40 წელი ჩინეთის „რეფორმების და ღიაობის პოლიტიკიდან“

18 დეკემბერს 40 წელი გავიდა ჩინეთში „რეფორმების და ღიაობის პოლიტიკის“ დაწყებიდან, რომელმაც ჩამორჩენილი მესამე სამყაროს ქვეყანა აშშ-ს კონკურენტად და მეორე ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გადააქცია. ჩინელი რეფორმატორები ამ პროცესის დროს დაეყრდნენ გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც 40 წლის შემდეგაც საკმაოდ თანამედროვედ მოჩანს.

2019 წლის გადმოსახედიდან ბოლო ორმოცი წლის ჩინური წარმატება თითქოს განსაზღვრული იყო: სამუშაო ძალის გიგანტური რეზერვუარი, უზარმაზარი შიდა ბაზარი, შრომისმოყვარე მოსახლეობა, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციების ზღვის ნაპირზე განლაგება, მეზობელ ქვეყნებში დიდი და მდიდარი ჩინური დიასპორის არსებობა და ა.შ. თუმცა 1978 წლის 18 დეკემბერს, როდესაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის XI მოწვევის მესამე პლენუმი გაიხსნა, სამომავლო გარღვევა ნათელი არ იყო. არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის განვითარებაზე და საბოლოოდ რეფორმების ნაკლებად რადიკალური ვარიანტი იქნა არჩეული. დაახლოებით 1981 წლამდე დენ სიაოპინი იბრძოდა მაოიზმის ელემენტების შესანარჩუნებლად და უფრო რადიკალური გარდაქმნების მომხრეთა წინააღმდეგ. აღნიშნული პოლიტიკა მან 1981 წლის შემდეგაც შეინარჩუნა. 1990-იან წლებში კვლავ საჭირო გახდა რეფორმატორების მხარდაჭერა კონსერვატორების წინააღმდეგ, რითიც პოლიტიკოსი 1997 წლამდე, საკუთარ გარდაცვალებამდე იყო დაკავებული.

კონკრეტულ რეფორმებზე, რომელთაც ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინეს, ბევრია დაწერილი: სახალხო კომუნების გაუქმება, კერძო მეწარმეობის დაშვება, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, სახელმწიფო საწარმოების ბაზარზე მორგება და ა.შ. ყველაფერი ეს ცხადია მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ახალი ეთიკური კოორდინატები და სახელმწიფოს მართვის პრინციპები. საზოგადოებას, რომელიც მიეჩვია „რევოლუციურ კანონიერებას“ და გამოიმუშავა გადარჩენის უნარები „გაკიცხვის“ და „დამღების მიკერების“ დაუსრულებელ კამპანიებში, სჭრიდებოდა ახალი პრინციპების ნაკრები, რომელთა უმრავლესობაც დენ სიაოპინმა და სხვა რეფორმატორებმა პრაქტიკაში განახორციელეს. სწორედ ეს პრინციპები იქცა თანამედროვე ჩინეთის ნამდვილ ფუნდამენტად.

დაეყრდნო პრაქტიკას და არა იდეოლოგიას

40 წლის წინ, 1978 წლის ნოემბერში, პროვინცია ანხოის სოფელ სიაოგანის სიღარიბით დაღლილმა მოსახლეობამ ერთ-ერთი გლეხის სახლში საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად კომუნის კუთვნილი მიწები პატარა ნაწილებად დაყვეს, რომლებიც კონკრეტულ ოჯახებს გადაეცა. მაშინ აღნიშნული ქმედება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობით იკრძალებოდა: მისაბაძ მაგალითად ითვლებოდა ტაჭაის გიგანტური კომუნა. არნახულ მოსავალს (ქვეყნის საშუალოზე მაღალს) ტაჭაიში უზრუნველყოფდა დაუღალავი შრომა, მაო ძედუნის ციტატების მუდმივი კითხვა და საკუთრების მაქსიმალური გასაჯაროება. ზოგიერთ პროვინციაში მოახერხეს ტაჭაის მოდელის გადატანა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე სოფლის მეურნეობა სულს ღაფავდა.

სიაოგანის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ თუ რომელიმე მათგანს დაიჭერდნენ, დანარჩენები ვალდებული იყვნენ მის შვილებზე 18 წლის ასაკამდე ეზრუნათ. მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ: მოგვიანებით სოფლის მაცხოვრებლები უყვებოდნენ ჟურნალისტებს, რომ 1958-1960-იან წლებში „დიდი ნახტომის“ პოლიტიკის დროს სიაოგანის ოლქში 90 ათასი ადამიანი დაიღუპა. თავად სოფელმა 120 მაცხოვრებლიდან 67 დაკარგა. ამ კატასტროფიდან 18 წლის გასვლის შემდეგ ვითარება დიდად არ შეცვლილა. პარალელურად 1978 წელს ადგილი ჰქონდა საშინელ უმოსავლიანობას: შიმშილის თავიდან ასაცილებლად სოფლის მაცხოვრებლები სალათს ვერხვის ფოთლებიდან აკეთებდნენ, ხოლო ფქვილში გადამუშავებულ ხის ქერქს ამატებდნენ.

სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ იმ რაოდენობის მოსავალს მისცემდა, რაც გეგმით იყო დასახული, ხოლო ზედმეტ მოსავალს თავად დაიტოვებდა. 1978 წელს აღნიშნული აქტი სახელმწიფოსთვის ხორბლის მოპარვას ნიშნავდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მიწის მოხმარების ეს პრაქტიკა „მეურნეობაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სისტემის“ სახელს მიიღებს და მთლიანად განდევნის ჩინეთიდან კოლმეურნეობებს. ერთი წლის შემდეგ ახალი სისტემის წყალობით სიაოგანის მოსახლეობამ ხორბლის წარმოება ექვსჯერ გაზარდა – 15-დან 90 ტონამდე.

საჯარო მოხელეებმა გადაუკეტეს სიაოგანს სასუქის და პესტიციდების მიწოდება, რომელიც მკაცრად ცენტრალიზებულად იყო გადანაწილებული. საბედნიეროდ, სოფლის გამოცდილების შესახებ გაიგო ანხოის პროვინციის მმართველმა, დენ სიაოპინის თანამოაზრე ვან ლიმ. იგი ჩავიდა ადგილზე, გაერკვა სიტუაციაში, შეაქო სოფლის მაცხოვრებლები და ყველაფერი გააკეთა, რომ სიაოგანის მოდელი მთელ ჩინეთზე გავრცელებულიყო.[1]

სიაოგანის ისტორიის და „რეფორმების და ღიაობის“ პოლიტიკის რეალობად ქცევა მრავალი უნიკალური ფაქტორის დამთხვევამ გამოიწვია. აღწერილ მოვლენებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა მაო ძედუნი. მისმა მემკვიდრე ხუა გოფენმა შეწყვიტა „კულტურული რევოლუცია“, დააკავა მისი გაგრძელების მომხრე „ოთხთა ბანდა“ და „დიდი ბელადის“ მეუღლე ძიან ცინი. მმართველ ტრიუმვირატში გოფენის მომხრე ე ძიანინმა კი დააბრუნა გადასახლებიდან დენ სიაოპინი, რომელიც თვლიდა, რომ საბაზრო ეკონომიკა სოციალიზმს არ ეწინააღმდეგება.

1978 წლის 18 დეკემბერს, სიაოგანის გლეხთა საიდუმლო შეკრების პარალელურად, გაიხსნა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის XI მოწვევის მესამე პლენუმი. მასში ოფიციალურ კურსად გამყარდა „ოთხი მოდერნიზაციის“ პოლიტიკა (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, თავდაცვა და სამეცნიერო-ტექნიკური სფერო), გაიკიცხა „ბელადობა“, როგორც მოვლენა და „კულტურული რევოლუციის“ ზოგიერთი ასპექტი (თავად მაო ძედუნის და „კულტურული რევოლუციის“ გაკიცხვა პლენუმის მონაწილეებმა ვერ გაბედეს).

პლენუმის მთავარ დებულებად იქცა გამოთქმა – „პრაქტიკა – ჭეშმარიტების კრიტერიუმი“. ჩაითვალა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას უმჯობესია დაეყდნო არა იდეოლოგიურ სიწმინდეს, არამედ იმას, რასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩინეთში დაიწყო სიაოგანის მაგალითის ქვეყნის მასშტაბით გაფართოება.

აღიარო საკუთარი შეცდომები და მოიხადო ბოდიში

1960-იანი წლების შუა პერიოდში მაო ძედუნის კურსის არასაკმარისად მხარდაჭერის გამო დენ სიაოპინი „შრომით აღზრდაზე“ – ძიანსის პროვინციაში ტრაქტორის ქარხანაში სამუშაოდ გააგზავნეს. ეს მისი სტატუსის სერიოზულ ვარდნას ნიშნავდა, თუმცა „დიდ ბელადთან“ სპეციფიური ურთიერთობის გამო მომავალი რეფორმატორი უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე პარტიის სხვა რეპრესირებული მოღვაწეები. შვილებს მამასთან წასვლის უფლება არ მისცეს: ისინი რევოლუციური ქარიშხლით მოცულ პეკინში დარჩნენ. 1968 წელს დენ სიაოპინის შვილი დენ პუფანი ჰუნვეიბინებმა მამის „უკლონიზმის“ გამო ფანჯრიდან გადააგდეს. ახალგაზრდა წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. ამის შემდეგ დენ სიაოპინს მისცეს მისი ძიანსიში წაყვანის უფლება. გადასახლებული პოლიტიკოსი შვილისთვის ხელსაქმეს ეძებდა, რომ ლოგინზე მიჯაჭვული დენ პუფანი საბოლოოდ არ გატეხილიყო. იგი კარგად ერკვეოდა ელექტრონიკაში და შეძლო მამის გაფუჭებული რადიოს შეკეთება. დენმა სთხოვა ბრიგადირს, ხომ არ სურდათ მის მუშებს გაფუჭებული რადიომიმღებების შვილისთვის შესაკეთებლად მიტანა. ბრიგადირმა გაიცინა და უთხრა, რომ არცერთ მუშას ქარხანაში რადიომიმღების ფული არ ჰქონდა.[2]   

დენმა, შვილების სიტყვებით, ეს ამბავი მტკივნეულად მიიღო: მაოს ხელისუფლება ჩინეთში უკვე ოცი წელია არსებობდა, ხოლო „მშრომელ ხალხს“, რომელთა სახელითაც ხელისუფლება გამოდიოდა, საბაზისო საკვები პროდუქტების და უბრალო ტანსაცმლის გარდა რაიმეს ყიდვა არ შეეძლო.

1978 წელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ლიაონინში გამოსვლისას დენ სიაოპინმა შეკრებილებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ „უღალატა ჩინეთის შესანიშნავ ხალხს, რომლებიც საკმარისად მომთმენი იყვნენ“.[3] რეფორმატორმა გააკრიტიკა ხელისუფლებაში გლეხების წყალობით მოსული მთავრობის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, რომელმაც ფაქტიურად შიმშილით მოკლა ათეულობით მილიონი ადამიანი. ფართო პუბლიკის წინაშე ეს სიტყვა არ წარმოთქმულა, თუმცა მმართველმა კადრებმა მას მოუსმინეს. საზღვარგარეთ დენ სიაოპინი უფრო რადიკალური იყო. 1978 წელს იაპონიაში პრესკონფერენციაზე მან შენიშნა, რომ „მაო ძედუნის შეცდომები იყო ჩვენი შეცდომებიც, ჩვენ არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება და ვიღებდით ცუდ გადაწყვეტილებებს“.[4] ამავდროულად დენ სიაოპინმა შეაფასა წარსული პერიოდები: „ცალსახად შეცდომად“ ჩაითვალა 1950-იანი წლების ბოლოს „დიდი ნახტომი“, 1966-1976 წლების „კულტურული რევოლუცია“, მაო ძედუნის პიროვნების კულტის ფორმირება და სიცოცხლის ბოლოს ძალაუფლების „ოთხთა ბანდისთვის“ დელეგირება მაოს ცოლის, ძიან ცინის მეთაურობით („ისეთი ცუდი ქალის, რომ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამას გამოხატავს“).[5] ამასთან მცდარად ჩაითვალა ჩინეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის მმართველობის მთელი პერიოდი, მისი გარკვეული ქმედებები და გადაწყვეტილებები. მაო ძედუნის ბევრი შეცდომა დენ სიაოპინმა სხვებს მიაწერა. ამან საშუალება მისცა შეენარჩუნებინა მთელი სისტემის ლეგიტიმურობა, სახელმწიფოს არსებობის საფუძვლები, რომლის ქვაკუთხედად კვლავ გარდაცვლილი რევოლუციონერი რჩებოდა.

შეინარჩუნო მთავარი სიმბოლოები და დატვირთო ისინი ახალი საზრისით

მაო ძედუნის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ყველასთვის, მათ შორის სავარაუდოდ მისთვისაც ცნობილი იყო, რომ 1958 წლის შემდგომ მაოს ინიციატივების უდიდეს ნაწილს კატასტროფული შედეგები მოჰყვა. „დიდი ნახტომი“, რომელიც ჩინეთს რამდენიმე ათეულ მილიონ ადამიანად დაუჯდა. „კულტურულმა რევოლუციამ“ კი ქვეყნის განვითარება რამდენიმე ათწლეულით შეაჩერა. 1975 წლის ნოემბერში მომაკვდავმა „დიდმა ბელადმა“ დენ სიაოპინს სთხოვა ეღიარებინა, რომ „კულტურული რევოლუცია“ იყო „30%-ით შეცდომა და 70%-ით წარმატება“, მაშინ როდესაც ადრე იგი 10%-90% პროპორციაზე აკეთებდა აქცენტს. მომავალმა რეფორმატორმა უარი თქვა ასეთ კომპრომისზეც და ამჯობინა მესამედ, უკვე 70 წლის ასაკში გადასახლებაში წასვლა, საიდანაც შესაძლოა არც დაბრუნებულიყო.

მაო ძედუნის გარდაცვალების, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რეფორმატორული ბანაკის გამარჯვების და დენ სიაოპინის დაბრუნების შემდეგ ჩინეთში ყველა ელოდა საბჭოთა კომუნისტური პარტიის XX ყრილობის მსგავს მოვლენას გარდაცვლილი ხელმძღვანელის პიროვნების კულტის გაკიცხვით. თუმცა ჩინეთში სხვაგვარად მოიქცნენ.

ნებისმიერი შესაძლებლობისას დენ სიაოპინი იმეორებდა, რომ მაო ძედუნი „მართალი იყო 70%-ით და მცდარი 30%-ით“, ანუ ეყრდნობოდა მისთვის ადრე შეთავაზებულ კომპრომისს.

დენს საჯაროდ არ დაუდანაშაულებია ყოფილი ხელმძღვანელი შვილის დაინვალიდებაში, თუმცა სწორედ მაოს მოწოდებებით აღფრთოვანებულმა ჰუნვეიბინებმა გადმოაგდეს დენ პუფანი ფანჯრიდან. ამის ნაცვლად დენ სიაოპინი სიამაყით იხსენებდა, თუ როგორ მოხვდა პირველად ტყვეობაში 1933 წელს როგორც მაო ძედუნის (მაშინ მომავალი ბელადი მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი საველე მეთაური იყო) მოკავშირე, ხოლო 1960-იან წლებში როგორ დაიცვა მაომ „ოთხთა ბანდისგან“, რომელთაც დენის სიკვდილი სურდათ.[6]

არ მოხდა არც მაო ძედუნის მავზოლეუმის და არც ჩინური საზოგადოების იდეოლოგიური საფუძვლების დემონტაჟი. ცდილობდა რა მოეცილებინა მიკერებული „ჩინელი ხრუშოვის“ იარლიყი, დენ სიაოპინმა განაცხადა, რომ ჩინეთში ყველაფრის კრიტიკა და შეცვლა შეიძლება ოთხი რამის გარდა: სოციალისტური გზის, პროლეტარიატის დიქტატურის, კომპარტიის ხელმძღვანელი როლის და მაო ძედუნის იდეების. ამავდროულად მან მოახდინა ამ კონსტრუქციების შინაარსის წარმოუდგენლად მოდიფიცირება. 1984 წლის ივნისში დენმა პირველად წამოაყენა იდეა „სოციალიზმის ჩინური სპეციფიკით“, რომელშიც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველა იდეოლოგიურ დებატებს: ყველაფერი, რაც იწვევს ჩინეთის ეკონომიკის ზრდას, არის სოციალიზმის ატრიბუტი.

1987 წელს გენერალურმა მდივანმა ჭაო წიანგმა წამოაყენა კიდევ უფრო უცნაური კონცეფცია „სოციალიზმის საწყისი სტადიის“, რომლის თანახმადაც კომუნიზმი არის მომავალი თაობების მიზანი. ჯერჯერობით კი საწარმოო ძალების განვითარებისთვის აუცილებელია ბაზრის, კონკურენციის, წარმოების და სააქციო საზოგადოების აღორძინება. მოგვიანებითაც ჩინეთის ხელმძღვანელები ხშირად მიმართავდნენ კაზუისტიკას სოციალიზმისთვის ყველაზე არაორთოდოქსული იდეების მისაკერებლად. მაგალითად, 2002 წელს ჩინეთის ხელმძღვანელმა ძიან ძემინმა ჩამოაყალიბა „სამი წარმომადგენლობის თეორია“ და გამოაცხადა კომპარტია ჩინელი ხალხის „მოწინავე საწარმოო ძალების ინტერესთა გამომხატველად“, ხოლო მეწარმეები – გლეხებთან და მუშებთან ერთად ამ საწარმოო ძალების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად.

ტერმინებით მსგავსი ჟონგლიორობა საჭირო იყო კომპარტიის ძალაუფლების საფუძვლის შესანარჩუნებლად. სიმბოლოთა სისტემის განადგურების ნაცვლად ჩინელმა რეფორმატორებმა თანდათან შეცვალეს მათი მნიშვნელობა. ერთი მხრივ, ამან გამოიწვია ქვეყნის უფრო სწრაფად და ეფექტურად მოდერნიზება. მეორე მხრივ კი დატოვა ხვრელი ამ სიმბოლოების თავდაპირველი, მაოისტური მნიშვნელობის დასაბრუნებლად, რაშიც დღეს ბევრი ადანაშაულებს ჩინეთის ხელმძღვანელ სი ძინპინს.

