საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მანჩესტერმა შალკე 2-0 დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2011-04-27 13:52:54
სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა შალკე გერმანიაში 2-0 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მატჩი ორივე გუნდის მეკარისთვის გამორჩეული იყო. გერმანელთა პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა, საკუთარ კარში გაშვებული 2 გოლის მიუხედავად, შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. მანჩესტერელთა ლეგენდარულმა მეკარემ ვან დერსაარმა კი შალკეზე რეკორდი დაამყარა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 50-ე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს მადრიდში, რეალსა და ბარსელონას შორის ჩატარდება.
წაკითხვა
ქართული წყვილი ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2011-04-27 13:48:56
ქართული წყვილი ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო რაუნდში ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის წყვილმა 17 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. წინასწარი რაუნდიდან ფინალში გამოსვლის უფლება 10–მა დუეტმა მოიპოვა. მოკლე პროგრამაში 29 აპრილს სულ 25 წყვილი იასპარეზებს. გოგონათა შორის ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით მაყურებლის წინაშე პარასკევს წარდგება. რუსეთის დედაქალაქში მსოფლიო პირველობის ჩატარება მარტში, იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გადაწყდა. მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატი, ტოკიოს ნაცვლად, მოსკოვში პირველ მაისამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
საფეხბურთო ჩემპიონატში გახშირებულ ინციდენტებზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2011-04-26 16:33:02
ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში გახშირებულ ინციდენტებზე სადისციპლინო კომიტეტი საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს. ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში "ოლიმპი"-"ზესტაფონისა" და "ბაია"-"დინამოს" მატჩებზე მომხდარი ფაქტების განხილვა მოხდება. სადისციპლინო კომიტეტის სხდომა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ხვალ ჩატარდება. სამსაჯო კომისია კი მატჩის მიმდინარეობის დროს არბიტრების გადაწყვეტილებებს შეისწავლის და საკუთარ პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს. ეროვნული პირველობის 31-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც რუსთავში ჩატარდა, მსაჯობით უკმაყოფილო "ოლიმპის" ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზუგდიდში კი ინციდენტი გულშემატკივრებს შორის ტრიბუნებზე მოხდა.
წაკითხვა
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპირველობაზე 4 მედალი მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2011-04-26 12:49:32
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 4 მედალი მოიპოვეს, გუნდურ პირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავეს. ქართველი სპორტსმენები თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებმა ესტონეთის ნაკრები 5:0 დაამარცხეს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი პიტერ ზაიზენბახერის გუნდი უკრაინასთან 3:2 დამარცხდა. გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი ორთაბრძოლა გერმანიასთან ჩაატარეს და 3:2 მოიგეს. ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი უკრაინა გახდა. ოთხმა ძიუდოისტმა საპრიზიო ადგილი ინდივიდუალურ ჩათვლაშიც მოიპოვა. ლომერ ჟორჟოლიანი და ბეთქილ შუკვანი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. ირაკლი ცირეკიძე და ვარლამ ლიპარტელიანი კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
წაკითხვა
საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდელთა ნაკრები საფრანგეთიდან ჩამოვიდა
გამოქვეყნებულია: 2011-04-26 12:43:32
საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდე ნაკრები საფრანგეთიდან ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა. ლევან მგელაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მატჩის გამართა. ქართველმა მორაგბეებმა პირველი შეხვედრა რუსეთთან ჩაატარეს და მეტოქე დამაჯერებლად, 38:3 დაამარცხეს. ნახევარფინალური მატჩი ბორჯღალოსნებმა იტალიასთან 36-16 დათმეს. დასკვნით ეტაპზე კი ქართველებმა გერმანიას სოლიდური ანგარიშით 40-0 მოუგეს და ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავეს. საფრანგეთში გამართული კონტინენტის პირველობა შოტლანდიელებმა მოიგეს. ფინალურ შეხვდრაში შოტლანდიელებმა იტალიის ნაკრებს 17-12 სძლიეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
წაკითხვა
ინციდენტი საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე
გამოქვეყნებულია: 2011-04-25 16:19:22
ინციდენტი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე. რუსთავსა და ზუგდიდში დაპირისპირების მთავარი ადრესატი შეხვედრის მსაჯი იყო. ეროვნული პირველობის მატჩებზე მომხდარ ინციდენტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.
წაკითხვა
ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-25 15:19:59
ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა როტერდამში ფეიენოორდსა და ეინდჰოვენს შორის გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. როტერდამში წაგების შემდეგ, ეინდჰოვენმა ლიდერობა დაკარგა და ტვენტეს სამი ქულით ჩამორჩება. აიაქსმა კი ექსელსიორი 4:1 დაამარცხა.
წაკითხვა
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2011-04-25 15:14:03
ძიუდოისტთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენებმა ესტონეთის ნაკრები 5:0 დაამარცხეს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პიტერ ზაიზენბახერის გუნდი უკრაინასთან 3:2 დამარცხდა. გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი ორთაბრძოლა გერმანიასთან ჩაატარეს და 3:2 მოიგეს. ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი უკრაინა გახდა. თურქეთში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს სახელით სულ 17 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოთხმა ძიუდოისტმა საპრიზო ადგილი ინდივიდუალურ ჩათვლაშიც მოიპოვა. ლომერ ჟორჟოლიანი და ბეთქილ შუკვანი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. ირაკლი ცირეკიძე და ვარლამ ლიპარტელიანი კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიას დისკვალიფიკაცია ემუქრება
გამოქვეყნებულია: 2011-04-23 13:40:00
ზაზა ფაჩულიას“ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს გამთენიისას „ორლანდო მეჯიქი“ 88-84 დაამარცხა და პლეიოფის სერიაში 2-1 დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სათამაშო მოედანზე ინციდენტი მოხდა. ქართველმა ცენტრმა და ორლანდოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ რიჩარდსონმა იჩხუბეს. ამის გამო ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს და, სავარაუდოდ, ორივე მათგანი სერიის მეოთხე მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე კი კროუფორდმა სამქულიანი ზუსტად შეასრულა და „ატლანტამ“ გაიმარჯვა. კროუფორდის ანგარიშზე 23 ქულაა და ის მატჩის საუკეთესო მოათამაშე გახდა.
წაკითხვა
გიორგი ასანიძე 64-ე სკოლას ეწვია
გამოქვეყნებულია: 2011-04-20 17:45:56
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე თბილისის 64-ე საჯარო სკოლას ეწვია. ოლიმპიური ჩემპიონი მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ახვლედიანთან ერთად, მათ სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლაში 900-მდე მოსწავლე სწავლობს და მათ სპორტის ძირითად საგნად სამი სახეობა - ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი აირჩიეს. ფრენბურთის სახეობა საქართველოს მასშტაბით 1423 საჯარო სკოლას აქვს სპორტის ძირითად და დამხმარე სახეობად დასახელებული.
წაკითხვა
თბილისში ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2011-04-19 17:28:13
თბილისში, 6-დან 19 მაისის ჩათვლით, ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატში 40 ქვეყნიდან 200 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის საპრიზო ფონდი ასი ათას ევროს შეადგენს. საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. კომიტეტის შემადგენლობაში ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართველი მოჭადრაკეები და მერიის წარმომადგენლები შედიან. დღესვე გიგი უგულავამ საორგანიზაციო კომიტეტთან პირველი შეხვედრა გამართა და ჩემპიონატთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
წაკითხვა
წარმატებულ ქართველ ძალოსნებს ლადო ვარძელაშვილი შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2011-04-19 17:24:27
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ ქართველ ძალოსნებს ლადო ვარძელაშვილი შეხვდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ნაკრების წევრებს მინისტრმა გამარჯვება პირადად მიულოცა. ყაზანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 105 კგ. წონით კატეგორიაში გია მაჭავარიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა. მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძე მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
წაკითხვა
საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა
გამოქვეყნებულია: 2011-04-19 17:22:46
საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. ვახტანგ ფანცხავა ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ღირსებას სამი წლის განმავლობაში დაიცავს. 21 წლის ფეხბურთელმა ბოლო ხუთი საფეხბურთ სეზონი ევროპაში გაატარა. ახალგაზრდა სპორსტსმენი უნგრეთის „დიორის“,“ვაშაშის“, ხარკოვის „მეტალისტისა“ და საფრანგეთის „ლემანის“ ღირსებაც იცავდა. მისი კარიერა საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ დაიწყო. პოზიციით თავდამსხმელი თბილისის "დინამოში" ექვსნომრიანი მაისურით ითამაშებს.
წაკითხვა
სპორტის საგულშემატკივრო ჰიმნის კონკურსი გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2011-04-18 18:32:30
დღეიდან სპორტული თამაშების საგულშემატკივრო ჰიმნის კონკურსი გამოცხადდა. ბოლო წლების განმავლობაში ქართული სპორტის პროგრესთან დაკავშირებით, ახალი საგულშემატკივრო ჰიმნი შეიქმნება. თბილისის მერიისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კონკურსის გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს. ჰიმნის სტუდიური ჩანაწერისა და კლიპის გადაღების ხარჯებს მთლიანად თბილისის მერია დაფარავს. ქართველი გულშემატკივრისთვის ჰიმნის წარგდენა კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოხდება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
წაკითხვა
მონტე კარლოს მასტერსი რაფაელ ნადალმა მოიგო
გამოქვეყნებულია: 2011-04-18 13:38:24
მონტე კარლოს მასტერსის ტურნირის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა. მსოფლიოს რეიტინგის პირველი ჩოგბურთელი გადამწყვეტ მატჩში თანამემამულე დეივიდ ფერერს დაუპირისპირდა. მონტე კარლოს კორტზე მისული მაყურებელი დაძაბული ბრძოლის მომსწრე გახდა. პირველი სეტი ნადალმა 6-4 მოიგო. მეორე სეტში კი 24 წლის ესპანელმა სპორტსმენმა ფერერი 7-5 დაამარცხა და მორიგი პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა. ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბმა სპორტსმენმა ასპარეზობა მუხლის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
წაკითხვა
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერ სიტი და სტოკი ითამაშებენ
გამოქვეყნებულია: 2011-04-18 13:31:00
ინგლისში ასოციაციის თასის ფინალისტების ვინაობა გაირკვა. მანჩესტერ სიტის მეტოქე სტოკი იქნება. სტოკ სიტის ფეხბურთელებმა ნახევარფინალში ბოლტონი დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს. სტოკის უპირატესობა პირველ 30 წუთში გამოიკვეთა. სტოკმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი ვოლტერსმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირდა. ინგლისის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე მყოფი სტოკი ასოციაციის თასის ფინალში პირველად ითამაშებს. ფინალში გასვლით სტოკ სიტის ევროტურნირზე გასვლის შანსი ეძლევა. გადამწყვეტ შეხვედრაში სტოკის მეტოქემ მანჩესტერ სიტიმ თანაქალაქელი იუნაიტედი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ასოციაციის თასის ფინალური შეხვედრა სტოკსა და მანჩესტერ სიტის შორის უემბლის სტადიონზე 14 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
„რკენაში“ ჩემპიონატი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-16 16:55:33
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის სპორტულ დარბაზში ქართული საბრძოლო ხელოვნების რიგით მეთოთხმეტე ჩემპიონატი გაიმართა „რკენაში“. ასპარეზობაში, ხრიდოლის კლუბების გარდა, საქართველოს 20 სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. სპორტის ეს სახეობა უკვე ისწავლება საჯარო სკოლებში, რაც ხელს უწყობს ხრიდოლის განვითარებას. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.
წაკითხვა
კენდოს სემინარი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-16 16:49:02
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში კენდოს რიგით მეორე ღია სემინარი გაიმართა. ქართველ სპორტსმენებს საფრანგეთის მთავარი მსაჯი და ევროპის კენდოს ფედერაციის წარმომადგენელი მიშელ ჟოტლერი ჩაუტარებს სემინარებს. პირველი მსგავსი პროექტი საქართველოს კენდოს ფედერაციამ ერთი წლის განახორციელა, როდესაც ინგლისელი მწვრთნელი პოლ ბუდენი ჩამოიყვანა. პროექტის მიზანი კენდოს, როგორც საბრძოლო ხელოვნების გაცნობა, ასევე სპორტსმენებისა და მწვრთნელების მომზადებაა. მიშელ ჟოტლერი საქართველოში 18 აპრილამდე დარჩება.
წაკითხვა
ველორბოლაში სტუდენტური ჩემპიონატი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-04-16 16:44:57
ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ველორბოლაში სტუდენტურმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირში სოხუმის უნივერსიტეტის 50 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. სპორტსმენებს 800–მეტრიანი დისტანცია მინიმალურ დროში უნდა დაეფარათ. შეჯიბრი ორ კატეგორიაში ჩატარდა. ჩემპიონატი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარებაა. გამარჯვებული ველომრბოლელები ფასიანი პრიზებითა და თასებით დასაჩუქრდნენ.
წაკითხვა
საქართველოს ტაიკვანდოს ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2011-04-15 18:38:54
7-დან 10 ივლისის ჩათვლით, თბილისი ტაიკვანდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს, სამდღიანი ვიზიტით, ევროპის ტაიკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ეწვივნენ. უცხოელმა სტუმრებმა ჯერ თბილისის სპორტის სასახლე და სხვადასხვა სასტუმრო დაათვალიერეს, რის შემდეგაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. სამინისტროში მხარეებმა ტურნირის საორგანიზაციო დეტალები შეათანხმეს. ტაიკვანდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 33 ქვეყნის 400–მდე სპორტსმენის ჩამოსვლაა დაგეგმილი.
წაკითხვა

უახლესი