სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 14 სკოლის მოსწავლეა
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 14 სკოლის მოსწავლეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 სკოლის მოსწავლეა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ინგირის, დიდინეძის და ქალაქის რამდენინე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

თორიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის სამივე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. რაც შეეხება ქალაქის საჯარო სკოლებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში სწავლობდნენ. მუნიციპალიტეტის სკოლებში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მალხაზ თორიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთის მცხოვრებია, მათ ბათუმთან ჰქონდათ შეხება. ინფიცირებულებს შორის ერთი მარტვილიდანაა, ერთი საბერიოს კლასტერს, ხოლო ერთი შემთხვევა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.

27 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 200 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან ერთი ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, ერთი მარტვილელია, სამი არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს“, –  განაცხადა მალხაზ თორიამ.

ამასთან, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცში ჯამში 173 ადამიანი იმყოფება.

გარდა ამისა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.