არჩილ ბერიძე - დღეს გადაწყდა, „ბათუმი-არენა“ პირველ მატჩს 21 ნოემბერს მიიღებს
არჩილ ბერიძე - დღეს გადაწყდა, „ბათუმი-არენა“ პირველ მატჩს 21 ნოემბერს მიიღებს

„დიახ, საბოლოოდ დღეს გადაწყდა, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.

ბათუმის არენა მაღალი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩებისთვის მასპინძლობაზეა გათვლილი, რადგან უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და 20 ათას მაყურებელს იტევს. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მისი გახსნა ორჯერ გადაიდო. ამიტომ ოქტომბრის ბოლოს, ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გახსნეს.

„სტადიონზე პირველი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „დილას“ შორის გაიმართება. ეს მე-16 ტურის შეხვედრაა. ამ დღეს დიდხანს ველოდით, გვსურდა, 20 ათასი ადამიანით გადაჭედილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებამ უმაყურებლო სტადიონი მოიტანა. მაგრამ იმედია, პანდემია მალე გადაივლის და ახალი არენა გადაივსება“, – აცხადებს ბათუმის კლუბის პრეზიდენტი.

მისი თქმით, სტადიონის გახსნას ხალხი დიდი ხანი ელოდა:

„ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბათუმი ასეთ სტადიონს 15 წელი ელოდა და ამ დღეს მოვესწარით. მის მშენებლობაზე სახელმწიფომ დაახლოებით 150 მილიონი დახარჯა. საქართველოში კი არა, ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეული არენა გვაქვს და ახლა ვიძახით, რომ უმაყურებლოდ რატომ გაიხსნაო. ვინც გახსნა, ყველაზე მეტად არ სურდა, რომ ხალხი შესულიყო? სამწუხარო ისაა, რომ ეპიდემია მთელი მსოფლიოს პრობლემაა“, – ამბობს ბერიძე.