საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ლაგოდეხის ნაკრძალში მედიატური მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2009-10-12 13:43:11
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში მედიატური მოეწყო. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში სამინისტროს მიერ სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადებულ ანგარიშს გაცნობოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა. ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალ ვიზიტორთა ცენტრიც და ტურისტული ბილიკებიც დაათვალიერეს.
წაკითხვა
რუსეთ–საქართველოს ომზე ფილმის გადაღებები გორში გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2009-10-12 13:31:58
რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დღეს გორში გრძელდება. ქალაქის ქუჩებში სამხედროები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდება, მის თავზე იფრენს ავიაცია. პროექტის ავტორები გიორგი და ლაშა იმედაშვილები არიან, რომლებმაც სპონსორი ჰოლივუდში მოძებნეს. ფილმის რეჟისორი რენი ჰარლენია. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მსახიობები, თუმცა მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. გორამდე გადაღებები წალკაში მიმდინარეობდა.
წაკითხვა
თბილისში ოთხბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2009-10-12 13:18:35
თბილისში გუშინ საღამოს რიხტერის შკალით ოთხბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისი იყო, კერძოდ ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონები. სეისმოლოგების განმარტებით, მიწისძვრის კერა ზედაპირული იყო და ბიძგები ღამის განმავლობაში აღარ განმეორებულა. სეისმოლოგიურ ცენტრში ძლიერ მიწისძვრას არ ელოდებიან.
წაკითხვა
ილია მეორე – ადამიანი ადამიანს უნდა გაუფრთხილდეს
გამოქვეყნებულია: 2009-10-11 16:22:26
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა დღეს თავის საკვირაო ქადაგებაში კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, ჯიბით დანა არ ატარონ. ილია მეორემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ადამიანის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი ფასეულობა არის თავად ადამიანი, სწორედ ამიტომ ადამიანი ადამიანს უნდა გაუფრთხილდეს, უპირველეს ყოვლისა კი, ყველა ადამიანზე ეკლესიამ უნდა იზრუნოს. ილია მეორემ მრევლს ასევე მოუწოდა ბუნებისა და მიწის სიყვარულისკენ. დღესვე პატრიარქმა დალოცა ჟღენტების, მუმლაძეების, გურასპაშვილების და ანდღულაძეების გვარი და უკვე არსებული ტრადიციის თანახმად, 55-ე და 193-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც დალოცა.
წაკითხვა
იპოდრომზე ორი მამაკაცი საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა
გამოქვეყნებულია: 2009-10-11 16:04:09
იპოდრომის სარბენ ბილიკზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა, სტაფის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. ნაკბენები დაზარალებულებს სახისა და სხეულის ქვედა და ზედა კიდურებზე აღენიშნებათ. დაშავებულები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ჭრილობები დაუმუშავეს და ცოფის საწინააღმდეო ვაქცინა გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წაკითხვა
"მის საქართველო – 2009" დღეს გამოვლინდება
გამოქვეყნებულია: 2009-10-11 12:49:37
დღეს "მის საქართველო – 2009" გამოვლინდება. კომპეტენტური ჟიური 20 მონაწილიდან საუკეთესოს დაასახელებს. გამარჯვებული საქართველოს სახელით სამხრეთ აფრიკაში მის მსოფლიოს კონკურსზე გაემგზავრება. "მის საქართველო 2009-ს" ტრადიციულ პრიზებთან ერთად, ავტომანქანა "სუზუკი სელერიოსაც" გადასცემენ.
წაკითხვა
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური სტაჟორთა კონკურსს აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2009-10-11 12:45:56
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტთა მისაღებად სტაჟორთა კონკურსი გამოაცხადა. სტაჟორები კონკურსის წესით შეირჩევიან. ექიმ—ჰიგიენისტებს, ექიმ-ეპიდემიოლოგებს, ქიმიკოსებს, კვების ტექნოლოგებს, ბიოლოგებს, ვეტერინარებსა და იურისტებს საშუალება ექნებათ საკუთარ რაიონში, ეროვნული სამსახურის რაიონულ და საქალაქო სამმართველოებში გაიარონ სტაჟირება, რის შემდეგაც სტაჟორებს დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ.
