ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური იმყოფებოდა
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური იმყოფებოდა

მშობლის წერილის საფუძველზე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურმა შემოწმება ჩაატარა.

ინფორმაციას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე ადასტურებს.

როგორც “პირველი არხის” კორესპონდენტს ვაშაკიძემ განუცხადა, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლა შემოწმებისთანავე დატოვეს.

“ეს ინფორმაცია სკოლაში გადავამოწმე. როგორც მითხრეს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ სკოლაში და რაიმე დოკუმენტი, რაც დარღვევას დაადასტურებდა, არ აღმოუჩენიათ. შესაძლოა, მოკვლევა კიდევ გაგრძელდეს”, – განუცხადა “პირველ არხს” ვაშაკიძემ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ უარყოფს სკოლაში რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცალსახად კანონდარღვევა არ არის.

“არასწორია იმაზე საუბარი, რომ მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მათთან დამატებით მომზადებას ავალდებულებენ. ამის ფაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამას ვერ დაგიდასტურებთ. თუმცა ფაქტია, რომ პედაგოგების უმრავლესობა ბავშვებს ამზადებს. ეს კანონდარღვევა არ არის, ეს არის ქვედა დინება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. სასურველი იქნებოდა, რომ ხდებოდეს აღრიცხვა, რომელი რეპეტიტორი რამდენ ბავშვს ამზადებს. ხდება ისეც, რომ რეპეტიტორები მოსწავლეებს საგაკვეთილო პერიოდშიც იბარებენ, რაც სკოლის სასწავლო პროცესს ანგრევს. ვცდილობთ, დაფიქსირდეს ის მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესის დროს ამზადებს მოსწავლეებს, გაკვეთილს უნიშნავს თავის სახლში თუ ნაქირავებ ოთახში, ძირითადად, ეს ხდება მეთორმეტეკლასელების შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ გავამკაცრეთ სკოლაში დასწრების აღრიცხვა”, -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

სკოლის ერთ-ერთი მშობელი ლელა თოლორდავა სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პირადად ესაუბრა, რომელიც პრობლემის მოგვარებას დაპირდა.