პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი [ფოტო]
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი [ფოტო]

პარლამენტთან აქციაზე, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა. პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეებს პოლიციელები გზის გადაკეტვას უკრძალავდნენ, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე პოლიციელთა დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

ღამის კლუბებში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათის წინ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს. შსს-ში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.