საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მაშველებმა ზვავში მოყოლილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2010-04-28 10:06:35
კობში ექვსდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულდა. გვიან ღამით მაშველებმა ზვავში მოყოლილი თენგიზ დარძულიძის ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებს შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურები ახორციელებდნენ. დაკარგულის პოვნა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც სამძებრო სამუშაოებში ილიას და ფიზიკის სახელმწიფო უნივერსიტეტები ჩაერთვნენ. მათ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით შეძლეს განესაზღვრათ თოვლში დაკარგული ავტომობილის ზუსტი მდებარეობა. ცხედარი დუშეთის რაიონში გადაასვენეს. დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს. კობი-გუდაურის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ამ დროისთვის სრულადაა აღდგენილი, თუმცა, ზვავსაშიშროების გამო, საგზაო დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
წაკითხვა
სოფელ მანავში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2010-04-27 16:01:50
კახეთში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელი წვიმების შედეგად, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი. რეგიონში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა ყვარლის რაიონსაც. ადიდებულმა მდინარემ თელავი–ყვარლის საავტომობილო გზის ენისელის მონაკვეთზე ხიდი დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მდინარე ადიდებულია სოფელ საბუეშიც. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ფართობები.
წაკითხვა
ველისციხეში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა
გამოქვეყნებულია: 2010-04-27 09:33:08
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ჭერმის ტბაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად, იქ არსებული სარქველი გაიხსნა და წყლის დონემ კლება დაიწყო. გურჯაანის რაიონი უკვე დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, ასევე სამაშველო და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებმა და საპატრულო პოლიციამ. საგანგებო მდგომარეობა სოფელში 72 საათის განმავლობაში იყო გამოცხადებული, რა დროსაც 2 000 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
წაკითხვა
კობი-გუდაურის მაგისტრალზე ზვავში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2010-04-27 09:28:00
უკვე მეექვსე დღეა, კობი-გუდაურის მაგისტრალზე ზვავში მოყოლილ ადამიანებს მაშველები და სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებენ. "ოპელის" მარკის ავტომანქანა, რომელიც ვლადიკავკაზიდან თბილისში ბრუნდებოდა, ზვავში მოყვა. არსებობს ვერსია, რომ ზვავმა მანქანა მგზავრებიანად ხევში ჩაიტანა. მათი პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაკარგულების მოძიებას ხელს უამინდობა უშლის. იმ ადგილებში, სადაც ძებნა მიმდინარეობს, თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს. ზვავსაშიშროების გამო, თითქმის ერთი კვირაა ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილება პარალიზებულია. გზა ლარსის მიმართულებით კი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით იხსნება.
წაკითხვა
კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილ ადამიანებს უშედეგოდ ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2010-04-26 16:17:48
მაშველები და სამართალდამცველები რამდენიმე დღის წინ კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილ ადამიანებს უშედეგოდ ეძებენ. ამ დრომდე ისინი ქონტაქტზე არ გამოსულან. შემთხვევის ადგილზე ჩასული იყვნენ დაკარგულების ახლობლები. ყაზბეგის გზაზე, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში მიმდინარე საძიებო სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ დაკარგული თენგიზ დარძულიძის მანაქანის პოვნა ისევ ვერ მოხერხდა. დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რამდენიმემეტრიან ხევში მანქანა ჯერ ვერ აღმოაჩინეს. კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ისევ რჩება. მდგომარეობა შედარებით წყნარდება სოფელ მლეთაში. დატბორილ სახლებში წყლის ნაკადი შემცირდა, ახლა მოსახლეობა იმის გადარჩენას ცდილობს, რაც წყალმა ვერ მიიტაცა. მლეთაში სიტუაცია სტაბილურია, წყლის დონემ დაიწია, თუმცა მოსახლეობა სახლში შესვლას მაინც ერიდება.
წაკითხვა
ჭერემის ტბის ადიდების საფრთხე ისევ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2010-04-26 16:04:34
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ჭერემის ტბის ადიდების საფრთხე ისევ არსებობს. ამორტიზებულმა წყალსაცავმა დამცავი ჯებირი დააზიანა, რის გამოც სოფელში წყლის გადმოსვლის საფრთხე შეიქმნა. ვითარების გართულების შემთხვევაში, ხელისუფლება სპეციალური 10-პუნქტიანი გეგმით იმოქმედებს. ველისციხის მოსახლეობის ევაკუაცია ჯერჯერობით საჭირო არ არის. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ამინდების გაუარესება ჭერმის ტბიდან მომავალ ეკოლოგიურ საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს. ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების პირველი პირები ამ დრომდე მობილიზებული არიან, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ტარდება. საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება სპეციალური გეგმა, რომელიც გულსხმობს მოსახლეობის ევაკუაციას, სამაშველო ღონისძიებების გატარებას. მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, თელავისა და ყვარლის საავადმყოფოები. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ საფრთხის თავიდან აცილება მოხდება.
წაკითხვა
ტყვიავის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 16:54:45
კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის "ავერსის" კლინიკამ ჰუმანიტარული აქცია დაიწყო. უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტყვიავის საავადმყოფოში დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. სხვადასხვა პროფილის ექიმთა 10-კაციანი ჯგუფი გამოკვლევებს 6 სოფლის მოსახლეობას ჩაუტარებს. ასევე, ულტრათანამედროვე აპარატურით, ადგილზე ჩატარდება ექოსკოპიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უსასყიდლოდ 7 000 ლარის ღირებულების მედიკამენტი გადაეცემა. პაციენტებს დამატებითი გამოკვლევების ჩატრება თბილისში, "ავერსის" კლინიკაში, შეღავათიან ფასად შეეძლებეათ.
წაკითხვა
ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში ყვავილების მეურნეობა მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 16:41:32
ხელვაჩაურში ყვავილების სასათბურე მეურნეობა, სადაც იშვიათი და ძვირადღირებული ჰოლანდიური ჯიშის ყვავილები გამოჰყავთ, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მოინახულა. სათბურები სურმანიძეებისა და ფუტკარაძეების ოჯახებს ეკუთვნით. მათ საქმიანობა მცირე სათბურით დაიწყეს, დღეს კი უკვე სოლიდური სასათბურე მეურნეობა აქვთ. ლევან ვარშალომიძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მსგავსი ბიზნესების დასახმარებლად მზად არის.
წაკითხვა
მცხეთა-კავთისხევის საავტომობილო გზა დაზიანდა
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 16:23:30
გამთენიისას არმაზში მცხეთა-კავთისხევის საავტომობილო გზა ჩაინგრა. შემთხვევა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
კობი-გუდაურის მონაკვეთზე კვლავ ზვავი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 16:12:39
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთის 106-ე კილომეტრზე კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა. რაც შეეხება იმავე ადგილას ზვავში მოყოლილ ადამიანებს, მათი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე თბილისიდან 7-კაციანი სამაშველო ეკიპაჟი უკვე გაგზავნეს. ზვავში ჩარჩენილი ადამიანების მოძებნას ვერტმფრენითაც შეეცდებიან. ვარაუდობენ, რომ "ოპელის" მარკის ავტომობილში, შესაძლოა, მესამე ადამიანიც იყოს. მათი მდგომარეობა უცნობია, ისინი კონტაქტზე არ გამოსულან. ზვავში მოყოლილი "ოპელის" მარკის ტაქსი 4 დღის წინ ვლადიკავკაზიდან ბრუნდებოდა. ჩამოწოლილი ზვავის გამო, ამ დრომდე კობი-გუდაურის გზა ჩაკეტილია და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს. გზის გახსნა ორ-სამ დღეში მოხერხდება.
წაკითხვა
ზესტაფონის ფეროს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 12:47:09
მეორე დღეა ზესტაფონის ფეროს 5 მუშა შიმშილობს. ქარხანა ისევ გაჩერებულია. მეტალურგები მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ 10-პუნქტიანი მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების დაცვა და სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების დაბრუნება. გაფიცულ მუშებთან გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ფეროშენადნობთა ქარხნის 500-მდე თანამშრომელმა გაფიცვა 22 აპრილს დაიწყო.
წაკითხვა
ველისციხეში საგანგებო ვითარებაა
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 12:28:52
ველისციხეში კვლავ საგანგებო ვითარებაა. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საპატრულო და ადგილობრივი პოლიცია. სოფლის აგრარული ბაზარი დაკეტილია, თუმცა ვაჭრობა მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. დღეს დილით დამატებითი ტექნიკა და საწვავი გაიგზავნა ჭერმის ტბაზე, სადაც ამ დრომდე შეუჩერებლად მუშაობენ სპეციალისტები. ტბიდან წყლის ამოსაქაჩად, მიმდინარეობს კონსტრუქციების აგება. ტბას ალტერნატიული სადინარი მოუძებნეს, რომლის საშუალებითაც წყლის დონემ 50 სანტიმეტრით დაიწია. თუმცა, ამ დროისთვის ჭერემში ისევ ძლიერი წვიმაა, რაც სამუშაოების მიმდინარეობას აფერხებს. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. წუხანდელმა ღამემ ველისციხეში მშვიდად ჩაიარა. ხალხის ევაკუაცია აღარ მომხდარა. მოსახლეობის ნაწილმა ღამე ახლობლებთან, ნაწილმა კი სოფელში, საკუთარ სახლებში გაათენა. მთელი ღამის განმავლობაში ველისციხეში პოლიცია პატრულირებდა. სოფელში შექმნილი მძიმე ვითარება საზღვარგარეთ მყოფმა პრეზიდენტმა პირად კონტროლზე აიყვანა.
წაკითხვა
მლეთაში გამოიდარა
გამოქვეყნებულია: 2010-04-25 12:18:57
მლეთაში გამოიდარა და აღარ წვიმს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე 50 ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება და საკუთარ სახლებში შესვლას ვერ ახერხებს. ადიდებულმა არაგვმა სოფელ ზემო მლეთაში განაადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები, დახოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დატბორილია სახოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობა ამ დრომდე სტიქიის განმეორების მოლოდინშია. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივები სოფელ მლეთადან სხვაგან გადაასახლონ. არაგვის დაგუბება და ადიდება მლეთაში ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.
წაკითხვა
პერევისა და ჯრიას მოსახლეობა ახალი ავტობუსით უფასოდ იმგზავრებს
გამოქვეყნებულია: 2010-04-24 17:11:49
ოკუპირებული პერევისა და მეზობელი სოფლის - ჯრიას მოსახლეობა ახალი ავტობუსით უფასოდ იმგზავრებს. პერეველებს ავტობუსი დღეს გუბერნატორმა გადასცა. ტრანსპორტი, რომლითაც სოფლის მოსახლეობა აქამდე სარგებლობდა, ამორტიზებული იყო და გადაადგილება უჭირდა. გუბერნატორი ლაშა მაქაცარია მოსახლეობას შეხვდა და ხელობის მცოდნე ადამიანებს დახმარებას დაჰპირდა.
წაკითხვა
ძველი ბათუმის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება
გამოქვეყნებულია: 2010-04-24 13:19:53
ძველი ბათუმის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დღეიდან იწყება. წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შემდეგ ქუჩების მოპირკეთება მიმდინარეობს. ძველი ბათუმის ქუჩები მთლიანად ქვაფენილით დაიფარება. სამუშაოები, სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება. დღეს პირველი ფილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ დააწყო. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმი ზუსტად იმ სახეს მიიღებს, რომელიც ძველ ქალაქს საუკუნის წინ ჰქონდა.