მოახდინო ექსპერიმენტების სტიმულირება, შეამცირო შეცდომის ფასი

პირდაპირ მიუთითა რა ჩინეთის ხელისუფლების შეცდომებზე, დინ სიაოპინმა თანდათან შეაჩერა იმ დროს მიმდინარე პოლიტიკური კამპანიები (მაგალითად, ყველა არსებული პრობლემის „ოთხთა ბანდის“ მძიმე მემკვიდრეობაზე მუდმივი საჯარო გადაბრალება) და ყველა დონის საჯარო მოხელეებს ეკონომიკის განვითარებაზე კონცენტრირება დაავალა. მან დააბრუნა გადასახლებიდან პარტიის თითქმის ყველა წევრი, რომლებიც იქ გასულ ათწლეულებში გააგზავნეს და განაცხადა, რომ „ჩვენს პრინციპად უნდა იქცეს ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება“.[7] ამასთან დენ სიაოპინმა კატეგორიულად აკრძალა ანგარიშსწორება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ციკლის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

1981 წელს იტალიელ ჟურნალისტ ორიანე ფალაჩისთან ინტერვიუში მან „კულტურულ რევოლუციას“ სამოქალაქო ომი უწოდა, რომლის მსხვერპლთა „დათვლაც შეუძლებელია“. ამ მსხვერპლად შესაძლოა ისიც ქცეულიყო: როგორც დენ სიაოპინმა იმავე ინტერვიუში განაცხადა, მას მუდმივად ეშინოდა „ოთხთა ბანდის“ მკვლელების ხელით სიკვდილის, თუმცა ამ შედეგს „წინამძღოლი მაოს დაცვის წყალობით“ გადაურჩა.

ერთადერთი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური დანაშაულების გამო სასტიკად დაისაჯნენ, თავად „ოთხთა ბანდის“ წევრები და მათი მომხრეები იყვნენ: 1981 წელს გამართულ პროცესზე ისინი დაადანაშაულეს ძალაუფლების უზურპაციაში, 727 ათასი ადამიანის რეპრესიებში, თითქმის 35 ათასი ადამიანის მკვლელობაში და გამოაცხადეს „კულტურული რევოლუციის“ მთავარ დამნაშავეებად. ოთხიდან ორს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენ ორს სიკვდილით დასჯა, რომელიც მოგვიანებით ასევე სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ციხეში „ოთხთა ბანდასთან“ თანამშრომლობის გამო ასევე მოხვდა მაო ძედუნის ძმისშვილი მაო იუანსანი და მისი მდივანი ჩენ ბოდა. უფრო დაბალი რანგის ფიგურები გასამართლდნენ მხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების გამო.   

1980 წელს დენ სიაოპინის მიერ რეფორმების მოწინააღმდეგე მორიგი დაჯგუფების განადგურების დროს, რომელსაც მცირე „ოთხთა ბანდა უწოდეს“ ვან დუნსინის, ძი ტენგქუეი, ჩენ სილიანის და უ დეს შემადგენლობით (საინტერესოა, რომ ეს ადამიანები ორიგინალი „ოთხთა ბანდის“ დაკავების ორგანიზატორები იყვნენ), რეპრესიები უკვე არ გამოყენებულა.[8] ოთხივე მათგანმა დაკარგა ქვეყნის მმართველი პოლიტბიუროს წევრობის სტატუსი და ყველა მაღალი თანამდებობა, თუმცა პარტიიდან არ გაურიცხავთ და მითუმეტეს არ დაუკავებიათ ან გადაუსახლებიათ. შესაბამისად დამყარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტები. პოლიტიკოსობა ჩინეთში 1980-იან წლებში ნაკლებად სახიფათო იყო, ვიდრე მაო ძედუნის დროს. პოლიტიკური შეცდომის ფასმა დაიწია, რამაც გზა გახსნა თამამი წინადადებებისა და ექსპერიმენტებისკენ, რომელთაგანაც წარმატებულები სახელმწიფო პოლიტიკად იქცეოდნენ, ხოლო წარუმატებლების პატიება და დავიწყება ხდებოდა.

გახდე ძლიერი, დაეყრდნო საკუთარ სისუსტეებს

ბიუროკრატიის ქვედა საფეხურის მოხელეების მიერ ზემოთ მყოფების წინაშე მიღწეული შედეგების გაბუქება ნებისმიერი ბიუროკრატიული სისტემის თვისებაა, თუმცა მაო ძედუნის პერიოდის ჩინეთში „ზემოთ“ განვითარების რეალური (როგორც წესი ცუდი) მაჩვენებლების წარდგენა სახიფათოც კი იყო. „დიდი ნახტომის“, „სამი წითელი დროშის“ და განსაკუთრებით „კულტურული რევოლუციის“ პოლიტიკის პერიოდში შედეგები პოლიტიკური კურსის შესაბამისად თვალისმომჭრელი უნდა ყოფილიყო. რეალობა არავის აინტერესებდა. უკვე ნახსენები ტაჭაის ლეგენდარული კოლმეურნეობა, რომელშიც მაო ძედუნის იდეებით შთაგონებული გმირი გლეხები ბუნებას იმორჩილებდნენ, 1980 წელს „პოტიომკინის სოფლად“ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ გიგანტურ მოსავალს მას ხელოვნურად მიაწერდნენ, მინდვრების ნაწილი რეალობაში არ არსებობდა, ხოლო უზარმაზარ ნაგებობებს არა გლეხები, არამედ ჯარისკაცები აგებდნენ.

დენ სიაოპინმა და მისი მომხრეებმა წინა თაობის ხელმძღვანელებისგან განსხვავებით შეწყვიტეს ჩინეთის მოწინავე სოციალისტურ სახელმწიფოდ წარმოჩენა. 1978 წელს თავად რეფორმატორი და სხვა ჩინელი საჯარო მოხელეები გაემგზავრნენ ვიზიტებით მსოფლიოში კაპიტალისტური და სოციალისტური (უნგრეთი, იუგოსლავია) სახელმწიფოების მიღწევების გასაცნობად. 1978 წლის ბოლოს, ვიზიტების შედეგების შეჯამებისას დენ სიაოპინმა განაცხადა, რომ „ჩვენი მეგობრები იყვნენ საზღვრებს გარეთ და დარწმუნდნენ, თუ რამდენად ჩამოვრჩებით მათ“.[9] იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ჩინეთი „ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანაა“ და იქვე დაამატა: „ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. ბევრი საქმე გვაქვს, წინ გრძელი გზაა და ჩვენ ბევრის სწავლა მოგვიწევს“.[10]

დენ სიაოპინის მომხრეებმა სწრაფად გადაიტანეს მისი გახსნილობა. მოითხოვდა რა 1981-1985 წლების ხუთწლედის ეკონომიკური გეგმების კორექტირებას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ვიცე-ხელმძღვანელი ჩენ იუნი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა: „ჩვენ გვყავს 900 მილიონი ადამიანი, რომელთა 80% გლეხებია. ამიტომაც პირველ რიგში სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ. ჩვენ ვერ შევძლებთ 1985 წლისთვის 60 მილიონი ტონა ფოლადის წარმოებას. ჩვენ არ გვეყოფა ელექტოენერგია, ტრანსპორტი. იქ სადაც საჭმელი სჭრიდება ხუთს, აქვს მხოლოდ სამს“.

საკუთარი ჩამორჩენილობის აღიარებამ ჩინეთს საშუალება მისცა კონცენტრირებულიყო ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩაეყენებინა პოლიტიკა ეკონომიკის სამსახურში. პოლიტიკურმა ელიტებმა სათანადოდ შეაფასეს შესაძლებლობები, შეადგინეს რეალური გეგმები და ჩინეთისადმი დადებითად განაწყვეს ყოფილი მტრები.

მოხდა კაპიტალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება, რომლებიც ტექნოლოგიების და კაპიტალის დონორებად იქცნენ. სისტემის ხარვეზების გათვალისწინებით შეიქმნა დენ სიაოპინის „ძალების დამალვის და ჩრდილში ყოფნის“ ცნობილი სტრატეგია, რომლის გადახედვაც მხოლოდ 2013 წელს დაიწყო კომპარტიის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა. მან ქვეყანას საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა საბჭოთა კავშირის ხვედრი, რომელიც ეკონომიკურად ბევრად აღმატებულ დასავლური სახელმწიფოების ბლოკთან დაპირისპირებაში დაინგრა.

გაზარდო ახალი ელიტები და გაუშვა ძველები პენსიაზე

დენ სიაოპინი ხშირად ხუმრობდა, რომ ის „სამჯერ დაიღუპა და სამჯერ აღდგა“,[11] ანუ სამჯერ გადააყენეს და სამჯერ დაბრუნდა სახელმწიფოში საკვანძო პოზიციებზე. 1976 წელს ბოლო, გადამწყვეტი დაბრუნების დროს დენი უკვე 72 წლის იყო. იგი ხშირად იმეორებდა, რომ ყველა თანამდებობას 1985 წელს, 81 წლის ასაკში დატოვებდა, რადგან „ამ ასაკში ადამიანი უკვე ცუდად აზროვნებს“.[12] თუმცა ეს ასე არ მოხდა: 1980-იან წლებში დაძაბული პოლიტიკური გარემოს გამო ბოლო პოსტი რეფორმატორმა ლიდერმა მხოლოდ 1990 წელს დატოვა.

დენ სიაოპინმა და მისმა მომხრეებმა ყველაფერი სცადეს, რომ „კულტურული რევოლუციის“ საშინელება, რომელიც მათ ერთპიროვნული ძალაუფლების პირდაპირ შედეგად მიაჩნდათ, არასდროს განმეორებულიყო. 1980 წელს მან წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც საფუძვლიანად გააკრიტიკა „ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია“ და მოუწოდა ჩინეთში „კაპიტალისტურ ქვეყნებზე მეტი დემოკრატიის“ შექმნისკენ.[13] 1982 წელს ახალი კონსტიტუციით სახელმწიფო პოსტების დაკავება ორი ხუთწლიანი ვადით შეიზღუდა. გამყარდა კოლექტიური ლიდერობის სისტემა, რომლის თანახმადაც გენერალური მდივანი იყო მხოლოდ პირველი თანასწორებს შორის და მას პოლიტბიუროს დანარჩენი წევრების მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინა. დარეგულირდა პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში დანიშვნის წესები და შეიქმნა ასაკობრივი „კოჰორტების“ კიბე, რომლის თანახმადაც მმართველთა თაობები ერთმანეთს ასაკის შესაბამისად ცვლიან, ხოლო 68-72 წლის ასაკში პენსიაზე გადიან.

ამ სისტემის წყალობით გაახალგაზრდავდა კადრები და თავიდან იქნა აცილებული გერონტოკრატია, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის პრობლემად იქცა. თავად დენ სიაოპინი 1981 წელს ორიანა ფალაჩისთან საუბარში აღნიშნავდა: „როდესაც ჩვენ ვბერდებით, კონსერვატორებად ვიქცევით, ამიტომაც უმჯობესია გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ მრჩევლების როლით შემოვიფარგლოთ“.

კომპარტიის ყველა ვეტერანი და მაო ძედუნის მომხრე 1982 წლის შემდეგ თანდათან კომუნისტური პარტიის მრჩეველთა ცენტრალურ კომისიაში გადაიყვანეს. მისი ამოცანა იყო ძველი კადრების „მმართველთა მესამე თაობის“ მიერ ეტაპობრივი ჩანაცვლება და მათთვის პენსიაზე ღირსეული გასვლის უზრუნველყოფა.

დენ სიაოპინი ლობირებდა ახალგაზრდა კადრებს მმართველ თანამდებობებზე, თუმცა პირველი ორი მცდელობა მისი აზრით, უშედეგო აღმოჩნდა (ჰუ იაობანი და ჯაო ძიანი პარტიის გენერალური მდივნების პოსტებს ზედმეტად რეფორმისტული განწყობების გამო ჩამოაშორეს). მესამე მცდელობით (ძიან ძემინი) დენმა მოახერხა სისტემის აწყობა, რომელიც მინიმალური ცვლილებებით დღემდე არსებობს.

დენ სიაოპინის სისტემის დემონტაჟი სი ძინპინის დროს დაიწყო. მან გააუქმა ჩინეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი ვადის შეზღუდვა, არ დანიშნა პოლიტბიუროში გამოკვეთილი მემკვიდრე და დატოვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მისი 69 წლის მეგობარი ვან ციშანი (მას ეს პოსტი 68 წლის შემდეგ არ უნდა დაეკავებინა). სი ძინპინი ავლენს ავტორიტარულ ტენდენციებს, რის გამოც მას არა მხოლოდ დენ სიაოპინს, არამედ თავად მაო ძედუნსაც კი ადარებენ. ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში „მძიმე პერიოდით“, კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობით, ხოლო ბოლო დროს – აშშ-ს მხრიდან საგარეო ზეწოლით მართლდება. ჯერჯერობით დემონტაჟი შეუქცევად პროცესს არ წარმოადგენს, თუმცა ტენდენცია ნათელია. ძალაუფლების უზურპაციის ვნება დამოუკიდებელი პარლამენტის და სასამართლო სისტემის არარსებობის პირობებში (ჩინეთში ოფიციალურად ძალაუფლების სამ შტოდ დაყოფა არ არსებობს) მაღალია, თუმცა სწორედ რეფორმატორების მიერ ჩამოყალიბებულმა სისტემამ აქცია ჩინეთი იმ სახელმწიფოდ, რასაც ის დღეს წარმოადგენს.

ისწავლო ყველასგან, განსაკუთრებით კი მტრებისგან

1978 წელს იაპონელ ჟურნალისტებთან საუბრისას დენ სიაოპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა „იაპონიისგან უნდა ისწავლოს“.[14] ამ მხრივ იგი ქვეყნის ნომინალურ ხელმძღვანელ ხუა გოფენზე წინ წავიდა, რომელსაც იუგოსლავიისა და რუმინეთის მაგალითები მოჰყავდა. 1979 წლის მარტში რეფორმატორმა კვლავ განაცხადა, რომ „ზოგიერთ სფეროში ჩინეთმა კაპიტალისტური ქვეყნებისგან უნდა ისწავლოს“.[15] უცხო ქვეყნის გამოცდილებით დენ სიაოპინი უფრო ადრეც დაინტერესდა: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ნეპმა, რომელსაც 1920-იან წლებში დენი სუნ იატსენის სახელობის მოსკოვის მშრომელთა უნივერსიტეტში სწავლისას გაეცნო. რეალურად, 1980-იანი წლების ჩინეთის ეკონომიკური მოდელის ბევრი ნიშანი ნეპიდან იყო კოპირებული: მცირე და საშუალო კერძო მეწარმეობის დაშვება, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკაში ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს მთავარი როლის შენარჩუნებასთან ერთად.[16]

რეფორმების საწყის ეტაპზე ჩინეთის ეკონომიკის აღმავლობაში მნიშვნელოვანი როლი საზღვარგარეთ ჩინური დიასპორის გარდა იაპონიამაც ითამაშა. ტოკიოსთან დაახლოება პეკინისთვის ძალზე რთული იყო: იაპონიას, განსხვავებით გერმანიისგან, არასდროს გამოუხატავს დიდი სინანული მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი დანაშაულის გამო. მათი დანაშაულებების ლომის წილი კი ჩინეთზე მოდიოდა: 1937-1945 წლებში იაპონიის აგრესიის დროს დაახლოებით 3,2 მილიონი სამხედრო და 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „ნანკინის სასაკლაო“, ანუ მასობრივი სიმხეცე იაპონიის არმიის მხრიდან ჩინეთის დედაქალაქ ნანკინის აღებისას, ომის დროს ერთ-ერთ საშინელ დანაშაულად იქცა: სხვადასხვა მონაცემებით ექვსი კვირის განმავლობაში გააუპატიურეს და მოკლეს 40-დან 300 ათასამდე სამოქალაქო პირი.

მოდერნიზაციის გამო დენ სიაოპინმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თემა ორმხრივ ურთიერთობებში საკვანძოდ არ ექცია. იაპონური გამოცდილება ჩინეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო: ომის შემდეგ ქვეყანამ სწრაფად აღადგინა სამრეწველო პოტენციალი, ხოლო „კულტურული რევოლუციის“ ათწლეული შედეგებით დიდად არ განსხვავდებოდა დაბომბვის შედეგებისგან.

1978 წლის ოქტომბერში, იაპონიაში ვიზიტის დროს დენ სიაოპინმა შენიშნა, რომ „ორი ათწლეულის მეგობრული ურთიერთობის შემდეგ XX საუკუნეში იაპონურ-ჩინურმა კავშირმა გარკვეული სირთულეები განიცადა“ და მიიღო მოკრძალებული ბოდიში პრემიერ-მინისტრ ტაკეო ფუკუდისგან (საბოლოოდ იაპონიამ ბოდიში 1995 წელს მოიხადა). ამის შემდეგ დენ სიაოპინს ეს საკითხი არ წამოუწევია.

შედეგად, 1980-იანი წლები იაპონურ-ჩინურ ურთიერთობებში “ოქროს ხანად“ იქცა: 1990 წლისთვის იაპონური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთის ეკონომიკაში 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 1979 წლიდან იაპონია რეგულარულად გამოუყოფდა ჩინეთს „განვითარების დახმარების“ პაკეტებს დაბალპროცენტიანი კრედიტებით, რომელთა საერთო რაოდენობამაც 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1980-იან წლებში იაპონიამ მიიღო მონაწილეობა 119 ჩინური სახელმწიფო საწარმოს მოდერნიზაციაში და დაეხმარა ჩინეთს თითქმის ნულიდან შეექმნა მთელი ინდუსტრიები, მაგალითად ფოლადის თანამედროვე წარმოება.[17] ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა, პეკინს რომ იაპონელებისგან ჩადენილი დანაშაულებების მონანიება მოეთხოვა და პოლიტიკა ეკონომიკაზე წინ დაეყენებინა.

აქციო სახელმწიფოს მმართველობა პროფესიონალების საქმედ

დენ სიაოპინს და ჩინელი რეფორმატორების გუნდს ერთ-ერთ მთავარ პრეტენზიად უყენებენ სოციალისტური პოლიტიკური მოდელის შენარჩუნებას, რომლის დროსაც დემოკრატია არა მთლიანად სახელმწიფოში, არამედ მხოლოდ პარტიის შიგნითაა შესაძლებელი. „მამაჩემი თვლის, რომ გორბაჩოვი იდიოტია“ – ციტირებდა 1990 წელს ჩინური რეფორმების არქიტექტორს მისი უმცროსი შვილი დენ ჩჟიფანი. უბრალო მოქალაქეების ქვეყნის მმართველობაში ჩართვის მცდელობებს ადგილი ჰქონდა 1980-იან წლებში, თუმცა 1986 და განსაკუთრებით 1989 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა.

დენ სიაოპინის აზრით წარუმატებელი აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების გამოცდილებაც: მხოლოდ ერთი წელიწადი (1978 წლის ნოემბრიდან 1979 წლის დეკემბრამდე) იარსება „დემოკრატიის კედელმა“ პეკინის ქუჩა სიდანზე, სადაც მოქალაქეებს მათთვის სასურველი ინფორმაციის განთავსება დიდი პოსტერების სახით შეეძლოთ. „გარკვეული მოვლენების“ კრიტიკიდან მოქალაქეები სწრაფად გადავიდნენ მთლიანად სოციალიზმის კრიტიკასა და პოლიტიკური პლურალიზმის მოთხოვნაზე, რაც კომუნისტური პარტიის ინტერესებში არ შედიოდა.

ამერიკელი მკვლევარი ეზრა ფოგენი დენ სიაოპინზე დაწერილ ბიოგრაფიაში ციტირებს ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის პარტიულ ხელმძღვანელს, რომელმაც თავად ე-ზე ძველი ჩინური ისტორიის მაგალითზე ზუსტად დაახასიათა რეფორმატორის დამოკიდებულება დემოკრატიისადმი: „თავად ე-ს უყვარდა დრაკონებზე წიგნების კითხვა და მათი გამოსახულებებით ტკბობა, თუმცა როდესაც პირადად შეხვდა დრაკონს, მაშინვე შეძრწუნდა“.[18]

რეფორმატორმა 1986 წელს სტუდენტური პროტესტების არასაკმარისად მკაცრად ჩახშობის გამო მისი პირველი პროტეჟე ჰუ იაობანი გაათავისუფლა, ხოლო 1989 წელს შინაპატიმრობა მიუსაჯა მეორე პროტეჟე ჯაო ძიანს, რომელსაც პროტესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ სურდა.

სიმკაცრისა და სახელმწიფო მმართველობისადმი მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის მხრივ დენ სიაოპინი არ განსხვავდებოდა „სწრაფი მოდერნიზაციის“ სხვა აზიური მაგალითების ლიდერებისგან: სამხრეთ კორეელი პაკ ჩონ ჰისგან, ტაივანელი ჩან კაიშისგან თუ ჰონგკონგის ბრიტანელი გუბერნატორებისგან. ყველას ჰქონდა საერთო იდეა: არის პერიოდები, როდესაც სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნდამენტის შესაქმნელად საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. მას კი ამ ეტაპზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) უზრუნველყოფს მხოლოდ დიქტატურა, რომლის მთავარი პრობლემაც არის არა ადამიანის უფლებები და დემოკრატია, არამედ კორუფციასთან და მუშათა მოძრაობებთან ბრძოლა, რომლის წევრებიც 14 საათიანი სამუშაო დღის და შრომითი კანონმდებლობის არარსებობის გამო ფრუსტრაციას განიცდიან.[19]

დავა იმ საკითხზე, სწორი იყო თუ არა დენ სიაოპინი, როდესაც სოციალისტური პოლიტიკური სისტემა არ დაანგრია, დიდხანს შეიძლება. ყველაფრის მიუხედავად პოლიტიკური სტრუქტურა ჩინეთში დღემდე მშვენივრად უმკლავდება საზოგადოების მთავარ ამოცანებს: გამდიდრებას და XIX და XX საუკუნეების პირველ ნახევარში დაკარგული პოზიციების აღდგენას. დენ სიაოპინისთვის დემოკრატია იყო შიდაპარტიული ცნება. კომუნისტური პარტიის შიგნით, პასუხისმგებელ ადამიანებს შორის მისი წახალისება აუცილებელადაც კი მიაჩნდა. ხოლო ადამიანებს კომუნისტური პარტიის გარეთ უნდა ემუშავათ და თავი არ დაეტვირთათ სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე ფიქრით. რეფორმატორის ცნობიერებაში „ქვედა“ დემოკრატია ყოველთვის კავშირში იყო „კულტურულ რევოლუციასთან“. ეპოქასთან, როდესაც მმართველობისას მნიშვნელობა ჰქონდა არა ცოდნას და უნარებს, არამედ ქარიზმას და მომხრეთა დიდი რაოდენობის მობილიზებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აგრესიულ ძალად გადაიქცეოდა.

ჩააყენო საგარეო პოლიტიკა ეკონომიკის სამსახურში

მაო ძედუნის ეპოქის კომუნისტური ჩინეთი წარმოადგენდა ძალას, რომელიც შიშის ზარს სცემდა მეზობელ არაკომუნისტურ სახელმწიფოებს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ მემუარებში „მესამე სამყაროდან პირველში“ იხსენებს, რომ „კულტურული რევოლუციის“ დროს „რადიო პეკინის“ ტრანსლაციები მრავალათასიან დემონსტრაციებს იწვევდა.[20] კომუნისტური პარტია მხარს უჭერდა ამბოხებულებს მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვა ადგილებშიც, რითიც ცდილობდა მსოფლიო რევოლუციის მოახლოებას და მეგობრული რეჟიმების შექმნას. არსებობდა გლობალური ამბიციების გამოხატვის უფრო კეთილშობილური მაგალითებიც: 1956-1977 წლებში ღარიბმა ჩინეთმა 36 აფრიკულ ქვეყანას განვითარებისთვის საჩუქრად 2,5 მილიარდი დოლარი გადასცა.

დენ სიაოპინმა ორივე პროცესი შეაჩერა. დაასრულა რა პარტიზანული მოძრაობების მხარდაჭერა, მრავალმა მათგანმა 1980-იანი წლების ბოლოს პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. 1978 წლის შემოდგომაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტისას დენ სიაოპინმა მოუწოდა ყველა ეთნიკურ ჩინელს უარი ეთქვათ ჩინეთის მოქალაქეობაზე და მიეღოთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელშიც ცხოვრობდნენ.

დენი საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინელებს განიხილავდა ინვესტიციების და ტექნოლოგიების, ასევე იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესების წყაროდ, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ჩინეთის ახალი ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები „კომუნისტების მეხუთე კოლონის“ იმიჯისგან.

განვითარებადი ქვეყნებისთვის (უპირველეს ყოვლისა აფრიკის ქვეყნებისთვის) მხარდაჭერა 1978 წელს მკვეთრად შემცირდა და 1982 წელს ფაქტიურად შეწყდა. მკვლევარმა დებორა ბროტიგემმა დათვალა, რომ 1980 წელს გამოყოფილ იქნა 254 მილიონი დოლარის დახმარება, ხოლო 1981 წელს მხოლოდ 25 მილიონი დოლარის. 1984 წელს დახმარებები ნაწილობრივ აღდგა, თუმცა უკვე ახალი პირობებით: ჩინელები ხაზს უსვამდნენ პროექტების „ორმხრივ მომგებიანობას“, გრანტებიდან გადავიდნენ დაბალპროცენტიან კრედიტებზე და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სამუშაო თავად ჩინელების ხელით შეესრულებინათ. 1987 წელს ჩინეთის მიერ გამოყოფილი მთელი დახმარების 69% ასე თუ ისე ბრუნდებოდა ჩინეთში სპეციალისტების ხელფასების თუ ჩინური ტექნიკის შეძენის სახით. მომავალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ იზრდებოდა.[21]

უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ტაივანი. ჩინეთისგან 1949 წელს გამოყოფილი კუნძული, სადაც სამოქალაქო ომში დამარცხებული პარტია გომინდანის მომხრეები გადავიდნენ, დამოუკიდებლობას აშშ-ს ფლოტის დაცვის ხარჯზე ინარჩუნებდა. დენ სიაოპინი გარეგნულად უარს არ აცხადებდა კუნძულის მატერიკთან „შეერთების“ იდეაზე, თუმცა შერიგებისა და ტაივანური კაპიტალის მოზიდვისთვის არნახულ დათმობებზე წავიდა. 1983 წლის ივნისში მან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთების შემთხვევაში ტაივანი შეინარჩუნებდა საკუთარ არმიას, დიპლომატიური ურთიერთობების და იარაღის საზღვარგარეთ შეძენის უფლებას, ხელისუფლებას, სასამართლოსა და ეკონომიკურ სისტემას. ფაქტიურად, ტაივანს მხოლოდ უნდა ეღიარებინა პეკინის უპირატესობა ტაიპეიზე და შეეცვალა დროშა, თან არა ჩინეთის, არამედ რომელიმე სხვა, ნეიტრალურ დროშაზე.

აღნიშნული იდეისგან არაფერი გამოვიდა, თუმცა მშვიდობიანმა განწყობამ ტაივანთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება უზრუნველყო. 1990 წლიდან, როდესაც კუნძულის ხელისუფლებამ ჩინეთში ინვესტიციებზე შეზღუდვა მოხსნა, მატერიკი მათ მთავარ მიმღებად იქცა. დენის სამშვიდობო ინიციატივამ მიამაგრა ტაივანი ჩინეთს ათასობით ეკონომიკური ძაფით. 2017 წელს ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ კუნძულის მთელი ვაჭრობის 28%, ხოლო ჰონგკონგის ჩათვლით 41% შეადგინა. ეს მყარი კავშირები ტაიპეის ანტიჩინური გამოხტომებისთვის ბუნებრივი ბარიერის როლს ასრულებს და კუნძულის მატერიკის პოლიტიკურ ორბიტაზე თანდათანობით გადანაცვლებას უზრუნველყოფს. ურთიერთობების არჩეულმა ვარიანტმა ორივე მხარის გამდიდრება გამოიწვია.

კოლექტიური ცნობიერება

ამერიკელმა მწერალმა მაიკლ ჰოპფმა თქვა: „მძიმე დროება ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან უკეთეს დროებას, უკეთესი დროება ქმნის სუსტ ადამიანებს, სუსტი ადამიანები ქმნიან რთულ დროებას“. 1970-იანი წლების ბოლოს ჩინელი რეფორმატორების თაობამ გაიარა რთული გამოცდა და სურდა მომავალი თაობისთვის საკუთარი გამოცდილება თავიდან აეცილებინა. მათთვის მთავარი საფრთხე იყო დიქტატურაში დაბრუნება, ამიტომაც სერიოზული პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად ხუა გოფენი, დენ სიაოპინი, ჩენ იუნი, ე ძიანინი, ლი სიანიანი და სხვები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, თუმცა დამარცხების შემთხვევაში მაო ძედუნის მსგავსად „ახალი მეამბოხე არმიის შექმნას და პეკინის კვლავ დაკავებას“ არ აპირებდნენ. ქვეყნის ბედისწერაზე კოლექტიურმა პასუხისმგებლობამ გამოიყვანა ჩინეთი ჩიხიდან, რომელშიც იგი ერთი ადამიანის შეუზღუდავმა ძალაუფლებამ შეიყვანა.

„ჩინური ეკონომიკური სასწაულის“ სხვა ქვეყნებში გამეორება შეუძლებელია: იგი სპეციფიურმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა უზრუნველყო. თუმცა პრინციპებს, რომელსაც 40 წლის წინ რეფორმები დაეფუძნა, საკუთარი ღირებულება გააჩნია და მათი გამოყენება კულტურის თუ არსებული გარემოს მიუხედავად სხვაგანაც შეიძლება.

[1] Becker, Jasper, Hungry Ghosts: China’s Secret Famine, John Murray (London: 1996)

[2] Stewart, Whitney. Deng Xiaoping: Leader in a Changing China. Twenty-First Century Books. 2001

[3] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[4] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[5] Baum Richard. Burying Mao: Chinese Politics in the Age of Deng Xiaoping. Princeton University Press. 1996

[6] Baum Richard. Burying Mao: Chinese Politics in the Age of Deng Xiaoping. Princeton University Press. 1996

[7] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[8] Harding Harry. China’s Second Revolution: Reform after Mao. Brookings Institution Press. 2010

[9] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[10] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[11] Shambaugh David. Deng Xiaoping: Portrait of a Chinese Statesman. Clarendon Paperbacks. 1995

[12] Shambaugh David. Deng Xiaoping: Portrait of a Chinese Statesman. Clarendon Paperbacks. 1995

[13] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[14] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[15] Goodman David S.G. Deng Xiaoping and the Chinese Revolution: A Political Biography. Routledge. 1994

[16] Pantsov Alexander, Levine Steven I. Deng Xiaoping: A Revolutionary Life. Oxford University Press. 2015

[17] Hagstrom Linus. Japan’s China Policy. A Relational Power Analysis. Routledge. 2005

[18] Vogel Ezra F. Deng Xiaoping and the Transformation of China. Belknap Press: An Imprint of Harvard University Press. 2013

[19] Vogel Ezra F. Deng Xiaoping and the Transformation of China. Belknap Press: An Imprint of Harvard University Press. 2013

[20] Kuan Yew Lee. From Third World to First: The Singapore Story – 1965-2000.  Harper; 1st edition. 2000

[21] Brautigam Deborah. The Dragon’s Gift: The Real Story of China in Africa. Oxford University Press. 2011

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი