ჩინეთი ცათამბჯენების წინააღმდეგ

 

 

ჩინურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა ინფრასტრუქტურული საოცრებების მთელი კოლექცია დატოვა – დაწყებული ყველაზე გრძელი და ტექნოლოგიურად თანამედროვე სწრაფი სარკინიგზო ხაზებიდან დამთავრებული მსოფლიოში ცათამბჯენების ყველაზე დიდი კონცენტრაციით. თუმცა, გასული წლიდან მოყოლებული, ჩინეთმა მკაფიოდ გადაწყვიტა ზემაღალი შენობების მშენებლობაზე უარის თქმა.

 

მოოქროვილი საუკუნე ჩინური სპეციფიკით

ტრადიციულად ცათამბჯენები მსოფლიო არენაზე საკუთარი თავის და ეკონომიკური წარმატებების დემონსტრირების საიმედო საშუალებად აღიქმება. ამ თვალსაზრისით ემპაიერ-სთეით-ბილდინგი XX საუკუნის დასაწყისის ნიუ-იორკში, „პეტრონასის“ კოშკები კუალა-ლუმპურში და „ბურჯ-ხალიფა“ დუბაიში ერთ კონტექსტში განიხილება. ჩინეთი ცხადია გამონაკლისს არ წარმოადგენს. პირველი ას მეტრზე მაღალი შენობები აქ 1980-იან წლებში, ეკონომიკური რეფორმების დაწყებისთანავე გამოჩნდა. თავიდან ეს სასტუმროები იყო. 1990-იანი წლებიდან კი ჩინეთი მრავალფუნქციურ კომპლექსებს აშენებს, რომელიც საოფისე ცენტრებს, სასტუმროებს და აპარტამენტებს მოიცავს.

რეფორმების ორმოცი წლის განმავლობაში ჩინეთმა უფრო მეტი ცათამბჯენი ააშენა, ვიდრე აშშ-მ მთელი XX საუკუნის განმავლობაში. ძალაუფლებაში სი ძინპინის მოსვლამდე, 2009-2012 წლებში, ჩინეთი ყოველ ხუთ დღეში ახალ ცათამბჯენს, ანუ ორას მეტრზე მაღალ შენობას ასრულებდა. 2012 წელს ჩინეთზე მსოფლიოში დაწყებული ცათამბჯენების მშენებლობის 40% მოდიოდა!

ცათამბჯენი “ძინ მაო”, შანჰაი

ამასთან თუ ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში ცათამბჯენები თავისუფალი მიწის ნაკლებობის გამო გამოჩნდა, ჩინეთში ეს მოდას აყოლის და თვითდამკვიდრების შედეგი იყო. აქ ცათამბჯენებით იკავებდნენ ახალ და ცარიელ სივრცეებს: ისეთს, როგორიც შენჟენია, რომელიც მეთევზეთა სოფლის ადგილას წარმოიშვა ან პუდუნი – ინოვაციური რაიონი შანჰაიში, რომლის ადგილზეც 1980-იან წლებში კომბოსტოს ნათესები იყო.

სხვაგან არაფერში ვლინდება აღმავალი დიდი სახელმწიფოების ამბიციები (და კომპლექსები), როგორც ცათამბჯენების მშენებლობაში. ამასთან ჩინეთის შემთხვევაში შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონებს შორის შიდა კონკურენციაზეც ვისაუბროთ.

თუ 1990-2000-იან წლებში აქტიური მშენებლობები რეფორმების პიონერებში (შენჟენი, გუანჯოუ, შანჰაი, პეკინი) მიმდინარეობდა, 2000-2010-იანების მიჯნაზე არენაზე „მეორე ტემპის“ ქალაქები (ტიანძინი, ჩუნცინი, სუჩჟოუ, უხანი, ჩანშა) გამოვიდნენ, რომლებიც აგრესიულად ცდილობდნენ საკუთარი თავის განვითარების ცენტრებად დამკვიდრებას.

სამაგალითოა ცათამბჯენ Sky City-ის ისტორია ქალაქ ჩანშაში – პატარა პროვინცია ხუნანის ადმინისტრაციულ ცენტრში. დეველოპერებს თავდაპირველად 666 მეტრი სიმაღლის პროექტზე უფლების მიღება სურდათ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი სიმაღლის 838 მეტრამდე გაზრდა მოითხოვა. ეს შენობას არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად აქცევდა.

