საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გლობალურმა კიბერშეტევამ მსოფლიოს მასშტაბით ქაოსი გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 21:18:00
მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც კერძო და საჯარო სტრუქტურებში ქაოსი გამოიწვია, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული სარეკლამო კომპანია WPP ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლის კომპიუტერული სისტემა დავირუსდა. გარდა ბრიტანეთისა, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა ასევე უკრაინული კომპანიების ნაწილი და კიევის მთავარი აეროპორტი. Reuters-ის ცნობით, დღეს კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიასა და რუსულ ბანკებზე. როგორც კიბერუსაფრთხოების რუსულმა კომპანია IB-მა განაცხადა, ჰაკერებმა გამოიყენეს ისეთი კომპიუტერული კოდი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ იყო მომზადებული.Reuters-ის ინფორმაციით, კიბერშეტევის ერთ-ერთ ობიექტს უკრაინულ მედიაკომპანიას დაბლოკილი ფაილების აღსადგენად ვირუსმა 300 დოლარი მოსთხოვა. „თუ შენ ახლა ამ ტექსტს ხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კომპიუტერის ფაილები ხელმისაწვდომი აღარ არის, ვინაიდან ისინი დაბლოკილია. დრო არ დაკარგო დაზიანებული ფაილების აღდგენაში. არავის შეუძლია ამ ფაილების აღდგენა, თუ არ მიჰყვება ჩვენს ინსტრუქციას“, - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც უკრაინულმა 24-ე არხმა მიიღო. იგივე შეტყობინება მიიღეს როტერდამში Maersk-ის ოფისში.კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა ვირუსის სახელწოდება უკვე დაადგინეს, ეს არის Petya, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შემდეგ აზიანებს ფაილებს და კომპიუტერული მოწყობილობის მუშაობას აფერხებს. როგორც BBC წერს, Petya-ს ვირუსი სათითაოდ ყველა ფაილს არ აზიანებს, არამედ ირჩევს ე.წ. MFT-ის, იგივე მთავარ ფაილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერული მოწყობილობა მთლიანად გამოდის მწყობრიდან. BBC-ის ცნობით, მთავარი ფაილების დაზიანება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე თითოეული ფაილის ცალკ-ცალკე და სწორედ ამიტომ მიმართავენ ჰაკერები კიბერშეტევის ამ მეთოდს. 
წაკითხვა
დიეგო მარადონა მესიმ ქორწილში არ დაპატიჟა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 20:01:00
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ საკუთარი ქორწილის მოსაწვევი არ გაუგზავნა არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას დიეგო მარადონას, - წერს გამოცემა La Capital.  მესი და მარადონა 2008-2010 წლებში თანამშრომლობდნენ არგენტინის ნაკრებში.ასევე, უარყოფილთა სიაში აღმოჩდნენ "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსე მარინ ბარტომეუ და კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე. ამასთან, "ბარსას" ყოფილმა მოთამაშეებმა რონალდინიომ და დეკუმ დაადასტურეს, რომ იქნებიან 30 წლის არგენტინელის ქორწილში.ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილი 30 ივნისს, ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიმართება.
წაკითხვა
უკრაინაში მასობრივი ჰაკერული შეტევა განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 17:32:00
უკრაინულ კომპანიებზე, ბანკებზე, აეროპორტზე და მინისტრთა კაბინეტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.ქვეყნის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჰაკერებმა ვირუსი Petya გამოიყენეს, რის საშუალებითაც საბანკო სექტორის პარალიზება მოახერხეს. ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის წევრების ვებგვერდებზე. რამდენიმე დეპუტატი სოციალური ქსელების საშუალებით წერს, რომ მათი კომპიუტერები მოულოდნელად გაითიშა, შემდეგ კი ეკრანზე უცნაური წარწერები გაჩნდა. ჰაკერების სამიზნეში მოხვდა ბორისპოლის აეროპორტიც. აეროპორტის საინფორმაციო სისტემა პარალიზებულია. არ მუშაობს ვებგვერდი, გათიშულია საინფორმაციო დაფა. პარალიზებულია რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებიც, მათ შორის 24 -ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები.
წაკითხვა
ნიდერლანდების სასამართლომ ძალაში დატოვა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდებს 350 ბოსნიელი მუსლიმის მკვლელობაში ნაწილობრივ მიუძღვის ბრალი
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 16:56:00
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდების სახელმწიფოს 350 ბოსნიელი მუსლიმის მკვლელობაში ნაწილობრივ მიუძღვის ბრალი. საქმე 1995 წლის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიან მოვლენებს ეხება, რომელიც ისტორიას „სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის“ სახელით შემორჩა. მაშინ ჰოლანდიელმა სამშვიდობოებმა ბოსნიელი მუსლიმების ნაწილი სერბების შეიარაღებულ ძალებს გადასცეს, რომლებმაც მოგვიანებით ისინი დახოცეს.სასამართლომ დაადგინა, რომ გაერო-ს კონტიგენტმა, რომელიც ნიდერლანდის სახელმწიფოს წარმოადგენდა, იცოდა, რომ სერბებისთვის გადაცემულ მუსლიმებს საფრთხე ელოდათ, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი შეიარაღებულ ძალებს მაინც გადასცეს.ბოსნიელი სერბების მიერ დაწყებული ეთნიკური წმენდის შემდეგ ადგილობრივმა მუსლიმებმა თავი სრებრენიცას შეაფარეს, 20 ათასამდე მათგანი გაერო-ს ნიდერლანდელი სამშვიდობოების დაცვის ქვეშ მოხვდა. 1995 წელს სერბების არმია სრებრინიცაში შეიჭრა, სწორედ ამ დროს გადასცა ნიდერლანდელმა სამშვიდობოებმა 350 მამაკაცი შეიარაღებულ ძალებს. სულ სისხლიანი მოვლენებისას 8 ათასამდე სხვადასხვა ასაკის მამაკაცი მოკლეს. სრებრენიცის მოვლენების მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სისხლიან მოვლენადაა აღიარებული.2014 წელს ნიდერლანდების სასამართლომ დადგინა, რომ ნიდერლანდები პასუხისმგებელია ამ მკვლელობებზე, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ხელისუფლებებმაც. 2007 წელს ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა.
წაკითხვა
ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს აშენებს - 40 ათასი ხე ერთ ქალაქში
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 16:30:00
​მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშა, მსოფლიო პლანეტის მომავალს კიდევ უფრო ნეგატიურად უყურებს. თუმცა, საბედნიეროდ ჰორიზონტზე გამოჩნდა კარგი სიახლეც. ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს ააშენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით ქალაქში 40 000 ხე დაირგვება. შესაბამისად, ეს პროცესი ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებას და ქვეყანას ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემებისგან დაიცავს. ​ქალაქის დიზაინი სტეფანო ბოერის ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორი ვერტიკალური მწვანე ცათამბრჯენი შემოგვთავაზა. ტყის ქალაქი ჩინეთში გუანგხის პროვინციაში გაშენდება. ​წინასწარი ვარაუდით, ქალაქი 30 000 ადამიანის დატევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მრავალი ჯიშის ხე დაირგვება და მათ შორის ბევრი, უნიკალური სახეობა იქნება. 
წაკითხვა
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 11:46:00
უკრაინის დედაქალაქ კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანი ავტომობილის მძღოლია, შემთხვევის შედეგად კი დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო. აფეთქება კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები, ექიმები და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ძლიერი აფეთქების შედეგად მერსედესის მარკის ავტომობილის ნაწილები 100 მეტრის რადიუსში აღმოაჩინეს. ავტომობილის აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
წაკითხვა
ერთი თვის წინ გატაცებული მექსიკელი ჟურნალისტი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 02:38:00
მექსიკელი ჟურნალისტი სალვადორ ადამე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ქვეყნის პროკურატურის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. ცნობილი ჟურნალისტი ერთი თვის წინ შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. მიჩოაკანის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი 14 ივნისს, გზატკეცილზე აღმოაჩინეს, თუმცა მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ახლა მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, ცხედარი დამწვარი იყო. ჟურნალისტი, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის - 6TV-ის დამფუძნებელი იყო, მუქარის ადრესატი ადრეც გამხდარა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა. შტატის პროკურორის მტკიცებით, მომხდარი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გასულ კვირას დაკავებულმა პირმა აღიარა, რომ ადამეს მკვლელობა ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა შეუკვეთა, მოტივი კი პირადი უთანხმოება გახდა. მიმდინარე წელს მექსიკაში, ადამეს ჩათვლით, უკვე ექვსი ჟურნალისტია მოკლული. წყარო: BNO
წაკითხვა
აშშ-ში ექვსი არაბული ქვეყნიდან მოგზაურობის აკრძალვის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების ნაწილი ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 19:32:00
აშშ-ში ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების ნაწილი ამოქმედდება და სასამართლო შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართება, სადაც პრეზიდენტის პოლიტიკის კანონიერებაზე არგუმენტებს წარადგენენ. სასამართლო ადგენს, რომ შეზღუდვა შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებთან ან ფუნქციონირებად ორგანიზაციებთან ნამდვილი კავშირები არ აქვთ. ფორმალური ურთიერთობის სუბიექტებად ჩაითვლებიან აშშ-ის უნივერსიტეტებში მიღებული სტუდენტები ან აშშ-ის რომელიმე კომპანიის მიერ თანამშრომლად აყვანილი ადამიანები.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 120 დღის განმავლობაში აშშ-ში შესვლა შეეზღუდებათ ლტოლვილებსაც. შეზღუდვა ეხებათ ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს.
წაკითხვა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 17:51:00
საფრანგეთი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, პარიზში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. Reuters-ის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონის აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ საფრთხე შეუქმნა როგორც უკრაინასა და ევროპას, ასევე რუსეთსაც.საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად “ნორმანდიული ფორმატით” საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში, “დიდი ოცეულის” სამიტის დაწყებამდე გაიმართება. თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. 
წაკითხვა
სალვადორ დალის ცხედარს მამობის ტესტის გასაკეთებლად ექსჰუმაცია ჩაუტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 17:39:00
​მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის ცხედარს მამობის ტესტის გასაკეთებლად ექსჰუმაცია ჩაუტარდება. ესპანელი ქალბატონის, პილარ აბელის განცხადებით, სალვადორ დალი მამამისია. მისი თქმით, დედამისი სალვადორ დალისთან დამლაგებლად მუშაობდა.ექსჰუმაციის გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ბიოლოგიური ნაშთი ან პირადი ნივთი, რომელსაც მამობის ტესტისათვის გამოიყენებდნენ. სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, ხოლო გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული. სალვადორ დალი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა გალასთან, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. ​სალვადორ დალისა და გალას ფონდი აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს. 
წაკითხვა
კანადის პრემიერ-მინისტრი ლგბტ პრაიდს დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 16:06:00
​კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ოჯახთან ერთად ტორონტოში გამართულ ლგბტ პრაიდს დაესწრო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კანადის პრემიერი ლგბტ პრაიდს ესწრება. პირველად ის 2016 წლის გამოჩნდა პრაიდზე და ამ მოვლენით, კანადის პირველი პრემიერი გახდა, ვინც ლგბტ ღონისძიებას დაესწრო. პრაიდზე გამოჩენამდე ჯასტინ ტრიუდომ სოციალურ ქსელ ტვიტერში ლგბტ თემის მხარდამჭერი პოსტიც გამოაქვეყნა - "Love is love. #PrideTO".ფოტოები: 
წაკითხვა
გამოცემა ABC - ლიონელ მესის ბავშვთა დახმარების ფონდმა 10 მილიონი ევრო დამალა
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 15:01:00
„ბარსელონას“ ფორვარდის, ლიონელ მესის კუთვნილმა ბავშვთა დახმარების ფონდმა 10 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი დაუმალა საგადასახადო ორგანოებს, - ამის შესახებ წერს გამოცემა ABC.გამოცემის ინფორმაციით, ფონდმა 2007-15 წლების პერიოდში არ მოახდინა შემოსავლის დიდი ნაწილის დეკლარირება. როგორც ირკვევა, არგენტინის ნაკრების კაპიტანი და მისი ოჯახი ფონდს კერძო ბიზნესის წარმოების დასაფარად იყენებდა.მესიმ და მამამისმა რამდენიმე ორგანიზაცია შექმნეს პრაქტიკულად იდენტური სახელებით, მაგრამ სხვადასხვა საბანკო ანგარიშით. კერძოდ, 2009 წელს, მათ ქალაქ როსარიოში გახსნეს ფონდის წარმომადგენლობა, მაგრამ დაარეგისტრირეს ის ესპანეთში, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია.ისინი აფორმებდნენ კონტრაქტებს და ამასთან, არ ავსებდნენ შესაბამის დეკლარაციებს. ამან ის გამოიწვია, რომ არგენტინის ფინანსთა სამინისტრომ ამოშალა ორგანიზაცია თავისი სიიდან, რადგან მას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში არ წარმოუდგენია ინფორმაცია თავისი ანგარიშების შესახებ.ფონდის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წაკითხვა
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერმა ჰაკერებმა აშშ-ის შტატ ოჰაიოს გუბერნატორისა და სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები გატეხეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 11:17:00
საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერმა ჰაკერებმა აშშ-ის შტატ ოჰაიოს გუბერნატორისა და სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები გატეხეს. გუბერნატორ ჯონ კეისიკის ვერგვერდზე ინგლისურენოვანი ტექსტი გამოჩნდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს ემუქრებიან. ტექსტში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი და ამერიკელები მუსლიმურ ქვენებში დაღვრილი თითოეული წვეთი სისხლისთვის პასუხს აგებენ. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა დაჯგუფება Team System Dz-მა განახორციელა. აღნიშნულ ჰაკერულ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ვებვერდი აქვს გატეხილი და საიტებზე ხშირად ისრაელის საწინააღმდეგო მიმართვებს ტოვებს.
წაკითხვა
ქართველი არქიტექტორი სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 23:14:00
ლიტვაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი ივანე ქსნელაშვილი, ლიტველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვური გამოცემა 15min.lt ავრცელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროექტის ღირებულება 9,15 მილიონი ევროა. საფეხმავლო ხიდის სიგრძე 60 მეტრი იქნება. ივანე ქსნელაშვილთან ერთად, პროექტს უხელმძღვანელებს მისი სამი ლიტველი კოლეგა - პიატრას იზორა, ონა ლოზურაიტუტე და დომინიკას დაუნისი. ხიდი სეულის სამხრეთ ნაწილში, მთიან რაიონში განთავსდება. ხიდზე იგეგმება ხეების, ბუჩქების დარგვა და ბალახის საფარის დაგება. პროექტის თანახმად, ხიდი ბუნებრივად უნდა შეერწყას ადგილობრივ ლანდშაფტს. ხიდი სამხრეთ კორეის დედაქალაქის პროექტის - „მწვანე რკალის“ ნაწილი იქნება. ამ პროექტის მიზანია, სეულის მწვანე ზონების ერთმანეთთან დაკავშირება ისე, რომ ადამიანებმა ქალაქის „მწვანე დერეფნებში“ მოგზაურობა შეძლონ. 
წაკითხვა
აშშ-მა შესაძლოა, ერაყი და მიანმარი მოზარდების შეიარაღებულ კონფლიქტში გამწვევი ქვეყნების სიიდან ამოიღოს
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 15:23:00
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის გადაწყვეტილებით, ერაყი და მიანმარი, შესაძლოა, იმ ქვეყნების სიიდან ამოიღონ, სადაც მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მოზარდები მონაწილეობენ. ექსკლუზიურ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტო Reuters ავრცელებს.შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა Reuters-ს გაუმხილა, რომ ტილერსონი მაღალი რანგის დიპლომატების რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. რამდენიმე დიპლომატმა სახელმწიფო მდივანს მოუწოდა, Human Rights Watch-ის და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, ზემოთ ხსენებული ქვეყნების სიას ავღანეთის დაამატონ, თუმცა რექს ტილერსონი აღნიშნული ნუსხის შემცირებას გეგმავს.პენტაგონი ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შემუშავებული აქტის თანახმად, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართულობის პრევენციაა, შეერთებულ შტატებს უფლება აქვს ამ კატეგორიის ქვეყნებს სანქციები დაუწესოს და თავდაცვის სფეროში დაფინანსება შეუწყვიტოს.ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, აღნიშნულ სიას ერაყი, ნიგერია, მიანმარი, სამხრეთ სუდანი და საუდის არაბეთი დაემატა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ ერაყში ფორმირებული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების რიგებში ათობით მოზარდი იბრძვის. Human Rights Watch-ის აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი ფილ რობერტსონი მიიჩნევს, რომ მიანმარისა და ერაყის ამ სიიდან ამოღება ორივე ქვეყანას უფლებას მისცემს სამხედრო მიზნებით დღევანდელ ვითარებასთან შედარებით გაცილებით მეტი მოზარდის რეკრუტირება მოახდინონ.„გაერომ მიანმარში არასრულწლოვნების კონფლიქტში ჩართულობისა და რეკრუტირების 217 საქმე შეისწავლა. თუ ამერიკა ამ ანგარიშს არ გაითვალისწინებს და გაეროს რეკომენდაციას უგულვებელჰყოფს, ეს იქნება დიდი უპასუხისმგებლობა.“ - განაცხადა ფილ რობერტსონმა. 2016 წლის გაეროს ანგარიშის თანახმად, მიანმარში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე 15 მოზარდი გარდაიცვალა, 37 დაშავდა, დანაღმულ ტერიტორიაზე კი 10 დაიღუპა, 24-მა არასრულწლოვანმა მძიმე დაზიანება მიიღო. Human Rights Watch-ის 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ერაყში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი შიიტების შეიარაღებულ დაჯგუფებებში 200-მდე არასრულწლოვანი იბრძვის. მათი ასაკი 14-დან 17 წლამდე მერყეობს.
წაკითხვა
ალ კაპონეს დაწერილ სიმღერას აუქციონზე ყიდიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 12:46:00
ლეგენდარული ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს მიერ დაწერილი სიმღერა მასაჩუსეცის აუქციონზე იყიდება. სიმღერა სახელწოდებით „იუმორესკა“ , ერთ-ერთია იმ ტექსტებს შორის, რომელიც კაპონემ პატიმრობისას დაწერა.ალკატრასის ციხეში ყოფნისას კაპონე ერთი წლის განმავლობაში პატიმრებისთვის მუსიკის დაკვრის საშუალებას ითხოვდა. ნებართვის დართვის შემდეგ კი, განგსტერებმა ციხეში მუსიკალური ბენდი „The Rock Islanders“ ჩამოაყალიბეს.მასაჩუსეცის RR Auction აუქციონზე კაპონეს ჯიბის საათი და აგრეთვე ცნობილი ამერიკელი განგსტერების, ბონი პარკერისა და კლაიდ ბეროუს საიუვილერო ნივთებიც გაიყიდება, მათ საზოგადოება „ბონი და კლაიდის“ სახელით იცნობს.ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი 1931 წელს სათამაშო ბიზნესის, პროსტიტუციისა და გადასახადებიდან თავის არიდების გამო დააკავეს და ალკატრასის ციხეში 11 წელი მიუსაჯეს. ის „დიდი დეპრესიის“ დროს აშშ-ში ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო. თუმცა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გავლენები დაკარგა.ალ კაპონე 48 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
წაკითხვა
თეთრ სახლში გადაღების შეზღუდვის გამო, CNN-მა ბრიფინგზე მხატვარი გაგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 04:13:00
წაკითხვა
აშშ-ის თვითმფრინავთან რუსული „სუ-27“-ის მიახლოების ფოტოები ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 22:18:00
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა მის მზვერავ თვითმფრინავთან - RC-135U-თან რუსული „სუ-27“-ის მიახლოების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 19 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე მოხდა. ფაქტი შეფასდა, როგორც უსაფრთხო.Fox News-ის ცნობით, რუსული თვითმფრინავი RC-135U-ს 1,5 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. „სუ-27“ რაკეტებით იყო აღჭურვილი. ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოსნის შეფასებით, რუსული თვითმფრინავის მოქმედება პროვოკაციული იყო.
წაკითხვა
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 11:34:00
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ყატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით. სააგენტო “როიტერის” ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ყატარს 10 დღიან ვადას აძლევენ. ოფიციალურ დოჰას შეთავაზება კუვეიტის მთავრობამ გაუგზავნა, რომელიც დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს. სპარსეთის ყურეში დიპლმატიური კრიზისი 5 ივნისს დაიწყო.
წაკითხვა
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 11:23:00
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ქუეტაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 4 პოლიციის თანამშრომელია. ხოლო დაჭრილთა შორის 9 ადამიანი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან. აფეთქების შედეგად 15-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ბალუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ტერაქტი პოლიციის განყოფილებასთან მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერეს. 
წაკითხვა

უახლესი