წაკითხვა
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილია
გამოქვეყნებულია: 2010-04-23 16:30:05
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი დღეს დილიდან მთლიანად ჩაკეტილია. რუსმა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის კონტროლი გაამკაცრეს. მოსახლეობა ვერც შემოვლითი გზებით მიდის სამეგრელოსკენ. რეჟიმის გამკაცრებას გალში მიმდინარე ფართომასშტაბიან რუსულ-აფხაზურ წვრთნებს უკავშირებენ.
წაკითხვა
ზუგდიდისა და ხობის რაიონების სოფლებს მგლების ხროვა შეესია
გამოქვეყნებულია: 2010-04-22 11:03:58
ზამთრის შემდეგ ზუგდიდისა და ხობის რაიონების რამდენიმე სოფელს მგლების ხროვა შეესია. მტაცებელმა ცხოველმა მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვი გაუნადგურა. ზოგიერთი ოჯახიდან მგლებმა სამ სულზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი გაიტაცეს. გარემოს დაცვის სამეგრელოს ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური მონადირეთა ჯგუფი, რომელიც მგლების განადგურებაზე იმუშავებს. ჯგუფის წევრებმა ერთი მტაცებელი ცხოველი უკვე გაანადგურეს. მოსახლეობის თქმით, მგლები აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ. სავარაუდოდ, ისინი მუდმივ სროლებს გამოექცნენ.
წაკითხვა
ჰანს იორგ ჰაბერმა ,ჭითანავების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
გამოქვეყნებულია: 2010-04-22 09:52:07
ჰანს იორგ ჰაბერმა, ევროკავშირის მისიის სახელით, ჭითანავების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. უბედური შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში მოხდა. 9 წლის ალბერტ ჭითანავას "ნისანის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.ავტომანქანა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ზუგდიდის საველე ოფისს ეკუთვნის. ავარიის შემდეგ კლინიკაში ბავშვი ევროკავშირის თანამშრომლებმა და დედამ წაიყვანეს. დაღუპულს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შემთხვევის დროს მშობლები ბავშვის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. დედასთან ერთად მიმავალი ბავშვი მამისკენ, გზის მეორე მხარეს გადარბენას ცდილობდა. მანქანა ყოველდღიური საპატრულო დაკვირვებისთვის კონფლიქტის ზონაში მიემართებოდა. მძღოლი ეროვნებით ქართველია. ის ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა ევროკავშირის მისიის სახელით, ჭითანავების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
წაკითხვა
აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურს დამატებითი უფლებები მიენიჭა
გამოქვეყნებულია: 2010-04-21 12:55:58
აჭარის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური დღეიდან იმ სერთიფიკატებისა და ნებართვების გაცემას დაიწყებს, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდა. ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვებს დღემდე აჭარელი მეწარმეები ფოთსა და თბილისში იღებდნენ, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებთან ერთად, ზედმეტი დროის ხარჯვასაც იწვევდა. საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ ცენტრალურ ხელისუფლებაში დასვა, რის შედეგადაც, აჭარამ დამატებითი უფლებები მოიპოვა. პირველი სერთიფიკატების გაცემას დღეს ვარშალომიძე თავად დაესწრო.
წაკითხვა
ხობის სოფლებს მგლები შეესივნენ
გამოქვეყნებულია: 2010-04-21 12:46:27
ხობის რაიონის სოფლებში - ხიბულა, ბია, საჯიჯაოსა და ქვალონში მოსახლეობას პირუტყვი ეკარგება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი სოფლებში უკვე რამდენჯერმე მოხდა. ისინი პირუტყვის გაუჩინარებას მგლების შემოსევას აბრალებენ. რაიონის გამგებელი ამბობს, რომ ხობს მგლები წუხელაც შეესივნენ. ფაქტის დასამტკიცებლად და ზარალის დასადგენად რაიონში სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
წაკითხვა

უახლესი