სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა კიდევ ორ პირს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სხდომის დაწყებიდან მოკლე ხანში, პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორის რეპლიკას დარბაზში მყოფი ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ტაში მოყვა.

ბრალდებულ გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატმა სამი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. კიდევ ერთი ბრალდებულის, თორნიკე დათაშვილის ადვოკატმა კი, სასამართლოს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ასევე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი.

ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. ამავე საქმეზე არიან დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი.