საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქართველოს 13 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რიგის თასი მოიგო
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 12:04:15
საქართველოს 13 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რიგის თასი მოიგო. ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოზარდებმა ფინალურ ეტაპზე ვერონას კიევო დაამარცხეს. ნოდარ აკობიას გუნდმა იტალიურ კლუბს 3-2 მოუგო და საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ტუნრირის ბომბარდირი გიორგი ლაშხია გახდა, რომელმაც ოთხ მატჩში მეტოქის კარში 6 გოლი გაიტანა. საერთაშორისო შეჯიბრზე მონაწილეობა 8 ევროპულმა გუნდმა მიიღო. გამარჯვებულ ქართველ მოზარდებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციისა და პროფლიგის წარმომადგენლები დახვდნენ.
წაკითხვა
ქართველმა ძიუდოისტებმა 15 მედალი მოიპოვეს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 11:56:50
ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე სხვადასხვა სინჯის 15 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის მეორე დღეს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაურმა ქართველი მეტოქე ხვიჩა ხუციშვილი დაამარცხა. ქართულ-რუსული დაპირისპირება გაიმართა 90 კილოგარმ წონით კატეგორიაში. მინდია ბოდაველმა ტრავმის მიუხედავად, კამილ მაგომედოვი 2 წუთსა და 2 წამში წმინდად დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ორი ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამ რაოდენობის მედლების მოპოვებით საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა.
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციამ 35-ე საფეხბურთო სკოლას ინვენტარი გადასცა
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 17:17:33
ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. საჩუქრები მოსწავლეებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდერე ჩივაძემ გადასცეს. ფედერაციის ეს პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის საფეხბურთო სკოლების დახმარებას ითვალისწინებდა, რომლის პირველი ეტაპი დასრულდა. მომავალში ფეხბურთის ფედერაცია უკვე დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო სკოლებსაც დაეხმარება.
წაკითხვა
ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:44:44
ქართველი ძიუდოისტებისთვის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების მეორე დღეც წარმატებული აღმოჩნდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ორი ქართველი - ლევან წიკლაური და ხვიჩა ხუციშვილი იასპარეზებს. 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში კი ქართულ-რუსული ფინალი შედგება. მინდია ბოდაველი კამილ მაგამედოვს, რევაზ ჩიკოიძე კი მაგამედ მაგამედოვს დაუპირისპირდება. მძიმე წონაში ოქროს მედლისათვის ადამ ოქრუაშვილი იბრძოლებს. მესამე საპრიზო ადგილისათვის კი კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. შეჯიბრის გადამწყვეტი ორთაბრძოლები დედაქალაქის მთავარ სპორტულ ცენტრში 17:00 საათიდან დაიწყება. ასპარეზობის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს.
წაკითხვა
ძიუდოს მსოფლიო თასზე სამ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-30 16:58:30
სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო თასზე სამ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ. ოქროს მედლისთვის საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი იბრძოლებს. 17 საათიდან ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ძიუდოს მსოფლიო თასზე საქართველოს სახელით 28 ძიუდოისტი იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-28 18:00:59
ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, 17 ქვეყნის სპორტსმენები გამოვლენ. საქართველოს სახელით 28 ძიუდოისტი იასპარეზებს. წარმატებული ძიუდოისტები საერთაშორისო რეიტინგში შესაბამის ქულებს მიიღებენ. 30-31 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის ორთაბრძოლებზე დასწრება გულშემატკივარს ორ ლარად შეეძლება.
წაკითხვა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია
გამოქვეყნებულია: 2010-01-28 12:51:34
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში ითამაშებს. განმეორებიით ნახევარფინალურ შეხვედრაში ფერგიუსონის გუნდმა თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი" 3:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე პოლ სქოულზმა მასპინძლები დააწინაურა. ზუსტად 20 წუთში ქერიკმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტევესის გოლით, "სიტიმ" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი შეხვედის 90-ე წუთი აღმოჩნდა. უეინ რუნის გოლით, "იუნაიტედმა" ლიგის თასის ფინალში გასვლა შეძლო. "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე 28 თებერვალს უემბლის სტადიონზე ბირმინგემის "ასტონვილა" იქნება.
წაკითხვა
ზურაბ ხიზანიშვილი დღეიდან ახალ საფეხბურთო კლუბში იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-26 13:48:40
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი დღეიდან ახალ საფეხბურთო კლუბში იასპარეზებს. "ბლექბერნის" ხელმძღვანელობამ 28 წლის ქართველი მცველი, იჯარის სახით, "რედინგს " დაუთმო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბის ღირსებას ზურაბ ხიზანიშვილი სეზონის ბოლომდე 44–ნომრიანი მაისურით დაიცავს. ხიზანიშვილის დებიუტი "რედინგის" შემადგენლობაში დღეს "შეფილდ იუნაიტედის" წინააღმდეგ შედგება.
წაკითხვა
"მანჩესტერ სიტიმ" "სკანთორპი" დაამარცხა
გამოქვეყნებულია: 2010-01-25 14:35:52
"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. რობერტო მანჩინის გუნდმა ასპარეზობიდან ჩემპიონთა ლიგის "სკანთორპი" გამოთიშა. მანჩესტერული კლუბის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. სიტი მარტინ პეტროვმა დააწინაურა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა 45-ე წუთზე "სკანთორპმა" საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. "მანჩესტერ სიტიმ" დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა. სილვინიოს და რობინიოს ზუსტი დარტყმებით, სტურებმა უპირატესობა ოთხამდე გაზარდეს. საბოლოოდ, მანჩინის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. ასოციაციის თასის გათამაშებას გამოეთიშა "არსენალი". ლონდონური კლუბი "სტოკ სიტისთან" 3:1 დამარცხდა.
წაკითხვა
"ინტერმა" "მილანს" 2:0 სძლია
გამოქვეყნებულია: 2010-01-25 14:24:56
იტალიის სერია ა-ს ცენტრალური მატჩი მილანურ კლუბებს შორის "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა თანაქალაქელი გუნდის კარში პირველი გოლი მე-10 წუთზე გაიტანა. "ინტერი" მილიტოს გოლით დაწინაურდა. პირველ ტაიმში სნეიდერმა შეხვედრის მთავარი მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 65-ე წუთზე, პანდევის ზუსტი საჯარიმო დარტყმით, "ინტერი" 2:0 დაწინაურდა. მატჩის დამატებულ მეორე წუთზე "ინტერის" ფეხბურთელმა ლუსიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. რონალდინიოს თერთმეტი მეტრიდან დარტყმული "მილანის" მეკარემ მოიგერია და "ინტერმა" 2:0 გაიმარჯვა. კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი "იუვენტუსსა" და "რომას" შორის სტუმართა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. 21 ტურის შემდეგ, სერია ა-ს 49 ქულით "ინტერი" ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს კი "მილანი" და "რომა" იკავებენ.
წაკითხვა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2010-01-25 14:14:51
თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. პატრიკ ჰიკი დედაქალაქში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. სპორტული დელეგაცია თბილისში ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და დედაქალაქის მერ გიგი უგულავას შეხვდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და საპატიო სტუმრები ვიზიტის ბოლოს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. პატრიარქმა დელეგაცია დალოცა და წარმატებები უსურვა. თბილისი, ჩეხეთის ქალაქ ბრნოსთან ერთად, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატია. გამარჯვებულ ქალაქს ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2010 წლის ნოემბერში დაასახელებს.
წაკითხვა
გუდაურში მოთხილამურეთა შეჯიბრი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2010-01-24 17:18:09
გუდაურში თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა შეჯიბრი გაიმართა. სნოუბორდისა და თხილამურების მოყვარულ სპორტსმენებს შორის საუკეთესოები 20 - მდე მონაწილეს შორის შეარჩიეს. ზამთრის სპორტის სახეობების ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.
წაკითხვა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ "თბილისი 2015-ის" შტაბი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2010-01-24 13:31:59
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ "თბილისი 2015-ის" სპორტული შტაბი გახსნა. საკრებულოს შენობაში განთავსებულ შტაბში ახალგაზრდულ სპორტულ ფესტივალთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და დედაქალაქის მერ გიგი უგულავას შეხვდა. დღის ბოლოს პატრიკ ჰიკი თბილისში ვიზიტს სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობაში თბილისს კონკურენციას ჩეხეთის ქალაქი ბრნო უწევს.
წაკითხვა
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გამოქვეყნებულია: 2010-01-24 13:25:58
ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. 20 წლის სპორტსმენმა ევროპის პირველობის გადამწყვეტ დღეს თავისუფალ პროგრამაში ჟორჟ ბიზეს კარმენი შეასრულა და ჟიურისგან 103.72 ქულა მიიღო. ამ მაჩვენებლით გედევანიშვილი თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილზე გავიდა, საერთო ჯამში კი მხოლოდ სახელოვან სპორტსმენებს – იტალიელ კაროლინა კოსტნერს და ფინელ ლაურა ლეპისტოს ჩამორჩა. ელენე გედევანიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს ფიგურულ სრიალში მედალი მოუტანა. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტალინიდან ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ზამთრის ოლიმპიადისთვის მოემზადება. 20 წლის ქართველი მოციგურავე თებერვალში ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა.
წაკითხვა
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-23 17:14:54
ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ესტონეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე დღეს ევროპის 20 საუკეთესო მოციგურავე თავისუფალი პროგრამით გამოვა. ელენე გედევანიშვილი ჟორჟ ბიზეს "კარმენს" შეასრულებს. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრის პირველ საკონკურსო დღეს მოკლე პროგრამა შეასრულა და 42 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ლიდერის პოზიციაზე იტალიელი კაროლინა კოსტნერი იმყოფება. მეორე-მესამე ადგილებს კი ფინელი კიირა კორპი და ლაურა ლეპისტო იკავებენ.
წაკითხვა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თბილისშია
გამოქვეყნებულია: 2010-01-23 17:04:02
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თბილისშია. პატრიკ ჰიკი თბილისის სპორტულ ინფრასტრუქტურას ეცნობა. საქართველოს დედაქალაქი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ–ერთი კანდიდატია. ევროპული სპორტის მაღალჩინოსნებმა თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად დიდ დიღომში ახალი სპორტული ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე დედაქალაქის მერმა სტუმარს საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.
წაკითხვა
ქუთაისში ქალთა შორის ჭადრაკის 67-ე ჩემპიონატი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2010-01-23 13:10:51
ქუთაისში ქალთა შორის ჭადრაკის 67-ე ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატი მაია ჩუბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სახლში გაიმართა. პირველ ადგილზე 10 ქულით სალომე მელია გავიდა. მეორე და მესამე ადგილები ნინო ხურციძემ და მაია ლომინაშვილმა გაინაწილეს. სამივე გამარჯვებული ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. პირველი ადგილის მფლობელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 4 000 ლარით დაასაჩუქრა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები ქუთაისის მერიამაც გადასცა.
წაკითხვა
ესპანეთის სამეფო თასზე ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2010-01-22 11:46:21
ესპანეთის სამეფო თასზე ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. მადრიდის "ატლეტიკომ" "სელტასთან" ფრედ 1-1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე-3 წუთზე გახსნეს. წონასწორობის აღდგენა კი მადრიდელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს. "სელტას" კარში გოლი ტიაგომ გაიტანა. მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა "რასინგსა" და "ოსასუნას" შორის. "რასინგი" 84-ე წუთზე 2-0 იგებდა, თუმცა მატჩის დარულებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ოსასუნას" ფეხბურთელებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება მოახერხეს და მატჩი 2-1 დასრულდა. სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 27-28 იანვარს გაიმართება.
წაკითხვა
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში "მონაკომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
გამოქვეყნებულია: 2010-01-21 14:03:23
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში "მონაკომ" ზედიზედ მესამე მატჩო მოიგო. პარიზში გამართული "სენ ჟერმენისა" და "მონაკოს" დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პარიზელებმა გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. "მონაკომ" სასურველ შედეგს ედელის ავტოგოლით მიაღწია. 69-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "მონაკომ" 1:0 გაიმარჯვა. ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ბორდომ" "გრენობლის" 3:1 მოუგო. ანალოგიური ანგარიშით "ლიონმა" "ლორიანს" სძლია.
წაკითხვა
ესპანეთის სამეფო თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2010-01-21 13:52:00
ესპანეთის სამეფო თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. "ხეტაფემ" "მალიორკა" სტუმრად 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სტუმრებმა გახსნეს. თავი "ხეტაფეს" 25 წლის ფორვარდმა მანუელ დელ მორალმა გამოიჩინა. 68-ე წუთზე მასპინძლებმა საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღეს. ანგარიშის სხვაობის შემცირება გონსალო კასტრომ შეხვედრის ბოლო წუთზე შეძლო და საბოლოოდ 2-1 დაფიქსირდა. კიდევ ერთ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "სევილიამ" "დეპორტივოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპიძნელთა კარი ნეგრედომ, რენატომ და ხესუს ნავასმა დალაშქრეს. სამეფო თასის მეოთხედფინალის კიდევ ორი მატჩი დღეს გაიმართება.
წაკითხვა

უახლესი