამმართველოს (CNSA) და როსკოსმოსის თანამშრომლებმა პროექტის საგზაო რუკა ერთად წარადგინეს. გეგმის მიხედვით, მთვარის სადგური ექსპლუატაციისთვის მზად 2036 წელს იქნება. პროგრამის ფარგლებში ჩინეთი მთვარის ავტომობილს და კოსმოსურ ლიფტს შეიმუშავებს, რომელიც ორბიტაზე ტვირთის გატანის ღირებულებას 96% შეამცირებს.

ჩინური კოსმოსური პროგრამის ყველაზე ამბიციური მიზანი კი მარსზე დაჯდომაა. მაისის ბოლოს ჩინური ზონდი „ტიანვენ-1“ წითელ პლანეტაზე უკვე დაეშვა. შესაბამისად, ჩინეთი აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც ზონდი მარსის ზედაპირზე წარმატებულად დასვა. კონფერენცია GLEX 2021-ზე სარაკეტო ტექნიკის კვლევის ჩინური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვან სიაოძუნმა პირველად წარადგინა წითელი პლანეტის შესწავლის გეგმა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ჩინეთი ეკიპაჟიან ხომალდს მარსზე 2030-იან წლებში გაუშვებს (იგივე გეგმები აქვს აშშ-საც).

სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებიდან ერთი წელი გავიდა. როგორ შეიცვალა ჰონგ-კონგის ცხოვრება

ერთი წელი გავიდა ჰონგ-კონგის სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან, რომელმაც პეკინის გავლენა სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სასამართლო სისტემაზე მნიშვნელოვნად გაზარდა, ასევე დანაშაულის ოთხი ახალი ტიპი – სეპარატიზმი, სახელმწიფო ხელისუფლების შერყევა, ტერორიზმი, უცხო პირებთან გარიგება ჩინეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით შემოიღო.

SCMP-ს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში კანონის დარღვევის ბრალდებით 114 ადამიანი დააკავეს, ხოლო 61 მათგანს ბრალი წაუყენეს. კანონი არ იქცა მასობრივი რეპრესიების ინსტრუმენტად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი გამოყენების სფერო საკმაოდ ფართო აღმოჩნდა.

ისტორიაში პირველი სასამართლო პროცესი კანონის დარღვევის საქმეზე ივნისის თვეში გაიმართა. 24 წლის ბრალდებული ტონგ ინ კიტი 2020 წლის 1 ივლისს, კანონის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად სეპარატიზმის წახალისება, ტერორიზმი, ასევე მანქანის სახიფათოდ ტარება ედება – საპროტესტო აქციების დროს ტონგი მოტოციკლით პოლიციელთა ჯგუფს დაეჯახა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სასამართლო განხილვა 15 სამუშაო დღე გაგრძელდება და ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.

განვითარება შეიძინა სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებულმა ყველაზე ხმაურიანმა ისტორიამაც – ოპოზიციური გაზეთი Apple Daily-ს დახურვამ, რომელიც გასამართლებულ ჰონგ-კონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაოს ეკუთვნის. ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები გასულ კვირას 26 წლის მანძილზე მოქმედ გამოცემას დაემშვიდობნენ – დილიდან ადამიანები გრძელ რიგებში იდგნენ წვიმის ქვეშ, რომ გაზეთის ბოლო ნომერი (ტირაჟი – 1 მილიონი) შეეძინათ. პარალელურად გაგრძელდა Apple Daily-სთან დაკავშირებული ადამიანების დაკავება. ამასთან Apple Daily-ს ტაივანურს ვერსიას, გამომცემელთა განცხადებით, საფრთხე არ ემუქრება, რადგან იგი ფინანსურად ჰონგ-კონგური გაზეთისგან დამოუკიდებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონი თანდათან კუნძულის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შედის. მაგალითად, ივნისში ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ადგილობრივ კინოთეატრებში გაშვების წინ ფილმების შემოწმების წესდებას გადახედა. ახალი წესები კონტინენტურ ჩინეთში მოქმედ კინოთეატრებში ფილმების დაშვების სისტემას ჰგავს. წესების თანახმად, ჰონგ-კონგში ოფიციალურად აკრძალულია იმ ფილმების ჩვენება, რომელიც „საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას“. ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯად კი შესაძლოა სტრიმინგ-სერვისების დარეგულირება იქცეს (საკითხი იმაში მდგომარეობს, ითანამშრომლებს თუ არა ხელისუფლებასთან ამერიკული Netflix).

ფეშენ-სტარტაპი Shein მსოფლიოს ინფლუენსერების და პირდაპირი გაყიდვების გზით იპყრობს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიახლეების სათავეში არსაიდან ჩინური კომპანია Shein აღმოჩნდა. კომპანია აქტიურად ყიდულობს რეკლამას სოციალურ ქსელებში, მათ შორის ინფლუენსერებთან. Shein ჩინეთში შვიდი წლის წინ დაფუძნდა და ცნობილი ძირითადად ახალგაზრდებშია. დღეს, ზოგიერთი მონაცემით, ბიზნესი თითქმის 50 მილიარდი დოლარი ღირს – მსგავსი კაპიტალიზაცია აქვს Twitter-საც.

Shein-ის ბიზნეს-მოდელი მარტივია: კომპანია ტანსაცმელს prêt-à-porter (უპირველეს ყოვლისა ქალის) ყიდის და Z თაობაზე ორიენტირდება, რომლის ყურადღების მიპყრობასაც დასავლელი ინფლუენსერების არმიის დახმარებით ცდილობს. სწორედ ცნობილი სახეების ხარჯზე, მაგალითად კეტი პერის და Lil Nas X-ის, რომლებიც სოციალურ ქსელებში კომპანიის პროდუქციის რეკლამას ეწევიან, კომპანიამ შეძლო ცნობადობის მოპოვება.

Shein-ის წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელია პირდაპირი გაყიდვები. იმის წყალობით, რომ კომპანია სხვისი პროდუქციის გადაყიდვას არ ახდენს და ფიზიკური მაღაზიები არ აქვს, სადაც საქონელს მიიტანს, მან მთელ რიგ საგადასახადო შეზღუდვებს თავი აარიდა და ჩინეთის ხელისუფლების საექსპორტო ლგოტების სიაში მოხვდა. ეს მას მუდმივად დაბალი ფასების შენარჩუნებაში ეხმარება.

შედეგად Shein სულ უფრო დიდი წარმატებით სარგებლობს ახალგაზრდებში, რომელთაც მათ შორის საიტზე დასახელებების საეჭვო ავტომატური თარგმანი არ ანაღვლებთ. მაისში Shein-ის აპლიკაციამ აშშ-ში პოპულარობით Amazon-ს „შოპინგის“ კატეგორიაში ერთდროულად iOS-ზე და Android-ზე გაასწრო. ამასთან კომპანია ბუკვალურად ემალება ჟურნალისტებს და უარს აცხადებს შეაფასოს საკუთარი კაპიტალიზაცია, რითიც მხოლოდ ინვესტორთა ინტერესის ზრდას იწვევს.

Baidu-მ მიკროჩიპების წარმოება დამოუკიდებელ ბიზნესად გამოჰყო

ჩინურმა IT გიგანტმა Baidu-მ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოების დანაყოფი Kunlun დამოუკიდებელი კომპანია გახდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩინური ინტერნეტ-გიგანტის ამბიციებს საკუთარი ჩიპების წარმოებაში ამ სფეროში მზარდი კონკურენციის პირობებში.

ჩიპების მთავარი ინჟინერის და ახალი კომპანიის მომავალი CEO-ს ოუიან ძიანიას განცხადებით, გამოყოფის შემდეგ Kunlun შეძლებს უფრო მეტი სახსრები მოიზიდოს და საკუთარ საქმიანობაში მეტი თავისუფლება მიიღოს. ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების არქიტექტურა შემუშავებული იქნება აქცენტით ინტენსიურ გამოთვლებზე, რადგანაც Kunlun-ის ჩიპების მიზანია ნეიროქსელების სამუშაო დატვირთვის და Cloud ტექნოლოგიაში გამოთვლების ოპტიმიზაცია.

Kunlun-ის ახალი პროცესორის არქიტექტურის საკვანძო თავისებურება მოქნილობაა: მოწყობილობა შესაძლოა სამანქანო სწავლების სფეროში ამოცანების მთელ სპექტს, მათ შორის ტექსტის, ხმის და გამოსახულების ამოცნობას მოერგოს. ჩიპი შესაძლოა ფართოდ იყოს გამოყენებული ისეთ სცენარებში, როგორიცაა კომპიუტერული მხედველობა და ბუნებრივი ენის დამუშავება.

დღეს Cloud გამოთვლების გარდა Baidu-ს ჩიპები ძირითადად ჭკვიან ელექტრომობილებში გამოიყენება. პირველად ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნის პროექტი Baidu-ს გენერალურმა დირექტორმა რობინ ლიმ 2018 წელს Baidu AI Developer კონფერენციაზე დააანონსა.

https://www.economist.com/special-report/2021/06/23/the-push-to-revamp-the-chinese-communist-party-for-the-next-100-years?itm_source=parsely-api – ჩინეთის კომუნისტური პარტიის განახლება მომდევნო ას წელიწადში

https://www.ft.com/content/6b3a7274-8fac-403e-a385-3f8920f5b369 – ქაოსი კონტროლის წინააღმდეგ: ჩინეთის კომუნისტები და რევოლუციის საუკუნე

https://www.sixthtone.com/news/1007802/100 – 100 რეპერი, 100 წელი: ჩინეთმა 15 წუთიანი რევოლუციური რეპი გამოუშვა

https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3137521/chinese-people-have-stood-beijing-says-it-has-no-fear-us-eu?module=lead_hero_story_1&pgtype=homepage – ჩინეთმა განაცხადა მზაობის შესახებ დაუპირისპირდეს აშშ-ს და ევროკავშირის გაერთიანებულ ძალებს

https://www.chinafile.com/library/china-world-podcast/how-will-eu-navigate-us-china-tensions – როგორ გადალახავს ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობას?

https://apnews.com/article/united-nations-china-europe-ukraine-health-a0a5ae8f735b92e39c623e453529cbb9 – ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების ჩაშლის მუქარით აიძულა უკრაინა გამოეწვია საკუთარი ხელმოწერა გაეროს განცხადებაზე უიღურების დაცვის შესახებ

https://www.aninews.in/news/world/asia/four-chinese-ships-enter-japans-territorial-waters-off-senkaku-islands20210524193622/ – ჩინეთის ოთხი სამხედრო ხომალდი შევიდა სენკაკუს სადაო კუნძულების საზღვაო ზონაში

https://thediplomat.com/2021/06/chinas-afghanistan-challenge-and-the-central-asian-dilemma/ – ჩინეთი ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში

https://thediplomat.com/2021/06/india-and-china-one-year-after-the-galwan-clash/ – ინდოეთი და ჩინეთი სასაზღვრო შეტაკებიდან ერთი წლის შემდეგ

https://thediplomat.com/2021/06/its-official-chinas-longtime-ambassador-to-the-us-is-leaving/ – ჩინეთის ელჩი აშშ-ს ტოვებს

https://www.scmp.com/news/hong-kong/politics/series/3138250/national-security-law-and-hong-kong-one-year – სტატიების ციკლი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღების ერთი წლის თავს ეძღვნება

https://www.wsj.com/articles/china-to-keep-covid-19-border-restrictions-for-another-year-11624361777 – ჩინეთი მინიმუმ ერთი წელი შეინარჩუნებს კორონავირუსის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ქვეყნის საზღვრებზე

https://www.ft.com/content/c3c55dca-2ee7-488a-ad68-9286822b881c – კორონავირუსის აფეთქების ფონზე ჩინურ ნავსადგურებთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო ართულებს მსოფლიო ვაჭრობას

https://www.piie.com/blogs/china-economic-watch/chinas-population-ages-age-discrimination-chinas-workplace-needs-end – ჩინეთის მოსახლეობის დაბერება და ეიჯიზმი სამუშაო ადგილებზე

https://www.sixthtone.com/news/1007838/Number – ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

https://www.csis.org/analysis/changing-nature-and-implications-russian-military-transfers-china – რუსული შეიარაღების ჩინეთისთვის მიწოდების შეცვლილი სახე და შედეგები

https://www.interfax.ru/business/773025 – „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ფასი ჩინეთისთვის მიწოდების დაწყების შემდეგ პირველად გაიზარდა

https://www.theverge.com/2021/6/16/22536625/china-russia-nasa-joint-astronaut-moon-landing – NASA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-მ ყურადღება უნდა მიაქციოს რუსეთის და ჩინეთის გეგმებს მთვარესთან დაკავშირებით

https://www.nytimes.com/2021/06/17/technology/fcc-china-technology-restrictions.html – აშშ-ს კავშირის ფედერალურმა კომისიამ ჩინურ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობაზე დამატებითი შეზღუდვების შემოღების იდეა წამოაყენა

https://carnegie.ru/2021/04/21/digital-authoritarianism-with-russian-characteristics-pub-84346 – ნერგავს თუ არა რუსეთი საზოგადოების კონტროლის ჩინურ მეთოდებს

https://www.wsj.com/articles/alibaba-falls-victim-to-chinese-web-crawler-in-large-data-leak-11623774850 – Alibaba-მ დაახლოებით 1,1 მილიარდი მომხმარებლის პირადი მონაცემი დაკარგა

https://www.cnbc.com/2021/06/15/billionaire-alibaba-founder-jack-ma-spending-his-time-painting.html – Alibaba-ში განაცხადეს, რომ ჯეკ მა ცდილობს საჯაროდ არ გამოჩნდეს და მხატვრობითაა დაკავებული

https://supchina.com/2021/06/11/didi-the-uber-slayer-set-for-the-worlds-biggest-initial-public-offering/ – DiDi ემზადება IPO-სთვის, რომელიც შესაძლოა მსოფლიოში უმსხვილესად იქცეს

https://www.prnewswire.com/news-releases/kuke-music-announces-inclusion-of-kukey-lessons-in-chinas-pre-school-music-education-curriculum-301319231.html – საბავშვო ბაღებს ჩინეთში მუსიკის გაკვეთილებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფენ

 

 

 

დატოვე კომენტარი