ჩინეთის კოსმოსური პროგრამა

 

2020 წლის 23 ივლისს მარსის შემსწავლელი ამბიციური ჩინური მისია პლანეტის ზედაპირზე მარსმავალის გაგზავნით დაიწყო. აპარატმა პლანეტის ორბიტას 2021 წლის 10 თებერვალს წარმატებით მიაღწია. ჩინეთამდე დაშვებადი აპარატი მარსზე მხოლოდ ორმა ქვეყანამ – აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა დასვა. ხოლო ჩინურმა როვერმა პლანეტაზე ამერიკული სატრანსპორტო საშუალებების კოლექცია შეავსო.

წელს ჩინეთმა მარსზე პილოტირებადი ხომალდების გაგზავნის შესახებ საკუთარი გეგმები გააჟღერა. 2033 წლიდან 2043 წლამდე წითელი პლანეტისკენ ხუთი მისია გაეშურება. და ჩინელები აშკარად მარსზე ფეხის ამერიკელებზე ადრე დადგმას აპირებენ. NASA-ც მარსის დაპყრობას 2030-იან წლებში გეგმავს.

 

 

ჩინეთის „კოსმოსური პროგრამის პატრიარქი“

ყველასთვის ცნობილია ჩინეთის ინდუსტრიალიზაციასა და მის სამხედრო პროგრამებში საბჭოთა კავშირის დახმარების მნიშვნელობა ურღვევი საბჭოთა-ჩინური მეგობრობის პერიოდში. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ჩინეთში კოსმოსური სექტორის განვითარებაში დიდი წვლილი სწორედ ამერიკელებს მიუძღვით, თუმცა საკმაოდ კომიკური გზით.

ჩინეთის „კოსმოსური პროგრამის პატრიარქი“ – მეცნიერი ძიან სიუესენი 1911 წელს შანჰაიში დაიბადა, თუმცა სამეცნიერო კარიერა აშშ-ში გაიკეთა და მაღალ სიმაღლეებსაც მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მანჰეტენის პროექტში მუშაობდა, ხოლო ომის შემდეგ გერმანიაში ფონ ბრაუნის ლაბორატორიას სწავლობდა.

ძიან სიუესენი

მისი კარიერა სენატორ მაკარტის ანტიკომუნისტურმა პარანოიამ დაანგრია, რომელმაც აშშ 1940-1950-იან წლებში მოიცვა. 1950 წელს ძიანი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მტკიცებულებები საქმეში არ აღმოჩნდა, თუმცა იგი საიდუმლო პროექტებში მონაწილეობას ჩამოაშორეს და ხუთი წლით შინაპატიმრობაც მიუსაჯეს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, რომ ზესაიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც ძიანი ფლობდა, მოძველდა და 1955 წელს იგი ოჯახთან ერთად ჩინეთში გააძევეს.

ცხადია, ძიანის შელახული თავმოყვარეობამ იგი პირდაპირ სამშობლოს სამსახურში ჩააყენა. ჩინეთის კომუნისტური ხელმძღვანელობა მსგავსი გამართლებით აღფრთოვანებული დარჩა. უკვე მომავალ წელს პრემიერ-მინისტრმა ჯოუ ენლაიმ თავდაცვის სამინისტროში მეხუთე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ფორმირების შესახებ განაცხადა, რომელიც სპეციალურად ძიანისთვის შეიქმნა.

1960-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური უთანხმოებების გამო საბჭოთა-ჩინური სამეცნიერო თანამშრომლობა სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში შეწყდა. ამიტომაც ძიანის ღირებულებამ ჩინეთისთვის კოსმოსურ სიმაღლეებს მიაღწია.

ძიან სიუსენის მონაწილეობით პროექტი „ორი ბომბი და ერთი სატელიტი“ განხორციელდა – ბირთვული იარაღის და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შექმნა და კოსმოსში სატელიტის გაშვება. ჩინეთმა ატომური ბომბი 1964 წელს, ხოლო წყალბადის 1967 წელს მიიღო. 1970 წელს მან კოსმოსში პირველი სატელიტი გაუშვა.

ძიანის როლი ჩინეთის კოსმოსურ და თავდაცვის სფეროში კოლოსალურია. მან საკუთარი დროის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში გარღვევა მაშინ განახორციელა, როდესაც ჩინეთს არც მეგობრები, არც მოკავშირეები და არც დიდი რაოდენობით სახსრები გააჩნდა.

