BBC-ის პოპულარული სატელევიზიო პროექტი “სპიკერი” საქართველოში პირველად 2011 წელს გაიმართა. პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალი 25 დეკემბერს შედგა და საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერის ტიტული ნინი ხვედელიანს მიენიჭა. სპიკერის მეორე სეზონი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 25 ნოემბერს დაიწყო. პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებული კი 3 თებერვალს გამოვლინდება.
პროექტის შესახებ
პროექტი რამდენიმე ეტაპად იყოფა. თითოეულ ეტაპზე კონკურსანტებს განსხვავებული დავალებები მიეცემათ, რომელთა შესრულებაშიც მათ კონსულტაციებს პროფესიონალი მენტორები გაუწევენ. კონკურსანტებს პროექტის ყველა ეტაპზე შეაფასებენ: გიგი თევზაძე, გია მურღულია და თამარ ფხაკაძე. მენტორების ვინაობას კი მონაწილეები პროექტის მიმდინარეობის დროს გაეცნობიან.
ჟიურისა და მენტორების გადაწყვეტილებით, ყოველ მომდევნო ტურში მხოლოდ საუკეთესო მონაწილეები გადავლენ.
პროექტის ფინალში სამი კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულს საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპიკერის ტიტული მიენიჭება და ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF–ის დაფინანსებით ის სასწავლებლად საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.