საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქართულ-ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება ბათუმში
გამოქვეყნებულია: 2010-11-30 13:25:38
ბათუმის პორტში მეგობრული ვიზიტით მეორე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „გონსალესი“ იმყოფება. ამერიკელებმა დღეს ქართველ კოლეგებთან ერთობლივი სწავლება გამართეს. მეზღვაურებმა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებების, გემის დაზიანებისა და ხანძრის ლოკალიზების დროს გასატარებელი ღონისძიებები აჩვენეს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სანაპირო დაცვის კუთვნილი საპატრულო მცურავი საშუალებების მოდერნიზებისა და შეკეთებისთვის საქართველოს ორი მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.
წაკითხვა
ახალი სკოლა გავაზში
გამოქვეყნებულია: 2010-11-29 15:59:53
ახალი სკოლა გავაზში–ყვარლის რაიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ახლად აშენებული სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. სამსართულიანი შენობა აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. ფუნქციონირებს აინშტაინის პროგრამით მოქმედი ლაბორატორიული კაბინეტები. კომპიუტერული კლასები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამოქალაქო განათლებისა და თავდაცის საკლასო ოთახები და სპორტდარბაზი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეგიონებში ინფრასტრუქტურა ვითარდება და სკოლა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქვეყანა მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ინგლისური ენის უცხოელ პედაგოგებსაც გაესაუბრა და ორი წარმატებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
წაკითხვა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო გემი შემოვა
გამოქვეყნებულია: 2010-11-29 10:13:08
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო გემი შემოვა. ხომალდი”გონსალესი” ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებს ეკუთვნის. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი - აშშ-ის გემის მეთაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარეს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. იგეგმება ხომალდის ეკიპაჟის და სანაპირო დაცვის თანამშრომელთა ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები. 30 ნოემბერს კი ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება. ასევე გაიმართება ამერიკული ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის ეკიპაჟთა შორის ამხანაგური მატჩი ფეხბურთში. ”გონსალესი” საქართველოს საზღვაო სივრცეს 2 დეკემბერს დატოვებს.
წაკითხვა
მესტიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2010-11-28 16:32:47
მესტიის მიმართულებით მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღეს, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება. სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე კლდეებიდან ლოდები ჩამოიშალა, რამაც გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. სამშენებლო მასალების გადატანა და მესტიის მიმართულებით ყველანაირი ტრანსპორტის გადაადგილება ამ დროისათვის კვლავ შეზღუდულია.
წაკითხვა
უცხოელი პედაგოგები სიღნაღობის დღესასწაულზე
გამოქვეყნებულია: 2010-11-27 16:35:45
განათლების სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” მონაწილე ასამდე მასწავლებელი ქალაქ სიღნაღში სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრო. უცხოელი პედაგოგები ქართულ ტრადიციებს და კულტურულ ძეგლებს გაეცნენ. უცხოენოვან მასწავლებლებთან ერთად დღესასწაულს განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო. პროგრამის ფარგლებში უცხოელი მასწავლებლებისთვის სხვა კუთხეების გაცნობაც იგეგმება.
წაკითხვა
გარდაბნის რაიონში კარიერები შეამოწმეს
გამოქვეყნებულია: 2010-11-27 16:18:35
გარდაბნის რაიონში კარიერები შეამოწმეს. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა მარტყოფი– ვაზიანის ტერიტორიაზე მოკვლევა ჩაატარეს. ბიურომ შეამოწმა ერთ–ერთი მეწარმის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობა. ინსპექციამ ადგილზე აზომვითი სამუშაოებიც ჩაატარა. ამ დროისთვის დგინდება ზიანი, რის შემდეგაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უწყების საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.
წაკითხვა
სოფელ საჯიჯაოში მგლებმა ძროხა დაგლიჯეს
გამოქვეყნებულია: 2010-11-27 16:16:24
გვიან ღამით ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ერთ–ერთი მოსახლის ეზოში მგლებმა ძროხა დაგლიჯეს. ადგილობრივების თქმით, ბოლო 15 დღეა მგლები შინაურ საქონელს ინტენსიურად თავს ესხმიან. ამ დროისთვის დაზარალებულია 20–მდე ოჯახი. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მგლები სოფელში არა მარტო ღამით, არამედ დღის განმავლობაშიც შეინიშნება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის უკვე მიმართა მონადირეთა კავშირს. სოფელში უახლოეს მომავალში მონადირეთა ჯგუფს ელოდებიან.
წაკითხვა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2010-11-27 12:18:31
ქუთაისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა. სწავლება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საჯარო რეესტრის განყოფილებების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ტრენინგის მიზანი ელექტრონული სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით თანამშრომლების გააქტიურება იყო. შეხვედრაზე საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებული ცვლილებებიც განიხილეს. ტრენინგები მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.
წაკითხვა
კახელები დღეს სიღნაღობას აღნიშნავენ
გამოქვეყნებულია: 2010-11-27 12:12:24
კახელები დღეს სიღნაღობას აღნიშნავენ. განახლებულ სიყვარულის ქალაქში კახეთისთვის დამახასიათებელ საშემოდგომო ტრადიციებს გაიხსენებენ. კახური შოთების ცხობა, ”ზაოდობა”, ანუ არყის გამოხდა და ჩურჩხელების ამოვლება სტუმრების თვალწინ მოხდება და ამ საქმიანობაში ჩართვა ყველა მსურველს შეეძლება. სიღნაღის ქორწინების სახლში წყვილები ძველი ქართული ტრადიციით იქორწინებენ. ხმლების ხეივანში წყვილების დასახვედრად ემზადებიან. კახეთში დღეს ტურისტებსაც ელოდებიან.
წაკითხვა
ქდმ ქუთაისში სწავლის მაღალ გადასახადს აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2010-11-26 12:17:55
„ქრისტიან–დემოკრატები“ ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში მაღალ გადასახადებზე საუბრობენ. მოძრაობის წევრები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება სწავლის საფასური, რის გამოც, სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, სასწავლებლის დატოვება უწევთ. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობენ, რომ მათ სტუდენტებში გამოკითხვა ჩაატარეს. დღესვე „ქრისტიან–დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა უმაღლეს სასწავლებლებში ანკეტები დაარიგეს, კითხვარების შევსების საფუძველზე, ისინი სტუდენტების ყველა პრობლემის შესწავლას აპირებენ.
წაკითხვა
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2010-11-25 14:09:08
ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დიდი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნის ცერემონიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მონაწილეობდა, მან მრევლი და სტუმრები დალოცა. მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დახმარებით გაიხსნა. დიდი საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. თაყაიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსება. ასევე, იმ ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობისა და ხელნაწერების გადარჩენა, რომელიც 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილმა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან გაიტანა.
წაკითხვა
ხობში მგლების შემოსევაა
გამოქვეყნებულია: 2010-11-25 11:51:39
ხობის რაიონში მგლების შემოსევაა. სოფელ საჯიჯაოში ნადირი მოსახლეობას ეზოში შეუვარდა და სამ ოჯახს საქონელი დაუგლიჯა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ბოლო 10 დღის განმვალობაში მგელმა 12 ოჯახი დააზარალა. მარტო ერთ ოჯახს ნადირმა 25 სული თხა დაუგლიჯა. ადგილობრივებს ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინიათ. მოსწავლეებს, რომლებიც სოფლის განაპირა უბნებში ცხოვრობენ, მგელი რამდენჯერმე სკოლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა. ადგილობრივები დახმარებას და მონადირეთა ჯგუფის გამოყოფას ითხოვენ.
წაკითხვა
გორში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2010-11-25 11:35:18
გორის რაიონის სოფელ ქიწმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. BMW-ს მარკის ავტომანქანა შეშით დატვირთულ ტრაქტორს დაეჯახა. მანქანაში მჯდომი 4 მგზავრიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი, მძიმე მდგომარეობით, ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მგზავრების მანქანიდან გადმოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. ავტოავარიის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წაკითხვა
ჯონდი ბაღათურია სოფელ კურზუს მოსახლეობას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2010-11-24 11:07:21
"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს მოსახლეობას შეხვდა. მან, მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და ეკლესიის აღდგენის საქმეში დახმარება აღუთქვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ეკლესია უძველესია და მათ ტაძრის აღდგენის უდიდესი სურვილი აქვთ, თუმცა ამისთვის სათანადო ხარჯები ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია. გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურია ადგილობრივი მოსახლეობის სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა.
წაკითხვა
ხანძარი მცხეთა–მთიანეთის რეგიონში
გამოქვეყნებულია: 2010-11-22 11:01:07
ხანძარია მცხეთა–მთიანეთის რეგიონში. დუშეთის რაიონის სოფლებში – თვალივში, შარახევში, მაღაროსკარსა და გუდრუხში ცეცხლის კერების მხოლოდ ნაწილობრივ ლოკალიზება მოხერხდა. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს მიუვალი ადგილმდებარეობა ართულებს. ცეცხლი მთის ფერდობზე ხმელ ბალახს უკიდია. დამწვარია 70-80 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივი მოსახლეობა, სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთობლივად ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
წაკითხვა
შავი ზღვის დაბინძურებისთვის გემი დააჯარიმეს
გამოქვეყნებულია: 2010-11-21 13:08:42
გარემოს დაცვის ინსპექციამ სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოსთან ერთობლივი რეიდის შედეგად, გემი "ხრონისი" დააჯარიმა. გემის კაპიტანი თურქეთის მოქალაქეა. ზღვის დაბინძურებისთვის, მას, ჯარიმის სახით, 70 500 ლარის გადახდა დაეკისრა. მცურავი საშუალებიდან შავი ზღვის აკვატორიაში ფეკალური მასები ჩაიღვარა. ხომალდი ამჟამად ფოთის პორტის მე–5 ნავმისადგომთან დგას და ფოთის პორტს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.
წაკითხვა
ყინულის მოედანი ქუთაისში
გამოქვეყნებულია: 2010-11-20 13:12:30
ყინულის მოედანი გაიხსნა ქუთაისში. ახალი კონსტრუქციის დამონტაჟებაზე 480 ათასი დაიხარჯა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ყინულის მოედანი იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ გახსნეს. მათი განცხადებით, ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში მოედნით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. სწავლის მსურველებს ეყოლებათ ინსტრუქტორებიც. საციგურაო მოედანი ქუთაისის ერთ-ერთ მოედანზე, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ აიგო. იგი ზომით 600 კვადრატული მეტრია და ერთდროულად 200 ადამიანს იტევს. მოედანი, რომელიც ინგლისიდან არის ჩამოტანილი, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.
წაკითხვა
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში ჯანდაცვის აქცია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2010-11-20 12:52:36
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ჯანდაცვის აქცია გრძელდება. ფქვილითა და შეშით უზრუნველყოფასთან ერთად, მოსახლეობა უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოხდება მოსახლეობის მრავალპროფილური გამოკვლევა და მათ უფასო მედიკამენტები გადაეცემათ. შვიდი სხვადასხვა პროფილის ექიმი გორის რაიონის სოფელ დიცში მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე შიდა ქართის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილთან ერთად დაესწრო. უფასო სამედიცინო გამოკვლევები გორის შემდეგ ქარელისა და კასპის სოფლებში გაგრძელდება.
წაკითხვა
72 წლის ქალბატონს ჯილეხი დაუდგინა
გამოქვეყნებულია: 2010-11-19 10:50:59
ჯილეხის შემთხვევა რუსთავში. 72 წლის ქალბატონმა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას წუხელ, გვიან ღამით მიმართა. პაციენტს მარცხენა ხელის მტევნის შიდა ზედაპირზე შავი ფერის წყლულები აღენიშნება. მისი განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სასადილოში მუშაობს, სადაც დაუმუშავებბელ ხორცთან ჰქონდა შეხება და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაინფიცირდა. ამ დროისთვის პაციენტი რუსთავის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებში ჰყავთ მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წაკითხვა
ხანძარი რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2010-11-19 10:47:48
საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხანძრის კერები ისევ რჩება. ბარისახოდან ხანძარი თიანეთის სატყეო ზონაშიც გადავიდა. მთაში ცეცხლი დაახლოებით 3-5 ჰექტარზე ვრცელდება. გომბორის ტერიტორიაზე კი დაბალი ცეცხლი თითქმის 10 ჰექტარზეა მოდებული. ყველაზე რთული მდგომარეობა ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან მდებარე ტყის მასივსა და ბაღდათის რაიონის ზეკარის უღელტეხილზეა. იმერეთში ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენებიც გამოიძახეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები გრძელდება.
წაკითხვა

უახლესი