 

 

ჩინეთის კოსმოსური პროგრამის შემდგომი წარმატებები

კულტურულმა რევოლუციამ და მაო ძედუნის ეკონომიკურმა ექსპერიმენტებმა 1973 წელს პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის გაშვების გეგმებს წერტილი დაუსვა. სამომავლო კოსმოსურმა კვლევებმა ჩინეთში მეორე სუნთქვა უკვე დენ სიაოპინის დროს მიიღეს.

ჩინეთის ჩამორჩენა კოსმოსურ სფეროში აშშ-სა და საბჭოთა კავშირისგან მნიშვნელოვანი იყო. და უცნობია, როგორი იქნებოდა კოსმოსური კვლევების სამომავლო ბედი ჩინეთში, რომ არა საბჭოთა კავშირის დაშლა.

მოახდინეს რა სწრაფად რეაგირება, ჩინელებმა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების კოსმოსური და სამხედრო ტექნოლოგიები პრაქტიკულად უფასოდ ჩაიგდეს ხელში. კერძოდ უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო „სამხრეთმა“ ჩინეთს სარაკეტო ძრავები РД-120-ის დოკუმენტაცია მიჰყიდა, რამაც ჩინეთს საშუალება მისცა მინიმალურ ვადებში საკუთარი ძრავი YF-100 შეექმნა.

პირველი ჩინური მთვარის სატელიტის “ჩანიე-1”-ის სტარტი

2003 წელს ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში ადამიანი გაუშვა. 2000 წლიდან მოყოლებული ჩინეთი აქტიურად აგზავნის ორბიტაზე სატელიტებს საკუთარი სანავიგაციო სისტემა „ბეიდოუსთვის“ (ნიშნავს „დიდ კოვზს“ – ასე უწოდებენ ჩინელები „დიდი დათვის თანავარსკვლავედს“), რომელსაც ჩინეთისთვის ამერიკული სისტემა GPS უნდა შეეცვალა. მთლიანად „ბეიდოუ“ წელს ამუშავდა და იგი 55 სატელიტისგან შედგება. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა კომპარტია მიიჩნევს, რომ დასავლეთის მოწინავე ტექნოლოგიებისგან თავის არიდების კურსი სრულად გამართლებულია.

ჩინელები აქტიურად ითვისებენ მთვარესაც. 2007 წელს მთვარის პირველი ჩინური ხელოვნური სატელიტი გაუშვეს. 2013 წელს განხორციელდა ჩინური სადგურის დაშვება მთვარემავალით ბორტზე. 2019 წელს პირველად მსოფლიოში მთვარის ბნელ მხარეზე დაეშვა ავტომატური პლანეტათშორისი სადგური მეორე მთვარემავალით. 2020 წელს კი მან დედამიწაზე 2 კილოგრამი მთვარის გრუნტი ჩამოიტანა. 2021 წელს ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ და „როსკოსმოსმა“ მთვარის ათვისების საერთო გეგმა წარმოადგინეს – იგი 2025 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო მთვარის სადგურის შექმნას გულისხმობს.

2011 წლიდან მოყოლებული ორბიტაზე ჩინური ორბიტალური სადგურების გაყვანა დაიწყო. ამ მომენტისთვის კოსმოსში არის სადგური „ტიანგუნ-3“, რომელიც მრავალმოდულური საცხოვრებელი პილოტირებადი კომპლექსის მშენებლობისთვის საკვანძო იქნება. თუ ჩინეთის პირველი ორი კოსმოსური სადგური ხანმოკლე პროტოტიპი იყო, ამ უკანასკნელმა ათწლეულის განმავლობაში უნდა იფუნქციონიროს.

მარსის ათვისებას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთისთვის პირველი მცდელობა 2011 წელს წარუმატებელი იყო. ჩინური მარსის სადგური რუსულ „ფობოს-გრუნტთან“ ერთად საერთო ჩინურ-რუსული პროექტის ფარგლებში დაიძრა, თუმცა მთავარი კომპიუტერის გაფუჭების გამო ორივე აპარატი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა. ამის შემდეგ ჩინეთი მარსის კვლევებისას მხოლოდ საკუთარ ეროვნულ პროგრამებზე კონცენტრირდა.

 

 

ჩინეთი რუსეთსა და აშშ-ს შორის

აშშ-ში იზრდება განცდა, რომ ამერიკა კოსმოსის ათვისების მხრივ ჩინეთს ჩამორჩება. და საქმე წმინდად სამეცნიერო პროექტებს ან სამხედრო პროგრამებს არ ეხება. შორს არ არის ასტეროიდებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დრო, ბრძოლა კომერციულ სატელიტურ ბიზნესში დომინირებისთვის, ორბიტალური ელექტროსადგურების განთავსება. აშშ-სგან განსხვავებით, სადაც NASA-ს ბიუჯეტის დამტკიცებას კონგრესი ახდენს, კომპარტიას შეუძლია სახელმწიფო სუბსიდიები ერთი ხელმოწერით გამოჰყოს.

დედამიწის ახლოს არსებული კოსმოსური სივრცე დიდი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთივე მნიშვნელოვან ფაქტორად ყალიბდება, როგორც უპირატესობა ზღვაში და ჰაერში.

მარსის ზედაპირის სურათი, გადაღებულია ჩინური მარსმავალი “ჩჟუჩჟუნის” მიერ

ჩინეთსა და აშშ-ს შორის შედარებითი მეგობრობის პერიოდში ჰოლივუდის ფილმებში ქვეყნები კოსმოსში ერთად მუშაობენ, როგორც ფილმ „მარსელში“, სადაც ჩინელები ამერიკელებს მარსზე მაშველი ექსპედიციის განხორციელებაში ეხმარებიან. რეალობაში კი აშშ-ს კონგრესმა NASA-ს ჩინეთთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2011 წელს აუკრძალა ამერიკული ტექნოლოგიების მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრის საფრთხის გამო.

თუმცა კოსმოსური სივრცის ათვისება საკმაოდ ძვირადღირებული და ტექნიკურად რთული პროცესია. თუ ადრე რუსეთიც ამ სფეროში უფრო აშშ-სთან თანამშრომლობისკენ (საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აგება და ექსპლუატაცია) მიისწრაფვოდა, ბოლო დროს მისი აქცენტები იცვლება.

საქმე ისე მიდის, რომ ჩინეთისა და რუსეთის კავშირი კოსმოსის შესწავლაში რეალობად იქცევა. კოსმოსი ამ ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი სივრცეა ეკონომიკასა და სამხედრო თავდაცვასთან ერთად. რუსეთმა უკვე გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა საერთაშორისო კოსმოსური სადგური 2024 წელს დატოვოს, როდესაც მისი სამსახურის ვადა ამოიწურება. რა ბედი ეწევა სადგურს ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. თუ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ექსპლუატაციიდან გამოვა, ჩინური სადგური დიდი ხნის განმავლობაში ორბიტაზე ერთადერთ მოქმედ სადგურად დარჩება.

სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი ჩინური სადგურის ხშირი სტუმარი გახდეს. ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მკვლევრებს სხვა ქვეყნებიდან საშუალება ექნებათ „ტიანგუნს“ ან ჩინური ან საკუთარი ხომალდის საშუალებით ეწვიონ.

SpaceX-ის წარმატებული მისიების შემდეგ დასასრულს უახლოვდება ამერიკელი ასტრონავტების ორბიტაზე გაყვანის მხრივ რუსეთის განსაკუთრებული როლიც. ზემოთ ნახსენებ მთვარის ერთობლივ ათვისებასთან ერთად, რუსეთი ჩინეთთან ერთად ავტომატური სადგურის დახმარებით 2024 წელს ასტეროიდის და კომეტის კვლევაში მონაწილეობას მიიღებს.

ჩინეთის კოსმოსურ ამბიციებს საზღვარი არ გააჩნია. არსებობს არამიწიერი ცივილიზაციების მოძებნის პროექტიც 500 მეტრიანი რადიოტელესკოპ „ზეციური თვალის“ საშუალებით. მხოლოდ იმედი უნდა გვქონდეს, რომ თუ არამიწიერი გონების აღმოჩენა მაინც მოხერხდება, მოვლენები დედამიწისთვის ისეთ მძიმე განვითარებას არ მიიღებს, როგორც ჩინელი ფანტასტის ლიუ ცისინის მიერ აღწერილია რომან „სამი სხეულის ამოცანაში“.

ჩინეთის კოსმოსური აქტიურობა, ცხადია, კიდევ ბევრ საოცარ აღმოჩენამდე მიგვიყვანს. და მხოლოდ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირება კოსმოსში მორიგ ცივ ომად და შეიარაღების რბოლად არ გადაიქცევა და მხოლოდ გარღვევას მოიტანს მეცნიერებისა და პროგრესის მიმართულებით.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი