დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. "მოამბე" პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან მუშაობს. იმ ისტორიული ქალაქიდან, რომელიც მალე საპარლამენტო დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გახდება. აქ დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა.
ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და წმინდა სინოდის წარმომადგენლები, მთავრობის სრული შემადგენლობა, ქვეყნის პირველი ლედი და სხვა საპატიო სტუმრები.
საქართველო დღეს ახალ ისტორიას წერს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში პირველ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიღება დიდი გამბედაობა იყო.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის პარლამენტი ისევე იქცევა ერთიანობის სიმბოლოდ, როგორც თავის დროზე ბაგრატის ტაძარი იყო.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლამდე, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მშენებარე შენობაში ბოლო შუშა სიმბოლურად ჩასვეს.
პარლამენტის შენობის პროექტის ავტორმა, ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ შექმნა სპეციალური კონცეფცია, თანამედროვე არქიტექტურა ტრადიციული ქართული ელემენტებით. 7-სართულიანი შენობა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სიმბოლოს აერთიანებს 4 ათას ჰექტარზე გაშლილი კომპლექსის შუაშია განთავსებული.
შუშით მოპირკეთებულ ნაგებობას აქვს 40 მეტრის სიმაღლის მინის გუმბათი. მინის ჭერი, რომელიც საქართველოს რუკის გამოსახულებით მოხატეს. შენობაში არის 271 კაბინეტი და 11 საკონფერენციო დარბაზი.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის შიდა ფართობი 4200 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შუშის, ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციით არის აშენებული. ფასადი დამზადებულია 4-ფენიანი მინისგან, რომელიც შენობის შიგნით მუდმივ და სტაბილურ კლიმატს უზრუნველყოფს. კამარის მოსაპირკეთებლად კი გამოყენებულია ფიბრობეტონი, უახლესი სამშენებლო მასალა, რომელიც განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. პარლამენტს 2 შესასვლელი აქვს, ერთი დეპუტატებისთვის, მეორე კი საზოგადოებისთვის. მისი ფასადი ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ ხელისუფლების გამჭვირვალობისა და სიძლიერის სიმბოლოდ ჩაიფიქრა.
სიმბოლურია პარლამენტის შიდა დიზაინიც. სხდომათა დარბაზი საქართველოს დროშის წითელ და თეთრ ფერებშია, ჭერზე კი ქვეყნის თითოეული რეგიონის რუკაა გამოსახული. 150 დეპუტატზე გათვლილი დარბაზი მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა.
თითოეული დეპუტატისთვის გამოყოფილია მიკროფონი და სენსორული ეკრანი, რომლის დახმარებითაც მათ დღის წესრიგისა თუ კანონპროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება პარლამენტის სხდომების გაშუქებაც.
ჟურნალისტებს სხდომის გადაღება აღარ მოუწევთ, ამას გააკეთებენ კომპანია "სონისა" და "პანასონიკის" მიერ დამონტაჟებული კამერები, რომლებიც დეპუტატის გამოსვლისთანავე ავტომატურად ჩაირთვება. სულ შენობაში დამონტაჟებული იქნება 42 კამერა და შესაძლებელი გახდება ერთდროულად 6 სხვადასხვა ტრანსლაციის განხორციელება.
სულ პარლამენტში 217 კაბინეტია, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტისა და ბიუროს ოთახები. ყველა სამუშაო ოთახი და შენობის გარშემო მდებარე პარკი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობის არჩევის დროისთვის, ოქტომბერში დასრულდება.
სხდომის შემდეგ ამ ქალაქში პირველად გაივლის ქართული ჯარი. პარლამენტის ახალი შენობის წინ სამხედრო აღლუმში არმიის ყველა დანაყოფი მიიღებს მონაწილეობას.
"დამზადებულია საქართელოში"- ეს ფრაზა დღეს ქუთაისშიც აქტუალურია. სამხედრო აღლუმზე პირველად გამოაქვთ ახალი ტექნიკის რამდენიმე სახეობა. "დიდგორის" სამი ვარიანტიდან უახლესი მოდელი აღლუმზე პირველად გამოჩნდება. ასევე გამოიტანენ საქართველოში დამზადებულ "ლაზიკას", საარტილერიო დანადგარებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და ასმილიმეტრიან ყუმბარმტყორცნებს. სამხედრო აღლუმს ავიაცია დაასრულებს.
აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ქართული არმიის ყველა დანაყოფი, შეიარაღება, მძიმე ტექნიკა, სხვადასხვა კალიბრის ჰაუბიცები, მუხლუხოიანი ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია.
დამოუკიდელობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში პირველად ჩამოვიდა 5 ქვეყნის სმხედრო ორკესტრი. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შეიქმნა ნაწარმოები. ბრიტანელი კომპოზიტორის მარშს შეასრულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი.
დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებს კლასიკური მუსიკის კონცერტი დაასრულებს. ქუთაისში უკვე ჩასული არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ცნობილი ამერიკელი მევიოლინე ქეროლაინ ქემბელი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ნინო სურგულაძე. შესრულდება შოპენის საფორტეპიანო კონცერტი და გია ყანჩელის მუსიკა.
პარლამენტის გვერდით უკვე გამზადებულია სპეციალურად დამონტაჟებული სცენა. კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყება. საღამოს ფერიერვერკი დაასრულებს.
დღეს საზეიმო ღონისძიებებია დედაქალაქშიც. თავისუფლების მოედანი მოვლენების ეპიცენტრია. "დამზადებულია საქართველოში" - დღეს 250 კომპანია ამ საერთო ნიშნით გაერთიანდა და საკუთარი ქართული წარმოების ქუჩაში გამოტანა გადაწყვიტა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "სამრეწველო აღლუმის" ფარგლებში გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა.
პრეზიდენტი თავდაპირველად სამხედრო ტექნიკის პავილიონთან მივიდა, ბავშვებთან ერთად ჩაჯდა ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკაში", ჯავშანმანქანა "დიდგორში", სამხიდიან დაჯავშნულ მანქანაში და საქართველოში დამზადებულ 4-ადგილიან და 7-ადგილიან თვითმფრინავებში. პრეზიდენტი მოქალაქეებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
მრეწველობის აღლუმზე "დამზადებულია საქართველოში" დღეს თბილისის მერი დილიდან მივიდა. გიგი უგულავამ პირველად 9 აპრილის ბაღში გამართული ყვავილების ფესტივალი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ასეთმა გამოფენამ ტრადიციული ხასიათი უნდა მიიღოს. ყვავილების ფესტივალის შემდეგ დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირი ფეხით მოიარა.
მან ყველა კომპანიის პავილიონში გამოტანილი პროდუქტი დაათვალიერა და მათი დამზადების ტექნოლოგიას უშუალოდ მწარმოებლებისგან გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, მრეწველობის აღლუმს დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიებისთვის, რადგან მათ პროდუქტს ამ გზით საზოგადოება გაიცნობს და ასევე შეუწყობს ხელს ნაწარმის ექსპორტზე გატანას.
9 აპრილის სახელობის ბაღში ტრადიციული "ყვავილების ფესტივალი" ტარდება.
ღონისძიებებს დაასრულებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი, რომელიც განახლებულ მარჯანიშვილის მოედანზე 21 საათზე დაიწყება.
ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებით წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ეროვნულ-ნაციონალური პროგრამა. კონცერტს მუსიკალურ თანხლებას გაუწევს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს და ქართველ ხალხს ულოცავნ მსოფლიო ლიდერები. საგანგებო განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების მთავრობამ. ცნობილი გახდაისიც, რომ საქართველოში ჩამოდის ამრიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

