საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პოლიტიკა
სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის ე.წ. 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებიდან დღეს ერთი წელი შესრულდება
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:55:21
სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის ეგრეთ წოდებული 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებიდან დღეს ერთი წელი შესრულდება. 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, კონფლიქტურმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ქართულმა მხარემ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა – მოსკოვში 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა და რუსი ჯარისკაცების თვითნებობა არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა ბუფერული ზონები შექმნა და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 26 აგვისტოს კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. დღესვე ერთი წელი შესრულდა რუსული ჯარისა და აფხაზური შენაერთების მიერ კოდორის ხეობის დაკავებიდან. ზემო აფხაზეთის სოფლებზე საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განხორციელდა. არსებობდა რეალური საშიშროება, რომ რუს აგრესორებს ქართული პოლიციური ძალები ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ, ქართულმა ძალებმა კოდორის ხეობა დატოვეს. ხეობიდან დევნილობაში დღემდე რჩება 1893 ადამიანი. ქართველი ექსპერტების შეფასებით, მაშინაც და მას შემდეგაც რუსეთმა ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა წააგო. ის, როგორც სახელმწიფო, აღარავისთვისაა პატივსაცემი და მის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ნდობა ნულის ტოლფასია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების სერგი მელიას და გიორგი ჯოჯუას ოჯახის წევრებს ფულადი ჯილდოები გადასცეს. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტებს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს პირველი არხის ჟურნალისტები რატი მუჯირი და ნატო ბერულავა. სიგელები გადაეცათ ასევე ლევან ტაბიძეს, დავით კაკულიას და იბრან აივაზოვს.
წაკითხვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი–საქართველოს ბედი მოსკოვში არ დაიწერება
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:51:46
საქართველოს ბედი მოსკოვში არ დაიწერება, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ "ლიბერასიონთან" ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევე საქართველოს ტერიტორიაა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები დაიბრუნოს. "ისინი რუსეთის გარდა არავის უღიარებია. სხვა ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ეს არ გააკეთეს. საჭიროა პოსტსაბჭოთა სივრცეში ცვლილებებს დაველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ იალტაში ევროპის გაყოფა მთელმა მსოფლიომ აღიარა, საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის შენარჩუნება 40 წელზე მეტხანს ვერ შეძლო. რუსეთმა არარაციონალური რამ ჩაიდინა: მან იმ რეგიონების საზღვრებით ითამაშა, სადაც მას გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე საქართველოს" -განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ლიბერასიონთან" ინტერვიუში.
წაკითხვა
პოლიტიკა
დიმიტრი როგოზინი რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:44:18
ბრიუსელიდან ნატოში რუსეთის ელჩი დიმიტრი როგოზინი რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ საუბრობს. ის აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს შეიარაღება მოღალატური ნაბიჯია. მისი თქმით, კიევში ელჩის გაგზავნასთან დაკავშირებით მოსკოვის უარი განპირობებულია იმით, რომ კრემლი უარს აცხადებს ისეთი სახელმწიფოების ლიდერებთან კონტაქტზე, რომლებიც თავხედურად იქცევიან.
წაკითხვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი სოხუმში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:40:05
ვლადიმერ პუტინი სოხუმში ჩავიდა. რუსეთის პრემიერმა 1992-93 წლების ომის დროს დაღუპულთა დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შემდეგ რუსეთის პრემიერი სოხუმის სამშობიარო სახლს ეწვევა. მოგვიანებით კი ოფიციალური შეხვედრები გაიმართება. ჯერჯერობით პუტინის ვიზიტის დღის წესრიგის სხვა დეტალები უცნობია. ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეხვედრებს გამართავს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან, სერგეი შამბასთან და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებთან. პუტინს სოხუმში ვიზიტისას თან ახლავს რუსეთის ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი იგორ ლევიტინი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი. მანამდე კი პუტინმა ინტერვიუ მისცა აფხაზ ჟურნალისტებს, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის კეთილშობილურ მიზნებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და განაცხადა, რომ რუსეთს არ შეეძლო ისინი გასაჭირში მიეტოვებინა.
წაკითხვა
პოლიტიკა
მედვედევის მუქარა დღეს უკრაინაში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მთავარი განსახილველი თემაა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:37:58
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მუქარა დღეს უკარინაში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მთავარი განსახილველი თემაა. მოსაზრებები ორად იყოფა. რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალები მედვედევის განცხადებაში ლოგიკას ხედავენ. დემოკრატიულ ძალებს კი მიაჩნიათ, რომ რუსეთსა უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე დიპლომატიის შენარჩუნება აუცილებელია და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები, ქვეყნის სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად უნდა დადგნენ. პრეზიდენტმა მედვედევმა გუშინ თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს მიმართა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაზე პასუხისმგებლობა იუშჩენკოს დააკისრა.
წაკითხვა
პოლიტიკა
უკრაინაში უკვე გავრცელდა პრეზიდენტ იუშჩენკოს პასუხი მედვედევის მიმართვაზე
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:28:54
უკრაინაში უკვე გახმოვანდა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს პასუხი, რომელიც პარტია "ნაშა უკრაინას" ლიდერმა ვერა ულიანჩენკომ გაავრცელა. მისი განცხადებით, მედვედევის მუქარა არა მხოლოდ პრეზიდენტისადმი, არამედ მთლიანად უკრაინისადმია მიმართული. "ესაა დაშინების პოლიტიკა, რაც რუსეთს არ გაუვა”, - ნათქვამია ულიანჩენკოს განცხადებაში. ულიანჩენკო მიიჩნევს, რომ რუსეთში სისტემატურად მიმდინარეობს მოსახლეობის ანტიუკრაინული ზომბირება, რაც უკრაინული მხარის შეშფოთებას იწვევს. პრეზიდენტმა მედვედევმა გუშინ თავის უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს მიმართა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაზე პასუხისმგებლობა იუშჩენკოს დააკისრა. მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების დაძაბვას საერთაშორისო საზოგადოებაც ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპელი დიპლომატები თვლიან, რომ დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადება უკრაინის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობაა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ძალოვანი სტრუქტურების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 16:10:50
შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალოვანი სტრუქტურების , საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, “მრეწველი” ზურაბ ტყემალაძე, “თავისუფლების” წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და “ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური და შედეგიანი. როგორც ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც, მისივე თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდნენ და მიიღეს პირობა, რომ დაიწყება ამ საკითხის შესწავლა. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, ერთი კვირის ვადა არის დათქმული, რომ გახდეს ცნობილი, მიიღო თუ არა ოპოზიციამ შედეგი, რასაც ელოდა. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება 6 აგვისტოს უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.
წაკითხვა
მსოფლიო
პაპუა-ახალ გვინეაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 13:26:31
მაშველებმა პაპუა-ახალ გვინეაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს. ექსპერტების განცხადებით, გარდაცვლილია ბორტზე მყოფი 13-ვე ადამიანი. აქედან 9 ავსტრალიის მოქალაქეა. 3–პაპუა-ახალი გვინეის და ერთი – იაპონიის. ტურისტებით სავსე თვითმფრინავი რეისს დედაქალაქ პორტ-მორსბიდან დასახლებულ პუნქტ კოკოდას მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ავსტრალიელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯერჯერობით კატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.
წაკითხვა
მსოფლიო
კოსტა-რიკის პრეზიდენტი ე.წ. ღორის გრიპით დაავადდა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 13:20:11
კოსტა-რიკის პრეზიდენტი ე.წ. ღორის გრიპით დაავადდა. 68 წლის ოსკარ არიასი ამჟამად კლინიკაში იმყოფება და H1N1 ვირუსზე მკურნალობას გადის. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, ავადმყოფობის მიუხედავად, არიასი მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება. ამჟამად პრეზიდენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათი თქმით, ქვეყნის მეთაური საავადმყოფოში კიდევ ერთ კვირას გაჩერდება.
