საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
ბელგიის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არ გამოიყენონ Facebook-ის ემოციები
გამოქვეყნებულია: 2016-05-13 19:23:00
ბელგიის პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, პირადულობის დაცვის მიზნით, არ გამოიყენონ Facebook-ის ახალი ემოციები.თებერვალში, სოციალურმა ქსელმა პოსტზე რეაქციის გამოსახატად, მოწონების ღილაკის გარდა, მომხმარებლებს ექვსი ემოცია შესთავაზა.„გარდა იმისა, რომ ღილაკი საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალებას გაძლევთ, ამავე დროს ის ეხმარება Facebook-ს განსაზღვროს თქვენს პროფილზე შემოთავაზებული რეკლამების ეფექტურობა“, - წერია ბელგიის პოლიციის ვებ-გვერდზე.Facebook-ის ალგორითმი გაიგებს, როდისაა ესა თუ ის მომხმარებელი კარგ ხასიათზე და აარჩიოს საუკეთესო დრო, როდის და პროფილის რა ადგილას შესთავაზოს მას რეკლამა - აცხადებს ბელგიის პოლიცია.ახალი ემოციების დამატების შემდეგ, Facebook-მა მართლაც დაადასტურა, რომ მაგალითად, თუ მომხმარებელი პოსტზე გაბრაზების ემოციას გამოხატავს, საიტი მას სხვა მსგავს პოსტებსაც შესთავაზებს.წყარო: The Independent
წაკითხვა
Sony-მ დააპატენტა კონტაქტური ლინზები, რომლებიც ყველაფერს ჩაიწერს, რასაც ხედავთ
გამოქვეყნებულია: 2016-05-11 16:57:00
წარმოიდგინეთ თვალის კონტაქტური ლინზები, რომლებიც ამავე დროს ციცქნა კამერებიცაა, იწერს და იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც ხედავთ, შემდეგში კი მათი ნახვაც შეგიძლიათ. ალბათ გსურთ, სათუთად შეინახოთ ზოგიერთი უძირფასესი მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, მაგალითად, როდესაც პირველად ნახეთ თქვენი მომავალი მეუღლე, ახლად დაბადებული ბავშვი ან სხვა მსგავსი მოვლენები? თქვენ ამას სულ მალე შესძლებთ.წარმოიდგინეთ, როგორ შეცვლიდა ეს ყველაფერი კრიმინალური საგამოძებო სამსახურების სისტემას, მოჩვენებების ან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამბებს? პროექტი მართლაც ინტრიგნული და ცოტა დამზაფვრელია. მაშ ასე, კომპანია Sony საკუთარი გზით ერთვება თამაშში, რომელიც უკვე დაწყებული აქვთ ისეთ მძიმეწონიან მოთამაშეებს, როგორებიც Google და Samsung-ია. იაპონურმა კორპორაციამ ჭკვიანი ლინზების პატენტზე შეიტანა განაცხადი.ახალი ლინზების ტექნოლოგიის მთავარი კომპონენტი კამერაა, რომელმაც „იცის“, როდის დაიწყოს მოქმედება, მაგალითად, ბუნებაში ყოფნისას, გარკვეული ციმციმისას, რაც კამერის მექანიზმის ამოქმედებას იწყებს.საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ძილს აპირებთ? ჩაიწერს თუ არა ამ მონაკვეთს კამერა? ამ საკითხზე Sony ჯერ კიდევ მუშაობს.Sony-ს ტექნოლოგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ისაა, რომ გადაღებულ მასალას ის შიდა მეხსიერებაში შეინახავს, განსხვავებით Samsung-ისგან, რომელიც მასალას გარე მოწყობილობაზე ინახავს.წყარო: Tech Insider
წაკითხვა
15 წლის ბიჭმა მაიას ცივილიზაციის მივიწყებული ქალაქი აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2016-05-10 20:18:00
15 წლის ბიჭს მიაჩნია, რომ მან თანამგზავრული ფოტოებისა და მაიას ასტრონომიის გამოყენებით, მაიას ცივილიზაციის მივიწყებული ქალაქი აღმოაჩინა.კვებეკელი უილიამ გედური აყალიბებს თეორიას, რომლის თანახმადაც, მაიას ხალხი საკუთარ ქალაქებს საკუთარი თანავარსკვლავედების მიხედვით აშენებდა.მან აღმოაჩინა, რომ მაიას ქალაქები ზუსტად ცივილიზაციის თანავარსკვლავედების ვარსკვლავების გასწვრივ მდებარეობს. ვარსკვლავთა რუკის შესწავლის შედეგად მოზარდმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი თანავარსკვლავედის ვარსკვლავს შესაბამისი ქალაქი აკლდა.კანადის კოსმოსური სააგენტოს მიერ Google Earth-ზე დატანილ თანამგზავრულ ფოტოებზე დაკვირვების შედეგად უილიამმა შენიშნა ქალაქი ზუსტად იმ ადგილას, სადაც თანავარსკვლავედის მესამე ვარსკვლავი მიუთითებდა, რომ უნდა ყოფილიყო.უილიამმა იუკატანზე მდებარე ჯერ შეუსწავლელ ქალაქს კააკ-ჩი უწოდა, რაც ცეცხლის პირს ნიშნავს.კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლის, დანიელ დე ლიზლის განცხადებით, ეს ტერიტორია უღრანი ტყეებითაა დაფარული და შესასწავლად ძალზედ რთულია, თუმცა აღიარებს, რომ ამ ადგილას მართლაც შეინიშნება რაღაც ობიექტი. მისი თქმით, მრავალი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანის ხელით შექმნილი სტრუქტურაა.ნიუ-ბრანსვიკის უნივერსიტეტის დოქტორის, არმანდ ლა როკის განცხადებით, სურათზე აშკარად ჩანს დიდი სტრუქტურა, რომელიც დიდი ალბათობით, პირამიდაა.თუ მითითებულ ადგილზე არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს მაიას ქალაქი, იგივე ტექნიკის გამოყენება მეცნიერებს მაიას სხვა ქალაქების აღმოჩენის საშუალებასაც მისცემს.უილიამის აღმოჩენის შესახებ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.წყარო: The Independent<
წაკითხვა
ქართველმა მოსწავლეებმა თავიანთი პროექტი ნასას მეცნიერებს წარუდგინეს
გამოქვეყნებულია: 2016-05-09 18:59:00
ქართველი მოსწავლეები ნასაში არიან. ინოვაციების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საკუთარი პროექტი ნასაში შეკრებილ მეცნიერებსა და ახალგაზრდა გამომგონებლებს გააცნეს. კონრადის ინოვაციების სამიტს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი - ნანა საჯაია დაესწრო.
წაკითხვა
რომელ ქვეყნებში რომელ ენებს სწავლობენ?
გამოქვეყნებულია: 2016-05-06 18:09:00
Duolingo-ს მსოფლიო მასშტაბით 120 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც ამჟამად 19 სხვადასხვა ენის სწავლა შეუძლიათ. ყველაზე პოპულარული კურსების შესწავლა შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მაგალითად, ინგლისურის სწავლა ხელმისაწვდომია 19 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მომხმარებელთათვის.Duolingo ყოველ სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს მონაცემებს თუ რომელი ენებია ყველაზე პოპულარული მის მომხმარებელთა შორის. მონაცემები შეგროვებულია 194 ქვეყნიდან. პირველ რუკაზე ნაჩვენებია ყველაზე პოპულარული ენა, რომელსაც თითოეულ ქვეყანაში Duolingo-ზე სწავლობენ, მეორე რუკაზე კი მეორე ყველაზე პოპულარული ენა.რუკა 1: ყველაზე პოპულარული ენა თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც Duolingo-ზე სწავლობენ:რუკა 2: მეორე ყველაზე პოპულარული ენა თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც Duolingo-ზე სწავლობენ:
წაკითხვა
როგორ შევამოწმოთ არის თუ არა ჩვენი Email-ი გატეხილი
გამოქვეყნებულია: 2016-05-06 17:19:00
ჰაკერები გამუდმებით ახერხებენ ხელში ჩაიგდონ მილიონობით ელექტრონული ფოსტის ანგარიშის პაროლი, მათ შორის ისეთი პოპულარული საფოსტო სერვისების, როგორებიცაა Google და Yahoo. ხშირად ამის მიზეზი სხვა, მესამე საიტებია, რომლებზეც მომხმარებლები საკუთარ ელ-ფოსტას იყენებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ჰაკერებმა კიდევ 40 მილიონი საფოსოტო ანგარიში ჩაიგდეს ხელში, რაც უკვე გატეხილ 300 მილიონს მიემატა.საიტზე Haveibeenpwned.com თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი ელ-ფოსტა ჰაკერთა მიერ გატეხილ ანგარიშთა შორის. სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალია რაც შეიძლება ხშირად ცვალოთ პაროლი.წყარო: Popular Science
წაკითხვა
კაცმა საკუთარ ეზოში შემთხვევით ძველრომაული ვილა აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2016-05-03 19:35:00
ინგლისში, უილტშირის საგრაფოში მცხოვრებმა ლუკ ირვინმა საკუთარ ეზოში ელქტროკაბელის გაყვანისას მიწაში რომაული ვილა აღმოაჩინა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ სახის ნაგებობებს შორის.კაბელის გაყვანისას ირვინმა უცნაური მოზაიკა შენიშნა. თავდაპირველად იფიქრა, რომ ის მის შვილს მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ გამოადგებოდა, თუმცა შემდეგ ინტერესმა სძლია, მოზაიკას ფოტო გადაუღო და სპეციალურ საბჭოს გაუგზავნა.ფოტოს გაგზავნიდან რამდენიმე საათში, ირვინს სახლში არქეოლოგთა ჯგუფი ესტუმრა.ინგლისისა და სელისბერის მუზეუმის ექსპერტები ფრთხილად შეუდგენ ადგილის გათხრას და სულ მალე დაინახეს, რომ მოზაიკა დიდი რომაული ნაგებობის იატაკის ნაწილი იყო.აღმოჩენა მათ შერაცხეს როგორც „სწორუპოვარი ბოლო წლების მანძილზე“. გათხრების დაწყებიდან 8 დღის შემდეგ, არქეოლოგების წინაშე წამოიმართა უჩვეულოდ კარგად შენახული ვილა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია, რაც კი აქამდე ინგლისში აღმოუჩენიათ.ნაგებობა ახ. წ. 175-220 წლებს მიეკუთვნება და ირკვევა, რომ თავის დროზე ის დიდი, სამსართულიანი სახლი ყოფილა.ჯგუფმა ასევე იპოვა ასობით თევზის ქერცლი, რომლებიც ვილის გარშემო, მარილიან წყალში ყოფილან მოშინაურებულნი.აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, ქინძისთავები, მონეტები, ნანადირევ გარეულ ცხოველთა ძვლები და ახალშობილი გოჭის ნაშთები.ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვილაში დიდგვაროვანი ოჯახი ცხოვრობდა ან შესაძლოა ის თავად რომის იმპერატორს ეკუთვნოდა.სახლის მეპატრონის,  ლუკ ირვინის განცხადებით, მას ისტორია ყოველთვის აინტერესებდა და ბავშვობაში, პომპეის მოსანახულებლადაც კი იყო იტალიაში, ახლა კი უჭირს იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი ეზოში, თავად გახდა საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენის მოწმე.წყარო: The Independent
წაკითხვა
ბრაზილიაში 120 მლნ წლის ნამარხი ცხოველის გული აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2016-05-03 18:30:00
ბრაზილიაში 113-119 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თევზის, Rhacolepis-ის გული აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პალეონტოლოგებმა ნამარხი პრეისტორიული ცხოველის გული იპოვეს.წლების მანძილზე, ნამარხ ცხოველებს მხოლოდ მათი ძვლების ან ფეხის ანაბეჭდების საფუძველზე იკვლევდნენ. უძველეს ნამარხებში კარგად შემონახული რბილი ქსოვილის პოვნა მეცნიერებს აქამდე თითქმის შეუძლებლად მიაჩნდათ, რადგან როგორც წესი, ორგანული ნივთიერებები ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ, მალევე ლპება.თუმცა, უიშვიათეს შემთხვევებში, სპეციალურ ქიმიურ პირობებში, რბილი ქსოვილები შესაძლოა გახრწნას გადაურჩეს.ბრაზილიაში აღმოჩენილი 113-119 მილიონი წლის ნამარხი თევზების აღმოჩენა ერთ-ერთი ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც შემონახულია რბილი ქსოვილები, მათ შორის კუჭი და კუნთები.პალეონტოლოგთათვის აღმოჩენის მნიშვნელობა უკვე შეადარეს წმინდა გრაალის პოვნას. იგი ხელს შეუწყობს შორეული ევოლუციური პროცესებისა და შიგანანი ორგანოების ჩამოყალიბების სტადიის შესწავლას. წყარო: Phys.org
წაკითხვა
ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი 3 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
განახლებულია: 2016-05-03 13:10:00
ასტრონომებმა  დედამიწის მსგავსი 3 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე და წყალი არსებობდეს. აღნიშნული პლანეტები  ყინულოვანი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. მეცნიერები ამ პლანეტების ატმოსფეროების შესწავლას გეგმავენ.
