ბრიტანეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივები

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტია, რომელიც ბრექსიტის შემდეგ წარმოიქმნა. ბრიტანელთა მთავარმა მომლაპარაკებელმა დევიდ დევისმა მრავალჯერ განაცხადა, რომ მის ქვეყანას თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები სურს – შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის საჭიროებებს იქნება მორგებული. ევროკავშირის წარმომადგენლები ამ სურვილს ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. მათ ინტერესს წარმოადგენს ბრიტანეთის მეტი დანახარჯებით დატვირთვა და განცალკევებული არსებობის გართულება, რათა ბრექსიტი ევროკავშირის სხვა წევრებისთვის შიდაპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად სამაგალითოდ არ იქცეს. ამასთან ცხადია, რომ ევროკავშირს არ სურს კონფრონტაცია. ბრიუსელისთვის წარმატებული შედეგი იქნება შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრიტანეთი ამა თუ იმ ფორმით აღიარებს ვაჭრობის სფეროში ევროპელი რეგულატორების ძალაუფლებას. ჯერჯერობით არ ჩანს, აქვთ თუ არა ბრიტანელებს სხვა გამოსავლის შესაძლებლობა.

ბრექსიტის მომხრეების შეხედულებით, მათი ქვეყანა არ უნდა მონაწილეობდეს საერთოევროპული ბაზრის სისტემაში, რადგან იგი არა მხოლოდ საქონლის, მომსახურების და კაპიტალის, არამედ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასაც გულისხმობს. სწორედ კავშირის შიგნით შრომითი მიგრანტების გადაადგილების თავისუფლება იქცა ამომრჩეველთა მთავარ გამაღიზიანებლად 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის წინ. აქტივისტები, რომლებიც საზღვრების დაკეტვის მოთხოვნით გამოდიოდნენ, „მკაცრი“ ბრექსიტის მხარდამჭერებს წარმოადგენენ. ისინი ევროკავშირთან ურთიერთობების ისეთ გაწვეტას ემხრობიან, რომელიც გამორიცხავს ქვეყნის მონაწილეობას საერთოევროპულ სტრუქტურებში.

ხალხის ნების პატივისცემა, რომელმაც რეფერენდუმზე კონტინენტურ ევროპასთან პოლიტიკური ალიანსის გაწყვეტას დაუჭირა მხარი, იდეაში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან სავაჭრო ხელშეკრულებების დადებაზე უარის თქმას მოითხოვს, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტს ზღუდავს. მართლაც, თავიდან ტერეზა მეი იზოლაციონისტურ და ბრიუსელთან მკაცრი განშორების კურსს ირჩევდა. თუმცა ამ პოზიციის სიმყარემ ელექტორატი დააშინა: 2017 წლის 8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა და ძალაუფლება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიური დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წყალობით შეინარჩუნა. არჩევნების შედეგები საზოგადოებრივი აზრის უფრო კომპრომისული ბრექსიტისკენ გადახრაზე მიუთითებს.

თუმცა პოლიტიკურ ვექტორზე კონსერვატორების რეიტინგის ვარდნაზე უფრო სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირს მიღმა ქვეყნის განვითარების პერსპექტივის ეკონომიკური მოდელირება ოპტიმისტურ სცენარს არ იძლევა. მყისიერი „განშორების“ ნებისმიერი გეგმა გულისხმობს ცხოვრების დონის დაცემის და ევროპულ კონტრაგენტებთან სავაჭრო სისტემის დანგრევიდან გამოწვეული დიდი ფინანსური დანაკარგების საფრთხეს. კონსერვატორებმა ეს გაითვალისწინეს, ამიტომაც ლონდონმა ევრობიუროკრატებთან მოლაპარაკებების კურსი შეცვალა: 2017 წლის 22 სექტემბერს ტერეზა მეი გამოვიდა სიტყვით, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი ეცდება ბრექსიტის შემდეგ მინიმუმ ორი წლით ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში საკუთარი ყოფნის გახანგრძლივებას. ცხადია, რეფერენდუმის შედეგების გადახედვაზე საუბარი არ არის. „რბილი“ ბრექსიტი, ევროკავშირთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით, პოლიტიკურად შესაძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ხელისუფლებას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს (მაგალითად, მსხვილი ფინანსური დავალიანების გადახდა ევროკავშირის ბიუჯეტში) ევროპელებისგან „გარდამავალ პერიოდზე“ თანხმობის მისაღებად, რომლის დროსაც ქვეყანა ერთიან ბაზარს და ევროპის საბაჟო კავშირს არ დატოვებს. ინერციული სტაბილურობის ეს რამდენიმე წელი ევროპული სტრუქტურებიდან საბოლოო გამოსვლის მექანიზმის მოსაფიქრებლადაა საჭირო.

რა საშუალებები აქვს ლონდონს „გარდამავალი პერიოდის“ დასრულების შემდეგ ერთიანი ბაზრიდან გასვლის?

ბრექსიტის მოწინააღმდეგე ანალიტიკოსები თვლიან, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოახდინოს „კატასტროფის“ შედეგების შემსუბუქება და ამისთვის თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციაში (EFTA) შევიდეს, სადაც იგი შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს შეუერთდება. EFTA უზრუნველყოფს თავისუფალ ვაჭრობას 38 სახელმწიფოსთან და სავაჭრო ალიანსებს მსოფლიოს მრავალ რეგიონთან. EFTA-ს წევრებისთვისაც სასურველია ბრიტანეთის შეერთება, რაც ასოციაციის ეკონომიკურ-პოლიტიკურ წონას გაზრდის და მას მსოფლიოში ვაჭრობის ზომის მხრივ მეოთხე მოთამაშედ აქცევს. მიუხედავად ამისა, ეს ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე მისაღები ნაბიჯი არ არის. რაში ჭირდება „დიდი შვიდეულის“ წევრს, მშპ-ს ზომით მსოფლიოში მეცხრე ეკონომიკას საკუთარი თავის ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციაში შეყვანა და საკუთარი ძალის ინვესტირება უცხო და ამასთან არაამბიციურ პროექტში?

მეორე მხრივ, მარტოსულის, არცერთ რეგიონულ სავაჭრო ბლოკთან არაფილირებული „გლობალური მოთამაშის“ როლიც არასახარბიელოა. მაშინ ერთადერთ საყრდენად რჩება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მკაცრი წესები და ევროკავშირთან ვაჭრობა ლიბერალური რეჟიმიდან სატარიფო ზეწოლის რეჟიმზე გადავა. პრინციპში ტარიფი არ წარმოადგენს ამკრძალავ ნორმას და მისი გადახდა შეიძლება, მაგრამ ამასთან საჭიროა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა, რაც არასერტიფიცირებულ პროდუქციას გასაღების ბაზრებს აშორებს. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში მოხვედრილი ყველა საქონელი სატესტო კონვეირების ქვეშ გადის. არსებობს სუფთა პოლიტიკური შეთანხმება სახელმწიფოებს შორის ტექნიკური სტანდარტების აღიარების შესახებ. შესაბამისად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა ევროკავშირთან უპრობლემო ვაჭრობისთვის საკმარისი არ არის.

მესამე ვარიანტს შეგვიძლია „თურქული“ ვუწოდოთ. თურქეთი არის საბაჟო კავშირში ევროკავშირთან. იგი მოიცავს ვაჭრობას სამრეწველო საქონლით, თუმცა არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და მომსახურების სფეროზე. ურთიერთობა ამ კავშირში ასიმეტრიულია. თუ ევროკავშირი მესამე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს, თურქეთი იძულებული იქნება ამ სახელმწიფოს საკუთარ ბაზარზე თავისუფალი წვდომა მისცეს, მაშინ როდესაც თურქი ექსპორტიორები იგივე უპირატესობით ვერ ისარგებლებენ. ამასთან, თურქეთს არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრიუსელის სავაჭრო პოლიტიკაზე. ცხადია, რომ ასეთი შეზღუდული თანამშრომლობის ფორმატი მისაღებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის ემზადებიან და საკუთარი ეკონომიკის შესაბამისი სახით ტრანსფორმაციას ცდილობენ. დიდი ბრიტანეთისთვის ეს ვარიანტი ნაკლებად მისაღები უნდა იყოს.

როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთს მოუწევს საყოველთაო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების – უტარიფო, არსებული კვოტირების სისტემით და პროდუქციის ხარისხის ურთიერთაღიარებული სტანდარტებით დაცულის გაფორმება. ეს იქნება წმინდად ეკონომიკური შეთანხმება, რადგან შრომითი მიგრაციის პოლიტიზირებული საკითხი სავარაუდოდ მისი კომპონენტი არ იქნება.

ბრექსიტის სავაჭრო შედეგების ყველა დეტალის შესწავლა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. საერთო სურათი ჯერაც არ არის ცხადი. თუმცა შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ბრიტანეთი, რომელმაც საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში თავისი გზა მოსინჯა, უახლოეს პერსპექტივაში ვაჭრობის საერთოევროპული სისტემაში მონაწილეობიდან არ გაიქცევა და მითუმეტეს არ ეცდება სავაჭრო ომების გაჩაღებას.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი