საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თბილისში დღეიდან პირადობის მოწმობების გაცემა შეწყდება
გამოქვეყნებულია: 2010-01-15 10:20:11
თბილისში დღეიდან პირადობის მოწმობების გაცემა შეწყდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, 2010 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს იმ პირებზე, რომლებიც 15 იანვრიდან 1 ივნისამდე საცხოვრებელ ადგილს შეიცვლიან და რეგისტრაციას ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან. კანონში ეს ცვლილება მას შემდეგ შევიდა, რაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით, თბილისში დარეგისტრირება სპეციალურად ხდებოდა. დროებით პირადობის მოწმობას ჩვეულებრივი პირადობის მოწმობის მსგავსი იურიდიული ძალა აქვს, თუმცა საარჩევნო მიზნებისთვის ის არ გამოიყენება.
წაკითხვა
თბილისსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდება
გამოქვეყნებულია: 2010-01-15 09:34:29
თბილისსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდება. ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეისები მხოლოდ სეზონურ ხასიათს ატარებს. მათი განმარტებით, ფრენები მგზავრთა ნაკადის არარსებობის გამო მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან აღარ შესრულდება. რეისებს თბილისიდან ერევნის გავლით მოსკოვში სომხური ავიაკომპანია "არმავია" ასრულებდა.
წაკითხვა
ქორწინების რეგისტრაცია უფასო გახდა
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 17:11:58
ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება უფასო გახდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 9–ლარიანი ბაჟი, რომელსაც მოქალაქეები ქორწინების რეგისტრაციისთვის იხდიდნენ, დღეიდან გაუქმდა. სარიტუალო მომსახურებაზე გადასახადი კი ყველა სახელმწიფო ქორწინების სახლში ფიქსირებული იქნება. შაბათ-კვირას საქორწინო რიტუალური მომსახურება ქორწინების სახლებში 150 ლარი ღირს, სხვა დღეებში – 90 ლარი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში – 50 ლარი, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობებს გარეთ ქორწინების რიტუალის ღირებულება კი 170 ლარით განისაზღვრა.
წაკითხვა
80-მდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს რესტორანში უმასპინძლეს
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 17:04:51
დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას რესტორების ქსელი უკვე გამოეხმაურა. გიგი უგულავამ 7 იანვარს რესტორნებისა და კაფე-ბარების მფლობელებს ახალ იდეა შესთავაზა და მოუწოდა, რომ ბავშვთა სახლებისა და მუხუცთა თავშესაფრის დახმარებაში მეტი მონაწილეობა მიიღონ. ძველით ახალ წელს წყნეთის ბავშვთა სახლისა და "მომავლის სახლის" აღსაზრდელები რესტორანში დაპატიჟეს. 80-მდე აღსაზრდელს დღეს სხვადასხვა საკვებითა და ტორტით გაუმასპინძლდნენ. ძველით ახალი წელი მათ თბილისის მერმაც მიულოცა. ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების საკვებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერი რესტორნების მფლობელებს შეხვდა, სადაც შემუშავდა სქემა, თუ როგორ მზრუნველობას გაუწევენ ისინი ამ ადამიანებს.
წაკითხვა
პატრიარქმა სიონში ახალი წლის პარაკლისი გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 17:01:12
სიონის ტაძარში ახალი წლის პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი, სპეციალური ტიპიკონით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ხუთ მღვდელმთავართან ერთად, გადაიხადა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებითაც მიმართა. პირველ რიგში, მათ ახალი წლის დადგომა მიულოცა, შემდეგ კი ღმერთს შესთხოვა, რომ ეს წელი საქართველოსთვის მშვიდობიანი და ქვეყნის გამთლიანების წელი ყოფილიყოს. დღეს ეკლესია ასევე ბასილი დიდის ხსენებასაც აღნიშნავს. ილია მეორემ ქადაგებაში მის ღვაწლზეც ისაუბრა. სიონიდან პატრიარქი სამების ახალგაზრდულ ცენტრში მიბრძანდა და იქ შეკრებილი ფშაველი მრავალშვილიანი ოჯახები დალოცა და საჩუქრები გადასცა.
წაკითხვა
გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებს მიღება მოუწყო
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 12:53:28
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მიღება მოუწყო. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მეორე წელია ახალ წელს დიპლომატებს და თანამშრომლებს ასეთი სახის ღონისძიებით ულოცავს. რუსთაველის თეატრში ქართველ შემსრულებლებთან ერთად, ვატიკანიდან ჩამოსული სტუმრებიც მღეროდნენ. წმინდა პეტრეს ტაძრის მგალობელთა გუნდმა სამი საგალობელი შეასრულა. საღამო სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის საგალობლებლებით დაიხურა. "ბასიანმა" "შენ ხარ ვენახი" და პატრიარქის დაწერილი საგალობელი შეასრულა.
წაკითხვა
საქველმოქმედო აქცია კათარზისში
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 12:39:32
საქველმოქმედო აქცია კათარზისში. კომპანია "ბეკოს" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისში" საქველმოქმედო აქცია გამართა. კათარზისი "ბეკოს" მხარდაჭერით დღეს 11:00–დან 17:00 საათამდე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო სადილით უმასპინძლებს. "ბეკოს" წარმომადგენლობა საქართველოში "კათარზისს" წელიწადში რამდენჯერმე ეხმარება. საქველმოქმედო აქციას "ბეკოს" წარმომადგენლობის დირექტორი მეჰმედ მელექი და კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წაკითხვა
აფხაზური ჯარიდან გამოქცეული ჯარისკაცი მთავრობას თავშესაფარს სთხოვს
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 12:28:33
აფხაზური ჯარიდან გამოქცეული ჯარისკაცი საქართველოს მთავრობას თავშესაფარს სთხოვს. 18 წლის ლექსო ბჟანია გალის რაიონის სოფელ კოხორადან აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა იძულებით წაიყვანეს და მას აფხაზეთის ჯარში მსახურს აიძულებდნენ. როგორც ბჟანია ყვება, ის აფხაზურმა ფორმირებებმა ჯერ ტყვარჩელში, ხოლო შემდეგ ოჩამჩირის რაიონის სახმხედრო შტაბში გადაიყვანეს, სადაც მას სამხედრო სამსახურის მოხდას აიძულებდნენ, თუმცა როგორც 18 წლის ლექსო ბჟანია ამბობს, მას არ სურდა მარიონეტული ხელისუფლების სამხედრო ნაწილებში მსახურება და მზადაა საქართველოს სამხედრო სამსახურში მოიხადოს ვალი. ბჟანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა" და დღემდე, ძმასთან და დედასთან ერთად, მათ ოფისში იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავს, რათა ბჟანიებს თავშესაფარი გამოუყონ.
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღდგენილია
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 11:28:50
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნისლი გაფანტულია და ყველა რეისი, რომელიც უამინდობის გამო შეფერხდა, აღდგენილია. ცუდი ხილვადობის გამო, აეროპორტმა, მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფრენა წუხელ დროებით შეაჩერა, რის გამოც მგზავრებს ღამის გათენება აეროპორტში მოუწიათ. ძლიერი ნისლის გამო მოხსნილი რეისები დღეს დღის განმავლობაში შესრულდება. აეროპორტში აცხადებენ, რომ ამინდთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და ავიამარშრუტები შეფერხების გარეშე სრულდება. ძლიერი ნისლის გამო, წუხელ ვენისა და სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები მოიხსნა, ხოლო ყველა სხვა რეისი რამდენიმესაათიანი დაგვიანებით შესრულდა. უამინდობამ პრობლემები კიევიდან, მინსკიდან და ერევნიდან მომავალ მგზავრებსაც შეუქმნა. რამდენიმესაათიანი დაგვიანებით გაფრინდნენ უკრაინაში ქართველი დამკვირვებლებიც.
წაკითხვა
გალის სეპარატისტული მილიციის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 11:19:07
ამ დრომდე მძიმეა გალის სეპარატისტული მილიციის თანამშრომლის არმაზ რატიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. რატიას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. რაც შეეხება გალის აფხაზური მილიციის საგამოძიებო ნაწილის უფროს მიხეილ მურადოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რატია და მურადოვი აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოათავსეს, მათზე თავდასხმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ანარიაში მოხდა. რატია და მურადოვი იმ კომისიის წევრები არიან, რომელიც ქართველების მიტოვებული სახლების აღწერას აწარმოებს. მათ შესახებ ინფორმაციას სეპარატისტული ტელევიზია ავრცელებს.
