English Version

სანდრო გრიგოლია ქართველმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

3 მაისი | 16:14 ამობეჭდვა

ჰოლანდიაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული სანდრო გრიგოლია ქართველმა სამართალდამცველებმა დაკითხეს. ის დანაშაულს აღიარებს და ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

საქართველოს ძალოვანი უწყება აღიარების ოპერატიულ ვიდეომასალასაც ავრცელებს, სადაც დამნაშავე მომხდარის დეტალებს იხსენებს.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, დამნაშავის ექსტრადირება ჰოლანდიაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში განხორციელდება, როდესაც ტექნიკური დეტალები მოგვარდება.

სანდრო გრიგოლია ქართველ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის ნიდერლანდების საელჩოში მივიდა, სადაც დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც კრიმინალი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდა ჰოლანდიის მოქალაქეა, ამიტომაც მისთვის ბრალის წაყენება და გასამართლება ჰოლანდიაში, ადგილობრივი კანონმდებლობით მოხდება. დანაშული, რომელიც მან ჩაიდინა, 25 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

სანდრო გრიგოლიამ, თანამზრახველთან ერთად, ჰააგის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვა, იუველირი კი მოკლა.