გიორგი ქვილითაია - არჩევანი „ანორთოსისზე“ იმიტომ გავაკეთე, რომ იქ მიცნობენ და მეტი შანსი მექნება
გიორგი ქვილითაია - არჩევანი „ანორთოსისზე“ იმიტომ გავაკეთე, რომ იქ მიცნობენ და მეტი შანსი მექნება

გიორგი ქვილითაიამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ კარიერის კვიპროსში გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისიდან“ პოლონეთში წასული ნიკა კაჭარავას ჩანაცვლება საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ მეორე თავდამსხმელით გადაწყვიტა.

„ჯერ ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია. კვიპროსში ჩავფრინდები და სამედიცინო შემოწმებას ადგილზე გავივლი. თუ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შევთანხმდებით, ხელშეკრულებას გავაფორმებ და „ანორთოსისს“ ერთწლიანი იჯარით შევუერთდები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის გამო გადადგა.

„ძალიან დიდი ხანია ველოდებოდი „გენტში“ ჩემს შანსს, რომელიც არ მომეცა. უთამაშებელი ვარ, პრაქტიკა არ მაქვს და მოდი პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ნაკრების ბოლო შეხვედრაზე (ჩრდილოეთ მაკედონიასთან) მეტყობოდა. აქედან გამომდინარე არჩევანი „ანორთოსისზე“ გავაკეთე – იმიტომ, რომ იქ ნაცნობი გარემოა, მიცნობენ და მჯერა უფრო მეტი შანსი მექნება, ვიდრე სხვაგან. მე კი პრაქტიკა მჭირდება, ნაკრებს ბელარუსთან მატჩში რომ დაევხმარო“, – აცხადებს პირველ არხთან 27 წლის ფორვარდი.