წაკითხვა
კობა სუბელიანი და გია ბარამია ძველით ახალ წელს დევნილებთან ერთად შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-14 09:54:47
ახალი წელი დევნილებთან. ძველით ახალ წელს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მუხიანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან ერთად შეხვდა. საახალწლო კონცერტი სპეციალურად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გაიმართა, რომელშიც "ზუმბა" და "ჩვენებურები" მონაწილეობდნენ. 12 საათს დევნილები, სტუმრებთან ერთად, მრავალჟამიერითა და ტრადიციული სუფრით შეხვდნენ. კობა სუბელიანმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 2010 წელს პრეზიდენტის დანაპირები შესრულდება და ყველა დევნილს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება. საყვირის ქუჩაზე ჩასახლებულ დევნილებთან ერთად კი ძველით ახალ წელს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. გია ბარამიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. ტკბილეული, სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი, – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რაც 60–მდე დევნილ ბავშვს საახალწლოდ დაურიგდა. აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.
წაკითხვა
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის მიღებაზე ტერიტორიული შეზღუდვა იხსნება
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 16:52:03
კიდევ ერთი სიახლე სამოქალაქო რეესტრში. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მიღებაზე ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ განყოფილებაში მიიღონ. აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და სხვა დოკუმენტების განმეორებითი მოწმობების ასაღებად, მოქალაქეებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურისთვის უნდა მიემართათ, სადაც სამოქალაქო აქტის პირველადი ჩანაწერი ინახებოდა.
წაკითხვა
საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 16:47:49
დედაქალაქის მერია თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასებს უზრდის. მეხანძრეებსა და მაშველებს უკვე მოემატათ ხელფასი 50 ლარით. წლის ბოლომდე კი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებსა და სასწრაფოს ექიმებს ანაზღაურება კიდევ მოემატებათ. ხელფასებთან ერთად, საგანგებო სიტუციათა სამსახურის თანამშრომლები ნაძალადევის რაიონში ახალ შენობაში იმუშავებენ. გურამიშვილის ქუჩაზე გარემონტდა კიდევ ერთი შენობა, სადაც განლაგებული იქნება, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სასწრაფო დახმარება. 50 მეხანძრე და 25 ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, თბილისელებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. გიგი უგულავა დღეს გლდანი–ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრაზე მერმა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ 2010 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც გზის საფარის აღდგენას, ავარიული სახლების გამაგრებას, ლიფტების შეკეთებას და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს. ასევე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ახალი კანონის მიხედვით, გათავისუფლებული იქნება მიწის ლეგალიზაციისა და მასზე არსებული შენობა–ნაგებობების გადასახადისგან. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ თბილისელების ადვოკატი დაეხმარება. მოსახლეობასთან შეხვედრაზე უგულავამ ასევე ჯანდაცვის პრიორიტეტებზე ისაუბრა. დედაქალქის მერის თქმით, მიმდინარე წელს ქალაქში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უგულავას განცხადებით, შემუშავდება მოსახლეობის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პაკეტები, რათა 2010 წლის განმავლობაში ყველა მოქალაქე დაზღვეული უნდა იყოს.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი გურიას სტუმრობს
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 16:34:51
პრეზიდენტი კალანდობაზე გურიაში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში ცნობილი ფოლკლორისტის გიორგი სალუქვაძის ოჯახს სტუმრობს. პრეზიდენტს ფოლკლორისტის შვილი საყვარელ სალუქვაძე მასპინძლობს. სააკაშვილი გურიაში ყველა იმ რიტუალს დაესწრება, რომელიც რეგიონში ამ დღეს ტრადიციულად იმართება – ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, საახლწლო ტაბლის მომზადება და სიმღერა – "აგუნას" შესრულება. მიხეილ სააკაშვილი გურულ გლეხებსაც შეხვდება.
წაკითხვა
სკოლებში სამხედრო პატრიოტული აღზრდა დაინერგება
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 16:16:31
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში სამხედრო პატრიოტული აღზრდა ინერგება. წლების წინ გაუქმებული დისციპლინა პრეზიდენტის ინიციატივით აღდგება. გეგმა ბოლომდე გაწერილი არ არის, თუმცა სპეციალური ჯგუფები ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ. ახალი საგნის დაწესებაზე თავდაცვისა და განათლების უწყებები ერთობლივად მუშაობენ.
წაკითხვა
H1N1–ით ინფიცირების რიცხვი კლებულობს
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 10:30:42
საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, კლების ტენდენცია 40 პროცენტია. დღეისათვის H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ 5 ადამიანის მდგომარეობაა შედარებით მძიმე და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან გადაყვანილნი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილი 19 ადამიანია. მათგან 10 შემთხვევა 15–დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე, 8 შემთხვევა კი 30–დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. საქართველოში ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1205 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი H1N1 ვირუსის მეორე ტალღას საქართველოში თებერვლის ბოლოს ელოდება.
წაკითხვა
მე–3 ქვეითი ბრიგადის ასეული წვრთნებზე გერმანიაში გაემგზავრა
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 10:22:20
მე–3 ქვეითი ბრიგადის 31–ე ბატალიონის სამხედროები გერმანიაში სამხედრო წვრთნებზე გუშინ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა. მესამე ბრიგადის გაძლიერებული ასეული ამერიკულ სამხედრო ბაზაზე წვრთნებს გაივლის. ასეული იმ ბატალიონის შემადგენლობაში შედის, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. ამერიკულ სამხედრო ბაზაზე წვრთნებში 750 ქართველი სამხედრო ღებულობს მონაწილეობას. წვრთნების წარმატებით გავლის შემდეგ, ქართველი სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
წაკითხვა
რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მთლიანობას აღიარებს
გამოქვეყნებულია: 2010-01-13 10:14:58
რუსეთის საპატრიარქო საქართველოს კანონიკური ეკლესიის მთლიანობას აღიარებს, რაზეც საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ილარიონმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საპატრიარქო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილებად განიხილავს, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს იმ სასულიერო პირების ინტერესები, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში მოღვაწეობენ. მეუფე ილარიონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის მოლაპარაკება 2010 წელსაც გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში რუსეთის პატრიარქის ვიზიტს, მეუფე ილარიონის თქმით, პატრიარქ კირილის ვიზიტი საქართველოში, შესაძლოა შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
მეტროს ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვეს
გამოქვეყნებულია: 2010-01-12 16:57:57
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დღეს მეტროს 69 ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომლებიც მეტროში დაარსების დღიდან მუშაობენ, საპატიო სიგელებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. მეტროპოლიტენი დაარსებიდან 44 წლის იუბილეს აღნიშნავს. თბილისში პირველი მეტროსადგური 1966 წელს გაიხსნა. მაშინ თბილისის მასშტაბით ხუთი სადგური ფუნქციონირებდა. დღეს კი დედაქალაქის მოსახლეობა უკვე 22 მეტროსადგურით სარგებლობს. თბილისის მეტროპოლიტენში ამჟამად ორი ათას რვაასი ადამიანია დასაქმებული. ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ვაგონების მოდერნიზაციის პროგრამა, რის შედეგადაც სრულად განახლდა 30 ვაგონი, ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შვიდ მეტროსადგურს. თბილისის მერის განცხადებით, ვაგონებისა და სადგურების რეკონსტრუქცია ამ წელსაც იგეგმება.
წაკითხვა
თბილისს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა შეემატა
გამოქვეყნებულია: 2010-01-12 16:49:16
თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა შეემატა. ოტოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრი კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. სამედიცინო ცენტრი, რომელიც გერმანელი ინვესტორების დახმარებით მოეწყო, უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. კლინიკაში ყელ–ყურ– ცხვირის განხრით ნებისმიერი სირთულის ოპერაციის გაკეთებაა შესაძლებელი, სტაციონარი კი 30 პაციენტზეა გათვლილი. სამედიცინო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა არსებობს, რაც 2010 წლიდან ჯანდაცვის ობიექტების, საავადმყოფოების, კლინიკების ინფრასტრუქურის რეაბილიტაციას და დაზღვევის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. გიგი უგულავას თქმით, სამი– ოთხი წლის განმავლობაში მაღალხარისხიანი ჯანდაცვა ყველა თბილისელისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
წაკითხვა

უახლესი