წაკითხვა
მენინგოკოკცემიით დაავადებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2009-10-11 12:37:47
მენინგოკოკცემიით დაავადებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. გოგონა ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით მოათავსეს, მას გენერალიზებული კრუნჩხვა აღენიშნებოდა. როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში დაავადების მეოთხე დღიდან იქნა გადმოყვანილი.
წაკითხვა
"ლეიბორისტები“ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემი ანძების არსებობას აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 16:51:40
"ლეიბორისტული პარტია” სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე კომპანია „ბილაინის“ გადამცემი ანძების არსებობას აპროტესტებს. პარტიის წევრებმა საპროტესტო აქცია დღეს ფიზიკა–მათემატიკის, ე.წ. კომაროვის სკოლასთან გამართეს, სადაც “ბილაინის” გადამცემი ანძაა დამონტაჟებული. “ლეიბორისტული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან, მით უმეტეს სასწავლო დაწესებულებებთან, სადაც ბევრი ბავშვი მოძრაობს, დაუშვებელია მსგავსი გადამცემების არსებობა, რადგან მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათო გამოსხივებაა აქვს. კომპანია ბილაინში აცხადებენ, რომ ამ სკვერში დამონტაჟებული ანძა მათი საკუთრება არ არის.
წაკითხვა
შპს „დასავლეთის წყალის“ სერვისცენტრი ქუთაისში გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 16:39:25
შპს „დასავლეთის წყალის“ სერვისცენტრი ქუთაისში გაიხსნა. ოფისი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძემ გახსნა. სერვისცენტრში მოსახლეობა მოხმარებული წყლის გადასახადს გადაიხდის და მისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებს. შპს "დასავლეთის წყალი" სამი თვის წინ შეიქმნა და 26 რაიონს აერთიანებს.
წაკითხვა
მის– საქართველოს ვინაობა ხვალ გაირკვევა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 16:35:20
2009 წლის მის– საქართველოს ვინაობა ხვალ გაირკვევა. შესარჩევი კონკურსი ბათუმში გაიმართება. კონკურსში 20 გოგონა მონაწილეობს. გამარჯვებული მის–მსოფლიოზე სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მას საჩუქრად ავტომობილი გადაეცემა. წინასაკონკურსო სამზადისი უკვე დაწყებულია.
წაკითხვა
თბილისში უცნაური ბილბორდები გამოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 16:30:28
თბილისში რამდენიმე დღეა უცნაური ბილბორდები გამოჩნდა. სარეკლამო ბანერებზე შიშველი სხეულებია გამოსახული. ადამიანის სახე არცერთ ბანერზე არ ჩანს, თუმცა ყოველ მათგანს აქვს სლოგანი – დაინახე შიშველი. რეკლამა ერთ-ერთ ახალ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ხმაურიანი პრეზენტაციისთვის ემზადება. პრეზენტაციამდე ორგანიზაცია საკუთარ სახლესა და საქმიანობის სფეროს არ ამხელს. დამკვეთის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს ის სარეკლამო კომპანიაც, რომელმაც რეკლამა მთელი თბილისის მასშტაბით განათავსა.
წაკითხვა
თელავში ოჯახში დამზადებული ღვინის კონკურსი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 16:26:55
ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ინიციატივით, თელავში დღეს ოჯახში დამზადებული ღვინის კონკურსი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კახელი გლეხების მიერ ტრადიციული წესით დამზადებული ღვინო. დეგუსტატორთა კომისიამ საუკეთესო თეთრი ღვინო გამოავლინა, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა ზურაბ ბეროზაშვილმა დაამზადა. მას ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სპეციალური ჯილდო გადასცა. ბეროზაშვილისგან ეკონომიკის სამინისტრო ერთ ტონა ღვინოს საბაზრო ფასით შეისყიდის.
წაკითხვა
„მის საქართველოს“ მონაწილეები მახინჯაურის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 14:13:37
2009 წლის „მის საქართველოს“ მონაწილეები მახინჯაურის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. კონკურსანტებმა პატარებს სხვადასხვა საჩუქრები და პირადი მოხმარების ნივთები ჩაუტანეს. სტუმრებისთვის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიება 2008 წლის "მის საქართველოს" ხათუნა სხირტლაძის ორგანიზებით მოეწყო.
