English Version

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში, სპეციალურ ბრიგადებთან და შეიარაღებული ძალების რეზერვისტებსა და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მომსახურეებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

დღეს საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. რეგიონში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

დაზარალებულ სოფლებს ბუნებრივი აირი და წყალი უკვე მიწოდება, მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგებაზეც. რეგიონის ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილი აქვს.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150- კაციანი ჯგუფიც ჩაერთო. მოხალისეები რეგიონში დილით ჩავიდნენ.

სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს იმ სტუდენტებმაც, რომლებიც კახეთის რეგიონში საზაფხულო დასაქმების პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ.

დაზარალებული მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტებისა და ვენახის შესაწამლი ქიმიური ნივთიერებების დარიგების პარალელურად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული სახლების აღდგენა-გამაგრება და გადახურვა.
სტიქიის ზონაში უკვე ჩატანილია სამშენებლო მასალა, რითიც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს.

კახეთის 4 სოფელში ჩავიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები. შაშიანში, კალაურში ვაჩნაძიანსა და ვანთაში პრეზიდენტი ადგილობრივებს გაესაუბრა და მთავრობის ინიციატივები გააცნო.

მათ შორის ისაუბრა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სასურსათო დახმარებაზე, რაც მოიცავს ფქვილის, შაქრისა და ზეთის დარიგებას. პრეზიდენტი გაეცნო საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესსაც. პრეზიდენტმა დღეს ვანთაში ხელისუფლების კიდევ ერთი ინიციატივაც გააჟღერა.

კრედიტების გადავადების მსგავსად, მოხდება სწავლის ქირის გადახდის გადავადებაც იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.