English Version

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო ფრაქციებში განიხილავენ

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ამ წუთებში საპარლამენტო ფრაქციებში განიხილავენ. მსჯელობას თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ახალ სამთავრობო გუნდთან ერთად ესწრება.

მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემაც მოუწევთ. მთავარი საკითხები, რაც ოპოზიციას აინტერესებს, არის ის, თუ როგორ აპირებს აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი შემადგენლობა უმუშევრობასთან და სოციალურ პრობლემებთან გამკლავებას.

კანდიდატებზე უკვე იმსჯელეს
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზეც, რომელიც დღეს სპეციალურად დაინიშნა. დღესვე საღამოს შვიდ საათზე ჩანიშნულია საგანგებო ბიუროც, რომელზეც გადაწყდება თუ როდის დაინიშნება პლენარული სესია, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრა მოეწყობა.

საპარლამენტო ფრაქციებსა და გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იმსჯელეს დღეს ახალ სამთავრობო გეგმაზეც. ახალი სტრატეგია კანონმდებლებს თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარუდგინა.

ვანო მერაბიშვილმა სტრატეგიის სამ მთავარ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის განსახორციელებელ ამოცანებზე ისაუბრა. მერაბიშვილმა დღეს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.


მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაასახელა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია, მას ამ პოსტზე დიმიტრი შაშკინი შეცვლის, განათლების მინისტრის თანამდებობაზე კი განიხილება ხატია დეკანოიძის კანდიდატურა. დალი ხომერიკი დევნილთა და განსახლების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.

დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი კი პაატა ტრაპაიძეა. მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციისა და მოქმედი კანონის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კონსულტაციის შემდეგ განახლებული გუნდის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა.

პრესსპიკერმა მთავრობის ახალ გეგმაზე და დოკუმენტში განსაზღვრულ სამ ძირითად მიმართულებაზეც ისაუბრა.