English Version

ლილოში საგანგებო სიტუაციების ჯგუფები მუშაობენ

4 ივლისი | 16:12 ამობეჭდვა

ლილოში, ქლორის გაჟონვის ადგილთან ამ დრომდე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. სპეციალისტები ჰაერში მომწამვლელი ნივთიერების დონეს ამოწმებენ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან შემოწმების შედეგად ჰაერში საშიში ნივთიერებები არ აღმოჩნდა, თუმცა სიტუაციის საბოლოოდ შეფასების მიზნით, კვლევითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში კი ამ დრომდე ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობენ. საერთო ჯამში, მოიწამლა 73 ადამიანი. მათი ნაწილი უკვე სახლში გაწერეს. ამ დრომდე მძიმე რჩება 18 წლის ახალგაზრდის, ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა, რომელიც ისევ კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შემთხვევა ლილოში, საქნავთის დასახლებაში ღამით, დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი კომპანია "კრისტალის" კუთვნილი 800-ლიტრიანი ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა.

მწყობრიდან გამოსული ავზის გადატანის დროს კიდევ ერთი გაჟონვა მოხდა, თუმცა სპეციალისტებმა მისი უსაფრთხო ადგილზე მოთავსება მაინც მოახერხეს.

შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები კომპანია "კრისტალის" შენობაში, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.