English Version

ბათუმში "ქართული ოცნების" აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა

5 აგვისტო | 16:47 ამობეჭდვა    გადმოტვირთე

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია "ქართული ოცნების" აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და სცენა მზად არის.

საოცრებათა მოედანზე უკვე დამონტაჟებულია გახმოვანების სისტემა და ეკრანი, რომელზეც აქციის ტრანსლირება მოხდება. მოედანზე იკრიბებიან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

აქციის მიმდინარეობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" დღევანდელ აქციაზე ბათუმში მთავარი გამომსვლელი იქნება. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, აქტივისტებთან ერთად, აჭარას გუშინ ეწვია და კურორტ ბეშუმში ავიდა, სადაც მოსახლეობა შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავდა.

დღესასწაულს მანამდე საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, ივანიშვილი კი ადგილზე მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მივიდა. ივანიშვილისა და კოალიციის მაისურებში გამოწყობილი აქტივისტების გამოჩენას მოსახლეობაში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" ლიდერმა, ხელვაჩაურის გამგებლის მოწოდებით, თავზე "ნაციონალური მოძრაობის" ქუდი დაიხურა.

შუამთობის დღესასწაულს ივანიშვილი და "ქართული ოცნების" აქტივისტები აღარ დაესწრნენ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ მათ ტერიტორია მალევე დატოვეს.