English Version

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მეცამეტე ადგილზეა

30 ივლისი | 16:32 ამობეჭდვა

მეცამეტე ადგილი 204 ქვეყანას შორის - საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე მასპინძელ ბრიტანეთსა და ტრადიციულ ფავორიტ იაპონიას უსწრებს. ამ ქვეყნებმა ჯერ ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს.

მიღებული წარმატებისა და მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი ტურნირის ფავორიტს, სამხრეთ კორეელ ათლეტს დაუპირისპირდა და პირველივე ასპარეზობისას დამარცხდა.

თუმცა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოლიმპიური მედლებისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ოთხი წარმომადგენელი იბრძოლებს. ასევე ასპარეზობისთვის ემზადებიან ქართველი ჩოგბურთელებიც.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. მან ფინალში მასზე 12 წლით უფროს უნგრელ მიკლოშ უნგვარს სძლია და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილს და მასთან ერთად მთელ საქართველოს გამარჯვება პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე მიულოცა და ახალგაზრდა სპორტსმენს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთელ საქართველოსთან ერთად, შავდათუაშვილის გამარჯვებას მისი ოჯახის წევრები და თანასოფლელები პირველი არხის ეთერით უყურებდნენ. ქართველი სპორტსმენის წარმატებულ ასპარეზობას კარალეთში მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.

ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ მილბენკის ქუჩაზე ქართული სახლი გაიხსნა. საღამოზე მიწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას გამარჯვებული ოლიმპიელიც დაესწრო. ლაშა შავდათუაშვილს მიღწეული წარმატება ყველა სტუმარმა მიულოცა.

საღამოზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებმა ქართული კულტურის ნიმუშები დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს. ანსამბლმა "შვიდკაცამ" და "კავკასიონმა" ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

ქართულ სახლში მისულ დამთვალიერებელს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნიკო ფიროსმანის ნახატის - "მეთევზისა" და ჩვენი ქვეყნის ისტორიის გაცნობა შეეძლება. ქართული სახლის დიასახლისი ნანა ალექსანდრიაა.