საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ობამა ილიონისის სენატორის პოსტზე ბლაგოევიჩის მიერ წამოყენებული კანდიდატურის წინააღმდეგია
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 17:35:18
ბარაკ ობამა ილიონისის შტატის სენატორის პოსტზე გუბერნატორ ბლაგოევიჩის მიერ წამოყენებული კანდიდატურის წინააღმდეგია. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დემოკრატი სენატორების ინიციატივას, რომლებმაც ილინოისის შტატის სენატორის პოსტზე ყოფილი პროკურორი როლანდ ბარისის კანდიდატურა ჩააგდეს, მხარი დაუჭირა. ობამას განცხადებით, ის ილინოისის გუბერნატორ როდ ბლაგოევიჩის საქციელის გამო, რომელიც სენატორის მანდატის გაყიდვის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, აღშფოთებულია. ბლაგოევიჩმა, რომელსაც ბრალი ქრთამის აღებასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში ედება, ილინოისის სენატორის ვაკანტურ ადგილზე საკუთარი კანდიდატურა დანიშნა. კანონის მიხედვით, გათავისუფლებულ ადგილებზე საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლებს შტატის გუბერნატორი ნიშნავს.
წაკითხვა
ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 17:18:48
ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას განაგრძობს. ებრაელმა სამხედროებმა ღაზაში 30-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს. დაიღუპა 7 პალესტინელი. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი ე.წ. კვარტეტი ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. პარიზში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე მხარეები დროებითი ზავის გეგმაზე შეთანხმდნენ. გეგმა 48 საათით საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს, იმისთვის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით დიალოგი დაიწყონ, თუმცა ისრაელმა 48 საათით საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, სანამ დაჯგუფება "ჰამასის" მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე სრულად არ განეიტრალდება. პარალელურად, განცხადება "ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმაც გააკეთა. ვიდეომიმართვაში აბუ ობაიდამ აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება ღაზასთან ახლოს მცხოვრები ებრაელი მოქალაქეებისთვის სიკვდილის მისჯის ტოლფასი იქნება. "მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ სექტორში შეხვალთ, ღაზა ვულკანად იქცევა, რომელიც თქვენი ჯარისკაცების თვალწინ აფეთქდება", - აღნიშნა ობაიდიმ. შექმილ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ჰოსნი მუბარაქიმ ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეგვიპტე პალესტინელებისთვის საზღვარს სრულად არ ხსნის, რადგან ეს ისრაელის გეგმის განხორციელებას, ღაზას ტერიტორიის გაყოფის შესახებ, ხელს შეუწობს.
წაკითხვა
კამჩატკაზე შესაძლოა ვულკანი ამოქმედდეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 13:27:30
კორიაკსკის ვულკანი კამჩატკაზე შესაძლოა ამოქმედდეს. ექსპერტები მოკლე ხანში ვულკანიდან ფერფლის ამოფრქვევას ელიან, რაც ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სპეციალისტების აზრით, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღება საჭირო გახდება. დაბრკოლება შესაძლოა რეგიონში საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეიქმნას. კორიაკსკის ვულკანი ბოლოს 3 500 წლის წინ ამოიფრქვა.
წაკითხვა
არეულობა კოსოვოში
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 13:24:17
არეულობა კოსოვოში. ასობით სერბმა ადგილობრივი ალბანელების მაღაზიები დაარბია; მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. არეულობა ალბანელი თინეიჯერების მიერ სერბი მოზარდის მკვლელობას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დანით დაჭრეს. ექიმებმა სერბი თინეიჯერის გადარჩენა ვერ შეძლეს. აქციის მონაწილეები იმ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მკვლელობა მოხდა. სიტუაციის დარეგულირებას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის შედეგად მსხვრეპლი არ არის.
წაკითხვა
უკრაინამ ბუნებრივი აირის დავალიანება დაფარა
გამოქვეყნებულია: 2008-12-31 13:09:19
უკრაინამ ბუნებრივი აირის ნოემბრისა და დეკემბრის დავალიანება სრულად დაფარა. ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზი იუწყება. მიმართვაში ნათქვამია, რომ 2009 წლისთვის უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს, თუმცა შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმების მიღწევას 1 იანვრამდე, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ვალის დაფარვასთან დაკავშირებით "გაზპრომში" კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რამდენიმე საათით ადრე "გაზპრომის" სპიკერმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ვალი არ გადაუხდია და თუ ეს უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მოხდება, "გაზპრომი" მას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს.
წაკითხვა
რუსეთ-უკრაინას შორის გაზის ომი განახლდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 16:39:00
რუსეთ-უკრაინას შორის გაზის ომი კვლავ განახლდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ თუ კიევი ახალ წლამდე ბუნებრივი აირის დავალიანებას არ გადაიხდის, "გაზპრომი" გაზს გაუთიშავს. რუსული ენერგოგიგანტის, "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ ორ დღეში უკრაინა გაზის საფასურის დაფარვას შეძლებს და მოსკოვსა და კიევს შორის მომავალი წლისთვის ახალი კონტრაქტი გაფორმდება. უკრაინას "გაზპრომის" მიმართ 2 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა.
წაკითხვა
29 დეკემბერს ბრაზილიელები ქალღმერთ იემენიასადმი მიძღვნილ რიტუალს ატარებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 13:50:18
ყოველი წლის 29 დეკემბერს ბრაზილიელები, ტრადიციულად, ზღვის ქალღმერთ იემენიასადმი მიძღვნილ რიტუალს ატარებენ. ამ დღეს კოპაკაბანას სანაპიროზე უამრავი ბრაზილიელი იკრიბება. თეთრ სამოსში გამოწყობილ ბრაზილიელებს იემენიას ფიგურა ოკეანის სანაპიროზე მიაქვთ. სპეციალური სიმღერებისა და ცეკვის შემდეგ კი მას ოკეანეში უშვებენ. ბრაზილიელების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ახალი წლის წინა დღეებში იემენიასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში მშვიდობას და კარგ შემოსავალს მოუტანს.
წაკითხვა
ჩინეთში ფინანსური კრიზისი და უმუშევრობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 13:44:29
ჩინეთში ფინანსური კრიზისი და უმუშევრობა გრძელდება. უამრავმა ადამიანმა, რომლებიც დიდ ქალაქებში უმუშევრად დარჩნენ, გადაწყვიტეს ფერმერულ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ და ხელი კვლავ მიწათმოქმედებისთვის მოეკიდათ. ტერიტორია, სადაც ისინი ფერმაში მუშაობას შეძლებენ, ქალაქებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს, რის გამოც ადამიანებს მგზავრობა დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ქალაქგარეთ დასახლებები და სოფლები აირჩია.
წაკითხვა
ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 13:39:22
ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ. ეგვიპტეში, ლიბანსა და შეერთებულ შტატებში პალესტინის დროშებით ხელში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებენ.
წაკითხვა
კუბაში რევოლუციის 50 წლისთავს ზეიმობენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 13:36:00
კუბაში რევოლუციის 50 წლისთავს ზეიმობენ. ამ დღეს კუბელები სპეციალურ მოედანზე იკრიბებიან და ქვეყანაში მომხდარ რევოლუციას კიდევ ერთხელ იხსენებენ. 50 წლის წინ, როდესაც 32 წლის ფიდელ კასტრომ ხელისუფლება ჩაიბარა, ბევრი ელოდა, რომ რევოლუცია სულ მალე დასრულდებოდა, თუმცა მისი რეჟიმი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა. ქვეყნის დიდ ნაწილში ფიდელ კასტროს მიერ ჩამოყალიბებულ რეჟიმს კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ფიდელ კასტრო საზოგადოებაში ბოლოს 2006 წლის 26 ივნისს ნახეს, როდესაც ის თავის მეგობარს, ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს შეხვდა.
წაკითხვა
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე შეტევა განაახლა
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 10:53:43
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე შეტევა გვიან ღამით კვლავ განაახლა. ებრაელმა სამხედროებმა ავიაიერიში ღაზას სამთავრობო შენობაზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 პალესტინელი. 40 ადამიანი კი დაშავდა. პალესტინელების მხრიდან ისრაელის ქალაქ აშდოდში ჩამოგდებული რაკეტის შედეგად კი ერთი ქალბატონი დაიღუპა. ინტენსიური სამხედრო შეტევები ისრაელმა ღაზას სექტორში 3 დღის წინ განაახლა, რასაც უკვე 340-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ისრაელის მხრიდან კი 4 ებრაელი დაიღუპა. ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს. ეს ტერიტორია მოსახლეობისთვის უსაფრთხო რომ არ არის, ამას მთავრობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. მათ სპეციალური ავტობუსები გამოყვეს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა შედარებით უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს.
წაკითხვა
უამინდობა ევროპაში
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 17:42:55
უამინდობა ევროპაში. საფრანგეთსა და ესპანეთს ქარიშხალმა გადაუარა. ბარსელონაში ტალღებმა წყალში სამი ადამიანი ჩაითრია. წყალმა ათობით იახტაც გაიტაცა. ზღვისპირა ქალაქებში დაზიანებულია შენობებიც. რამდენიმე რეგიონში ძლიერ ქარს თან წვიმა დაერთო. დატბორილია ქუჩები. უამინდობის გამო გართულდა გადაადგილება მაგისტრალებზეც. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან დროებით თავის შეკავებას სთხოვს.
წაკითხვა
ტერაქტი პაკისტანში
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 17:39:34
ტერაქტს პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე პროვინციაში 30 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო პუნქტზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. საარჩევნო პუნქტი სკოლის შენობაში იყო მოწყობილი. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. ვადამდელი არჩევნები პარლამენტიდან ერთ-ერთი პარტიის წასვლის შემდეგ დარჩენილი ადგილისთვის იმართება.
წაკითხვა
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 17:37:03
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება. გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ სტუდქალაქი და რეგიონში არსებული უნივერსიტეტი დაბომბა. ავიაიერიში განხორციელდა ეგვიპტის საზღვართან მდებარე 40-მდე გვირაბზეც, რომელთა მეშვეობით დაჯგუფება "ჰამასი" იარაღით მარაგდებოდა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის თაობაზე, დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე არ აპირებს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია NBC-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სამხედრო შეტევები ღაზას სექტორში მანამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი იქ არსებული სიტუაციის შეცვლას არ შეძლებს. შეტაკებების დაწყებიდან მესამე დღეს მსხვერპლის ოდენობა 310–ს აღწევს.
წაკითხვა
აშშ–ში გიგანტი ბავშვი დაიბადა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 12:44:05
ამერიკის შეერთებულ შტატებში გიგანტი ბავშვი დაიბადა. რიჩარდ უოლკერ სოლთი 6 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის. პატარა ლაგუნა ჰილზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩნდა. მშობიარობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა, თუმცა მოგვიანებით რიჩარდს წონის გამო სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. ამ დროისთვის პატარა უკვე სახლშია და ექიმებისგან დანიშულ დიეტას იცავს.
წაკითხვა
პერუელი შამანები მსოფლიო ლიდერების სულების დასაცავად რიტუალებს ატარებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 12:41:58
პერუელი შამანები მსოფლიო ლიდერების სულების დასაცავად რიტუალებს ატარებენ. პერუს უმაღლეს წერტილზე მისტიკური რიტუალი ერთდროულად რამდენიმე შამანმა ჩაატარა. აშშ–ს ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესის, ვენესუელას პრეზიდენტ უგო ჩავესის, ასევე კუბის რევოლუციის ლიდერისა და პრეზიდენტის ფიდელ კასტროს სურათებს ისინი ტრადიციულ შელოცვებს უკითხავდნენ. მსოფლიო ლიდერთა შორის მომღერალი მაიკლ ჯექსონიც აღმოჩნდა. შამანებმა მის ფოტოს მომავლის გასაუმჯობესებელი შელოცვა წაუკითხეს.
წაკითხვა
თურქეთის ავიაციამ ქურთი სეპარატისტები დაბომბა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 11:03:06
თურქეთის სამხედრო ავიაციამ ქურთი სეპარატისტები დაბომბა. ცნობას თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ავიაციამ საჰაერო შეტევები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ხაკურკის რეგიონზე მიიტანა. თურქული მხარის საჰაერო შეტევები ამჯერად ქურთების არალეგალური "შრომის პარტიის" წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. გაერო–სა და ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, ქურთებსა და თურქებს შორის რამდენიმეწლიან დაპირისპირებას 40 000 ადამიანზე მეტი შეეწირა.
წაკითხვა
ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 10:57:02
ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ციპი ლივნის განცხადებით, სამხედრო შეტევები ღაზას სექტორში მანამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი იქ არსებული სიტუაციის შეცვლას და მის დარეგულირებას არ შეძლებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონს ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არღვევდა ისრაელსა და პალესტინას შორის დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ციპი ლივნის განცხადებით, ისრაელი იძულებული გახდა საპასუხო ზომებისთვის მიემართა და უკან დახევას არ აპირებს.
წაკითხვა
ღაზას სექტორში დაძაბულ ვითარებას აქციები მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 10:53:42
ღაზას სექტორში დაძაბულ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეები აქციებით აპროტესტებენ. იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელების აქცია, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ, ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაცვის პოლიციას ქვები დაუშინეს. პოლიციის მიერ გასროლილ ტყვიას ერთი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. ისრაელის წინააღმდეგ აქციები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მოსულშიც მოეწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა ისრაელის დროშა დაწვეს და მთელს მუსულმანურ სამყაროს ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
წაკითხვა
ღაზას სექტორში დაპირისპირება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-28 16:44:08
ღაზას სექტორი კვლავ იბომბება. ამ დროისთვის ისრაელის ავიაციამ 30-მდე შეტევა განახორციელა. საპასუხო ცეცხლი გახსნეს დაჯგუფება "ჰამასის" წევრებმაც. "კასამის" ტიპის რაკეტებითაა დაბომბილი სასაზღვრო დასახლებები, დაჯგუფების ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელი მკაცრ პასუხს მიიღებს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებაც. სექტორის სასაზღვრო ქალაქებში ისრაელმა უკვე შეიყვანა მძიმე არტილერია, თუმცა ბრძანება შეტევის შესახებ ჯერ არ გაუციათ. შეტაკებებს უკვე 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 000–მდე დაჭრილია. ნიუ იორკში გაერო–ს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა დასრულდა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავდნენ. გაერო მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა

უახლესი