English Version

სტიქია რეგიონებში

სტიქიამ საქართველოს რეგიონები დააზარალა. დატბორილი და დანგრეული საცხოვრებელი სახლები, განადგურებული მიწები, დახოცილი პირუტყვი და ჩახერგილი მაგისტრალები - წვიმამ, სეტყვამ და ძლიერმა ქარიშხალმა ზიანი მიაყენა მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთს.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთის რეგიონშია. აქ დატბორილია სოფლები, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით აბონენტი. გურჯაანში სტიქიამ სრულად გაანადგურა ნათესები და დახოცა შინაური პირუტყვი. გასაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რაიონის რამდენიმე სოფელში: ვაზისუბანში, ვაჩნაძიანში, შაშიანსა და კალაურში. რთული ვითარებაა თელავშიც, სადაც მოშლილია კომუნიკაციები, ჩამონგრეულია რამდენიმე სახლის კედელი და გადახდილია შენობების სახურავები.

წვიმამ და სეტყვამ დააზარალა დუშეთის რაიონიც. ბულაჩაურის გზაზე რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. პარალიზებულია ორი შიდა გზა. მოსახლეობას მთლიანად გაუნადგურდა მოსავალი და დახოცილია პირუტყვი. მცხეთა-მთიანეთის რამდენიმე სოფელში წაქცეული ხეების გამო გზები ჩაიხერგა და გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხდება.

სამცხე-ჯავახეთში კი კოკისპირულმა ნალექმა ახალციხის, ასპინძისა და ვალეს რაიონები დააზარალა. სტიქიისაგან დაზარალებულ რეგიონებში პრობლემების მოსაგვარებლად უკვე შეიქმნა საგანგებო შტაბი. სალიკვიდაციო სამუშაოები დაზარალებულ რაიონებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე მუშაობს სპეციალური კომისიებიც, რომლებიც ზარალს ითვლიან.

კახეთში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, დილიდან იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კახეთშია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც რეგიონში საგანგებო სხდომა ჩაატარა.

მოსახლეობისაგან შექმნილ ვითარებაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა საგანგებო შეხვედრა რაიონის გამგებლებთან გამართა და მათ სპეციალური დავალებები მისცა.

მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა მცხეთა-მთიანეთშიც. აქაც განადგურებულია მოსავალი და დახოცილია შინაური ფრინველი. ძლიერი წვიმის გამო ჩაიხერგა ბულაჩაურისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი, სადაც სპეციალური სამუშაოების შემდეგ მოძრაობა უკვე აღდგენილია.

სტიქიის შედეგად რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს რამდენიმე სოფელი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რაიონის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა დუშეთის რაიონშია. აქ შვიდი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. მოსახლეობა რაიონულ ცენტრს ვეღარ უკავშირდება. ადიდებულმა მდინარემ აქ სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ჩამოშალა. შვიდი სოფლის მოსახლეობა, მათ შორის წითურების, ახალი ოსებისა და ზემო უბანის მცხოვრებლები კომუნიკაციის აღდგენას და რაიონში მძიმე ტექნიკის ჩასვლას ელოდებიან. სპეციალური ტექნიკის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება პირველადი სამუშაოები, რათა სოფელი ცენტრს დაუკავშირდეს.