English Version

ლონდონის ოლიმპიადა გრძელდება

31 ივლისი | 16:18 ამობეჭდვა

ლონდონის ოლიმპიადა გრძელდება
ლონდონის ოლიმპიადა გრძელდება. ასპარეზობა რამდენიმე წუთის წინ კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა დაასრულა.

ძიუდოში 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ამერიკელ სტივენ ტრავისთან დამატებით დროში დათმო.

მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ კი შეძლო პირადი რეკორდის გაუმჯობესება, თუმცა ეს ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ წუთებში საკუთარ გამოსვლას იწყებს მშვილდოსანი კრისტინა ესებუა, მოგვიანებით კი ანა ტატიშვილი რუს ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგის მეთექვსმეტე ნომერს ნადეჟდა პეტროვას დაუპირისპირდება.

ქართველი ოლიმპიელები გამოსვლას სპორტის სხვა სახეობებშიც განაგრძობენ. გვიან საღამოს დასრულდა ჩოგბურთში წყვილთა თანრიგში ანა ტატიშვილის და მაკა ჩახნაშვილის დუეტის თამაში, რომლებმაც ასპარეზობა სლოვენიელ სპორტსმენებთან დათმეს.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ანდრეა კლეპაჩსა და კატარინა სრებოტნიკთან პირველი სეტი უშეღავათო ბრძოლაში, ტაი-ბრეიკზე 6-7 დათმეს. მეორე სეტში ქართველმა გოგონებმა მეტოქე უშანსოდ დატოვეს, სეტი 6-3 მოიგეს და მატჩშიც საერთო ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

გადამწყვეტ პარტიაში ქართულ დუეტს დაღლა დაეტყო, შეცდომებმა იმატა და საბოლოოდ, მარცხი: სეტში 2-6; მატჩის საერთო ანგარიში 1:2 დასრულდა.