 

„დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრაზე“

2012 წელს ძალაუფლებაში სი ძინპინის მოსვლასთან ერთად სიტუაციის შეცვლა დაიწყო. ცხადია, ბრძოლა არქიტექტურაში გადახრებთან ჩინეთის ახალი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი არ იყო, თუმცა უკმაყოფილების ნიშნები არსებული ვითარებით შესამჩნევი უკვე მაშინვე გახდა.

მაგალითად, დამუხრუჭდა ფართოდ გაპიარებული მშენებლობა ჩანშაში. 2013 წლის 20 ივნისს დეველოპერებმა ფუნდამენტის ჩაყრის შესახებ განაცხადეს. ამასთან სარეკორდო სიმაღლის ცათამბჯენის აშენება სარეკორდო სისწრაფით – ხუთი სართული 24 საათში იგეგმებოდა. მშენებლობა 90 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა უკვე იმავე წლის ივლისში ცნობილი გახდა პროექტის გაყინვის შესახებ, რადგანაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელიც ადრე მშენებლობას აქტიურად ლობირებდა, ცენტრთან კონსულტაციების შემდეგ მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტების გაცემაზე უარი თქვა. პროექტი კიდევ რამდენიმე წელი შეჩერებულად ითვლებოდა, თუმცა უკვე 2016 წელს მასზე უარი საბოლოოდ თქვეს. ოფიციალურად „ახლომდებარე დაჭაობებული ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენების საფრთხის გამო“. გათხრილი საძირკვლის ადგილას გუბე ჩამოყალიბდა, სადაც გლეხები თევზს იჭერენ.

მედიაცენტრი გუანსის პროვინციაში, იგივე შენობა-პენისი

2014 წელს სი ძინპინმა პრესის წინაშე გამოსვლისას მოულოდნელად „უცნაური არქიტექტურის ეპოქის“ დასრულების შესახებ განაცხადა. ხელმძღვანელის კრიტიკა ერთდროულად რამდენიმე პროგრესულმა პროექტმა დაიმსახურა, მათ შორის შენობა-შარვალმა, შენობა-ფუნთუშამ და შენობა-პენისმა, სადაც გადასვლას ცენტრალური პარტიული გაზეთი „ჟენმინ ჟიბაოს“ რედაქცია აპირებდა. ორი წლის შემდეგ კი პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ხელისუფლებასთან ერთად დადგენილება „მშენებლობის სფეროში მუშაობის გაძლიერების“ შესახებ გამოუშვა, სადაც გამომწვევი და ექსცენტრიული არქიტექტურის ნაცვლად „ეკონომიური, ეკოლოგიური და ლამაზი შენობების“ მშენებლობისკენ მოწოდება გაჟღერდა.

შედეგად, გამარტივდა და უფრო მოკრძალებული გახდა უკვე დაწყებული პროექტები. შენჟენში ცათამბჯენ „პინიანის“ პროექტს შპილი მოაშორეს, რამაც მისი სიმაღლე 660 მეტრიდან 599 მეტრამდე შეამცირა და საშუალება არ მისცა ჩინეთში ყველაზე მაღალი შენობა გამხდარიყო. ანალოგიურად 2017 წელს მოექცნენ ცათამბჯენ Greenland Center-ს უხანში. მისი სიმაღლის 636 მეტრიდან 476 მეტრამდე შემცირებას ექსპერტები უპირველეს ყოვლისა დამკვეთის – კომპანია „ლიუიდის“ მხრიდან გადახდის დაგვიანებით ხსნიან. თუმცა პროექტის კორექტირების შემდეგაც მშენებლობა დაფინანსების არარსებობის გამო არ გაგრძელდა.

შესაბამისად, 2018-2019 წლებში საბოლოოდ ყველაზე მაღალი ჩინური ცათამბჯენების სია გაფორმდა. დედაქალაქში ასეთად იქცა CITIC-Tower (528 მეტრი), რომელსაც ასევე „პეკინურ ცზუნს“ უწოდებენ ძველი ჩინური ჭურჭლის საპატივსაცემოდ; შანჰაიში – ცათამბჯენების ტრიუმვირატი მდინარე ხუანპუს ნაპირზე: შანჰაის კოშკი (632 მეტრი), შანჰაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის შენობა (492 მეტრი) და ცათამბჯენი „ძინ მაო“ (421 მეტრი); ტიანძინში – ბინხაის ცენტრის შენობა (530 მეტრი), ხოლო სამხრეთში – შენჟენის „პინიანი“ და ფინანსური ცენტრის შენობა გუანჯოუში (530 მეტრი).

უკვე კორონავირუსის პანდემიის პიკში, რომელმაც დაწყებული მშენებლობები ბუნებრივად შეაჩერა, ახალი ცათამბჯენების მშენებლობა კანონმდებლობით შეიზღუდა. 2020 წლის 27 აპრილს საცხოვრებლის, საქალაქო და სოფლის მშენებლობის სამინისტრომ „ჩინური არქიტექტურის ახალი ეპოქა“ გამოაცხადა და „ქალაქების და შენობების გარეგნობის სფეროში მუშაობის სამომავლო გაფართოების შესახებ“ ცირკულარი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მოწოდება იყო უარი ეთქვათ „უაზრო დაგეგმვასა და მაღალი შენობების მშენებლობაზე“. დაფიქსირდა აკრძალვა 250 მეტრზე მაღალი კონსტრუქციის აშენების შესახებ დათქმით, რომ 250-500 მეტრის შენობა შეიძლება აუცილებლობის და სახანძრო, სეისმური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში მაკონტროლებელი ორგანოების უფლების მიღების შემთხვევაში აშენდეს. 500 მეტრზე მაღალი შენობის მშენებლობა აკრძალულია. ადგილობრივ ხელისუფლებებს დაევალათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ 100 მეტრზე მაღალი შენობების მშენებლობას და მკაცრად გააკონტროლონ, რომ მათ ბუნებრივი ლანდშაფტები, ტრადიციული ჩინური კულტურის პრინციპები არ დაარღვიონ და ხედი ისტორიულ ობიექტებზე არ დაჩრდილონ.

სხვა სიტყვებით, ჩინური ცათამბჯენების ხუთეული, რომლის სიმაღლეც 500 მეტრს აღემატება, უცვლელი დარჩება. თუმცა გაურკვეველი რჩება რამდენიმე მაღალი მშენებლობის დასრულების საკითხი, რომელიც გასულ წლებში დაიწყო. ჩინური მშენებლობების სისწრაფის და უპრობლემობის შესახებ არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, აქ სიტუაცია ცალსახა არ არის. მაგალითად, ცათამბჯენ „Goldin Finance 117“-ის მშენებლობა ტიანძინში, რომლის სიმაღლემაც 596 მეტრი უნდა შეადგინოს, ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, ორჯერ შეჩერდა და დღემდე არ არის განახლებული. გაყინულია ერთი და იმავე 518 მეტრი სიმაღლის ორი ცათამბჯენის (ციფრი 518 ნიშნავს „მე მსურს აყვავება“) მშენებლობა დალიანსა და ხეფეიში.

იუიძიაპუს კვარტალი ტიანძინში

ორ ცათამბჯენთან დაკავშირებით კი სიმაღლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. უხანში უკვე ნახსენები მშენებლობის გარდა იგი ქალაქ სუჩჟოუში „ჩჟუნან-ცენტრს“ შეეხო, რომლის სიმაღლეც რადიკალურად შემცირდა 729 მეტრიდან მინიმალურად დასაშვებ 499 მეტრამდე.

 

არავითარი ქედის მოდრეკა დასავლეთის წინაშე

მოკლედ, ჩინეთი „ცათამბჯენების რბოლას“ გამოეთიშა. ახლა რეკორდებს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში დაამყარებენ. მიზეზები, რამაც ჩინეთის ხელისუფლებას ამ არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგა, რამდენიმეა.

უპირველეს ყოვლისა, ბრძოლა არქიტექტურაში „სიმაღლესთან დაკავშირებულ ზედმეტობებთან“ სი ძინპინის ეპოქის „წესრიგის დამყარების“ იმავე პარადიგმის ნაწილია, რაც ბრძოლა საჯარო მოხელეების კორუფციასთან, ფუფუნებასა და ამორალურ ქცევასთან. ცათამბჯენების მშენებლობასთან ერთად სამინისტროს ცირკულარი ე.წ. „copy-paste არქიტექტურასაც“ კრძალავს, ანუ ევროპული სტილის შენობების ან მთელი ქალაქების ასლების მშენებლობას, რომელთაგანაც ბევრი უკვე „ქალაქ-მოჩვენებად“ გადაიქცა. მანჰეტენიდან გადმოხატული „ცათამბჯენების რაიონების“ პროექტები, როგორიცაა მიტოვებული კვარტალი იუიძიაპუ ტიანძინში, ჩინური ეკონომიკური სასწაულის გვერდითი მახინჯი ეფექტების ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორც საჭმლის მთები პრესტიჟულ რესტორნებში, რომელთაც შემდეგ ნაგავში მოისვრიან ხოლმე.

ჩინეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ცათამბჯენების ნაცვლად შენობები ტრადიციულ სტილში უნდა აშენდეს. და ამ გადაწყვეტილებაში ჩანს ზოგადად უარი საგარეო გავლენაზე. თავის დროზე დასავლური არქიტექტურული მიღწევების სესხება ძალიან პოპულარული იყო ჩინეთში, რადგანაც წარმოადგენდა „სარკმელს სამყაროში“ ჩინელებისთვის, რომლებიც დიდი ხანი ნებაყოფლობით იზოლაციაში იყვნენ და მოხმარების და ცხოვრების წესის სხვა სტანდარტებშიც დასავლეთთან მიახლოების სურვილს გამოხატავდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ უპირველეს ყოვლისა არქიტექტურული ასლები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით „ჩინურ ფალსიფიკაციად“ გამოიყურება; მეორე მხრივ კი ეს უფრო „დრაკონის შვილების“ კომპლექსებზე საუბარს იწვევდა, ვიდრე მათ მიღწევებზე. ნაციონალიზმის და დასავლეთით იმედგაცრუების ზრდის ფონზე მიბაძვის და სესხების მოდაც გაქრა. ეს კი ნიშნავს, რომ არააქტუალურია დაუღალავი სწრაფვა ზემოთ, რომელიც საერთოდ არადამახასიათებელია ტრადიციული ჩინური ურბანისტიკისთვის.

მეორე მიზეზი გაცილებით უფრო პროზაულია. ეს ეკონომიკაა. ცათამბჯენების ბუმი დეველოპერების უშრეტი ოპტიმიზმის, იაფი კრედიტების და მიწაზე გაბერილი ფასების პერიოდს დაემთხვა. ახლა ეკონომიკური ზრდა შენელდა, ხოლო დეველოპერები (ისეთი მსხვილიც კი, როგორიც „ლიუიდია“) სირთულეებს აწყდება. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ცათამბჯენების დაპროექტებასა და აშენებას ბევრი დრო სჭირდება, ამიტომაც პროექტის რეალიზაციის პერიოდში შეიძლება დაფინანსება ამოიწუროს, ხოლო ბუმი უძრავი ქონების ბაზარზე დაცემით შეიცვალოს. რაც მოხდა კომპანია „ლიუიდის“ კოლოსთან დაკავშირებით ქალაქ უხანში. შემკვეთისთვის ახლა ის უსარგებლოა: მისი შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან პროექტში გიგანტური სახსრებია ჩადებული, მაგრამ პროექტის დამთავრებაც ავტომატურად შენობის შენახვაზე გრადიოზულ დანახარჯებს ნიშნავს, რადგანაც მოთხოვნა ასეთ უძრავ ქონებაზე არ არსებობს. საოფისე მოედნების მესამედზე მეტი 11 მილიონიან უხანში ისედაც დაცარიელებულია და აქ საქმე არა კორონავირუსში, არამედ ინფრასტრუქტურის ზეწარმოებაშია.

შენობა-შარვალი პეკინში

აუცილებლად გასათვალისწინებელია გლობალური კონტექსტიც, რომელიც ცათამბჯენებთან დაკავშირებით მზარდ სკეპსისში მდგომარეობს. ურბანისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ფალიკური ფორმის ზემაღალი შენობები მხოლოდ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის ამბიციებზე მიანიშნებენ და ნაკლებ გავლენას ახდენენ ქალაქების განვითარებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ცარიელ მოედნებზე აშენებენ, როგორც ეს ჩინეთში და ახლო აღმოსავლეთის ნავთობ-მონარქიებში ხდება.

როგორც ჩანს, ახლა, როდესაც სიტუაცია სტაბილური გახდება, ხელისუფლება პირდაპირი ფინანსური დახმარების გზით გაყინული მშენებლობების რეანიმირების შესაძლებლობას მონახავს, როგორც ეს შანჰაის კოშკების შემთხვევაში იყო, რომელთა დასრულებაც სახელმწიფოს ხარჯზე მოხერხდა. თუმცა ჩანშაში Sky City-ს ან უხანში Greenland Center-ის მსგავსი დიდი, მაგრამ საეჭვო პროექტები საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა. სამაგალითოა ჩინური რეფორმების ახალი სიმბოლოს  – ქალაქ სიუნანის მშენებლობა, რომელიც პეკინთან ახლოს ხორციელდება. საკუთარი ფუნქციონალით იგი შანჰაის რაიონ პუდუნს წააგავს, რომელიც 1980-2000-იან წლებში აშენდა. მაგრამ თუ პუდუნი მთელს მსოფლიოში თავისი ცათამბჯენებითაა ცნობილი, სიუნანი მასთან შედარებით გაცილებით დაბალი იქნება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი