საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს სომხეთის დელეგაცია ეწვია
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 17:32:47
იუსტიციის სამინისტროს სომხეთის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ვიზიტი ორდღიანია და სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში დანერგილი სიახლეების შესწავლას და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ სტუმრებს მომსახურების სფეროში განხორციელებული სიახლეები გააცნო და იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ სიახლეებით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსაც ეწვევა.
წაკითხვა
საზოგადოება
ცესკო–მ საზოგადოებრივ საბჭოსთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 17:31:01
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოსთან შეხვედრა სამოქალაქო განათლების საკითხებზე გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო განათლების როლი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამოქალაქო განათლების საკითხზე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებული პროექტები წარადგინეს. შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები დაესწრნენ.
წაკითხვა
საზოგადოება
Business Software Alliance კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დაცვას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 17:23:39
Business Software Alliance-ი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დაცვას იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, ალიანსმა სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენცია გამართა. ალიანსი მთელ მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის მოწინავე დამცველია. მისი მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრების გაფართოება, ზრდისა და ინოვაციისთვის გარემოს შექმნაა. ალიანსი უახლოეს მომავალში სპეციალური სისტემის ამოქმედებას იწყებს, რომელიც მეკობრული პროგრამების გამოყენებას შეუძლებელს გახდის.
წაკითხვა
ეკონომიკა
საწარმოს ტექნიკური დანაკარგები აღარ დაიბეგრება
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 17:21:54
კერძო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით, დღეიდან საწარმოს ტექნიკური დანაკარგები აღარ დაიბეგრება. შემოსავლების სამსახურის ინიციატივის მიხედვით, უწყება კომპანიის ტექნიკურ დანაკარგს გაითვალისწინებს და მასზე გადასახადს აღარ დაარიცხავს. მთავრობამ დანაკარგების მოცულობის დასადგენად, სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც საწარმოებში დანაკარგების რაოდენობას განსაზღვრავს. კომისიის შემადგენლობაში, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებიც შედიან. დანაკარგების განსაზღვრა კი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითა და მეწარმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პრობლემატური საკითხის გადაწყვეტა მათ წარმოების გაზრდისა და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.
წაკითხვა
საზოგადოება
"მცირე აკადემიის" სტუდენტები საატესტაციო გამოცდისთვის დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 17:10:42
"მცირე აკადემიაში" სტუდენტებსა და ლექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება. სტუდენტები საატესტაციო გამოცდისთვის დაწესებულ 500–ლარიან გადასახადს აპროტესტებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათთვის აქამდე თანხის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. გარდა ამისა, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადონ 500 ლარი იმ უნივერსიტეტის გამოცდასა და დიპლომში, რომელსაც აკრედიტაცია არ გააჩნია და შესაბამისად, სახელმწიფო მის დიპლომს არ აღიარებს. სტუდენტებმა შეკითხვებზე პასუხი უნივერსიტეტის რექტორისაგან მოითხოვეს. "მცირე აკადემიის" რექტორის განცხადებით, თანხის გადახდის შესაბამისი პუნქტი კონტრაქტშია ჩადებული. რაც შეეხება დიპლომის აღიარებას, სტუდენტებს შეუძლიათ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, გამოცდები ჩააბარონ, რის შემდეგაც მათი დიპლომების აღიარება სახელმწიფოს მიერ მოხდება.
წაკითხვა
მსოფლიო
ბულგარეთის ატომურ სადგურზე რადიოაქტიური გაზების დონემ მოიმატა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:59:40
კიდევ ერთი ბირთვული საფრთხე. ბულგარეთის ატომურ ელექტროსადგურ კოზლოდუიდან რადიაციამ გაჟონა. ერთ-ერთ ენერგობლოკზე რეაქტორში რადიოაქტიური გაზების დონემ მოიმატა. სპეციალისტები რადიაციის დონის მატებას ნულოვანს უწოდებენ, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა სადგურის პერსონალის ევაკუაცია მაინც მოხდა. სადგურის პრესსამსახურის განცხადებით, რადიაციული დონის ნორმალიზებისთვის ყველა აუცილებელი ზომა უკვე მიღებულია. ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხი იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ აქტუალური თემა გახდა. საერთაშორისო ექსპერტები უკვე ალტერნატიულ ენერგიაზე საუბრობენ.
წაკითხვა
პოლიტიკა
ქდმ–მ ომბუდსმენის ანგარიში განიხილა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:41:05
სახალხო დამცველის ანგარიში დღეს პირველად ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე გავიდა. ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. "ქრისტიან-დემოკრატები" თვლიან, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს მსჯელობა იმ პრობლემებზე, რომელიც 2010 წლის ანგარიშში მოხვდა. მათი განცხადებით, მოხსენების განხილვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გარკვეული საქმეების გამოძიება დაიწყოს და დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 600–გვერდიანი დასკვნა საკმაოდ მწვავეა. მასში მოხვდა დევნილების უფლებები, ვითარება პენიტენციალურ სისტემაში და ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ევროკავშირი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:17:39
საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტს ეხმაურება. განცხადება დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთში და ცხინვალში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ჩავიდა. ევროკავშირი მსგავსი ტიპის ვიზიტებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან შეუთავსებლად მიიჩნევს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მიესალმება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.
წაკითხვა
მსოფლიო
აშშ–ში სტიქიას ებრძვიან
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:12:58
70 დაღუპული და ასობით უსახლკაროდ დარჩენილი. შეერთებულ შტატებში სტიქიას ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში შტატების სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში 25 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი ტორნადო და ციკლონური შტორმი სამხრეთ შტატებში ტეხასიდან ჯორჯიამდე გავრცელდა. სინოპტიკოსების პროგნოზი უიმედოა. მათი ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქია თითქმის 21 შტატზე გავრცელდება. ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის გამო, ხელისუფლებამ ალაბამას ატომური ელექტროსადგური გათიშა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაცია გიგა ბოკერიას ხვდება
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:09:40
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ამ წუთებში უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას ხვდებიან. ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ მოხსენებას ამზადებს. რა ჩაიწერება დოკუმენტში, ამას საქართველოსთვის პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, რადგან მოხსენება ახალ რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად. დელეგაციას მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე კრჟიშტოფ ლისეკი ხელმძღვანელობს. ის თბილისში უკვე შეხვდა სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს, რომლისგანაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ლისეკმა უკვე დააფიქსირა ევროპარლამენტის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების კიდევ ერთხელ დაფიქსირება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება. "მოხსენებაში ასევე უნდა იყოს კონკრეტული საუბარი რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და სადამკვირვებლო მისიების პრობლემაზე", – ამბობს კრჟიშტოფ ლისეკი.
წაკითხვა
რეგიონები
ტრეფიკინგის შემთხვევა კახეთში
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:08:39
ტრეფიკინგის შემთხვევა კახეთში. ყვარელში მცხოვრები შანშიაშვილების ოჯახი გურჯაანელ ფერმერს ტრეფიკინგში ადანაშულებს. შანშიაშვილები ამტკიცებენ, რომ თემურ აბუაშვილი მათ ერთი წლის განმავლობაში ფერმაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა. ისინი სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. ოჯახი, რომელიც, ფინანსურთან ერთად, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, სასამართლოს რამდენიმე დღეში მიმართავს. თავად კახელი ფერმერი კი ბრალდებებს უარყოფს. თემურ აბუაშვილი ადასტურებს, რომ ოჯახს ფულს არ უხდიდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ, შრომის სანაცვლოდ, შანშიაშვილებს საკვებ პროდუქტებს აძლევდა. შანშიაშვილები, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ყვარლიდან გურჯაანში გადასახლდნენ და ერთი წელი ფერმერთან ცხოვრობდნენ.
წაკითხვა
სამართალი
უკრაინაში საქართველოს მოქალაქემ ბიზნესპარტნიორი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:05:12
უკრაინაში საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, თავისი ბიზნესპარტნიორი მოკლა. დაკავებული დანაშაულის მოტივად მასსა და მეგობარს შორის ფინანსურ გარჩევას ასახელებს. ბრალდებულის თქმით, ბიზნესპარტნიორი ვალის დაბრუნებას არ ჩქარობდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამომწვევად იქცეოდა. საქართველოს მოქალაქეს განზრახ მკვლელობისთვის 15–წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის აფხაზეთის ომში ქართულ სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.
წაკითხვა
რეგიონები
ბაღდათის რაიონში 21 წლის ახალგაზრდა დაიკარგა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 16:00:23
ბაღდათის რაიონში 21 წლის ირაკლი ბაღიშვილი დაიკარგა. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, აღდგომის ღამეს გაუჩინარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ღამით ბაღდათი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე შენიშნეს. ასევე საუბრობენ, რომ ბაღიშვილი ზუგდიდშიც ნახეს, თუმცა დაზუსტებით ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი იციან. ბაღიშვილი გალის რაიონიდანაა. ის ზუგდიდში დევნილის სტატუსით ცხოვრობდა და ქუთაისში სწავლობდა. ირაკლი ბაღიშვილი ბაღდათში სტუმრად ორ მეგობართან ერთად იყო ჩასული. სოფელში ძებნაა გამოცხადებული. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
სპორტი
რეალი ბარსელონასთან 0:2 დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 14:15:34
ელ კლასიკოს მორიგი რაუნდი მადრიდში. სამეფო კლუბი ბარსელონასთან 0:2 დამარცხდა. სანტიაგო ბერნაბეუზე სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე არგენტინელი ლეო მესი იყო. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა რეალის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ბარსელონამ პირველი გოლი 76-ე წუთზე გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი, არგენტინელმა ფეხბურთელმა კასილასის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. მესი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 შედეგიანი დარტყმის ავტორია. ბარსელონას წინააღმდეგ რეალმა ბოლო ნახევარი საათი 10 კაცის შემადგენლობით ითამაშა. უხეშობისთვის პეპემ მოედანი ნაადრევად დატოვა. ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები 3 და 4 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
სპორტი
დამსახურებული მწვრთნელები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 14:11:02
საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელებმა ღირსების ორდენები მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სპორტის განვითარება–პოპულარიზაციისთვის 5 სპეციალისტი დაჯილდოვდა. ღირსების ორდენები სამბოში მოღვაწე სოლომონ ჩიტაშვილს, ბადრი ჯანიაშვილსა და თენგიზ არაბულს გადაეცათ. მოჭიდავეთა შორის კი ალექსანდრე კახნიაშვილი და ვაჟა კრავეიშვილი გამოარჩიეს. დამსახურებულ ქართველ მწვრთნელებს ღირსების ორდენები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გადასცა.
წაკითხვა
მსოფლიო
აღმოსავლეთის ქვეყნებში არეულობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 14:04:37
ლიბიისთვის ომი გრძელდება. ნატო–ს ავიაციამ ქვეყანაში მორიგი შეცდომა დაუშვა. ალიანსის ავიაციის სამიზნეში ისევ ამბოხებულები მოხვდნენ. ინციდენტი ამჯერადაც მსხვერპლით დასრულდა. პოლკოვნიკი კადაფი კი პოზიციებს კარგავს. აჯანყებულებმა კონტროლი დაიბრუნეს ბრეგაზე. ახლა ისინი აჯდაბიასთვის აგრძელებენ ბრძოლას. მდგომარეობა დაძაბულია იემენში. გასულ ღამეს, შეტაკებების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. სირია კი ახლა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად ხანგრძლივი დებატებისა, გაერო–მ გუშინ სირიის შესახებ განცხადების მიღება ვერ შეძლო.
წაკითხვა
რეგიონები
შიდა ქართლში დევნილებმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 13:45:31
შიდა ქართლში მცხოვრებმა დევნილებმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. ხვნა–თესვას დღეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დევნილები შეუდგნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გლეხებისთვის ხურვალეთის დასახლებაში 35 ჰექტარი მიწის ფართობი დაამუშავა. დილიდან კი ამ მიწებზე ჰიბრიდული სიმინდის თესვა დაიწყო. გლეხებთან ერთად, სამუშაოების დაწყებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი დაესწრნენ. ხურვალეთის დასახლებაში 140 დევნილი ოჯახი ცხოვრობს და მათ საკუთრებაში ნახევარი ჰექტარი მიწის ფართობი აქვთ. ამ პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახს სახელმწიფო მიწის ნაკვეთის ნახევარს დაუმუშავებს.
წაკითხვა
საზოგადოება
"საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 13:35:50
იუსტიციის სასწავლო ცენტრში "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. მომხმარებელს საშუალება აქვს, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" საშუალებით, ელექტრონული სახით მიიღოს საქართველოს მასშტაბით ყველა ნორმატიული აქტი, საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოქვეყნება ასევე ელექტრონულად ხორციელდება. ამ დრომდე მსგავსი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბეჭდური ფორმით იყო შესაძლებელი.
წაკითხვა
საზოგადოება
აღსრულების ბიურო ელექტრონულ მომსახურებაზე გადადის
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 13:31:10
აღსრულების ეროვნული ბიურო მომსახურებას ამარტივებს. ბიუროში ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ის მოქალაქეები, რომლებიც სამსახურს განცხადებით მიმართავენ, ბიუროსგან პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ. განცხადების შემომტანი პირები, განცხადების შემოტანისთანავე, უნიკალურ 15–ციფრიან კოდს მიიღებენ. პინ კოდის პროგრამაში შეყვანის შემდეგ კი, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ პასუხს, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.
წაკითხვა
საზოგადოება
საქპატენტს დანიის დელეგაცია სტუმრობს
გამოქვეყნებულია: 2011-04-28 13:21:36
საქართველოში სამუშაო ვიზიტით დანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების დელეგაცია იმყოფება. საქპატენტის საქმიანობის უკეთ გასაცნობად, დანიელი კოლეგები ქართულ უწყებას საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრები საქპატენტის საქმიანობას და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. დანიელმა და ქართველმა კოლეგებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერთან.
წაკითხვა