დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრი ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წელი და ექვსი თვე.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, სასამართლომ შეაჯამა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებები და „მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულებები აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და გიორგი მენაბდის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“.

„გიორგი მენაბდე ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის, ანუ არასრულწლოვნის ჯგუფურად მკვლელობისთვის და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ 10 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ – გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და სამი თვის ვადით აქვს მისჯილი.