საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 11:05:35
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი იულია ტიმოშენკო კიევში ეგრეთ წოდებული ბოევიკების ყოფნის შესახებ აცხადებს, რომლებიც მზად არიან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ. განცხადება უკრაინის პრემიერმა მეხუთე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე იანუკოვიჩი ტოტალურ ფალსიფიკაციას გეგმავს. ტიმოშენკოს შეფასებით, იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ხმას სახლში აძლევენ, როგორც წესი გაყალბდება. ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ იანუკოვიჩი 2004 წელსაც ასე იქცეოდა და მას შემდეგ მისი პრინციპები და პოლიტიკა არ შეცვლილა. პრემიერის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ეგრთ წოდებული ოლიგარქები უკრაინაში პრიორიტეტებით აღარ ისარგებლებენ. იანუკოვიჩი კი ოლიგარქების ხელში უბრალო მარიონეტი იქნება.
წაკითხვა
რუსეთის ქალაქებში აქციები მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 10:58:20
საპროტესტო აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მშვიდობიანი აქციის 150-მდე მონაწილე დააკავეს. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვა გახდა, რომელიც რუსეთში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას უზრუნველყოფს. რუსეთის ხელისუფლებას აქციის დაშვების რეკომენდაციით უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეშენალმა".
წაკითხვა
5-ბალიანი მიწისძვრა ჩინეთში
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:57:11
მიწისძვრა ჩინეთში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ქვეყნის ცენტრალურ, სიჩუანის პროვინციაში 5 ბალს გადააჭარბა. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაზიანდა 120 საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე სოფლიდან მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩინეთში მიწისძვრა ხშირად ხდება. 2008 წელს სიჩუანის პროვინციაში დამანგრევლი მიწისძვრა მოხდა, რასაც 80 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წაკითხვა
Hermitage Capital Management ბიზნესმენებს რუსეთში ფულის დაბანდებას არ ურჩევს
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:52:32
ინვესტიციების სფეროში მსოფლიოს წამყვანი მრჩეველი კომპანია "ჰერმითიჯ ქეფითალ მენეჯმენტი" ბიზნესმენებს ურჩევს, რუსეთში ფული არ დააბანდონ. სკანდალური განცხადება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას გააკეთა. უილიამ ბრაუდერის შეფასებით, რუსეთში ინვესტიციის ჩადებით საფრხე არა მარტო ფულს, არამედ, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლესაც დაემუქროს. მაგალითად მან გასულ წელს რუსეთის ერთ-ერთ ციხეში კომპანიის თანამშრომლის, 37 წლის სერგეი მაგნიტსკის დაღუპვა დაასახელა. რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსი კრიმინალებისა და კორუმპირებული მოხელეების ქმედების შედეგია. უილიამ ბრაუდერმა რუსი მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა.
წაკითხვა
ტიმოშენკო პრემიერის პოსტის საკუთარი ნებით დატოვებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 13:09:37
იულია ტიმოშენკო პრემიერის პოსტის საკუთარი ნებით დატოვებას მეორე ტურში დამარცხების შემთხვევაშიც არ აპირებს. განცხადება უკრაინის პრემიერმა ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში გააკეთა. ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მას გადადგომის უფლება, კონსტიტუციიდან გამომდინარე, არ აქვს. ამიტომ დამარცხების შემთხვევაში, პოსტს მხოლოდ მაშინ დატოვებს, როდესაც პარლამენტში ახალი კოალიცია შეიქმნება და პრემიერისა და მინისტრების კანდიდატურებს პრეზიდენტს წარუდგენს. იულია ტიმოშენკომ ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერს არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს და გამარჯვების შემთხვევაში, ვიქტორ იუშჩენკოს პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.
წაკითხვა
რუსეთი ლიბიას იარაღს მიჰყიდის
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 12:59:57
რუსეთი ლიბიას ერთი მილირად 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის. შესაბამის დოკუმენტს რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა და ლიბიის თავდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ლიბია რუსეთისგან 20 სამხედრო თვითმფრინავს და ათობით ტანკს იყიდის. მოლაპარაკებები შეიარაღების საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ლიბიის თავდაცვის მინისტრი იუნის ჯაბერი ჩავიდა.
წაკითხვა
საპროტესტო აქცია რუსეთში
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 12:48:17
მასობრივი საპროტესტო აქცია რუსეთში. 12 000-მდე ადამიანი კალილინინგრადში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და გადასახადების მოსალოდნელი ზრდა გააკრიტიკეს. მიტინგი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. აქციაში პარტია "ედიანაია რასიას" გარდა, რუსეთში არსებული თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მათ შორის ისეთი პარტიებიც, რომლებიც კრემლს ამ დრომდე ყველაზე ნაკლებად აკრიტიკებდნენ. ამჯერად რუსეთის ხელისუფლებას აქციის დარბევის გადაწყვეტილება არ მიუღია.
წაკითხვა
მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელგიაში
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 17:11:17
მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა ბელგიაში. უმუშევრობითა და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანმა მშვიდობიანი მსვლელობა ბრიუსელში მოაწყო. აქციის მონაწილეებმა სამუშაო ადგილების შემცირების ინიციატივა გააპროტესტეს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებში იგეგმება. ეკონომიკური კრიზისის გამო, ბელგიაში უდიდესმა კომპანიებმა ფილიალები, საწარმოები და ქარხნები დახურეს. სახელმწიფო სექტორი კი კრიზისთან ბრძოლას თანამშრომლების შემცირებით იწყებს. გეგმის მიხედვით, 10 ათასამდე ბელგიელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.
წაკითხვა
მექსიკაში ანტიტერორისტულ ოპერაციას მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 17:07:42
მექსიკაში ანტიტერორისტულ ოპერაციას მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. შეტაკება ქალაქ ტამპიკოში სამხედროებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის მოხდა. სამხედროებმა შემოწმების მიზნით საეჭვო მანქანა გააჩერეს. ავტომობილში მყოფებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ბოროტმოქმედი. დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი. ბოლო პერიოდში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის მიზნით მექსიკაში ანტიტერორისტული ოპერაციები გახშირდა. რამდენიმე დღის წინ სამხედროებმა ოპერაციის შედეგად 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც ჩხრეკისას 20 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩნდათ.
წაკითხვა
იულია ტიმოშენკომ სერგეი ტიგიპკოს ტელეხიდის დროს პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 17:03:05
იულია ტიმოშენკომ სერგეი ტიგიპკოს ტელეხიდის დროს პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. "არჩევნებში გამარჯვებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, მე საჯაროდ ვიწვევ სერგეი ტიგიპკოს პრეზიდენტის თანამდებობაზე",- განაცხადა ტიმოშენკომ. სავარაუდოდ, უკრაინის მოქმედი პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ნაცბანკის ყოფილი ხელმძღვანელისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზებას გულისხმობდა. ამას გარდა ტიმოშენკომ კიდევ ერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა არსენ იაცენიუკს, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეოთხე ადგილზე გავიდა. თავად ტიგიპკომ კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურამდე არც ტიმოშენკოს და არც იანუკოვიჩს მხარს არ დაუჭერს. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება.
წაკითხვა
ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად თანხებს არ იშურებენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 13:35:21
ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად თანხებს არ იშურებენ. ლეონარდო დი კაპრიომ, კლინტონ-ბუშის ჰაიტის დახმარების ფონდში, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მსგავსად, ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა. მსახიობი ამბობს, რომ სოციალურმა პასუხისმგებლობამ და ქველმოქმედებამ ბოლო წლებში მის ცხოვრებაში სერიოზული ადგილი დაიკავა. "გადავწყვიტე, რომ არაკომერციულ ორგანიზაციებს უფრო დავუახლოვდე",- განაცხადა დი კაპრიომ სააგენტო "როიტერთან" საუბრისას. "ეს ჩვენი დროა, რომ ვიბრძოლოთ უფრო სუფთა და უსაფრთხო მომავლისთვის" - ამ სახელწოდებით ეროვნული რესურსების დაცვის ფონდი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით ვიდეო-რგოლებს უშვებს.
წაკითხვა
რუსეთში ახალი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავი გამოსცადეს
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 13:27:26
რუსეთში ახალი უჩანარი, რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავი გამოსცადეს. "სუხოი ტე-50-მა", რომელსაც რადარი ვერ აფიქსირებს, პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. აქამდე ამ თვითმფრინავის ფოტოც არ არსებობდა. სამუშაოები გრიფით საიდუმლოდ მიმდინარეობდა და მის შესახებ მხოლოდ სპეციალისტებმა იცოდნენ. რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ბომბდამშენი, რომლის დახვეწაზე რუსეთი და ინდოეთი ერთობლივად მუშაობენ, ქვეყნის შეიარაღებაში 2015 წლიდან შევა. სამხედრო ექსპერტები "სუხოი ტე-50-ს" უკვე ამერიკული "უჩინმაჩინის" "ეფ 22-ის" პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევენ. ბომბდამშენის არქიტექტორი მიხაილ პოღოსიანი აცხადებს, რომ თვითმფრინავი საბოლოო დამუშავების შემდეგ ამერიკულზე ბევრად უფრო ეფექტური იქნება და მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი გახდება.
წაკითხვა
სილვიო ბერლუსკონი მაფიას ქონების კონფისკაციით ებრძვის
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 13:19:34
სილვიო ბერლუსკონი მაფიას ქონების კონფისკაციით ებრძვის. სპეციალურად ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, იტალიაში სააგენტო შეიქმნა, რომელიც მაფიოზური კლანების ქონების კონფისკაციაზე კონტროლს განახორციელებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება იმ შეთხვევაში, თუ მაფიოზები ჩამორთმეულ ქონებას აუქციონების საშუალებით დაიბრუნებენ, ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ სააგენტო ამ ქონებას მათ ხელახლა ჩამოართმევს. გარდა ამისა, პრემიერი პარლამენტში ახალ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოდექსში შესწორებებს ითვალისწინებს. სილვიო ბერლუსკონი მაფიასთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად იტალიაში არალეგალების რიცხვის შემცირებასაც ასახელებს.
წაკითხვა
ტელეკომპანია "ალჯაზირა" ბინ ლადენის აუდიომიმართვას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 13:08:31
ტელეკომპანია "ალჯაზირა" მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მორიგ აუდიომიმართვას ავრცელებს, სადაც უსამა ბინ ლადენმა მუსულმანურ სამყაროს ამერიკული დოლარის ბოიკოტისკენ მოუწოდა. "ალ ქაიდას" ლიდერი შეერთებულ შტატებს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ბინ ლადენმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თავის დროზე კიოტოს პროტოკოლის ხელმოწერაზე, რომელიც ატმოსფეროში მავნე ნარჩენების გადაყრის შემცირებას ეხება, უარი თქვა. ბოლო ერთი კვირის მგანმავლობაში ეს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მეორე აუდიომიმართვაა.
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ესპანეთში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 12:53:44
საპროტესტო აქცია ესპანეთში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. სამუშაო პირობებით უკმაყოფილო 600-მდე მეხანძრე და სასწრაფო დამხამარების თანამშრომელი, მათი ობიექტების პრივატიზაციის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტები ადგილობრივი მთავრობის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდებდა. თუმცა მათ სამართალდამცველებს ქვები და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალა. შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი.
წაკითხვა
სროლა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებში
გამოქვეყნებულია: 2010-01-29 17:47:36
სროლა იყო აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებში. ცეცხლი თანამშრომლებს ორმა სამხედრომ გაუხსნა. ინფორამციას ამის შესახებ მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი მოიკლეს. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სროლა იმის გამო დაიწყო, რომ თავდამსხმელებს სხვა სამხედროები დასცინოდნენ.
წაკითხვა
ჟაკ შირაკმა "გაზპრომში" მუშაობაზე უარი თქვა
გამოქვეყნებულია: 2010-01-29 17:42:54
ჟაკ შირაკმა "გაზპრომში" მუშაობაზე უარი თქვა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მას პროექტ "სამხრეთ ნაკადის" ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ნუველ ობსერვატორი" აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ შირაკი ამ დროისთვის საკუთარი ფონდის მუშაობაზეა კონცენტრირებული და კერძო კომპანიაზე მუშაობას არ გეგმავს.
წაკითხვა
მადლენ ოლბრაიტი - რუსეთი არ უნდა იყოს კვერცხი, რომელიც ქათამს ჭკუას ასწავლის
გამოქვეყნებულია: 2010-01-29 17:20:01
რუსეთი არ უნდა იყოს კვერცხი, რომელიც ქათამს ჭკუას ასწავლის. განცხადება ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მადლენ ოლბრაიტმა გააკეთა, რომელსაც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება აქვს დავალებული. შეერთებული შტატების ყოფილიმა სახელმწიფო მდივანმა ნატოს ურთიერთობებს რუსეთთან ფუნქციონალური უწოდა. "რუსეთი ნატოს მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორია და არ აქვს უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მითითებები მისცეს", - განაცხადა ოლბრაიტმა. ალიანსის შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებთ კი მან აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის ვალდებულებებს ასრულებენ.
წაკითხვა
გერმანიაში თოვა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2010-01-29 13:13:53
გერმანიაში თოვა გრძელდება. ფრანკფურტის აეროპორტში ყინვის და თოვის გამო რეისები გადაიდო. მგზავრები იძულებული არიან ამინდს აეროპორტის შენობაში დაელოდონ. შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც. მათთვის, ვინც მატარებლის ლოდინში სადგურზე საათებს ატარებს, დირექცია უფასო ცხელ ყავას და ჩაის სთავაზობს. თოვლის გამო პარალიზებულია ქვეყნის რამდენიმე მაგისტრალი. ბლოკირებულია საზღვარი ავსტრიასთან. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. ევროპაში ყინვები, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
წაკითხვა
აშშ-ში ლეგენდარული მწერალი ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2010-01-29 11:11:44
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგენდარული მწერალი ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა. სელინჯერი 91 წლის ასაკში ნიუ ჰემპშირის ქალაქ კორშინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცნობილი მწერლის შვილმა უკვე განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი ასაკი გახდა. თავისი ყველაზე პოპულარული რომანი "თამაში ჭვავის ყანაში" ჯერომ სელინჯერმა 1951 წელს გამოაქვეყნა. წიგნი ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და წიგნების მაღაზიებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რომანია.
წაკითხვა

უახლესი