English Version

აშშ-ის კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს

შეერთებული შტატების კიდევ ერთი მხარდაჭერა საქართველოს - მაკკეინმა კლინტონს ოფიციალური წერილით მიმართა.

"ჩიკაგოს სამიტი შესანიშნავი შანსია გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში წევრობის მიმართ. მოგიწოდებთ განაგრძოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს ძალისხმევა და დემოკრატიული განვითარება ნატოსკენ მიმავალ გზაზე",- ეს არის ტექსტის შინაარსი, რომელიც ყველაზე გავლენიანი სენატორისგან სახელმწიფო მდივანმა მიიღო.

წერილში ასევე საუბარია ჩვენი ქვეყნის წვლილზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა კონგრესშიც. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ნატოსა და ევროპული საკითხების კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო ნატო-ს წევრი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს წარმომადგენელთა პალატის წევრებმაც.

შეერთებული შტატების მორიგ მხარდაჭერას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შტატები მუდმივად აფიქსირებს, რომ ჩვენი ქვეყანა მისი სტრატეგიული პარტნიორია და მოუწოდებს მსოფლიოს მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტსა და სწრაფვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

კანონმდებლების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორისა და კონგრესის განცხადებები ჩიკაგოს სამიტის წინ მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოსთვის, ასევე, მსოფლიოსთვის.

ამერიკამ კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და მისი ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია.