ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა

საქართველოს და საფრანგეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად შექმნილია დიალოგის ფორმატი, რომელიც ცნობილი ქართველი ემიგრანტის სახელობის იქნება. ეს არის დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი, რომლის შექმნა დღეს პარიზში საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დეკლარაციის ხელმოწერით დაადასტურეს.

ცერემონიამდე სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა, რა დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო. ქვეყანა, რომლის შუამავლობით 11 წლის წინ რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხუთპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მოსკოვს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები, ასევე დაუშვას ევროკავშირის მისია ოკუპირებულ რეგიონებში. რუსეთის მიმართ დღეს მაკრონის ტონი განსაკუთრებით მწვავე იყო.

ანა ბროლაძე პარიზიდან.