საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დედა-შვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 15:56:00 განახლებულია 2017-04-20 16:13:00


ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადებისას, მოკლული დედა-შვილის, ნონა რომანაძისა და მარიამ მამფორიას ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ამის მიზეზი გახდა ადვოკატ თამაზ კვახაძის განცხადება, რომ ხაბელაშვილი სრულიად უდანაშაულოა და მკვლელი დაკავებული არ  არის.

ადვოკატმა ისაუბრა გარდაცვლილი ნონა რომანაძის ერთ-ერთ ნაცნობ მამაკაცზე და აღნიშნა, რომ რძალთან და ბავშვებთან ერთად რომანაძე ამ მამაკაცს ერთხელ მუშტაიდის ბაღში შეხვდა.

"გიორგი ხაბელაშვილი არის უდანაშაულო და ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რათა რეალური დამნაშავე გამოვლინდეს. გთხოვთ, ობიექტურად შეაფასოთ გარემოებები, თორემ რა მოხდა სინამდვილეში, ვერავინ ვეღარასდროს გაიგებს", - განაცხადა ადვოკატმა.

ამის შემდეგ, სიტყვა გადაეცა ბრალდებულს, რომელმაც შესვენება ითხოვა და მოსამართლემ 40 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

როდესაც ბრალდებულის ადვოკატმა დარბაზი დატოვა,   მოკლულების ახლობლებმა იგი სასამართლო დარბაზიდან შეძახილებით გააცილეს. ისინი ადვოკატს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

"მუშტაიდში ბათუმელ სტუმარ გოგოსთან ერთად, მე და ნონამ ბავშვები წავიყვანეთ. ნონას შეხვდა მისი მეგობარი ახალგაზრდა და ამ ადვოკატმა რაღაც სისულელეს დაუკავშირა. ცდილობს ჩვენს წამოკიდებას და ურცხვად იტყუება", -განაცხადა ნატო ჯიქიძემ, მოკლული რომანაძის რძალმა.

შესვენებამდე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განმარტა, რომ ქურდობის მიზნით, 7 ათასი დოლარის წამოსაღებად, ხაბელაშვილი ფონიჭალაში დედა-შვილს თავს დაესხა, ჯერ დანით დახოცა და შემდეგ კვალის წაშლის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა. ფული ვერ იპოვა და სახლიდან ოქრო წაიღო.

პროკურორის მტკიცებით, ამ ვერსიას უტყუარი მტკიცებულებები ამყარებს.  შესვენების შემდეგ, საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა ბრალდებულს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
817

უახლესი