საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

205

მასშტაბური სამხედრო წვრთნები - რატომ იწვევს დასავლეთის უკმაყოფილებას რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სწავლება

გივი ბარამიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 20:45:00

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“, რომელიც 14 სექტემბერს იწყება, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების უკმაყოფილებას იწვევს.

აღმოსავლეთ ევროპაში ფიქროებენ, რომ მსგავსი მასშტაბის სამხედრო სწავლება შესაძლოა, რეალური საბრძოლო მოქმედებების მომზადების საფუძველი გახდეს. სამხედრო სწავლება პირველად არ ტარდება, შეიძლება ითქვას, უკვე რუტინული სახეც მიიღო. გასულ წლებში წვრთნებს რუსეთის მეზობლების მხრიდან მსგავსი რეაქცია არ გამოუწვევია, თუმცა 2013 წლის სწავლების შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. აღმოსავლეთ ევროპაშიც ბევრი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების შესახებ ეჭვები გამართლებულია.

2014 წელს, ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება განახორციელა. შემოწმება ძირითადად უკრაინის საზღვართან განლაგებულ სამხედრო ნაწილებს შეეხო, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა რუსმა სამხედროებმა მიიღეს. დღესდღეობით ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ ეს სწავლება იყო ნახევარკუნძულზე სამხედრო ოპერაციის მოსამზადებელი ეტაპი.

„დასავლეთი 2017“-ის დაწყებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის სამხრეთში (კრასნოდარის მხარეში, ადიღეასა და სტავროპოლის მხარეში) 49-ე არმიის ნაწილების წვრთნა დაიწყო, რომელშიც 700 ჯარისკაცი და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. უკრაინაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მოქმედება შესაძლო აგრესიის ნიშნებს შეიცავს. 


მასშტაბური წვრთნები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „დასავლეთი 2017“ რუსეთსა და ბელარუსის პოლიგონებზე 14-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება. ოპერაციის აქტიური ფაზა 17-დან 19 სექტემბრამდე ბელარუსში იქნება. სამხედრო წვრთნებში ორივე ქვეყნიდან 12 700 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის მხრიდან სწავლებაში ჩართული იქნება 5 500 სამხედრო, რომელთაგანაც 3 000 ბელარუსში განთავსდება. ბელარუსის შეირაღებული ძალები კი 7 200 ჯარისკაცით იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვება 70 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 680 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის: 250 ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ნაღმმტყორცნები,  10 სამხედრო გემი. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გვარდია, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. მანევრების ერთ-ერთი მიზანი ურთიერთქმედების შემუშავებაა, რომლის ამოცანაც ნათლად უნდა შეიცავდეს „ვითარების სტაბილიზაციას.“ 

ლუბენიისა და ვეიშნორიის აგრესია

სწავლების ლეგენდის თანახმად, რომელიც სწავლების ორგანიზატორებმა აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნეს, ბელარუსს თავს ესხმის სამი ქვეყნის კოალიცია. მათი გამოგონილი სახელებია: ვეიშნორია, ვესბარია და ლუბენია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდეის განვითარებისას პირობითი მტერი იქნა ნაგულისხმევი, რომელიც კონკრეტულ რეგიონთან დაკავშირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების დროს სამხედრო წვრთნებიც ჩატარდება, მთავარი დავალება შეირაღებული ძალების გადასროლის, განლაგებისა და ლოგისტიკის საკითხები იქნება.

სწავლებას აქვს სტრატეგიული სტატუსი და მთავარი ამოცანებია: პერსონალის მუშაობის უნარის, მართვის მექანიზმების, კავშირის, ავიაციასთან ერთობლივი მოქმედების დონის და ფლოტის შემოწმებაა.


რაშია რუსეთი ეჭვიტანილი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიაა, რომ წვრთნების შემდეგ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე შესაძლოა, დამატებითი კონტინგენტი განათავსოს და შემდეგ ამას რეალური საბრძოლო მოქმედებების დაწყება მოჰყვება.

პირველ სექტემბერს უკრაინის გენერალური შტაბისა და შერაღებული ძალების მეთაურმა, ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა, რომ სამხედრო სწავლებაში შესაძლოა, 240 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღოს მონაწილეობა, რომელთაგანაც 100 ათასი შესაძლოა, იყოს სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით. კიევში ამბობენ, რომ აგრესიის დაწყების მიზეზი შესაძლოა, გახდეს მაგალითად, „ფართომასშტაბიანი პროვოკაციები უკრაინის აღმოსავლეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევა და უსაფრთხოების მდგომარეობის შერყევა.“

თავის მხრივ, უკმაყოფილება გამოთქვეს ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა. ევროპაში ამერიკული ძალების მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ ეს წვრთნები შეიძლება, იყოს ერთგვარი „ტროას ცხენი“, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს,   ბელარუსში ჯარები და ტექნიკა გადაიყვანოს და შემდეგ დატოვოს. რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებს მშვიდობიანი და თავდაცვითი ხასითი აქვს და ბელორუსის ტერიტორიას რუსი სამხედროების სწავლების დასრულების შემდეგ მალევე დატოვებენ.

პოლიტიკური სწავლება

დასავლეთში არსებული წუხილების პარალელურად, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთისა და ბელარუსის მეზობლების შიში უსაფუძვლოა. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამ ეტაპზე არ არსებობს კრიზისთან დაკავშირებული ეჭვების საფუძველი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ყოფილიყო მოსკოვის მხრიდან სამხედრო მოქმედების მოლოდინი. მოსკოვში კი მიიჩნევენ, რომ ვითარება პოლიტიზებულია. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვის წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიერ პოზიციების გაძლიერებას უკავშირდება და, რუსეთის არმიის მოდერნიზაციის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლების შიშის დემონსტრირებას ახდენს. ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთის შიშის კიდევ ერთი საფუძველი ის არის, რომ აშშ-მა ფსონი შესაძლოა, ბელორუსზე დადოს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სერგეი ლავროვი - ნატო ცივი ომის კლიმატის აღდგენას ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი დასავლეთი ანტირუსულ სენტიმენტებს აძლიერებს
სერგეი ლავროვი - ნატო ცივი ომის კლიმატის აღდგენას ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი დასავლეთი ანტირუსულ სენტიმენტებს აძლიერებს
ნატო ცივი ომის კლიმატის აღდგენას ცდილობს,
წაკითხვა
რუსეთსა და ბელარუსში მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება
რუსეთსა და ბელარუსში მასშტაბური სამხედრო სწავლება იწყება
რუსეთსა და
წაკითხვა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია და ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები
ვლადიმერ ჩაჩიბაია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციურია და ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, - ეს განცხადება საქართველოს შეია
წაკითხვა
ლევან იზორია - ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა
ლევან იზორია - ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. 
წაკითხვა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დასრულდა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დასრულდა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ეჯაილ
წაკითხვა
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონია იწყება
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონია იწყება
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო
წაკითხვა
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს ამ წუთებში ორფოლოს პოლიგონზე. 
წაკითხვა
Agile Spirit 2017-ის  სწავლების ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესს გაეცნო
Agile Spirit 2017-ის სწავლების ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესს გაეცნო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და 
წაკითხვა