წაკითხვა
ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა კონფერენცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 13:23:50
ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა კონფერენცია გამართა. მისი მიზანი იუნესკოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის ცოდნაა, რომელსაც “საგანძური შენში” ეწოდება და განათლების სფეროში მსოფლიო სტანდარტად ითვლება. ამერიკულ–ქართული განათლების ცენტრი გასულ წელს დაარსდა და მისი მიზანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეგრეთ წოდებული “ლიბერალ არტის” პრინციპებზე დაფუძნებული სწავლის მეთოდების შემოტანაა. აქ მოსწავლეებს შეუძლიათ მოემზადონ როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად. ცენტრი 8 ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და საქართველოში 2 ამერიკულ უნივერსიტეტს ”ჰამილტონსა” და “სვართმოსს” წარმოადგენს.
წაკითხვა
თბილისის მერია მიუნხენის უძრავი ქონების მეთორმეტე ფესტივალში მეორედ მონაწილეობდა
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 13:19:01
თბილისის მერიამ მიუნხენის უძრავი ქონების მეთორმეტე ფესტივალში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. “ექსპო რეალის” ქართველ ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა დასრულებული თუ მიმდინარე პროექტები წარმოედგინათ და გამოფენის მონაწილე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები დაემყარებინათ. ქართულ სტენდთან მისულმა სტუმრებმა, ქართული საინვესტიციო პროგრამების გაცნობის გარდა, ქართული ღვინოც დააგემოვნეს. მიღების ბოლოს კი ინვესტორებისთვის გათამაშება მოეწყო. გამარჯვებულ უცხოელებს საშუალება ექნებათ თბილისობის დღესასწაული თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში გაატარონ.
წაკითხვა
ალექსანდრე ბასილაიას დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
გამოქვეყნებულია: 2009-10-10 13:04:52
ალექსანდრე ბასილაიას დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი 12–დან 3 საათამდე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასილაია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 3 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში, გერმანიაში გარდაიცვალა. ალექსანდრე ბასილაია ცნობილი საესტრადო სიმღერებისა და მიუზიკლების ავტორია.
წაკითხვა
შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება
გამოქვეყნებულია: 2009-10-09 17:17:15
შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება. საქართველოს კანონში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ცვლილება შედის. განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა გააკეთა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღევანდელი კანონმდებლობით გაშვილების კომპონენტი არის ძალიან გართულებული, გაძლიერებულია კონტროლის მექანიზმიც. კვიტაშვილის თქმით, პროცედურა გამარტივდება, რისი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იზრდებოდეს ოჯახურ პირობებში.
წაკითხვა
ორსანტიაში ქართულ – აფხაზური ოჯახების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-10-09 17:07:01
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში დღეს ქართულ –აფხაზური ოჯახების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დაკარგული ურთიერთობების აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ნათესავების მოძიება როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისე დანარჩენ საქართველოში, – ასეთია შერეული ქართულ –აფხაზური ოჯახების კავშირის შეხვედრების თემა. ორსანტიაში გალის რაიონიდან ხუთი ადამიანი გადმოვიდა. რუსმა ოკუპანტებმა ისინი ოტობაიას ჩამტვრეული ხიდით არ გამოატარეს, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონში გადმოსვლა მათ შემოვლითი გზით მოახერხეს. ქართულ –აფხაზური შერეული ოჯახების კავშირი ასეთი შეხვედრებით უკვე დაეხმარა ოთხი ათას ადამიანს დაკარგული ნათესავების მოძიებაში. დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევრაზიის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ერთიან ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება
გამოქვეყნებულია: 2009-10-09 17:02:04
ერთიან ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დაემატება. განცხადება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. აბიტურიენტებს არჩევანის უფელბა შვიდი შეთავაზებული გამოცდიდან ექნებათ. ესენია: მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ლიტერატურა, გეოგრაფია, და ისტორია. მინისტრის განცხადებით, მეთორმეტე კლასში მოსწავლეებს ზოგად უნარებში გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ნიკა გვარამიას განცხადებით, გადაწყდა, რომ არაქართულენოვანი აბიტურიენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. ეს გამოცდა იქნება უნარ– ჩვევები, რომელსაც ისინი საკუთარ ენაზე ჩააბარებენ.
წაკითხვა

უახლესი