წაკითხვა
iPhone-ის გაყიდვები და Apple-ის შემოსავალი ბოლოსდაბოლოს შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2016-05-02 19:13:00
გარდაუვალი რამ ბოლოსდაბოლოს მოხდა. iPhone-ის  წლების მანძილზე მზარდი გაყიდვები დაეცა. Apple-მა 2016 ფისკალური წლის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 51,2 მილიონი iPhone გაყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან, 61 მლნ-თან შედარებით, 16%-ით ნაკლებია. ეს პირველი შემთხვევაა წლების განმავლობაში, როდესაც iPhone-ის გაყიდვები შემცირდა. შესაბამისად, 13%-ით შემცირდა შემოსავალიც: 58$ მილიარდიდან 50,6$ მლრდ-მდე. Apple-მა შედეგები შეაფასა როგორც „უპრეცედენტო“.კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, iPhone-ის მყიდველთა ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სხვა პლატფორმებიდან, მაგალითად Android-დან გადმოსული მომხმარებლები, ასევე პირველი მყიდველები. როგორც კუკი აცხადებს, ბიზნესი ჯანსაღია და გასული 6 თვის მანძილზე, ყველაზე მეტად გაიზარდა სხვა ოპერაციული სისტემებიდან გადმოსულ მომხმარებელთა რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა 6-თვიან მონაკვეთში, ასევე დაამატა, რომ მზარდი ბაზრები ყველაზე კარგი საშუალებაა პირველ მყიდველთა მოსაზიდად და ამის მაგალითად ინოდეთი მოიყვანა, სადაც ამ კვარტალში iPhone-ის გაყიდვები 56%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შემცირებას განაგრძობს iPad-ის გაყიდვებიც. კომპანიამ ამ კვარტალში 10,3 მილიონი მოწყობილობა გაყიდა, რაც 19%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან 12,6 მლნ ერთეულთან. 12%-ით შემცირდა Mac-ის გაყიდვებიც. მიუხედავად მოწყობილობათა ბაზარზე მიღებული არც თუ ისე კარგი შედეგებისა, Apple-ის ბიზნესი ყვავის მომსახურების სფეროში. ამ სექტორში კომპანიის შემოსავალი 5$ მილიარდიდან 6$ მლრდ-მდე გაიზარდა.წყარო: Engadget
წაკითხვა
აღმოჩენა, რომელიც ეგვიპტის ქალი ფარაონის მრავალ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 18:47:00
ჰატშეფსუტი ეგვიპტის ჩვეულებრივი მმართველი არ იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ, მას ტახტი გერისთვის არ შეუნახავს და არ დალოდებია, როდის გახდებოდა ის სრულწლოვანი. ამის ნაცვლად, ჰატშეფსუტი თავად ავიდა სამეფო ტახტზე და ფარაონის ტიტული მოირგო. ამგვარად, იგი ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი პირველი ქალი მბრძანებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „დინასტიის“ პერიოდში ეგვიპტეს 2-3 ქალი მმართველი ჰყავდა, ჰატშეფსუტი მათ შორის ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა; ის 15 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას და საკმაოდ წარმატებულ აღმშენებლად მიიჩნევა.ჰატშეფსუტის სიკვდილის შემდეგ, ტახტი მისმა გერმა დაიკავა, რომელმაც დედინაცვლის სახელი ყველგან მოსპო, დაანგრია ყოველივე მასთან დაკავშირებული, ჩაცვლა მისი ბიუსტები.ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მკვლევარები სულ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებებს პოულობენ ქალ მმართველთან დაკავშირებით, რომელიც ძვ. წ. 1400-იან წლებში ზეობდა.ორი კვირის წინ, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა განაცხადა ჰატშეფსუტთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც ქალი ფარაონის ცხოვრების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას იძლევა. გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტმა აღმოაჩინა ქვის ფილები, რომლების სავარაოდოდ მის მიერ აგებულ ერთ-ერთ შენობას ეკუთვნოდა.მმართველობის დასაწყისში,  ჰატშეფსუტი ქალად იხსენიება, თუმცა მოგვიანებით, როდესაც იგი ძლევამოსილი გახდა, უკვე იხსენიებენ ძლიერ, მამაკაცურ ფარაონად, რომელიც კაცი ფარაონების მსგავსად წვერს ატარებდა. საპირისპიროს მეტყველებს არქეოლოგების მიერ ნილოსში მდებარე კუნძულ ელეფანტინაზე აღმოჩენილი ქვის ფილები. მიჩნეულია, რომ ფილები ღვთაება ხნუმისადმი მიძღვნილ ტაძარს ეკუთვნის და მათზე ჰატშეფსუტი ქალადაა გამოსახული.„ნაგებობა სავარაუდოდ მისი მმართველობის ადრეულ წელბშია აშენებული, სანამ ჰატშეფსუტი საკუთარი თავის კაც მმართველად წარმოდგენას დაიწყებდა. დღეისათვის, მისი ზეობის ამ პერიოდის სულ რამდენიმე, ძალიან მცირე ნაგებობაა აღმოჩენილი“, - აცხადებ
წაკითხვა
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა
გამოქვეყნებულია: 2016-04-27 19:03:00
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 14 სექტემბერს NASA-მ გრავიტაციული ტალღების პირველი პირდაპირი გამოვლინება დააფიქსირა სულ რაღაც ნახევარწამიანი სიგნალის სახით, ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ფერმის (Fermi) ტელესკოპმა კვლავ დაიჭირა მოკლე, მაგრამ ძლიერი სიგნალი, რომელიც კოსმოსის იგივე რეგიონიდან მოდიოდა, საიდანაც გრავიტაციული ტალღები.მაღალი ენერგიის მატარებელი სინათლის ნაწილაკები, რომელთაც გამა გამოსხივებას უწოდებენ, ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად იყო წარმოქმნილი. თუ დადასტურდა, რომ აღნიშნული სიგნალი გრავიტაციული ტალღაა, ეს მეცნიერებს სხვა მრავალი აღმოჩენისაკენ გაუხსნის გზას.„შავი ხვრელების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გამა გამოსხივების აღმოჩენა გარდამტეხი მომენტი იქნება ასტროფიზიკაში, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელები „სუფთად“, ყოველგვარი სინათლის გამოყოფის გარეშე ერწყმოდნენ ერთმანეთს“, - აცხადებს NASA.წყარო: ScienceAlert
წაკითხვა
90-იან წლებში Apple-მა ბოტასები გამოუშვა
გამოქვეყნებულია: 2016-04-19 19:47:00
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა 1990-იან წლებში ბოტასები გამოუშვა.მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, ამბობენ, რომ Apple-მა მხოლოდ ერთი წყვილი ბოტასი შეკერა. BitRebels-ის ცნობით, იმის გამო, რომ იმ დროისათვის „ეფლის“ ფეხსაცმელმა საზოგადოების ნაკლები ინტერესი გამოიწვია, კომპანიამ განზრახვაზე ხელი აიღო.ადიდასის სტილის ბოტასები თეთრი ტყავისგან იყო შეკერილი.  Apple-ის ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ლოგო დატანილი იყო ფეხსაცმლის ენასა და ერთ გვერდზე. ბოტასები 90-იანი წლების შუა პერიოდში Apple-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იყიდა, რომელმაც ისინი 2011 წელს eBay-ს აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.უცნაური ბოტასები საკუთარი კოლექციისათვის ალაბამელმა სკოტ კინგმა იყიდა.წყარო: Tech Insider
წაკითხვა
ბოსნიის ტყეში საიდუმლოებით მოცული უზარმაზარი სფერული ქვა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-19 18:39:00
გასულ თვეში, ბოსნიის ერთ-ერთ ტყეში სფერული ქვა აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება.ნახევრად გამომწვარი ქვა ბოსნიელმა არქეოლოგმა სემ ოსმანაგიჩმა აღმოაჩინა. ქვის წონა დაახლოებით 30 ტონას შეადგენს, დიამეტრი კი 1,5 მეტრს. მოყავისფრო-მოწითალო ფერი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ის ნაწილობრივ რკინისგან შედგება, თუმცა ანალიზები ამ დრომდე არ ჩატარებულა.არქეოლოგისთვის ეს ნიშნავს, რომ „შესაძლოა აღმოჩენილია კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთსა და განსაკუთრებით ბოსნიაში, შორეულ წარსულში მოწინავე ცივილიზაციები ყვაოდა, რომელთა შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. ამ ქვამ მოუხელთებელი ცივილიზაციის შესახებ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ გვითხრას. ისინი მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ჩვენგან განსხვავებულს. და ბოლოს, მათ იცოდნენ გეომეტრიული ფიგურების ძალა, რადგან სფერო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა პირამიდებთან და კონუსებთან ერთად. ახლა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბოსნიაში პირამიდებსა და სამარხებსაც აღმოვაჩენთ“, — აცხადებს სემ ოსმანაგიჩი.ოსმანაგიჩის განცხადებით, ბოლო 15 წლის მანძილზე იგი ქვის ბურთების ფენომენს იკვლევდა სამხრეთ კოსტა-რიკაში, დასავლეთ მექსიკასა და აღდგომის კუნძულზე.მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით კი, აღნიშნული სფერო ადამიანის მიერ არაა შექმნილი და ბუნებრივი წარმოშობისაა. წყარო: Euronews
წაკითხვა
მიწისძვრის შემდეგ, Microsoft-მა იაპონიისა და ეკვადორის მიმართულებით Skype სატელეფონო ზარები უფასო გახადა
გამოქვეყნებულია: 2016-04-18 23:11:00
იაპონიის კიუსიუს რეგიონსა და ეკვადორის სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, კორპორაცია Microsoft-მა ამ ორი ქვეყნის მიმართულებით, Skype-დან განხორციელებული სატელეფონო ზარები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფასო გახადა.ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო Skype ზარი, რომელიც ამ ქვეყნებში სახლის ან მობილურ ტელეფონზე ხორციელდება, ლიმიტირებული ხანგრძლივობით უფასო იქნება.Microsoft-მდე მსგავსი აქცია ამერიკულმა მობილურმა ოპერატორებმა AT&T-მ, Sprint-მა და T-Mobile-მა წამოიწყეს.იაპონიაში მიწისძვრას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეკვადორში 272. წყარო: Microsoft.com
წაკითხვა
გადაყრილი აიფონებიდან Apple-მა ტონაზე მეტი ოქრო ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2016-04-18 19:38:00
კომპანია Apple-მა ათობით მილიონის შოვნის კიდევ ერთი გზა აღმოაჩინა — ფულს ის გადაყრილი, გამოუყენებელი აიფონებიდან ამოიღებს.გასულ კვირას გამოქვეყნებულ გარემოს დაცვის ანგარიშში, Apple-ი აღნიშნავს, რომ ტონაზე მეტი ოქრო ამოიღო გადაყრილი აიფონებიდან, აიპადებიდან და მაკებიდან. საფასურმა 40$ მილიონი შეადგინა.სამომხმარებლო ელექტრონიკაში ოქრო ჟანგვისადმი მაღალი მდგრადობისა და შესანიშნავი ელექტროგამტარობის გამო გამოიყენება. როგორც წესი, ვერცხლი უკეთესი ელექტროგამტარია, თუმცა ადვილად იჟანგება. სუპერ-იაფია სპილენძი, მაგრამ მასში ელექტრონები საკმაოდ ნელა მოძრაობს, რაც მნიშვნელოვანი კომპიუტერული ბრძანებების ამოცანების არ გამოდგება.40 ათასი ტონა გადაყრილი მატერიალიდან, Apple-ის განცხადებით 27 ათასი ტონის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. მათ შორის, ყველაზე მცირე, თუმცა ყველაზე ძვირფასი რაოდენობით ოქრო იყო. Apple-ის თქმით, გადაყრილი მოწყობილობებიდან ასევე ამოიღეს ათასობით ტონა ფოლადი,  პლასტმასი, მინა, ალუმინი, სპილენძი და ვერცხლი. Apple-მა სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების პროგრამა ბოლო წლებში შემოიღო, რაც მომხმარებლებს გადასაყრელი, უვარგისი ტექნიკის მიტანას Apple-ის მაღაზიებში სთავაზობს. წყარო: CNN Money
წაკითხვა
კოსმოსური Wow! სიგნალის წარმომავლობა მალე გაირკვევა - ეკუთვნის თუ არა ის უცხოპლანეტელებს?
გამოქვეყნებულია: 2016-04-18 18:12:00
ამერიკელმა ასტრონომმა შესაძლოა საბოლოოდ ამოხსნას საიდუმლოებით მოცული კოსმოსური სიგნალის წარმომავლობა, რომელიც ზოგიერთი კონსპირაციონისტის აზრით, უცხონპლანეტელებს ეკუთვნის.ე. წ. „Wow!“ სიგნალი წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ რადიოტალღათა ნაკადს, რომელიც ასტრონომმა ჯერი ეჰმანმა 1977 წლის აგვისტოში დააფიქსირა.ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოტელესკოპ Big Ear-თან მუშაობისას, ეჰმანმა განსაკუთრებით ძლიერი რადიოსიგნალი დააფიქსირა, რომელიც 72 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.როდესაც ეჰმანმა სიგნალი ამობეჭდა, მის გასწვრივ ქაღალდზე მიაწერა Wow! ამის შემდეგ, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოსმოსური სიგნალი გახდა, რაც კი დედამიწაზე მიუღიათ.მას შემდეგ, Wow! სიგნალი აღარასოდეს განმეორებულა და მისი წარმომავლობა დღემდე უცნობია. იგი მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა კლასტერ M55-ის მიმართულებიდანაა წამოსული და ზოგიერთს მიაჩნია, რომ მისი სიძლიერისა და სისუფთავის გამო, სიგნალი უცხოპლანეტელებს ეკუთვნის.მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ თეორიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ შორისაა პროფესორი ანტონიო პერისი.პერისს მიაჩნია, რომ სიგნალი არა უცხოპლანეტელთაგან, არამედ ახლახან აღმოჩენილი ორი კომეტიდან მოდიოდა, რომლებიც იმ მომენტისთვის, სიგნალის წყაროს სიახლოვეს მდებარეობდნენ. ამ თეორიის თანახმად, სიგნალის წყაროა წყალბადის გიგანტური ღრუბლები, რომლებიც კომეტებს აკრავს გარს. ახსნა მართლაც დამაჯერებელია, რადგან წყალბადის ბუნებრივი რადიოსიხშირე 1420 მეგაჰერცია, რაც ზუსტად მეთხვევა Wow! სიგნალის სიხშირეს.უახლოეს მომავალში, აღნიშნული ორი კომეტა კვლავ გაივლის იმ ადგილას, საიდანაც Wow! სიგნალი მოდიოდა. პერისს სურს, ამ მომენტისთვის მათ დააკვირდეს და ნახოს, კვლავ წარმოქმნიან თუ არა ისინი სიგნალს. ამ საქმისთვის პროფესორის რადიოტელესკოპი სჭირდება, რომლის საყიდლადაც უკვე დაიწყო ფულის შეგროვება, შემოწირულობებისთვის კი სპეციალური გვერდი GoFundMe გახსნა.ტელესკოპის ღირებულება 16 000$-ია, პროფესორის კი უკვე შეუგროვდა 14 000$.ერთ-ერთი კომეტა იმავე ადგილას 2017 წლის იანვარში ჩაივლის, მეორე კი ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, ახლოსაა ის დრო, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა Wow! სიგნალის წარმომავლობის საკითხი.წყარო: The Guardian
წაკითხვა
ირმის ნახტომის თანამგზავრი უზარმაზარი გალაქტიკა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2016-04-15 20:08:00
ბრიტანელმა ასტრონომებმა უკიდურესად კაშკაშა გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი გალაქტიკის — ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობს. გალაქტიკა დედამიწიდან 380 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერებმა მას კრატერ 2 უწოდეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომებმა — გაბრიელ ტორეალბამ, სერგეი კოპოსოვმა, ვასილი ბელოკუროვმა და მაიკ ირვინმა აღმოჩენა ჩილეში მდებარე ტელესკოპ VLT Survey Telescope-ს მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზის შედეგად გააკეთეს.მიუხედავად იმისა, რომ კრატერ 2 ადამიანის თვალისთვის უხილავია, იგი უზარმაზარია, მეოთხე უდიდესი გალაქტიკაა ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკებს შორის. ირმის ნახტომის გარშემო სულ 30 გალაქტიკა ბრუნავს.აღსანიშნავია, რომ დედამიწიდან კრატერ 2-ის ცალკეული ვარსკვლავები მოჩანს, თუმცა სიშორის გამო, გალაქტიკა მთლიანობაში უხილავია.კარნეგის ობსერვატორიის ასტრონომის, ჯოშ სიმონის განცხადებით, კრატერ 2 ბოლო ათწლეულებში აღმოჩენილ ყველა თანამგზავრ გალაქტიკაზე კაშკაშაა, იგი 160,000-ჯერ მეტ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე მზე. წყარო: New Scientist
წაკითხვა
კონსპირაციონისტთა მტკიცებით, 1500 წლის მუმიას „ადიდასის“ ფეხსაცმელი აცვია
გამოქვეყნებულია: 2016-04-14 19:34:00
მონღოლეთში, ალტაის მთებში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე არქეოლოგებმა 1500 წლის წინანდელი ქალის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს.ნაპოვნია ქალის მხოლოდ ხელები და ფეხები, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა შეთქმულების თეორიის მიმდევართათვის იმის სამტკიცებლად, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. მუმიის ფეხები ისე გამოიყურება, თითქოს სამი ზოლის მქონე ფეხსაცმელი აცვია, რაც კონსპირაციონისტებმა ცნობილი გერმანული ბრენდის, „ადიდასის“ ლოგოს მიამსგავსეს და ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანი დროში მოგზაურობდა.არქეოლოგთა ვარაუდით, ქალი საშუალო წრის წარმომადგენელი იყო. მათი თქმით, ეს დღემდე აღმოჩენილი პირველი სამარხია მონღოლეთში, რომელიც თურქულენოვან ხალხს ეკუთვნის.წყარო: metro.co.uk
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი და იური მილნერი 4,3 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან ხომალდის გაგზავნას გეგმავენ
გამოქვეყნებულია: 2016-04-13 19:48:00
ცნობილმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა და რუსმა მილიარდერმა, მეწარმე-ინვესტორმა იური მილნერმა საზოგადოებას საკუთარი ამბიციური გეგმის შესახებ ამცნეს. ისინი მზის სისტემასთან უახლოეს ვარსკვლავთან — კენტავრის ალფასაკენ კოსმოსური ზონდის გაგზავნას გეგმავენ, რასაც სავარაუდოდ ერთი თაობა დასჭირდება.კენტავრის ალფა დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის მანძილზე, 26,6 ტრილიონი მილის მოშორებით მდებარეობს. პროექტში, რომელსაც „Starshot“ უწოდეს, მილნერი 100 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას აპირებს. ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი უახლოეს 20 წელიწადში უნდა მოესწროს.„კაცობრიობის ისტორიაში ახალი, დიდი ნახტომის დრო დადგა“, — აღნიშნა მილნერმა პრესკონფერენციაზე.Starshot-ი კოსმოსური ზონდისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტით იქნება აღჭურვილი, თუმცა ის ერთგვარი ნანო-ხომალდი იქნება, რომლის მართვაც ადამიანებს დიდი სისწრაფით შეეძლებათ.ხომალდის მიზანი ფოტოების გადაღება და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვება იქნება, მაგალითად მოლეკულების გამოკვლევა და მაგნიტური ველების გაზომვა.ჰოკინგის თქმით, პროექტი რევოლუციურია და ის ჩვენ უკიდურესად გვჭირდება.„წინსვლის ახალი მეთოდების გარეშე, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია შორს წასვლა და ტყუილად დავხარჯავთ ათასობით წელს“, — აღნიშნა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა.სიმბოლურია პროექტის წარდგენის თარიღიც — 12 აპრილი, 55 წლისთავი ადამიანის (იური გაგარინი) კოსმოსში პირველი გაფრენიდან.  „მას შემდეგ ჩვენ დიდი გზა განვვლეთ,  ახლა კი დროა, კოსმოსის კვლევაში ადამიანებმა ახალი ნაბიჯი გადადგან“, — განაცხადა ჰოკინგმა.„ყველაზე უნიკალური ისაა, რომ ჩვენს საზღვრებს გავცდებით, მისიას გავუშვებთ კენტავრის ალფასკენ და ეს ყველაფერი ერთ თაობაში მოესწრება“, — აცხადებს სტივენ ჰოკინგი. პროექტის წარდგენიდან მეორე დღეს, 13 აპრილს, ცნობილი ხდება, რომ მასში ჩასართავად მზადყოფნას Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგიც გამოთქვამს.წყარო: The Guardian
წაკითხვა

უახლესი