საზოგადოებრივი
104.5 FM
2679

ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-29 23:06:00

კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ტექნიკისთვის. შესაბამისად, სასიცოცხლო ინსტრუმენტებს საათის მექანიზმივით მუშაობა სჭირდება; ზოგჯერ, საათის მექანიზმი სწორედაც რომ გამოსავალია. 

NASA სერიოზულ ყურადღებას ამახვილებს მავალის დიზაინზე, რომელიც სავარაუდოდ, მოძველებულ მექანიკას გამოიყენებს, რათა კვლევა აწარმოოს ისეთ დაძაბულ გარემოში, რომელიც ელექტრონიკის უდიდეს ნაწილს დაწვავდა. 

პლანეტა ვენერა ნამდვილად არაა სუსტებისთვის განკუთვნილი ადგილი. იგი მზის სტსტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა — მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 462 °C-ია.  

ამას ემატება დედამიწაზე 90-ჯერ მაღალი ზედაპირის წნევა, გოგირდმჟავას მწველი ღრუბლები და შედეგად, ჩვენ წინაშეა იმდენად არასტუმართმოყვარე სამყარო, რომელიც მარსმავალ Curiosity-ს სულ რამდენიმე წუთში გაანადგურებდა. 

ექსტრემალური გარემოს ავტომატური მავალის (AREE) დიზაინი 2015 წელს, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მექანიკურმა ინჟინერმა ჯონათან სოდემ წარმოადგინა. 

„ვენერა ზედმეტად არახელსაყრელია კონტროლის სისტემების  იმ სახის კომპლექსისთვის, რომელიც ჩვენ მარსმავალზე გვაქვს“, — ამბობს სოდე. 

„მაგრამ მთლიანად მექანიკური მავალი, ვენერაზე ერთ წელიწადსაც კი გასძლებს“. 

ერთი წელიწადი სერიოზული მიღწევა იქნებოდა წინა მცდელობასთან შედარებით. 1967 წელს, საბჭოთა კავშირის კოსმოსური ზონდი ვენერა 4 პირველი ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტის ატმოსფეროში შეაღწია და ინფორმაცია გამოაგზავნა. 

სამი წლის შემდეგ, ვენერას ზედაპირზე წარმატებით დაეშვა ზონდი ვენერა 7, თუმცა იქ მხოლოდ 23 წუთს გასძლო, შემდეგ კი მონაცემთა გადმოცემა შეწყვიტა.  

1975 წელს, ვენერაზე დაეშვა სითხის გაგრილების მქონე ზონდი ვენერა 9, რომელმაც გამოაგზავნა მიმდებარე გარემოს რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო, 53 წუთის შემდეგ კი მტვრად იქცა. 

ნამდვილი ჩემპიონი აღმოჩნდა ვენერა 13, რომელმაც 1982 წელს დედამიწაზე გამოგზავნა 14 ფერადი და 8 შავ-თეთრი ფოტო; ორსაათიანი სიცოცხლის განმავლობაში, მან ვენერას ქანებისთვის ანალიზის ჩატარებაც მოასწრო. 

გასული სამი ათწლეულის მანძილზე, ვენერა შედარებით დააიგნორეს, არ გაგზავნილა არც ერთი მავალი, კვლევა კი მხოლოდ მის ორბიტაზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრთა დისტანციური ანალიზებითა და გადაფრენის მისიებით შემოიფარგლა. 

ორ საათზე გაცილებით უკეთესი შედეგის მისაღწევად, დღის წესრიგში დადგა სრულიად ახალ გზებზე ფიქრისა და კვლევის საჭიროება. 

„როდესაც ვენერას მსგავს ექსტრემალურ რამეზე ფიქრობ, საჭიროა იფიქრო რაღაც ნამდვილად არაამქვეყნიურზე; ეს არის გარემო, რომლის შესახებაც სრულიად არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რაც საბჭოთა ფოტოებზე ვიხილეთ“, — ამბობს AREE-ს დიზაინზე მომუშავე JPL-ის ინჟინერი ივან ჰილგემენი. 

AREE ძველმოდური გამომთვლელი მოწყობილობაა, მე-19 საუკუნის ჩარლზ ბებიჯის სხვაობის ძრავისა თუ ძველბერძნული ანტიკითერას მექანიზმის მსგასვსად, რომელიც ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად გამოიყენებოდა. 

სამომავლო მავალთა მისიების სხვა გეგმები შესაძლოა დაკავშირებული იყოს გაგრილების მოწინავე სისტემებთან, რაც ძვირადღირებულ კვლევებსა და განვითარებას მოითხოვს, თუმცა მაინც დიდი რჩება მათი წარუმატებლობის შანსი. რაც შეეხება AREE-ს, მისი მიზანია შემცირდეს ელექტრონულ კომპონენტებზე დამოკიდებულება ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და მათ ნაცვლად გამოყენებულ იქნეს მექანიკაზე დაფუძნებული გამომთვლელი ხელსაწყოები. 

დამცავი საფარის გახსნისა და დახურვისას, AREE-სთან კომუნიკაცია  შესაძლებელი იქნება ვენერას ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრიდან გაგზავნილი და უკან არეკლილი სიგნალების საშუალებით. 

თავის მხრივ ხელსაწყო, სულ მცირე ნაწილობრივ იმუშავებს ქარის ტურბინაზე — გამოიყენებს ვენერას სქელი ატმოსფეროს უპირატესობას. უსწორმასწორო ხმელეთზე გადაადგილებისათვის გამოიყენებს ტანკის მსგავს მუხლუხებს. 

რაც არ უნდა მომხიბვლელად ჩანდეს, მსგავსი წმინდა მექანიკური მავალი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრაქტიკული იყოს. ამ ეტაპზე, ყველაზე ხელსაყრელი იქნება ჰიბრიდი, ელექტრონიკის ნაზავი, რომელიც მართული იქნება მზის რადიაციის ელექტროენერგიად გადაქცევის მეთოდითა და მექანიკით, რათა მავალი იმდენად მტკიცე და საიმედო გახდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

სოდეს შეთავაზება ამჟამად განვითარების მეორე ეტაპზეა, რომელსაც NASA-ს პროგრამა Innovative Advanced Concepts (NIAC) ახორციელებს. პროგრამა სამ კონცეპტზე მუშაობს და ეძებს პრობლემების გადაჭრის გზებს. 

ტიტანის ნახშირწყალბადთა ტბები, ევროპას მუქი და მარილიანი ოკეანეები, გაზის გიგანტთა იდუმალი ღრუბლები — ყველა მათგანი მალავს მრავალ ისეთ საიდუმლოს, რომელთა ამოხსნასაც ჩვენ ამაოდ ვცდილობთ. მათი გარემოს შესასწავლად კი მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია ავაგოთ სწორი, შესაბამისი ინსტრუმენტები. 

გალაქტიკაში არსებული ძლიერ სხვადასხვაგვარი გარემოს უფრო ახლოდან და უკეთესად შესასწავლად, ალბათ ნამდვილად გვესაჭიროება გადარეული იდეები და მათი ხორცშესხმა. 





მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს. <
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოშია.
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
უკიდურესად მაღალი ტემპერატურითა და კოროზი
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა