საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ტაო-კლარჯეთში უცნობი ქართული წარწერა აღმოაჩინეს

ილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-07-17 09:49:00

თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ამ რეგიონში კვლევით სამუშაოებს ატარებს.

წარწერა სოფელში, წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. აქვე ადგილობრივი მოსახლის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა. 

ასომთავრული წარწერის ტექსტი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - აშოტ II კურაპალატი, რომლის შესახებაც ცნობები რამდენიმე ქართულ წერილობით წყაროში მოიპოვება. 

სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“.

წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეგრაფიული ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემო ჯოჯუამ ჩაატარა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თემო ჯოჯუამ განაცხადა, რომ მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. 

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. 

წარწერის ტექსტი: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
15949

უახლესი