წაკითხვა
პოლიტიკა
რუსეთმა ქართველ ჟურნალისტებს ვიზა არ მისცა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 13:09:09
რუსეთმა ქართველ ჟურნალისტებს ვიზა არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ვიზა მიეცა საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის, რომელიც სექტემბერში, დაგომისში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. ღონისძიებაზე რუსეთში ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე უნდა იმსჯელონ. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციას ამ შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა. ასოციაციის პრეზიდენტ ზვიად ფოჩხუას განცხადებით, ანგარიში, რომლის მომზადება საერთაშორისო ფედერაციამ ითხოვა, ასევე მოიცავდა რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების ფაქტებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჩრდილო ოსეთში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიროვის სასამართლო პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 13:02:47
ჩრდილო ოსეთში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიროვის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ბრალი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება. წინასწარი ინფორმაციით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ბრალდება აღიარა. სასამართლო მოსმენა პრესისთვის დახურულია. ვლადიკავკაზის პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა 6 აგვისტოს დაიწყო. მისი თქმით, საქმის განხილვას 10 დღე დასჭირდება.
წაკითხვა
პოლიტიკა
ჯოხარ დუდაევის ქვრივი ქართველებს მხარდამჭერ წერილს უგზავნის
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:59:06
ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა ქართველებს მხარდამჭერ წერილს უგზავნის და საქართველოში მისი ვიზიტისას გამოჩენილი სითბოსთვის მადლობას უხდის. "მადლობა თითოეულ თქვენგანს თბილი დახვედრისთვის და კეთილი სიტყვებისთვის და მადლობა იმისთვისაც, რომ მზად ხართ თავი გაწიროთ საქართველოს ერთიანობისთვის! ჩემი ოცნებაა – ვისწავლო ერებს შორის ძმათა სისხლისმღვრელი ომების შეჩერება, რომელსაც ასე ოსტატურად აღვივებს დღეს კრემლი! მსურს რომ არასოდეს იღუპებოდნენ ასეთ ომში ისეთი მამულიშვილები და პატრიოტები, როგორებიც ხართ თქვენ! საუკეთესონი ხომ სამშობლოსთვის სიცოცხლეს პირველები თმობენ! დიდი სურვილი მაქვს ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულითადი შერიგების, რათა ისინი პირველ რიგში დაღუპვისგან ვიხსნა, შემდეგ კი... დაე თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. კავკასია ხომ მაინც იქნება ერთიანი და მთლიანი ", – ნათქვამია წერილში. ჯოხარ დუდაევის ქვრივი წერილში აღნიშნავს, რომ მას სჯერა ჩეჩნური გამოცემების. “მათ უნდა გაავრცელონ და აღამაღლონ მშვიდობის გაგება... რადგან მწვანე ფერი არა მხოლოდ ისლამის ფერია, არამედ, ის ჩვენი მიწის სიცოცხლის ფერია! რაც შეეხება წარწერებს ტანკებზე – ჩეჩნეთი, ჩრდილოეთი, „იამადაევი“, რომელიც აგცისტოს ომის დროს ცხინვალში გამოჩნდა, იცოდეთ, რომ ესენი ჩვენი ქვეყნის მოღალატეები არიან, რომლებიც რუსი ოკუპანტების სამსახურში ყოფნისას ცდილობენ დაასამარონ არა მარტო ქართველთა, არამედ , ჩეჩენთა თავისუფლების წყურვილი. ასეთი გამყიდველები მრავლად არიან ყველა ერებში, არ ჩათვალოთ ისინი ჩეჩნებად! ნამდვილი ჩეჩნები დღემდე ომობენ მთებში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ", – ნათქვამია წერილში.
წაკითხვა
საზოგადოება
ერთი წლის წინ გორის ცენტრალურ მოედანზე დაღუპულების ახლობლები დაბომბვის ადგილზე შეიკრიბნენ
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:52:40
ერთი წლის წინ გორის ცენტრალურ მოედანზე დაღუპულების ახლობლები დღეს დაბომბვის ადგილზე შეიკრიბნენ. შემთხვევის ადგილზე კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპული ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ სტან სტორიმანსის თანამშრომლებიც ჩამოვიდნენ. დღესვე ჰოლანდიაში შედგება პრემიერა ფილმისა გორის გამოძიება, რომელიც ჰოლანდიურმა მაუწყებელმა გადაიღო. ჰოლანდიური პრემიერის შემდეგ ფილმს თბილისშიც აჩვენებენ. დაღუპული ოპერატორის ოჯახის წევრებმა პრემიერის გამო გორში ჩასმოსვლა ვერ მოახერხეს. ისინი საქართველოში უახლოეს ღეებში ჩამოვლენ. გასული წლის 12 აგვისტოს გორის დაბომბვას ჰოლანდიელ ოპერატორთან ერთდ რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლეც შეეწირა. მეორე ჰოლანდიელი ჟურნალისტი კი რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. ტელეკომპანია "არ-თი-ელის" კორესპონდენტი იერუნ აკერმანსი გასული წლის აგვისტოში გორში რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაიჭრა. სარჩელში ნათქვამია, რომ იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი დაშავდა, გორს რუსული ჯარები უტევდნენ. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთმა უნდა აიღოს. ჰოლანდიელი ჟურალისტები რუსული ტყვიების ქვეშ გორში გასული წლის 12 აგვისტოს მოხვდნენ. სტან სტორიმანსი გორის ცენტრში ჩამოვარდნილი "ისკანდერის" ტიპის რაკეტის აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა, იერუნ აკერმანსი კი ფეხში დაიჭრა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციასა და დემარკაციას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:26:53
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციასა და დემარკაციას იწყებს, - ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება. ცხინვალში „საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი სეპარატისტებმა დახმარება შესაბამისი რუკების მომზადებაში სთხოვეს. ჩოჩიევის თქმით, ამ საკითხზე რუსეთშიც მუშაობენ, სადაც მალე სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დელეგაციაც შეიქმნება. „ძალიან რთული და სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი საქართველოს მხარეს დარჩეს“, - განაცხადა კომისიის მდივანმა მერაბ ჩიგოევმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
ხარალამპოს ხრისტოპულოსისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა ჩაიშალა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:21:54
შეხვედრა, რომელიც ცხინვალში საქართველოში ეუთოს წარმომადგენელ ხარალამპოს ხრისტოპულოსსა და ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელ ბორის ჩოჩიევს შორის უნდა გამართულიყო, ოსური მხარის მიზეზით ჩაიშალა. სადავო ამჯერადაც ტრანსპორტი გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ეუთოს სპეცწარმომადგენელი ადმინისტრაციულ საზღვრამდე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მანქანით მივიდოდა, აქედან ცხინვალამდე კი, რუსეთში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ტრანსპორტით იმგზავრებდა. ჩოჩიევის ინფორმაციით, გაეროს ტრანსპორტმა რუსეთიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო. ხრისტოპულოსი მზად იყო, ცხინვალში საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მანქანით გაეგრძელებინა გზა, მაგრამ ოსურმა მხარემ ამ მანქანის გატარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “უცხო ქვეყნის საელჩოს მანქანას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეუძლია”. ხრისტოპულოსი დე ფაქტო რესპუბლიკაში ეუთო-ს მომავალი საქმიანობის საკითხების განსახილველად უნდა გამგზავრებულიყო.
წაკითხვა
საზოგადოება
ბაკურ კვეზერელი სოფელ თელეთის მოსახლეობას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:18:12
ხალხთან დიალოგი გრძელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს სოფელ თელეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მინისტრთან ძირითადად სარწყავი წყლის პრობლემის შესახებ ისაუბრეს. აქამდე სოფელს წყალი სატუმბი სადგურიდან მიეწოდებოდა. სადგური ელექტროენერგიაზე მუშაობდა და მოსახლეობას საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. მინისტრი თელეთის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს დროში სოფელს ახალი სარწყავი სისტემა ექნება, რომელიც თვითდინებით იმუშავებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ვიქტორ იუშჩენკოს დიმიტრი მედვედევის საპასუხო მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია
გამოქვეყნებულია: 2009-08-12 12:03:34
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის საპასუხო მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რეაქცია აუცილებლად იქნება, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ისე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მოსკოვისა და კიევის ურთიერთობების განვითარებას მსოფლიო აკვირდება. კრემლის მორიგი სამიზნე უკრაინა გახდა. რუსეთის პრეზიდენტმა კიევი ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინელი ხალხი ბრძნულ არჩევანს გააკეთებს. მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების დაძაბვას საერთაშორისო საზოგადოება ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპელი დიპლომატები თვლიან, რომ დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადება უკრაინის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.ა
წაკითხვა
პოლიტიკა
მცხეთაში არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ორგანიზებული სემინარი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-08-11 16:50:46
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით, მცხეთაში არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ორგანიზებული სემინარი გაიხსნა. სემინარს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტები უძღვებოდნენ. ღონისძიება პრობაციის ეროვნული სამსახურისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს არასრულწლოვან პრობაციონერებში დანაშულის პრევენციას. ამ ტიპის სემინარები აღნიშნული სამსახურების რეგიონული ბიუროების ორგანიზებით რეგულარულად ჩატარდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
წაკითხვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე გელა ლომჯარია დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2009-08-11 16:44:48
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მთავარი სპეციალისტი გელა ლომჯარია დააკავეს. მან დაბა ურეკში კომერციული ჯიხურის დასადგმელად ტერიტორიის გამოყოფისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით 350 დოლარი გამოართვა. წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევის მიმართვას უკრაინაში ეხმიანებიან
გამოქვეყნებულია: 2009-08-11 16:27:48
პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დიმიტრი მედვედევის მიმართვას შესაბამის პასუხს გასცემს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დიმიტრი მედვედევის მიმართვას შესაბამის პასუხს გასცემს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ”რეაქცია, შეფასებები და კომენტარი იქნება მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ამას საჭიროდ ჩათვლის",– განაცხადა ვლადიმერ ხანგოდიმ . მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებას მედვედევის მიმართვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, თუმცა მას პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გაახმოვანებს. დიმიტრი ემდვედევის მიმართვას უკრაინელი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან. ”რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მორიგ საინფორმაციო შეტევას ახორციელებს. მედვედევის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. მან კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ სურს უკრაინა რუსეთის კოლონია იყოს და საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს”,- განაცხადა ვიქტორ იუშჩენკოს პარტია ”ნაშა უკრაინას" დეპუტატმა ანდრეი პარუბიმ. კომენტარი იულია ტიმოშენკოს ბლოკშიც გააკეთეს. ბლოკის წევრმა ვალერი პისარენკომ აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობა მართლაც ძალიან დაძაბულია და ამ მხრივ პრეზიდენტი მედვედევის შეშფოთებას იზიარებს. თუმცა არ გაამართლა დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილება კიევში ელჩის გაგზავნის გადადებასთან დაკავშირებით. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ვიქტორ იანუკოვიჩმაც გააკეთა. ოპოზიციის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია. ”ამ მთავრობისა და პრეზიდენტის მმართველობისას შეუძლებელია კრემლთან ურთიერთობის დარეგულირება”,- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იუშჩენკოს ანტირუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებს და კიევში ახალ ელჩს მიხაილ ზურაბოვს აღარ აგზავნის. ამის შესახებ ღია მიმართვა რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკოს ვიდეო-ბლოგის მეშვეობით გაუგზავნა. მედვედევი ქვეყნებს შორის კრიზისულ ვითარებაზე საუბრობს და უკრაინასთან ყველა უთანხმოებას იხსენებს, მათ შორის უკრაინის სწრაფვას ნატოსკენ და საქართველოსთვის მხარდაჭერას. მედვედევი უკრაინას საქართველოსთვის ომის დროს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის საყვედურობს. მედვედევი იმედოვნებს, რომ ახალი რეჟიმის პირობებში უკრაინასთან ურთიერთობები დალაგდება.
წაკითხვა

უახლესი